Home ახალი ამბები საქართველო მიხეილ ჟღენტი: აშშ ბოლო რესურსს არ დაიშურებს, რათა 2024 წლის არჩევნებამდე გამოიყენოს...

მიხეილ ჟღენტი: აშშ ბოლო რესურსს არ დაიშურებს, რათა 2024 წლის არჩევნებამდე გამოიყენოს ან არჩევნებს დაამთხვიოს ხელისუფლების დამხობის უკანასკნელი და მძლავრი მცდელობა. ლიბერალურ ძალებს ხელისუფლებაში დაბრუნების სხვა შანსი არ აქვთ

“საქართველოს 32-წლიანი ისტორიის ტრაგედია ტყუილში ცხოვრებაა. 32 წელიწადია, ერი ელოდება იმას, რასაც არასოდეს მისცემენ, არც არავინ უპირებდა საქართველოს დასავლურ ოჯახში გაწევრებას”

1058

საქართველოში ძალიან დაიძაბა ვითარება, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ხელისუფლებას რუსეთუმეობაში ადანაშაულებს და ამ მიზეზით პროვოკაციებს აწყობს, მცირეს, მაგრამ ყურადსაღებს, მაგრამ ხელისუფლება დიდად არ ცდილობს აღნიშნული პროვოკაციების მომწყობთა დასჯას.

ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ორგანიზაციასოლიდარობა მშვიდობისათვისწევრი მიხეილ ჟღენტი გვესაუბრება:

_ სამწუხაროდ, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშია ისეთი დაძაბულობა, როგორიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში არ ყოფილა. იმედია, არ მიწყენს თქვენი მკითხველი, კიდევ ერთხელ განვმარტო  ხელისუფლების “პრორუსულობა”.

ჩემი 30-წლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ “ქართული ოცნება” არათუ პრორუსული, არამედ მკვეთრად პროდასავლური ძალაა. მაგალითისთვის იმის მოყვანაც შეიძლება, რომ დასავლეთი მყისიერად აღიარებდა არჩევნების შედეგებს და კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია “ოცნების” არც ერთი გამარჯვება.

ჩვენი ლიბერალური  ოპოზიციისთვის ნებისმიერი ნაბიჯი, გადადგმული ქვეყნის უსაფრთხოებისა და და ეკონომიკური წინსვლისკენ, პრორუსულობას ნიშნავს. ეს პოლიტიკური ნარჩენები მხოლოდ რუსეთის ფაქტორზე გაიძახიან, რათა ხალხი გამოიყვანონ ქუჩაში ხელისუფლების დასამხობად. დიახ, მარტის მოვლენები სხვა არაფერი იყო, თუ არა ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობა. უბრალოდ, ახლა არ არის 2003 წელი და არც აშშ აღარ არის მსოფლიოს ჟანდარმი. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ბოლო რესურსს არ დაიშურებს, რათა 2024 წლის არჩევნებამდე გამოიყენოს ან არჩევნებს დაამთხვიოს ხელისუფლების დამხობის უკანასკნელი და მძლავრი მცდელობა. სხვა შანსი ლიბერალურ ძალებს ხელისუფლებაში დასაბრუნებლად არ აქვთ.

_ .. ოპოზიციური ტელეარხების წარმომადგენლები რამდენიმე დღის წინათ ამბობდნენ, პრემიერი ღარიბაშვილი გერმანიის კანცლერმა შოლცმა დაიბარაო. ასე იყო თუ არა, უცნობია, მაგრამ ფაქტია: ის იქ ჩავიდა და პირობაც მიიღო, რომ გერმანია მხარს დაუჭერს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაში. რის ფასად შეიძლება მოიპოვოს საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, თუ ის ვერ მივიღეთ ვერც 2008 წელს და ვერც ახლა, როდესაც ესპატივიმოლდოვასა და უკრაინას ერგოთ?

_ მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი პატივისცემა პრემიერ ღარიბაშვილის მიმართ, რომელსაც უწევს ძალიან რთულ ვითარებაში მანევრირება. როდესაც ჩვენი ლიბერალები ამბობენ, _ საქართველოს პრემიერი ვიღაცამ დაიბარაო. ამ განცხადებაში უკვე აღიარებენ, რომ საქართველო  არ არის დამოუკიდებელი ქვეყანა.

რას ნიშნავს დაიბარა? იბარებენ ხელქვეითს. სწორედ ხელქვეითად და კოლონიად განიხილავს ქართული ოპოზიცია ჩვენს ქვეყანას. მათთვის მთავარია, პატრონებმა არ დაივიწყონ და დაფინანსება არ შეუწყვიტონ.

მოხარული ვიქნები, თუ გერმანია მხარს დაგვიჭერს, მაგრამ, თუ მეხსიერება არ მღალატობს, ქალბატონი მერკელი იყო, რომელიც წლების განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ნატოში გაწევრებას.

