Home ახალი ამბები მსოფლიო მშვიდობით, ლეგენდა!

მშვიდობით, ლეგენდა!

„პელემდე ფეხბურთი მხოლოდ სპორტი იყო. ყველაფერი პელემ შეცვალა“

181

29 დეკემბერს სანპაულუში გარდაიცვალა  ფეხბურთის ისტორიაში  გამორჩეული ვარსკვლავი, ბრაზილიელი ლეგენდა, მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონი პელე.

ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ, მეტსახელად პელე 1940 წლის 23 ოქტომბერს დაიბადა ბრაზილიის მინეს-ჟერაისის შტატის  დასახლებულ  პუნქტ ტრეს–კორასოინსში. 

პელე ყველაზე ცნობილი სპორტსმენი და XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელია, ერთადერთი, ვინც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული 3-ჯერ  მოიპოვა  ეროვნული  ნაკრების შემადგენლობაში. პატარა პელეს ფეხბურთში გზა გაუკვალა მამამ _ დონდინიომ (ჟოაო რამოს დუ ნასიმენტუმ), პროფესიონალმა ფეხბურთელმა, რომელიც ტრავმის გამო იძულებული იყო, ფეხბურთისთვის თავი დაენებებინა, მაგრამ ყურადღება შვილზე გადაიტანა _ ყველაფერი ასწავლა, რაც თვითონ იცოდა. უკვე 7 წლის პელე ბავშვთა გუნდში ჩარიცხეს. ერთ დღეს გუნდში მწვრთნელად მივიდა ბრაზილიის ნაკრების ყოფილი წევრი  ვალდემარ  დე  ბრიტო, რომელმაც პატარა ედსონს რეკომენდაცია გაუწია „სანტოსში“. 16 წლის იყო, როცა ამ გუნდის ძირითად შემადგენლობაში პირველი მატჩი ითამაშა და ბურთიც გაიტანა. პელემ „სანტოსში“ 18 წელი გაატარა _ 1956-დან 1974 წლამდე. ამ ხნის განმავლობაში 11-ჯერ მოიგო სან-პაულუს შტატის ჩემპიონატი, 11-ჯერ მოიპოვა საუკეთესო ბომბარდირის ტიტული (1958 წელს 58 ბურთი გაიტანა და ბრაზილიის რეკორდი დაამყარა), 6-ჯერ _ ბრაზილიის თასი, 2-ჯერ _ ლიბერტადორესის თასი (ჩემპიონთა ლიგის ანალოგი სამხრეთ ამერიკაში), ერთხელ _ საკონტინენტთაშორისო თასი. სპეციალისტების აზრით, პელეს სუსტი წერტილი არ ჰქონდა, უპირატესობას ანიჭებდა კომბინაციებს, არასოდეს აგვიანებდა პასს და შესანიშნავად კითხულობდა თამაშს, “საერთო ძალისხმევის გარეშე ფეხბურთში გამარჯვება შეუძლებელია. ფეხბურთი _ ეს არის გუნდური თამაში და არა 2-3 ვარსკვლავური მოთამაშის”, _ ამბობდა პელე, რომლის უზადო ტექნიკა, ელეგანტური დრიბლინგი ყველას აღაფრთოვანებდა.

მისი ბევრი გოლი ლეგენდად იქცაროგორც ,მაგალითად,1961 წელს სტადიონ “მარაკანაზე”„ფლუმინენსეს” კარში გატანილი ბურთიროცა პელემ თავისი საჯარიმო მოედნიდან დიწო მოწინააღმდეგის კარისკენ მოძრაობა,  მოატყუა მეტოქის ყველა ფეხბურთელი და ბურთი გაიტანაამ გოლს “საუკუნის გოლი” უწოდეს. „ფეხბურთის მეფედ“ აღიარებული პელეს ელეგანტური თამაშის მიღმა იყო ქანცგამცლელი ვარჯიშები. და ეს, მიუხედავად იმისა, რომ ღმერთისგან შესანიშნავი ფიზიკური მონაცემებითა და ნიჭით იყო დაჯილდოებული. 100 მეტრს 11 წამში გარბოდა, 2 მ-ის სიმაღლეზე ხტებოდა (პელე 173 სმ-ის სიმაღლის იყო), შესანიშნავად ურტყამდა ორივე ფეხით, იყო უნივერსალი _ ნებისმიერ ამპლუაში შეეძლო თამაში, მეკარის გარდა.

