Home ახალი ამბები საქართველო მიხეილ სარჯველაძე ყაველაშვილის განცხადებაზე – ელჩის მხრიდან შეფასებული იქნა, როგორც კონფრონტაციისკენ მიმავალი...

მიხეილ სარჯველაძე ყაველაშვილის განცხადებაზე – ელჩის მხრიდან შეფასებული იქნა, როგორც კონფრონტაციისკენ მიმავალი წერილი და არასწორი იყო

145

ხელმოცარული ოპოზიციის მცდელობებია, როდესაც სთავაზობენ საზოგადოებას აზრს, რომ ნებისმიერ საკითხზე შეუთანხმებლობა, მაგალითად, რომელიმე ელჩთან, ანტიდასავლელობად მოინათლოს, ეს მტკნარი ტყუილია – ვფიქრობ, ეს [მიხეილ ყაველაშვილის წერილი] პარტიული მონაწილეობის სტატუსის შენარჩუნების შემთხვევაში გამოქვეყნებული არ იქნებოდა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

კითხვაზე, რატომ არ ემიჯნება „ქართული ოცნება“ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მიმართ ყაველაშვილის წერილს, სარჯველაძე ამბობს – „რომ არ ემიჯნები, არ ნიშნავს იმას, რომ თანაზიარი ხარ“.

„ვფიქრობ, ეს გამოქვეყნებული არ იქნებოდა პარტიული მონაწილეობის სტატუსის შენარჩუნების შემთხვევაში. საქმეც ესაა – ეს ადამიანები თვლიან, რომ ელჩის მიმართ მოთხოვნა, რომ დანაშაულებრივ რეჟიმს გაემიჯნოს, ლეგიტიმური და დროულია. თუმცა მე რომ არ ვფიქრობ, რომ ასეთი საჯარო პუბლიკაციის გზით ასეთი მოთხოვნის დაყენება კარგი გადაწყვეტაა, ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, რაც მიიღეს“,- განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე თქმით, ყაველაშვილის წერილი დეგნანმა კონფრონტაციულად მიიჩნია და მისი პასუხი „არანაკლებად კონფრონტაციული იყო“.

„ეს [წერილი] ელჩის მხრიდან შეფასებული იქნა როგორც კონფრონტაციისკენ მიმავალი წერილი და არასწორი იყო. პასუხიც იყო არანაკლებად კონფრონტაციული, შესაბამისად, ამან გამოიწვია ურთიერთობაში გარკვეული ესკალაცია. ამას ობიექტური საფუძველი არ გააჩნდა. არ იყო ამის არც საჭიროება, არც ლოგიკურია და ჩემი აზრით, უბრალოდ ასცდნენ ტექსტები ერთმანეთს“,- განაცხადა სარჯველაძემ.

მან ასევე უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ „გირჩის“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისას ისაუბრა თემაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების პროცესს შეუერთდება, მუშაობის დასრულების შემდეგ დაადასტურებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირის რეკომენდაციები შეასრულა და სანაცვლოდ მმართველი პარტია სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას უზრუნველყოფს“.

სარჯველაძე ამბობს, რომ, მისი აზრით, „ეს გამოსარიცხია“.

„არ მგონია ამ საკითხს დიდი პერსპექტივა ჰქონდეს“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

https://www.interpressnews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here