Home ახალი ამბები საქართველო ნანა კაკაბაძე: ამერიკა ჩვენი “დირექტორი” აღარ არის

ნანა კაკაბაძე: ამერიკა ჩვენი “დირექტორი” აღარ არის

“ადამიანს ქვეყნის გარეთ გაჰქონდა საიდუმლო ინფორმაცია, ამას თვითონაც აღიარებს. აქედან გამომდინარე, საქმე გვაქვს უპრეცედენტო დანაშაულთან”

259

გასული კვირა საინტერესო აღმოჩნდა ქართველი საზოგადოებისთვის. ჯერ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განცხადება გაავრცელა ევროპარლამენტარებისზეწოლასადა აშშის საელჩოს მხრიდანანგარიშის ჩაბარების მოთხოვნაზე”. მოსამართლის მტკიცებით, აშშის საელჩოს თანამშრომელმა კევინ ბურკმა მას უთხრა, რომ კელი დეგნანს აინტერესებდა, რატომ გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა ნიკა გვარამიას მიმართ. ჩხიკვაძის თქმით, ბურკმა ასევე უთხრა, რომ ქართველი მოსამართლეების აშშში დაგეგმილ ვიზიტში მისი მონაწილეობა არასასურველი იქნებოდა და სიიდან ამოიღეს. ეს სკანდალიგაცივებულიარ იყო, რომ სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააკავეს. როგორც მისმა ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ განმარტა, სუსის მაღალჩინოსანს ბრალდება წარუდგინეს პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენაშენახვის მუხლებით

დაცულნი ვართ თუ არა საქართველოს მოქალაქეები, როდესაც ქვეყნის უსაფრთხოების თანამშრომელიც კი საფრთხეს წარმოადგენს, სუვერენულია თუ არა ქვეყანა, რომელშიც ამა თუ იმ ქვეყნის ელჩი მოსამართლის საქმიანობაში ერევა _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ადამიანის უფლებათა დამცველი ნანა კაკაბაძე გვესაუბრება:

_ მაქვს შეკითხვა: ვინ მიიყვანა ამხელა თანამდებობაზე სოციალურად დაუცველი და არაპროფესიონალი სოსო გოგაშვილი? ეს ადამიანი ნაცების ფლანგზე რომ არ გადასულიყო, არაფერი მოხდებოდა, საქმიანობას ჩვეულებრივად განაგრძობდა, არავინ გამოიძიებდა, თანამდებობაზე მუშაობის მცირე პერიოდში როგორ და რანაირად შეძლო დიდი ქონების დაგროვება. წესიერი კაცი ამას ვერ შეძლებდა. მისი უწესობა, მისი არაკეთილსინდისიერება გამომჟღავნდა ახლა, როდესაც სხვა ფლანგზე გადავიდა. რაში გამოიხატება მისი არაწესიერება? _ გაირკვა, რომ ის უცხო ქვეყნების აგენტია, დაფინანსებას იღებდა უცხო ქვეყნებიდან და მათ დაკვეთებს ასრულებდა.

ყველა ფარული ჩანაწერი, რომლებიც ბოლო პერიოდში ხელში ჩაუვარდა ოპოზიციას და აჟიოტაჟის საფუძველი გახდა, გოგაშვილის სახელს უკავშირდება. მას ეყოლებოდა და ჰყავდა თანამზრახველები და ვიმედოვნებ, გამოძიება ყველაფერს დაადგენს.

გაუთვლელი და სამარცხვინო საკადრო პოლიტიკა _ “ის ჩვენიანია”, დამღუპველია, მიჰყავს ქვეყანა იქამდე, რომ მტრებს ვიჩენთ. გოგაშვილმა და მისმა რეკომენდატორმა ვერ გააცნობიერეს, რომელ უწყებასთან ჰქონდათ საქმე, რა ევალებოდათ და რამხელა პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ. გოგაშვილს რომ სცოდნოდა, რას ნიშნავს სახელმწიფო უსაფრთხოება, ამხელა რისკზე არ წავიდოდა, მან ეს არ იცოდა და ფულის გამო წავიდა ყველაფერზე.

გოგაშვილი ამბობს, რომ მის მიერ მოპოვებული ინფორმაცია საზღვარგარეთ ინახება და ეს ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოებაა. არ ვიცი, რა მუხლით გაასამართლებენ სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს, მაგრამ თვითონ აღიარებს, რომ ქვეყნის გარეთ გაჰქონდა საიდუმლო ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, საქმე გვაქვს უპრეცედენტო დანაშაულთან. ქვეყანას ჰყავდა ჯაშუში, ჯაშუშური საქმიანობა კი ყველა ქვეყანაში დანაშაულია. კიდევ ვიმეორებ: გოგაშვილი იყო სოციალურად დაუცველი პირი და მოკლე ხანში მილიონერად იქცა ჯაშუშობით.

