Home რუბრიკები პოლიტიკა მიხეილ სააკაშვილი და ლენინის მარშრუტი, ანუ ვაშაძე მანერჰეიმია თუ პილსუდსკი?

მიხეილ სააკაშვილი და ლენინის მარშრუტი, ანუ ვაშაძე მანერჰეიმია თუ პილსუდსკი?

2877
მიხეილ სააკაშვილი და ლენინის მარშრუტი

28 ძვირად ღირებული წუთი დაუთმო საქართველოდან გაქცეულ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს რუსეთის ოპოზიციურმა ტელეარხმადოჟდმა” (“წვიმა”) მიხაილ ფიშმანის პროგრამაშიИ так далее” (“და ასე შემდეგ”). საინფორმაციო საბაბი _ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობენმმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და გაერთიანებული ოპოზიციის მიერ წამოყენებული კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე”, რომლებმაცპირველ ტურში ხმების თითქმის ერთნაირი რაოდენობა დააგროვეს, მაგრამ მეორე ტურში ვაშაძის გამარჯვება გაცილებით უპირატესია” (სიტყვასიტყვით თუ ვთარგმნით, ასე თქვა წამყვანმა დაობიექტურობისთვისწინადადების ბოლოს დაამატა: “დღეს ასე ჩანს”). რატომაა უპირატესი? თურმე იმიტომ, რომმას მხარი უკვე დაუჭირა მესამე ადგილზე გასულმა დავით ბაქრაძემ”.

თანდათან ექსტაზში შედის მიხეილ ფიშმანი და აღარ მალავს აღფრთოვანებას თავისი რჩეულის _ ვაშაძის მიმართ, რომელიც თურმე “არა მხოლოდ განათლებული, ინტელიგენტი პოლიტიკოსი და დიპლომატია, რომელმაც კარიერა ჯერ კიდევ საბჭოთა საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო, არამედ ისტორიულად სააკაშვილის გუნდის რომანტიკულ-დემოკრატიული ფრთის(!) წარმომადგენელია. ამ თვალსაზრისით, მის გამარჯვებას უდიდესი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის”, _ აუწევს ხმას და დამჭკნარი ვარდების გვირგვინს თავზე დაადგამს ფავორიტს, იმიტომ, რომ მისი გამარჯვება დაგვაბრუნებს (აი, ბედნიერება!) “2003 წლის “ვარდების რევოლუციის” იდეალების დროში”… შემდეგ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელშიც, რა თქმა უნდა, გაიმარჯვებს… ვინ?

ოპოზიცია.

“რაც თავისთავად ნიშნავს, რომ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ეპოქა საქართველოში მთავრდება”.

“ეპოქა მთავრდება”, მაგრამ არა მიხეილ ფიშმანის აღრფოთვანებული “სპიჩი”, რომელიც საზოგადოებრივ-პოლიტიკური სფეროდან პლანეტის გლობალური კატაკლიზმების ეპიცენტრებს ჩასწვდება და შეგვაზანზარებს: “რევოლუციას, როგორც მიწისძვრას, ავთერშოკები მოჰყვება (პატარ-პატარა რყევები), ვაშაძის გამარჯვება (უკვე ეჭვიც არ ეპარება ამ კანდიდატის გამარჯვებაში) “ვარდების რევოლუციის” ავთერშოკია”. და დააანონსა ახალი ფერადი რევოლუცია საქართველოში.

Проговорился _ წამოსცდა, წამოროშა, წამოაყრანტალა.

სხვასაც ბევრს იტყვის, მაგრამ ჯერჯერობით ეს ვიკმაროთ, მით უფრო, რომ წინ მეორე მიხეილის, ანუ სააკაშვილის, ეკრანზე გამობრწყინების სიხარული და მოსმენის სიამოვნება გველის.

რომელიც სულაც არ ჰგავს მორცხვი და მორიდებული სულიერი ექსჰიბიციონისტის საჯაროდ გამოჩენას და რომელსაც ენერგიულმა ფიშმანმა გრიგოლ ვაშაძის ციტატა ეპიგრაფად წარუმძღვარა უკრაინული კვირეულის “Новое время”-სთვის მიცემული ინტერვიუდან:

ვიცი, რომ ყველას აბსოლუტურად ფეხებზე ჰკიდია (ალბათ, ასე უნდა ითარგმნოს მის მიერ ნახმარი და ჩემთვის სრულიად გაუგებარი გამოთქმა _ “Обрыдно”) ის, რაც ხდება საქართველოში _ კორუფცია, კრიმინალური, არაფორმალური, შეიარაღებული ბანდიტების ჯგუფები, რომლებიც მართავენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებების შტოებს, სასამართლო და პენიტენციურ სისტემებს. და ეს ყველაფერი დამკვიდრდა ექვსი წლის განმავლობაში”.

