Home ახალი ამბები საქართველო მიხეილ ჟღენტი: ღმერთი არ გაუწყრეს ვინმეს და არ ჩაერიოს ამ თამაშში, რადგან...

მიხეილ ჟღენტი: ღმერთი არ გაუწყრეს ვინმეს და არ ჩაერიოს ამ თამაშში, რადგან განადგურების საფრთხის ქვეშ მყოფი ქვეყანა თავის დასაცავად ყველაფერზე წავა. არავის ვუსურვებ, მოყვეს ამ ავანტიურაში

2209

ამა წლის 21 თებერვალს მსოფლიოს პოლიტიკოსთა ყურადღება კრემლისკენ იყო მიმართული _ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფედერალურ საკრებულოს მიმართა. ეს ყოველწლიური ტრადიცული მიმართვა ამჟამადაც საკმაოდ ვრცელი აღმოჩნდა.

რა თქვა ყველაზე მნიშვნელოვანი თავის გამოსვლაში რუსეთის პრეზიდენტმა?

 ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ორგანიზაციასოლიდარობა მშვიდობისათვისწევრი მიხეილ ჟღენტი გვესაუბრება:

_ რუსეთის პრეზიდენტის ყოველწლიური მიმართვა ტრადიციულდ მოიცავს ორ ასპექტს: მიმდინარე პროცესების შეფასებასა და ქვეყნის სამომავლო განვითარების ტენდენციებს. არც ეს მიმართვა იყო გამონაკლისი, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი, უკვე ერთი წელია, აწარმოებს სპეცოპერაციას უკრაინაში. უწინარესად, მინდა, აღვნიშნო, რომ მისი გამოსვლა იყო გაწონასწორებული, ემოციებისგან დაცლილი და ძალიან კონკრეტული, ორიენტირებული რუსეთის მოსახლეობის ინტერესებზე; რაც მთავარია, იგრძნობოდა სურვილი, რომ ისე ვეღარ გაგრძელდება რუსეთის სტრატეგიული განვითარება, როგორც ეს იყო 2022 წლის 24 თებერვლამდე. 

ჩემთვის რამდენიმე საკითხია  საინტერესო და, პირველ რიგში, გამოვყოფ განათლების რეფორმირების პერსპექტივას. მოგეხსენებათ, რომ ბოლო 30 წელია, როგორც რუსეთში, ასევე სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, თუ რამის დანგრევა და გაუფასურება დაიწყო, იყო განათლება. არადა, საბჭოთა საგანმანათლებლო და სამეცნიერო სკოლა მოწინავე გახლდათ მსოფლიოში. სწორედ საბჭოთა განათლების დამსახურებაა ის წარმატებები, რომლებსაც მიაღწია რუსეთმა და საბჭოთა კავშირმა. არ გადაგღლით მაგალითების მოყვანით. განათლების ,,ძველი” სისტემის შესაფასებლად საკმარისია მხოლოდ კოსმოსის ათვისება, პირველი კოსმონავტის გაშვება, ატომური პროექტი და ბირთვული იარაღის  შექმნა. ყველას კარგად გვახსოვს, რომ 1991 წლიდან, თუ რამის ნგრევა დაიწყო, ეს იყო განთლების სისტემა, რომელიც ძლიერი ქვეყნის მშენებლობისა და მომავალი თაობის აღზრდის საძირკველია.

1992 წლიდან რუსეთის განათლების სისტემის ნგრევის ავანგარდში სოროსის მიერ დაფინანსებული პროექტები და გრანტები იყო. შედეგმაც არ დააყოვნა და უკვე 90-იანი წლების შუა პერიოდში ათასობით უმაღლესი კატეგორიის მეცნიერმა, მკვლევარმა და, რაც მთავარია, ახალგაზრდამ დაიწყო ქვეყნის დატოვება. სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები თავის გადარჩენას ცდილობდნენ და საკონტროლი გასროლა იყო, როდესაც რუსეთი შეუერთდა ,,ბოლონიის პროცესს”. დეტალებით თავს არ შეგაწყენთ, რადგან კატასტროფა, რომელიც რუსეთში დატრიადა, ჩვენც ვიწვნიეთ საკუთარ თავზე, ამიტომაც განათლების რეფორმების დაწყება და, რაც მთავარია, ასპირანტურის ინსტიტუტის აღდგენა, შეიძლება ჩავთვალოთ უდიდეს ნაბიჯად რუსეთის ინტერესებზე მორგებული ახალი ინტელექტუალური, სამეცნიერო და საგანმანათლებლო სისტემის შექმნის გზაზე. 