1958 წელს პელემ პირველად ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, რომელიც შვედეთში გაიმართა. 18 წლის პელეს წვლილი უდიდესი იყო ბრაზილიის პირველად გაჩემპიონებაში, მეოთხედფინალურ მატჩში უელსთან სწორედ მან გაიტანა გადამწყვეტი ბურთი, ნახევარფინალში ფრანგებს 3 ბურთი გაუტანა, ხოლო ფინალში ტურნირის მასპინძელ შვედებს _ 2.1962 და 1966 წლების მსოფლიო ჩემპიონატებში პელემ ტრავმის გამო ვერ შეძლო, სრულად გამოევლინა თავისი შესაძლებლობები. 1962 წელს ბრაზილიამ გარინჩას, ამარილდოს, ვავას, ზიტოსა და სხვების შესანიშნავი თამაშით მეორედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატის ტიტული, 1966 წელს კი ქვეჯგუფიდან ვერ გავიდა.1970 წელს მექსიკაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი ტრიუმფალური იყო პელესა და მთლიანად ბრაზილიის ნაკრებისთვის, რომელსაც უძლიერეს გუნდად მიიჩნევენ ფეხბურთის ისტორიაში. ბრაზილიელ ფეხბურთელებს, რომლებმაც მეორედ მოიპოვეს მსოფლიო ჩემპიონობა, უიულ რიმეს თასი სამუდამოდ გადაეცათ, პელე კი მსოფლიოში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც სამჯერ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონობა. ბრაზილიის ნაკრების მაისურით პელეს ანგარიშზე 12 გოლია 14 მატჩში.  სულ კი ბრაზილიის ნაკრების მაისურით (92 მატჩი) პელემ 77 ბურთი გაიტანა მოწინააღმდეგეთა კარში. „სანტოსის“ შემდეგ პელემ 3 წლის განმავლობაში ითამაშა ამერიკულ საფეხბურთო კლუბ „კოსმოსში”, რომელთანაც დიდშემოსავლიანი კონტრაქტი გააფორმა. 1977 წლის 1 ოქტომბერს პელემ თავისი ბოლო, ფეხბურთთან გამოსათხოვარი მატჩი ითამაშა საყვარელ კლუბ “სანტოსის” წინააღმდეგ. სტატისტოსებმა გამოთვალეს, რომ პელემ კარიერაში 1289 ბურთი გაიტანა, 92-ჯერ გაიტანა 3 ბურთი, 30-ჯერ _ 4,  6 -ჯერ_ 5, ერთხელ კი „ბოტაფოგოსთან” _ 8. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ პელემ სამსახიობო ნიჭი გამოავლინა და რამდენიმე ფილმში ითამაშა, ავტობიოგრაფიული წიგნიც გამოსცა ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის. ამ წიგნის გამო წერა-კითხვის უცოდინარმა ათასობით ბრაზილიელმა ბიჭმა ისწავლა კითხვა. 1999 წელს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა პელე ასწლეულის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა, მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი ოლიმპიურ თამაშებში არ მონაწილეობდა; ფიფამ კი XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მიანიჭა.

გიორგი სიჭინავა, სლავა მეტრეველი, პელე, ანზორ კავაზაშვილი და მიხეილ მესხი

მიღწევები:

ბრაზილიის თასის მფლობელი: 1961, 1962, 1963, 1964, 1965;

პაულასტას ლიგის ჩემპიონი: 1958, 1960, 1961, 1962, 1964, 1965, 1967, 1968, 1969, 1973;

ტურნირ რიოსანპულუს გამარჯვებული: 1959, 1963, 1964;

ლიბერტადორესის თასი: 1962, 1963;

საკონტინენტთაშორისი თასი: 1962, 1963;

აშშის (NASL) ჩემპიონი: 1977;

მსოფლიო ჩემპიონი: 1958 1962, 1970;

* 1363 მატჩში გაიტანა 1289 ბურთი.

ჟურნალ World Soccer–ის ვერსიით, XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი;

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ვერსიითასწლეულის საუკეთესო სპორტსმენი.

* ფიფას ვერსიით, XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი.

პელე და მარადონა

მოამზადა ნიკა კორინთელმა

P.S.  აი, როგორ შეაფასა პელეს ღვაწლი თანამედროვეობის ერთერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, ბრაზილიელმა ნეიმარმა:  „პელე არის ის, ვინც ფეხბურთი თავის სამეფოდ აქცია. ვინც თავისი ძალა გამოიყენა სამყაროს მოსაჯადოებლადვინც შთააგონა ახალგაზრდობა ფეხბურთის სივარული... პელემდე  ფეხბურთი მხოლოდ სპორტი იყო. ყველაფერი  პელემ შეცვალა“…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here