Home ახალი ამბები საქართველო მარცხი კარგად  ნაკვები ტახისა

მარცხი კარგად  ნაკვები ტახისა

უკუღმა ნაკეთები საქმის წაღმა შემობრუნების პირველი ნიშნები

523

საქართველოში .. ოპოზიცია (სააკაშვილის ირგვლივ გაერთიანებული, ხელმოცარული, მაგრამ აგრესიული პოლიტიკანების დაჯგუფება), რომელიც დასავლეთის (აშშისა და ევროპის) პოლიტიკური ძალების ყველაზე დეგრადირებული ნაწილის მიერ იმართება, მთლიანად ჩაფლავდა. სატვირთო კონტეინერით საქართველოში შემოგზავნილი სააკაშვილი მათი ბოლო კოზირი იყო, ვისი გამოყენებითაც ქვეყანა ჯერ სახელმწიფო გადატრიალებამდე, შემდეგ კი რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნამდე უნდა მიეყვანათ. ახლა თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ვერაგული პროექტი ჩავარდა.

დიდხანს ატრიალეს სააკაშვილის თემა. რაკი პროექტი უნიჭოდ გათვლილი და კიდევ უფრო უნიჭოდ განხორციელებული გამოდგა,  ბევრს ეცადნენ, რომ სააკაშვილის ავადმყოფობისა და მისი ვითომ გარდაუვალი სიკვდილის მოტივით იგი პატიმრობიდან დაეხსნათ და ჩაფლავებული პროექტისთვის მთელი მათი დამნაშავე მოძრაობა არ გადაეყოლებინათ, მაგრამ ეს მცდელობაც უშედეგო გამოდგა. საავადმყოფოს აპარტამენტებიდან, სადაც დამნაშავე ყოფილი პრეზიდენტი განცხრომით ცხოვრობს, გავრცელებულმა ვიდეოკადრებმა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ყველა დაარწმუნა, რომ იგი მომაკვდავი კი არ არის, როგორც მისი მომხრეები ცდილობენ  წარმოჩენას, არამედ თავს კარგად ნაკვები ტახივით გრძნობს და რა შეურაცხადი, უზრდელი და ავადმყოფურად  ენერგიამოჭარბებულიც მთელი ცხოვრების განმავლობაში იყო, დღემდე ისეთივე შეურაცხადი, უზრდელი და ავადმყოფურად ენერგიამოჭარბებული დარჩენილა. მთელი შინაარსი ამ ისტორიისა  არის ის, რომ ტახი დამარცხდა. ახლა ყველა წინაპირობა არსებობს, იგი საავადმყოფოდან საპყრობილეში მიაბრძანონ და ის ვადა, რომელიც, როგორც დამნაშავეს, უკვე მისჯილი აქვს, და ის ვადაც, რომელსაც მომავალ სასამართლო პროცესზე მიუსჯიან, ისე მოიხადოს, როგორც კანონი ითვალისწინებს. მორჩა, ამიერიდან ტახის ჯანმრთელობასა და მის მომაკვდავობასთან დაკავშირებული ყოველგვარი სპეკულაცია უნდა შეწყდეს.

სააკაშვილი დასავლეთის ყველაზე რეაქციულ და შავბნელ ძალებს საქართველოს განვითარების შესაფერხებლად სჭირდებათ, მაგრამ, მიუხედავად ამ ძალების დიდი გავლენისა, ისე მოხდა, რომ საქართველო იმავე დასავლეთის მიმართულებით სწორ ნაბიჯებს დგამს და სერიოზულ ძალებთან პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივას აყალიბებს.

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი  ბუქარესტს ეწვია, სადაც უაღრესად მნიშვნელოვანსა და სამომავლო პროექტს მოაწერა ხელი, რაც შავი ზღვის ქვეშ მაღალი სიმძლავრის ელექტროკაბელის გაყვანას გულისხმობს.

,,ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტით გაიზრდება ტრანზიტისა და ვაჭრობის შესაძლებლობა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის’’, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი ღარიბაშვილმა რუმინეთში, სადაც  მონაწილეობდა პლენარულ სესიაში  „სტრატეგიული პარტნიორობა მწვანე ენერგეტიკის განვითარებისა და გაზიარების საკითხებში”.  

არსებულმა გეოპოლიტიკურმა გამოწვევებმა და უკრაინაში მიმდინარე ომმა უფრო მეტად გამოკვეთა დივერსიფიკაციისა და მედეგობის საჭიროება  ენერგოუსაფრთხოების სფეროში გადაუდებელი გამოწვევების მოსაგვარებლად. საქართველოს გეოსტრატეგიული  მდებარეობა ბუნებრივად გვაქცევს დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ ხიდად, ისევე როგორც ზღვაზე წვდომის არმქონე სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რვა ქვეყნის კარიბჭედ, ომელი უმნიშვნელოვანესი კვანძია ევროკავშირის გლობალური დაკავშირების რუკაზე, სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციისა და ევროპისადმი ენერგორესურსების მიწოდების კონტექსტში. რამდენიმე წლის წინათ საქართველოს ინიციატივით მუშაობა დაიწყო პროექტზე, რომელიც კავკასიის რეგიონისა და ევროპის ენერგეტიკულ დაკავშირებას გულისხმობს მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ხაზის საშუალებით. დღეს მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ  შეთანხმების ხელმოწერით ჩვენ ვადასტურებთ მზაობას მწვანე ენერგიის მიწოდების კონტექსტში მჭიდრო თანამშრომლობაზე.