ხოლო “კომერსანტის” მიერ მისთვის ჩამორთმეულ ინტერვიუში დაუმატა, რომ ახლა საქართველო დაავადებულია ბიძინა ივანიშვილის ვირუსით.

_ ეტყობა, ვაშაძე მართალს ამბობსო, _ კვერი დაუკრა ფიშმანმა მეტი დამაჯერებლობისთვის.

და გული რომ მოიოხა, სიტყვა მიხაილ ნიკოლაიჩს გადასცა:

მიშამ არჩევნების პირველი ტურის შედეგები შეაფასა ისე, როგორც ქართულ ტელესივრცეში არაერთხელ გამოსვლისას _ “გაერთიანებული ოპოზიციის” გამარჯვებად. ზუსტად ისე, როგორც 2008 წლის ხუთდღიანი ომი საქართველოს გამარჯვებად მოგვასაღა _ გრიგოლ ვაშაძე პირველ ადგილზე(!) გავიდა და ხელისუფლება დამარცხდაო.

“პატარა” ტყუილი დიდ თამაშში.

შემდეგ _ დიდი მოაყოლა. სიცრუე.

მე წარმოვადგენ პარტიას, რომელსაც საერთოდ არ აქვს ფული, იმიტომ, რომ ჩვენ არაფერი მოგვიპარავსმე სადღაც(!) დაქირავებულ ბინაში ვცხოვრობ, ჩემი მინისტრები დღიური მუშები არიან: ზოგი _ მშენებლობაზე, ზოგი _ მძღოლებად, ზოგი კიდევ სად. არიან ისეთებიც, ვინც მნიშვნელოვანი მთავრობების მრჩევლებად(!) მუშაობენმაგრამ არავის აქვს ფული, არავის აქვს შესაძლებლობებიივანიშვილს აქვს მილიარდები”.

წაიტირ-წაივიშვიშა ოსტაპ ბენდერ ბეის ქართულმა ვარიანტმა: “მესიე, ჟე ნე მანჟ პა სი ჟურ…”

და იქვე წაიტრაბახა, რომ მშვიდობიანად გადავეციო ხელისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ სრულ ძალაუფლებას ვფლობდითო.

ეს უკვე დიდი ტყუილია, რომელზეც თვითონ წაიტეხა კისერი:

“ერთი წელიწადი ვიყავი პრეზიდენტი, თითქოს კოჰაბიტაცია (ასე დამახინჯებულად იხმარა ეს ფრანგული ტერმინი, რომელიც, წესითა და რიგით, კოაბიტაციად წარმოითქმის) გვქონდა, მაგრამ ისინი ყველა ჩემს მომხრეს ციხეში სვამდნენ, ყოველმხრივ მავიწროებდნენ”.

აკი სრული ძალაუფლება ჩემს ხელში იყოო?!

ამ ორატორის მოსაზრებების აბლაბუდას ჩვენ კი ვართ მიჩვეულები, ეუცხოვათ თუ არა ასეთი ალოგიკურობა “დოჟდის” მაყურებლებს, ვერ გეტყვით. ფიშმან მიშამ კი ანგელოზის ფრთები შეასხა სეხნიას: თქვენ მიერ ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემა პოსტსაბჭოთა სივრცეში უპრეცედენტო შემთხვევა იყოო (უკრაინაში იუშჩენკოს დამარცხება და იანუკოვიჩის გამარჯვება გამორჩა). ეს კომპლიმენტი ადრესატმა ისე შეიფერა, თითქოს მისთვის ლანგრით ხელისუფლების მირთმევა დიდგორის ბრძოლის მოგების შედეგი იყო.

ტელეეთერში სიცრუის ამ უპარდონო გაცვლას ტყუილის ახალი ტალღა მოჰყვა.