ახლა ვნახოთ, რა პირობებია ამ სტატუსის მისაღებად. 12 პუნქტი, რომელიც, ადამიანურ ენაზე რომ გადმოვთარგმნოთ, ნიშნავს: “თქვენ უნდა წახვიდეთ და ნაცები დაბრუნდნენ”… დასავლეთს კიდევ ერთი პრობლემა აქვს: ოპოზიცია სრულიად დისკრედიტებულია 30-წლიანი პროდასავლური კურსის სრული კრახიდან გამომდინარე. აშშ და მისი მოკავშირეები არც ერთ ეტაპზე არ დამდგარან ქართველი ხალხის გვერდით, არც 1992-1993 წლებში და არც 2008 წელს, აღარაფერს ვამბობ ბორდერიზაციის უწყვეტ პროცესზე, რომელზეც დასავლეთის რეაგირება მხოლოდ შეშფოთება და ბინოკლში ყურებაა.

_ თქვენ სოციალურ ქსელში დაწერეთ: დროა, საქართველოს პრემიერი თუ არა ვიცეპრემიერი მაინც ჩავიდეს მოსკოვში მოლაპარაკებებზეო. რატომ თვლით, რომ სწორედ ახლაა ამის დრო, როდესაც ხელისუფლება წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის მიღებას იმედოვნებს?

_ ჩემს სტატუსში მხოლოდ კეთილ სურვილს გამოვთქვამ. ძალიან კარგად ვაცნობიერებ, რომ ვიცე-პრემიერი კი არა, ამ ეტაპზე, ასეთი წნეხის ქვეშ მყოფი ქვეყნის მინისტრის მოადგილეც ვერ დაიწყებს პირდაპირ მოლაპარაკებებს რუსეთთან, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელია საქართველოსთვის. რატომ? იმიტომ, რომ მაინც მოგვიწევს ამის გაკეთება და სჯობს, დროულად დავიწყოთ. ჩემი ფეისბუკმოწოდება კიდევ ერთ რამეს ემსახურებოდა _ მინდა გაიგოს ხელისუფლებამ, რომ საქართველოში ყველა ისე არ ფიქრობს, როგორც აშშ-ის მიერ გულუხვად დაფინანსებული არასამთავრობოები თუ ევროკავშირისა და ნატოს ილუზიით შეპყრობილნი.  კანდიდატის სტატუსი რომ მივიღოთ, აშშ ჩაანაცვლებს ფქვილის, ზეთის თუ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტების მოწოდებას საქართველოში?! კმარა ილუზიებში ცხოვრება. კიდევ ერთხელ ვეკითხები “ევრო-ნატოს” შიზოფრენიით შეპყრობილთ _ 2003-2012 წლებში თქვენს “ოქროს ბიჭუნას” რატომ არ მისცეს არც სტატუსი, არც მაპი და არც მაპზე უკეთესი?!

_ კანდიდატის სტატუსი რომც მივიღოთ, რისთვის სჭირდება ეს საქართველოს ახლა და ამ ვითარებაში, როდესაც ჯერ კიდევ არავინ იცის, როგორ გადანაწილდება მსოფლიო მმართველობა?

_ საქართველოს ბოლო 32-წლიანი ისტორიის ტრაგედია ტყუილში ცხოვრებაა. 32 წელიწადია, ერი ელოდება იმას, რასაც არასოდეს მისცემენ, არც არავინ უპირებდა საქართველოს დასავლურ ოჯახში გაწევრებას. 

ლიბერალების ერთადერთი ხელჩასაჭიდი ახალგაზრდობაა, რომლებსაც აგიტაცია-პროპაგანდით  ისე დააკარგვინეს რეალობის აღქმა, რომ ახლა ყველაზე დიდი პრობლემა მათი დარწმუნებაა, სად აღმოჩნდა ჩვენი ქვეყანა, როგორ მოგვატყუეს და რა საფრთხე გველის.

სიმართლე გითხრათ, უკვე მერიდება ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ უკრაინის ტრაგედიის შემდეგ თუ ვერ მივხვდით, სად ვართ, ახლა ყველანაირი საუბარი აზრს კარგავს. რომელ გეოპოლიტიკასა და მსოფლიო გადანაწილებაზე უნდა ვისაუბროთ, როდესაც მოსახლეობის ერთი ნაწილი უკრაინის გამარჯვებასა  და რუსეთის დამარცხებაშია დარწმუნებული, როდესაც ვუსაბუთებ, რომ რუსეთი ვერ დამარცხდება, ბოლო არგუმენტი აქვს,  დაიშლებაო. ასეთ შემთხვევაში კომენტარი ზედმეტია.

აი, ასეთი მძიმე ფსიქო-ემოციური ფონია საქართველოში, ძალიან საშიში. შევთხოვოთ უფალს, გაგვინათოს გონება და გაგვიყვანოს სამშვიდობოს!..

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here