_ ამ ინფორმაციის მოსმენის შემდეგ, ვფიქრობ, საქართველოში მცხოვრებთ შიში გაუჩნდათ, რადგან თურმე ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება გოგაშვილისნაირების ხელშია. ჩვენ დაცულნი არ ვართამბობენ, რომ გოგაშვილმა სპეცოპერაციისას უფლებამოსილებას გადაამეტა და თემირლან  მაჩალიკაშვილი საწოლში მოკლა

_ ამას გადამეტებას ვერ დაარქმევ, რადგან უკვე ფაქტებით დამტკიცებულ ტერორისტს არავინ უწევს ანგარიშს, შესაძლოა, ის მოკლან ნებისმიერ დროს. მაჩალიკაშვილი დადასტურებულად იყო ტერორისტი…  გამოცდილი პროფესიონალი უნდა იყო, შეცდომები რომ არ დაუშვა. გოგაშვილის მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციაში კი ბევრი შეცდომაა დაშვებული, ამას გარდა, სუს-ის ყოფილი უფროსი დღემდე განაგრძობდა თვალთვალსა და მიყურადებას, ამასთანავე,  ის თანამშრომლობდა უკრაინაში გაქცეულ და იქ მოღვაწე ნაცებთან, მაგრამ ახლა უკვე პასუხისმგებლობა ეკისრებათ არა ნაცებს, არამედ ამ ხელისუფლებას, რადგან ეს ყველაფერი ათი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. მსგავსი ქმედებები ჩვენს ქვეყანას ორმაგად აზარალებდა _ ვერ გავთავისუფლდით თვალთვალისა და მიყურადებისგან და ქვეყანას ჰყავს აგენტები, რომლებიც უცხო ქვეყნებთან თანამშრომლობენ. მიყურადების მსხვერპლნი ვერ უწევენ წინააღმდეგობას აგენტებს და ავტომატურად ხდებიან სახელმწიფოს მოღალატეები, რაც ჩვენთვის დამღუპველია, მათ იყენებენ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ.

უსაფრთხოება ჩვენს მოქალაქეებს მანამდე არ ექნებათ, სანამ გოგაშვილისნაირების საქმეებს ბოლომდე არ  გამოიძიებენ, სანამ ყველა კრიმინალს არ დავაკავებთ; დღეს არავინ იცის, რამდენია ჩაბუდებული უშიშროების სამსახურში, ამიტომ უსაფრთხოდ ვერ ვიქნებით. ახლა მთავარია, ყველა დაისაჯოს, გახსნან ყველა საქმე, ვინ ვისთან იყო შეკრული და ვინ ვის საქმესა და დაკვეთას ასრულებდა წარსულში და დღესაც, მაგრამ ამ ყველაფერს დიდი რესურსი და გამოცდილი პროფესიონალები სჭირდება. თვითონ გოგაშვილის აღმოჩენა და მის კვალზე გასვლა არ იყო ადვილი საქმე, რადგან დიდი თანამდებობა ეკავა, ამიტომ იმედს ვიტოვებ, რომ ყველას, ვინც გოგაშვილის “კარმუშკაზე” იყო მიბმული, გამოააშკარავებენ.

_ ამერიკის ელჩის წარმომადგენელი ჩვენი ქვეყნის მოსამართლესთან მივიდა და უსაყვედურა გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენის გამო. შემდეგ ეს მოსამართლე ამერიკის საელჩომ დასაჯა და ამერიკაში დაგეგმილ შეხვედრაზე არ გაუშვა…  სუვერენულ სახელმწიფოებში მსგავსი რამ თუ მომხდარა?

_ ახლა ძალიან გვიანია იმაზე საუბარი, რა და რატომ გაგვიბედა ამერიკის ელჩმა, რადგან ამერიკელებმა იციან, რომ აქ ყველაფრის გაბედვა შეიძლება. მსგავს რამეს ვერ გაბედავს ჩვენი ელჩი ამერიკაში და ვერც რომელიმე ქვეყნის ელჩი ვერც ერთ ქვეყანაში…

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამერიკის ელჩები მსგავს საქციელს სულ სჩადიოდნენ, ბედავდნენ ყველაფერს, რასაც მოისურვებდნენ, მაგრამ ამჟამად შეცდნენ, დღეს ეს აღარ გაუვიდათ, რადგან მოსამართლეებმა ხმა ამოიღეს. და ხმა იმიტომ ამოიღეს, რომ ჩვენი ქვეყნის, და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, პოლიტიკა შეიცვალა. საბედნიეროდ, დღეს აღარ ვართ ასე: რადგან ამერიკამ თქვა, ე.ი., კანონია. ამერიკა ჩვენიდირექტორიაღარ არის და მოსამართლემაც საჯაროდ ილაპარაკა ზემოქმედების მცდელობაზე.

