Home ახალი ამბები საქართველო ნანა კაკაბაძე: ეს ევროკავშირისა და აშშ-ის მაფიოზურმა კლანებმა დაგეგმეს, უბრალოდ, პოლონელმა სცადა...

ნანა კაკაბაძე: ეს ევროკავშირისა და აშშ-ის მაფიოზურმა კლანებმა დაგეგმეს, უბრალოდ, პოლონელმა სცადა განხორციელება

“ჩვენს ხელისუფლებას უჭირს გამკლავება მთელი მსოფლიოს მაფიოზებთან”

345

რამდენიმე დღის წინათ პენიტენციურმა სამსახურმა ოდესის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტისას მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადება გაავრცელა: „ვიზიტისას ერთერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა გაუგებარ ინციდენტს. კერძოდ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობითაღსანიშნავია, რომ ოფიციალური წესით აღებული ნიმუშის გატანის უფლება მათ მისცა თვითონ სამსახურმა. შესაბამისად, აღნიშნული ქმედება ექიმის მხრიდან სამედიცინო ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებთან შეუსაბამო საქციელს კიდევ უფრო მეტად ჰმატებს ბუნდოვანებას. ამ პიროვნებას ჩამოერთვა ახსნაგანმარტება, რომელიც არ ექვემდებარება ლოგიკურ ახსნას, მან აღიარა ჩადენილი დანაშაული”.

ვივამედშიმომხდარზე გვესაუბრება ადამიანის უფლებათა დამცველი ნანა კაკაბაძე:

_ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გამოძიება და საზოგადოებას უნდა  ეცნობოს, აღიძრა თუ არა სამართლებრივი საქმე პოლონელი ექიმის წინააღმდეგ. როგორც ჩემთვის ცნობილია, გამოკითხეს ეს პოლონელი ექიმი, რომელმაც აღიარა, რომ უნებართვოდ გაჰქონდა სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშები. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, გამოძიება დაწყებულია და აუცილებელია, საზოგადოებამ ამის შესახებ შეიტყოს.

ქართულმა მხარემ პოლონელ ექიმებს ყველაფერი გადასცა. თუ კიდევ რამე იქნებოდა საჭირო, იმასაც გადასცემდნენ, მაგრამ მათ  ბიოლოგიური ნიმუშის ქურდულად გატანა აძლევდათ ხელს, რათა შემდეგ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოეყენებინათ. კეთილი მიზნები რომ არ ამოძრავებდათ, ფაქტია. სავარაუდოდ, მოპარულ ნიმუშებს რომელიმე საწამლავით დააბინძურებდნენ და ატეხდნენ ერთ ამბავს. ის, რაც ქართულმა მხარემ მათ ოფიციალურად გადასცა, დალუქული იყო, ამიტომ იმ მასალაში ვერაფერს გაურევდნენ, ვერ გახსნიდნენ. დალუქული მასალა ექსპერტიზისას იხსნება. ესენი, ვინც უკანონოდ ცდილობდა ნიმუშების გატანას, მასალას ქართული მხარის მიცემულად გაასაღებდნენ და საწამლავს შეურევდნენ. თუკი ასე მოხდებოდა, სიმართლის დამტკიცება ძალიან ძნელი იქნებოდა.

კარგია, რომ დროულად მიხვდნენ ჩვენები და მასალის ქურდულად გატანა არ დაანებეს.

ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ბოროტების მანქანა მუშაობს, საერთაშორისო მხარდაჭერა აქვთ პროვოკატორებს, რომლებიც ქვეყანაში გვყავს. პოლიტიკოსების გარდა, მედიკოსებიც ჩართულნი არიან პროვოკაციებში. 600 დღის განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ სააკაშვილი კვდება, მაგრამ დღეს ის ქართულ პოლიტიკაში შემოიჭრა, თანაც უკრაინის მოქალაქეა. პატიმარი სააკაშვილი ისე პროვოკატორობს, პირზე ხელს ვერ ააფარებ. მართალია, კლინიკაშია, მაგრამ მაინც პატიმარია, ზის საავადმყოფოში დედასთან ერთად.

ანალოგიური რამ ქართველს რომ გაეკეთებინა პოლონეთში, რას უზამდნენ?