_ ამბობენ, რომ თქვენ გამიზნულად შეიტანეთ ცვლილება კონსტიტუციაში, რათა პრეზიდენტობის შემდეგ პრემიერმინისტრის პოსტი დაგეკავებინათ, მართალია? _ ამ შეკითხვას სააკაშვილმა ასე უპასუხა: “ვინც მაბრალებს, რომ (კონსტიტუციაში ცვლილების შეტანით) პრემიერმინისტრობას ჩემთვის ვიმზადებდი, ის სრული დეგენერატია” (ე.ი. მთელი საქართველო დეგენერატები ვყოფილვართ), რადგან პუტინი არ ვარო, “მე ვარ ყველაფერი ის, რაც არ არის პუტინი”.

ორიგინალურად მსჯელობს, “მხატვრული სახეებით” აზროვნებს. მივყვეთ მისეულ ლოგიკას.

პირველი: თუ ის, ვინც მას კონსტიტუციის მორგებას აბრალებს, დეგენერატია, მაშასადამე, ის, ვინც ეს გააკეთა, ორმაგი დეგენერატი ყოფილა.

ვინ გააკეთა ეს საშვილიშვილო საქმე, ხომ გახსოვთ? ეს ერთი.

ახლა მეორე: მე ვარო ის, ამტკიცებს სააკაშვილი, რაც არ არის პუტინი. პუტინი ერთი მთლიანი მოცემულობაა, ხოლო ის, რაც არ არის პუტინი _ ლოგიკურად არაფერია. მაშასადამე, არაფერია ისიც, ვინც თავის პოლიტიკურ სტატუსს ამგვარად წარმოგვიდგენს.

სოკრატეს შემდეგ _ “მე ვიცი ის, რომ არაფერი არ ვიცი” _ ასეთი ჭეშმარიტება არავის წარმოუთქვამს.

სამაგიეროდ მიხეილ სააკაშვილმა იცის ყველაფერი, რადგან პარალელურად ნათელმხილველიც გახლავთ: “ჯერ კიდევ მაშინ ვამბობდი, რომ საქართველო საბოლოოდ მას შემდეგ გახდება დემოკრატიული, როცა ხელისუფლება ორჯერ შეიცვლება. აი, ახლა ხელისუფლება მეორედ იცვლება… პირველ ტურში ხალხი მიხვდა, რომ ოლიგარქების ფანდები აღარ გავა… ჩვენ საქმეს დავამთავრებთ, ვიმედოვნებ, ამ თვის ბოლოს, როცა ვაშაძე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი გახდება”.

ნოსტრადამუსი!

საქართველოში დემოკრატიის პრობლემა რომ გადაგვიწყვიტა, სააკაშვილმა ოჯახის შესახებ თავისი თვალსაზრისი გაუზიარა “დოჟდის” მაყურებლებს: ლამაზი წყვილიაო, _ ვაშაძეანანიაშვილის შესახებ თქვა. ცოლი პრიმაბალერინა ჰყავსო და _ “ქებათაქება ნიკორწმინდას”… რა თქმა უნდა, არაფერი იმის შესახებ, რომ ამლამაზ წყვილსაღშფოთებულმა თბილისელებმა ძლივს გააგდებინეს ხელიდან მოსწავლეთა სასახლე, რომელსაც გულუხვი მიშა პრიმაბალერინას აძლევდა პეტერბურგის ქშეშინსკაიას სასახლის ახალ ვარიანტად.

გაბედულად ჩაება ვაშაძე ორთაბრძოლაში დიდი გამოცდილების მქონე რუსული დიპლომატიის წინააღმდეგ და დაამარცხა, ვითარცა დავითმა გოლიათი.

მეტიც: “ამ თვალთახედვით, იგი შეიძლება შევადაროთ მარშალ მანერეიმს, რომელიც იყო რუსეთის გენერალი, შემდეგ დაამარცხა საბჭოთა კავშირი, და მარშალ პილსუდსკის, რომელიც იყო რუსეთის ოფიცერი და გაანადგურა საბჭოთა არმია”.

ძალიან თავისებურად ესმის ამ დილეტანტს ისტორია, აქაც, როგორც საერთოდ, უგულებელყოფს ფაქტებს, და თუ მაინც მიმართავს, სათავისოდ მოირგებს.

მაგალითად, მიაჩუმათა, რომ ლენინგრადის ბლოკადაში ფაშისტების მხარეს ფინეთის არმია მონაწილეობდა, ხოლო მანერჰეიმი გერმანიის წინაშე დამსახურებისთვის ჰიტლერმა რაინდის ჯვრით (1942 წელს) და მუხის რტოებიანი რაინდის ჯვრით (1944 წელს) დააჯილდოვა.