ამერიკა ჩვენს სუვერენიტეტს არ ცნობს, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ მსოფლიოს გავაგებინოთ, დამოუკიდებელი და თავმოყვარე ერი რომ ვართ. საქართველო სუვერენული ქვეყანაა და ეს თეორიულად თითქოს იციან ე.წ. პარტნიორებმა, მაგრამ ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩვენს თავისუფლებას, რომელსაც უხეშად ეხებოდნენ, ვეღარ შეეხებიან. ხელისუფლება მონურ მორჩილებაში აღარ არის და ეს კარგია. ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა შეიცვალა…

საქართველოს უფალმა უბოძა ეს უნიკალური ტერიტორია, რომელიც მსოფლიოს ყველა დიდ ქვეყანას სჭირდება. ჩვენ მდიდრები ვართ ყველანაირად და ეს უნდა იცოდეს ყველამ, უნდა იცოდეს, რომ ჩვენ არ ვართ მონები.

_ თქვით, რომ პოლიტიკა შეიცვალარა შეიცვალა ჩვენი ქვეყნის საგარეოპოლიტიკურ კურსში?

_ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ის, რომ სახელისუფლო გუნდს გამოეყვნენ ადამიანები, რომლებმაც სიმართლის თქმა გადაწყვიტეს და საჯაროდ დაიწყეს საუბრები იმაზე, რა სურს ჩვენგან ევროპა-ამერიკას, როგორ ზემოქმედებენ ჩვენს ქვეყანაზე. მნიშვნელოვანი და აღსანიშნავია ის, რომ მოსამართლეებმა დაიწყეს საუბარი ამერიკის ელჩის მხრიდან წნეხზე, რაც, დარწმუნებული ვარ, პირველი შემთხვევა არ იქნებოდა. მოსამართლეები გრძნობენ სახელმწიფოს მხარდაჭერას; მათ გაიგეს, რომ, ხმას თუ ამოიღებენ, მთავრობა მხარს დაუჭერს. იმედი მაქვს, რომ ასე გაგრძელდება და ჩვენს დაჩაგვრადამონებას ვერავინ ვეღარ შეძლებს.

ამერიკის ელჩს ჩვენთან მუშაობის ვადა ეწურება, მაგრამ ვფიქრობ, ამერიკამ დაინახა, რომ ჩვენთან ხისტი პოლიტიკის გატარება არ გამოვა. ისინი მიხვდნენ, რომ ისეთი არაკვალიფიციური ადამიანი, როგორიც კელი დეგნანი აღმოჩნდა, ჩვენნაირ ქვეყანაში არ უნდა გამოუშვან. ეს მათთვის გაკვეთილი იქნება. არაპროფესიონალები ამ ქვეყანაში ვერ იმუშავებენ… დეგნანი არ არის დიპლომატი და უცოდინარია. მან არ წაიკითხა ხალხის მიერ არჩეული პარლამენტარის წერილი და პასუხი ისე გასცა, რაც ამერიკული დიპლომატიის კრახი იყო. ვფიქრობ, ამერიკელები მსგავს შეცდომას აღარ დაუშვებენ და ჩვენთან ვიღაცას აღარ გამოუშვებენ…

_ ქალბატონო ნანა, აქამდე იმედგადაწურული საუბრობდით, ამბობდით, რომ ამ ქვეყანას არაფერი ეშველებაახლა ოპტიმისტური განწყობა გაქვთ. რა გაძლევთ ამის მიზეზს?

_ დიახ, აქამდე ქვეყნის კარგი მომავლის იმედი არ მქონდა, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების დღევანდელმა ქმედებებმა გამიჩინა იმედი. ვხედავ, რომ ისინი დაჩოქილი აღარ არიან, ღირსებამ გაიღვიძა მათში. მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებასაც მიანიშნა, რომ მონობის დრო აღარ არის. მსოფლიოში ახალი გადანაწილებაა, იცვლება ყველაფერი და ჩვენ საუკეთესო მდგომარეობაში აღმოვჩნდით ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო. საქართველოს ხელისუფლებამ, მადლობა ღმერთს, დაინახა, რაც ხდება მსოფლიოში და მიიღო ადეკვატური გადაწყვეტილება. ჩვენები მიხვდნენ, რომ მსოფლიო ერთპოლუსიანი აღარ იქნება. ქართული პოლიტიკა იღვიძებს, ეს მომწონს და იმედი გამიჩნდა, რომ ნამდვილ, სუვერენულ ქვეყანას ავაშენებთ, თუნდაც 30-წლიანი ტანჯვა-წამების შემდეგ.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here