მეორე, რამაც დასავლეთის ლიდერები შეაშფოთა, არის  პრეზიდენტ პუტინის განცხადება 2010 წელს მედვედევისა და ობამას მიერ  ხელმოწერილი ,,სტრატეგიული შეტევითი იარაღის კონტროლის შეთანხმებიდან” დროებით გასვლაზე. რუსეთი აჩერებს ამ ხელშეკრულების მოქმედებას, უფლებას იტოვებს, სარკისებურად იმოქმედოს და ადეკვატური პასუხი გასცეს აშშ-ის ნებისმიერ ქმედებებს აღნიშნულ სფეროში. კრემლი აღარ აპირებს, აშშ-ის ინსპექტორებმა ხელები აფათურონ რუსეთის საიდუმლო ობიექტების საქმიანობაში და ასევე იტოვებს უფლებას, არ აცნობოს, რა სამუშაოები ტარდება ბირთვული და სტრატეგიული შეიარაღების სფეროში.

მესამე _ ეს არის უკვე მრავალი წლის განმავლობაში ვლადიმერ პუტინის მიერ არაერთხელ ნათქვამი რუსი ბიზნესმენებისადმი, რომ მათ თავიანთი ბიზნესებიდან მიღებული შემოსავლები დააბანდონ ისევ რუსეთში  და მოახმარონ საკუთარი ქვეყნის ეკონომიკის აღორძინებას. მაგალითისთვის კი მოიყვანა ის ათეულობით ბიზნესმენი, რომელთა ქონებაც ან დაყადაღებულია, ან ჩამორთმეულია დასავლეთის ,,დემოკრატიულ” ქვეყნებში. კიდევ ერთ საკითხზე შევჩერდები: ვფიქრობ, უკრაინაში სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ რუსულ პოლიტიკაში ჩამოყალიბდება ახალი ელიტა, რომლის ბირთვს ის პატრიოტები წარმოდგენენ, რომლებიც დღეს სისხლს ღვრიან უკრაინაში და რომელთათვისაც ძველი მიდგომები მიუღებელი იქნება.

_ ვლადიმერ პუტინმა, აგრეთვე, ისაუბრა დემოკრატიაზეც

_ რაც შეეხება დემოკრატიას, ჩემი აზრით, 2000 წლიდან, როდესაც პუტინი პრეზიდენტი გახდა, ცდილობდა, ჩართულიყო დემოკრატიული სამყაროს ფერხულში, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ გამოვიდა, რაზეც თვითონაც ისაუბრა რამდენიმე თვის წინათ და წუხილი გამოთვა, რომ მისი მცდელობა, რუსეთი დასავლეთის თანასწორუფებიანი პარტნიორი გამხდარიყო, უშედეგო აღმოჩნდა, რადგან დასავლეთის მხრიდან რუსეთის  მიუღებლობა არსად გამქრალა. დასავლეთი საუკუნეების განმავლობაში არასოდეს განიხილავდა რუსეთს პარტნიორად. იგი რუსეთის დაპყრობით ან მისი რესურსების დაპატრონებით იყო დაინტერესებული. პუტინის მიმართვის შემდეგ მის ხედვას დემოკრატიაზე ასე ავხსნი _ პირველ ადგილზეა რუსეთი, რუსი ხალხი და კონსოლიდაცია იმ იდეის გარშემო, რომელსაც ახალი გამოწვევების წინააღმდეგ გაერთიანება ჰქვია; მრავალეროვანი და მრავალკონფესიური რუსეთის ერთ მუშტად შეკვრა; ყველა დემოკრატიული ინსტიტუტის გაძლიერება, ისევ ხალხის ინტერესებში ჩაყენება და არა რუსეთისათვის მიუღებელი ,,დემოკრატიით” ცხოვრება. რუსული დემოკრატია ისეთივე სპეციფიკურია, როგორც ნებისმიერი ქვეყნის, და გარეშე ძალების ჩარევას ვერ იტანს.

 _ ჩინეთის პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო საქმეთა საკითხებში, ვან რუსეთში ჩავიდა და მრავალპოლუსიან მსოფლიოზე ისაუბრა, საყურადღებოა მისი ვიზიტი რუსეთში?