როგორ დამთავრდა მეორე მსოფლიო ომი, ამაზე სიტყვას არ გავაგრძელებ.

დაობლდა ისტორიული მეცნიერება უსააკაშვილოდ:

“ვაი, რა დავკარგეთ

ძვირფასი ლალი,

სისხლის ცრემლი მდის,

არ შრება თვალი.

_ აჯაან!”

უარესი დაემართა ლიტერატურათმცოდნეობას, განსაკუთრებით _ რუსულს, თორემ ქართული პოეტური შემოქმედების რა მწვერვალებიც დალაშქრა მიხეილმა, “ვინმე მესხი მელექსის” ტრანსფორმაციის ავტორმა, ჩვენზე უკეთ ვინ იცის! ახლა რუსებს აგიჟებს: რუსული ლიტერატურის ციტირება რუსეთის ლიდერების უმეტეს ნაწილზე გაცილებით უკეთ შემიძლიაო”.

გაგიჟება მაშინ ნახეთ, მართლა რომ დაიწყოს საკუთარი ერუდიციის საჯაროდ დემონსტრირება.

თუ ჩემი არ გჯერათ, სააკაშვილს მოუსმინეთ, რომელიც რუსული “დოჟდის” ეკრანიდან ტრაბახობს: მე, ჩემს გუნდთან ერთად, თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შემქმნელი ვარ”.

მე და ჩემი ნაბადიო.

“მე უკვე ჩავეწერე (записался) თუნდაც მხოლოდ ჩემი ქვეყნის ისტორიაში, ეგებ მთელი რეგიონის ისტორიაშიც”.

ალფონს დოდეს ტარტარენ ტარასკონელს გადაუჯოკრა.

ჯერ სად ხართ.

“სანამ თქვენთან მოვიდოდი, _ ეუბნება მიხეილი მიხეილს (“звезда с звездою говорит”), _ ჩავერთე რამდენიმე ათას კაცთან საქართველოს ოთხ სხვადასხვა ადგილზე და ქართველებთან _ უცხოეთში. თანამედროვე ტექნოლოგიები ამის საშუალებას გვაძლევს. ის უწინ იყო, როცა ლენინი უნდა გადასულიყო პოლონეთში, გადაელახა ფინეთის ყურე, ჰელსინკი და ა.შ. ახლა არ არის საჭირო ფინეთის ყურის გადალახვა სადმე ყინულჭრილში ჩავარდნის რისკით. შეიძლება მშვიდად ჩაერთო სკაიპით”, და ისეთი გეოგრაფიული სივრცე წარმოგვიდგინა, როგორც (გაიხსენეთ!) ღრუბელ-ღრუბელ რუსეთის ავიაგამანადგურებლებს რომ ემალებოდა საქართველოს ცაში ცხინვალთან მიწაზე გართხმული მთავარსარდალი.

რაც ეს-ესაა ვთქვით, მხოლოდ ფონია, მთავარი სხვაა: ვლადიმერ ლენინი ნაპერწკლიდან რევოლუციური ალის ასაგიზგიზებლად 1917 წლის აპრილში ჩავიდა პეტერბურგში.

ლენინის გზით, ოღონდ ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, მაგრამ იმავე მიზნით _ ტირანების მმართველობისგან საქართველოს და რეგიონის გასათავისუფლებლად მოილტვის ჩვენკენ მიხეილ სააკაშვილი.

ასეთია ქვეტექსტი მისი ისტორიული ეგზერსირების, რომლებსაც განამტკიცებს იმით, რომ თურმე “უკრაინიდან გამასახლეს იმ დღეს, როცა (წლების წინათ) სოლჟენიცინს დაატოვებინეს საბჭოთა კავშირი”.

სოლჟენიცინთან გადაიღო წარმოსახვითი სელფი ნარცისმა.

ჩემი გავლენა ყველგან იგრძნობაო.

აბა, აბაო! _ შუბლზე ხელი შემოირტყა ტელეწამყვანმა მიხაილ ფიშმანმა.