_ ქართველი ამას არ გააკეთებდა, ამას არ გააკეთებდა არავინ, დაკვეთა რომ არ ყოფილიყო. ამ ექიმების უკან გარკვეული ძალები და კორუფციული ინტერესი დგას. ქართველი ამას არსად ჩაიდენს, მაგრამ, რომ ჩაიდინოს, საშინელება მოხდება. ვერ ხედავთ, ქართველებს რას გვიშვრებიან? უკრაინელებმა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მეტი დახმარება გავუწიეთ, გარდა დახმარებისა, ყველაზე მეტი ლტოლვილი მივიღეთ, ელჩი გამოგვიძევეს. უკრაინელებს სკოლებიც კი გავუხსენით თავიანთ ენაზე. რაც არავის გაუკეთებია, მაგრამ მაინც გადაგვიარეს.

ეს ყველაფერი, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, მეტყველებს მხოლოდ ერთ რამეზე: საქართველოს წინააღმდეგ ამუშავებულია მთელი მექანიზმი, მათ მხარს უჭერს “ომის პარტია”, რომელიც საქართველოშია. აქ მყოფ დესტრუქციულ ძალებს დასავლეთში არა მხოლოდ პოლიტიკოსებში, არამედ ექიმებშიც კი გავლენა აქვთ. ეს ძალიან სერიოზულია. საქართველოს ხელისუფლებას უჭირს მათთან გამკლავება, მთელი მსოფლიოს მაფიოზებთან გამკლავება ძალიან ძნელია. ჩვენ ძალიან პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენი ხელისუფლება კი ხშირად თავისუფალი არ არის თავის ქმედებებში.

_ პოლონეთი არ არის ისეთი ქვეყანა, რომლის ერთერთ რიგით ექიმს პასუხი ვერ ვაგებინოთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დანაშაული აშკარაა

_ ამ შემთხვევაში პოლონეთი არაფერ შუაშია. ის ექიმი პოლონელი იყო თუ ფრანგი, რა მნიშვნელობა აქვს, ეს იყო დაკვეთა, ვინ შეასრულებდა, რა მნიშვნელობა აქვს?! ეს არ იყო ერთი ქვეყნის ინტერესი, ეს ევროკავშირისა და ამერიკის მაფიოზური კლანის დაგეგმილია, უბრალოდ, პოლონელმა სცადა განხორციელება. აქ მთავარი იყო შედეგი. მაფიოზებს სურდათ საქართველოს ხელისუფლების დამხობის მიზნით, მეორე ფრონტის გახსნის მიზნით სერიოზული პროვოკაციის დაგეგმვა. პოლონელმა იკისრა მაღალი ეშელონებიდან წამოსული დაკვეთის შესრულება. გიული ალასანია, სააკაშვილი და ხაბეიშვილი ამას ვერ შეძლებდნენ. უნდა ვიფიქროთ, რომ დანაშაული იმის ჩადენილია, ვინც ევროპარლამენტარებს აძლევს ნაძირალური შინაარსის დაკვეთებს. 44-კაციან ხელმოწერებს აგოვებენ იმისთვის, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება შეცვალონ, გადაწყვეტილება, რომელშიც ნათქვამია, რომ სააკაშვილი ძალიან კარგ პირობებში იხდის სასჯელს. ევროპარლამენტარები კი  ამბობენ, რომ სააკაშვილი გადასაყვანია საზღვარგარეთ. ქართული მხარე, 600 დღეზე მეტია, მოითხოვს, დადონ დასკვნა, რა სჭირს სააკაშვილს ისეთი, რასაც აქ ვერ უმკურნალებენ და რატომ არის წასაყვანი, მაგრამ ასეთი დასკვნა არ ჩანს. სააკაშვილი სიმულანტობს, მას არაფერი სჭირს, კუჭის რეზექცია გაიკეთა და ხალხს ნეკნები ათვლევინა.

_ მიგაჩნიათ, რომ ქართულმა მხარემ აღკვეთა პოლონელი ექიმის დანაშაული, ეს იყო მაქსიმუმი, რომლის გაკეთებაც შეეძლოთ?

_ დიახ, ეს იყო მაქსიმუმი, დანაშაული აღვეთილია. ჩვენ არ ვიცით, ის მასალა ჩუმად რომ გაეტანათ, რა პროვოკაციას მოაწყობდნენ, პროვოკაცია აღიკვეთა. გამოძიება უნდა გაგრძელდეს, უნდა გავიგოთ, რატომ მიჰქონდათ მასალა, მაგრამ ე.წ. ომის პარტიის პირობებში ამას როგორ შეძლებენ ჩვენი სამართლადამცველები ან საერთოდ თუ შეძლებენ, არ ვიცი, ვერ გეტყვით…

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here