 _ სანამ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რუსეთში ჩასვლას შევეხებით, აუცილებელია, აღინიშნოს, რომ იგი იმყოფებოდა უნგრეთში. ჩვენ წინა ინტერვიუშიც ვისაუბრეთ უნგრეთის როლზე ევროპულ პოლიტიკაში და იმ გაბედულ ნაბიჯებზე, რომლებსაც ამ ქვეყნის ლიდერი დგამს. ჩინელი დიპლომატი, როგორც ჩემთვის ცნობილია, რუსეთში შეხვედრებს გამართავს უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელ ნიკოლოზ პატრუშევთან,  საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და, როგორც ოფიციალური წყაროები იუწყებიან, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. საუბრის თემა იქნება უკრაინა და იქ მიმდინარე პროცესების რეგულირების გზები. ძალიან საინტერესოა, რომ  ვიზიტი ხორციელდება ჩინეთის ლიდერის საპროგრამო და, შეიძლება ითქვას, ისტორიული გამოსვლის წინ, რომელიც რამდენიმე დღეში მოხდება. აუცილებელად უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში ეწვევა მოსკოვს და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებს განიხილავენ. ვფიქრობ, ეს შეხვედრა მსოფლიოს ახალი გადანაწილებისა და მრავალპოლუსიანი სამყაროს ჩამოყალიბების დასაწყისი იქნება.

_ რა უნდა გაითვალისწინოს საქართველომ რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლიდან, რა გვაქვს უწინარესად გასაკეთებელი?

_ ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემას პრეზიდენტ პუტინის მთავარი გზავნილით დავიწყებ: ,,ჩვენ გვიპირებენ სტრატეგიულ დამარცხებას, ჩვენი განადგურება სურთ”. ეს არის ის, რაზეც რუსი პოლიტიკოსები და ექსპერტები, უკვე დიდი ხანია, საუბრობენ და ვლადიმერ პუტინის ეს განცხადება უკვე ყველაფერზე მეტყველებს _ რუსეთი ან გაიმარჯვებს, ან განადგურდება. აი ასეთი რეალობაა. და ახლა როგორ უნდა მოიქცეს საქართველო? 

ხშირად მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ ბოლო ერთი წელია, საქართველის ხელისუფლება, როგორც არასდროს, მართებულ პოლიტიკას აწარმოებს რუსეთთან, პოლიტიკას საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ეს ბოლო 30 წლის განმავლობაში უპრეცედენტო შემთხვევაა. მე მას დავარქვი ქვეყნის დეკოლონიზაციის დასაწყისი, დიახ, დეკოლონიზაციის, რადგან საქართველო თავისი “დამოუკიდებლობის” პერიოდში აშშ-ის კოლონიად გადაიქცა. რუსეთის ლიდერის ზემოთ ნახსენები განცხადება ასე მესმის: ღმერთი არ გაუწყრეს ვინმეს და არ ჩაერიოს ამ თამაშში, რადგან განადგურების საფრთხის ქვეშ მყოფი ქვეყანა თავის დასაცავად ყველაფერზე წავა და არავის ვუსურვებ, მოყვეს ამ ავანტიურაში. რუსეთი, ბოლო 50 წელიწადია, თავის გადასარჩენად იბრძვის, ამიტომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამ კონფლიქტში ჩარევის ნებისმიერი ნაბიჯი ტრაგიკულად დასრულდება ჩვენი ქვეყნისთვის, მით უფრო რომ ჩვენი დამცველი არც 1992 და არც 2008 წელს არავინ აღმოჩნდა. მეორე საზარბაზნე ქვეყანად ვერ იქცევა საქართველო. უფრო მეტიც _ დღეს, როგორც არასდროს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყება და ბოლო 30 წლის მოვლენების ერთობლივად გაანალიზება.  მინდა,  დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ მოგვიწევს რუსეთთან სასაუბროდ დაჯდომა, მაგრამ საქმე ის არის, რა მდგომარეობაში ვიქნებით იმ მომენტში. დღეს ვინც ვერ ხედავს ჩვენი ქვეყნების სტრატეგიული თანამშრომლობის გარდაუვალობას რუსეთთან, ის ან  დასალეთის სულგაყიდული მონაა, ან პოლიტიკურად ბეცი. ორივე მოცემულობა დამღუპველია ჩვენი ქვეყნისთვის. იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს აღებულ კურსს და სამშვიდობოზე გაიყვანს ჩვენს ქვეყანას. კიდევ ერთელ ვიმეორებ: დასრულდა ერთპოლუსიანი მსოფლიო, სრულდება დასვლეთის ჰეგემონია, მსოფლიო იცვლება და ნუ აღმოვჩნდებით იმ ქვეყნების რიგში, რომლებსაც სხვაგვარად აუხსიან ახალ რეალობას.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here