მიხეილ სააკაშვილი კი განაგრძობს… სალომე ზურაბიშვილის ლანძღვას, მოიხსენიებს მას “ნახევრად გიჟ ფრანგ ქალად”, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ “სიტყვაც არ იცის რუსული, მისი იდეალი, როგორც დიპლომატი, არის ლავროვი(!), მისით არის აღფრთოვანებული და სურს რუსეთის პოლიტიკის ფარვატერში სვლა(!). მე კარგად ვლაპარაკობ რუსულად, ვაშაძე დიდხანს ცხოვრობდა რუსეთში, მაგრამ ისინი (მე და ვაშაძეო) საქართველოს დამოუკიდებლობის მომხრენი არიან, ამიტომ ყურადღებით უნდა აირჩიოთ მეგობრები. “დღეს მოსკოვში ვიღაც ნახევრადგიჟი ფრანგი ქალი ფავორიტად რომ აირჩიეს, ეს არ ნიშნავს, რომ იგი გაიმარჯვებს”.

ე.ი., სააკაშვილი და ვაშაძე რუსულად კარგად რომ ლაპარაკობენ, საქართველოს დამოუკიდებლობის მომხრენი არიან. რუსულის არმცოდნე სალომე ზურაბიშვილი არ არის საქართველოს დამოუკიდებლობის მომხრე და რუსეთის პოლიტიკის ფარვატერს მიჰყვება.

ამიტომ ფავორიტად ნახევრადგიჟი ფრანგი ქალი კი არ უნდა აირჩიოთ, არამედ ჩვენო, _ თქვა სააკაშვილმა რუსეთის ტელეეთერში.

გაიზიარებენ რუსეთში ამ შემოთავაზებას? ენდობიან დამფრთხალ კაცს, რომელიც იხტიბარს არ იტეხს?

“მე უკან დამდევენ, მიღებენ რაღაც ვიდეოებს და ასე შემდეგ. ანუ რუსეთი ჩაება (სად? რაში ჩაება?!) სპეცსამსახურების მეშვეობით… უნდა გავაფრთხილო რუსეთის სპეცსამსახურები. ჩვენ ახლა შევქმენით საერთაშორისო კომისია, საქართველოში მოვიწვიეთ რამდენიმე საერთაშორისო ექსპერტი. ასე რომ, ბიჭებო, ფრთხილად იყავით… ისე გაგჯორავთ, რომ ცოტა არ მოგეჩვენებათ. მოგიწოდებთ, არ გჭირდებათ ზედმეტი უსიამოვნება, ისედაც კისერი წაიტეხეთ ჰოლანდიაში, სხვათა შორის, ჩემმა მეგობრებმა გამოიძიეს თქვენი საქმეები ჰოლანდიაში, ინგლისში, იქაც ზოგიერთს ვიცნობდი, ამერიკაშიც ბევრს ვიცნობდი, ვინც თქვენ გამოგიძიათ. მე ჩემი კავშირები მაქვს… თავი დაანებეთ თქვენი დინგის ჩვენ იმაში (в жто самое) (ბოსტანი დაავიწყდა _ огород) ჩაყოფას. თქვენ საქმეს მიხედეთ, ან უფრო მნიშვნელოვანი ქვეყნებით დაინტერესდით!”

გადაამისამართა “უფრო მნიშვნელოვანი” ქვეყნებისკენ მათმა ერთგულმა მეგობარმა.

ძმობაც ამას ჰქვია და “საერთო მტრის წინააღმდეგ” ერთობლივი ფრონტით შეტევა, ანუ სტრატეგიული პარტნიორობა.

ეს კაცი ყველას გაყიდის!

* * *

მიშა სააკაშვილის ტელეინტერვიუს ძეძვნარში გავლით თავმობეზრებული ამ რეპლიკის ავტორი უმეტესი სიამოვნების მისაღებად მკითხველს ტელეარხდოჟდისკენგადაგამისამართებთ _ ცოტა თქვენც იწვალეთ! დაგიზუსტებთ მისამართს: მიხეილ ფიშმანის პროგრამაИ так далее”, 2018 წლის 2 ნოემბრის გამოშვება. და მას შემდეგ თუ რამ აზრი დაგებადებათ, გამოგვეხმაურეთ.

ხოლო იმის დასამტკიცებლად, სააკაშვილის გარდა, რუსულ ლიტერატურას სხვებიც რომ იცნობენ, ხელს ვაწერ ფსევდონიმით:

კოზმა პრუტკოვი

P.S.

ПАСТУХ, МОЛОКО И ЧИТАТЕЛЬ

Басня

Однажды нёс пастух куда-то молоко,
Но так ужасно далеко,
Что уж назад не возвращался.
Читатель! Он тебе не попадался?

Козьма Прутков

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here