ამ პროექტის განხორციელებით  საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ელექტროგადამცემი ხაზებისა და სისტემების დაკავშირებით  ევროპა  შეძლებს, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ სამხრეთ კავკასიას დაუკავშირდეს. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხია ჩემი მთავრობისთვის. ამ პროექტის განხორციელებას ახალ განზომილებაში გადაჰყავს სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება ჩვენს ქვეყნებს შორის. კვლავ მსურს დავადასტურო, რომ საქართველოს უდიდესი პოტენციალი გააჩნია განახლებადი ენერგიის წარმოებისა და ექსპორტის მიმართულებით, რაც ევროპის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებაში დიდ წვლილს შეიტანს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ეს პოზიცია დაადასტურა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა: „შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელი იქნება ახალი გადაცემის ხაზი და ახალი შესაძლებლობების ფანჯარა. ეს პროექტი საქართველოს მისცემს ევროპულ დანიშნულებას და ძალიან ბევრ სარგებელს. ის საქართველოს აქცევს ელექტროენერგიის ჰაბად და შიდა ენერგობაზარსაც გააუმჯობესებს”.

პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1 195 კილომეტრის სიგრძის კაბელი (1100 კმ  წყალქვეშა, ხოლო 95 კმ სახმელეთო ნაწილი) რუმინეთს დაუკავშირდება. ეს  სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და განახორციელონ ელექტროენერგიით ვაჭრობა.

ეს, როგორც ხედავთ, ერთი უაღრესად სერიოზული მიმართულებაა ევროკავშირთან ერთობლივი ეკონომიკური და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებისა, რომელსაც მართლაც გიგანტური მასშტაბი აქვს.

აქვე მინდა, ყურადღება გავამახვილო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ასევე გიგანტური მასშტაბის მშენებლობაზე, რომლის დაწყება რამდენიმე წლით შეფერხდა, რასაც ე.წ. ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლებას აბრალებდა. აი, რა განაცხადა ამ საკითხზე პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა:

“ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება.  პორტის 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება, დანარჩენი წილი კი ტენდერის გზით საერთაშორისო პარტნიორებს გადაეცემათ. ეს პროექტი მიტოვებული, მოუვლელი და გაპარტახებულია –  მტვრის ბუდედ გადააქციეს ადგილი, სასწრაფოდ უნდა შევარჩიოთ საერთაშორისო პარტნიორი კომპანიები და ჩვენც უნდა დავიწყოთ ამ პროექტის ინვესტირება”.

ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის უაღრესად მნიშვნელოვანი ისტორია გაახსენა:

ანაკლიის პორტის აშენების გადაწყვეტილება 2016 წელს მივიღეთ, ეს ყველას კარგად მოგეხსენებათ. მანამდე, ჯერ კიდევ ჩემი პირველი პრემიერობის დროს, ჩვენ საჯაროდ ვსაუბრობდით ყველგან ამ საკითხზე, მათ შორის გაეროს ტრიბუნიდანაც განვაცხადეთ, რომ ამ პორტის აშენება ჩვენი გაცხადებული ინტერესი და პრიორიტეტია. 2016 წელს გაფორმდა ხელშეკრულება, შერჩეულ იქნა ინვესტორი, რომელმაც თავისი ვალდებულება ვერ შეასრულა, ანუ ეს პორტი არ ააშენა. ამ ვალდებულების მიხედვით, ჩვენ პირველი გემები 2020 წელს უნდა მიგვეღო, მაგრამ ინვესტორმა ვერ შეძლო ინვესტიციების მოზიდვა. თავად ბატონ ხაზარაძეს და მის პარტნიორჯაფარიძეს, ჩემი ინფორმაციით, 3 მლნ დოლარი აქვთ დახარჯული, დაახლოებით 20 თუ 25 მილიონი მოზიდული აქვთ ინვესტორებისგან, სულ ეს არის. სანაცვლოდ, მთავრობისგან ითხოვდა ტვირთების გარანტიას, მიწა ჩვენი იყო და მიწა უნდა გადაგვეცა და გადავეცით კიდევაც. გზების, რკინიგზის მიყვანაზე, ასეულობით მლნ უნდა დაეხარჯა მთავრობას და სანაცვლოდ არაფერი უნდა მიეღო, ანუ რეალურად ეს უნდა ყოფილიყო საჩუქარი ბატონ ხაზარაძისთვის. ოთხი თუ ხუთი წლის მერე, მას შემდეგ რაც ეს პროექტი ჩააგდეს, ამ ადამიანებმა ჩვენი ხალხის გაძარცვა გადაწყვიტეს და უჩივლეს ქვეყანას. არბიტრაჟში წაიღეს საქმე და დღეს 1.5 მლრდ ლარს ედავებიან. წარმოგიდგენიათ, რა ხდება? ეს არის ქვეყნის ძარცვის კლასიკური სქემა“.

გამოდის, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხი სულაც არ არის ისე, როგორც მისი წარმოჩენა ე.წ. ოპოზიციას სურს. ამ ახალი ინფორმაციით ჩვენ შევიტყვეთ, რომ ანაკლიის პორტი აშენდება, ოღონდ არა ვიღაც ყაჩაღებისა და მძარცველების ინტერესების შესაბამისად, არამედ საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად.

კიდევ ერთი  უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის შესახებაც ამავე სტატიაში მინდა გაცნობოთ:

ა.წ. 7 დეკემბერს რუსეთის სახელმწიფო დუმაში გაიმართა  შეხვედრა ქართულ დელეგაციასთან, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ მოძრაობა “სოლიდარობა მშვიდობისთვის” წარმომადგენლები. შეხვედრა, რომელშიც მეც ვმონაწილეობდი, ორივე მხრიდან კეთილგანწყობილი, საქმიანი და, რაც მთავარია, ნაყოფიერი გამოდგა. მოსკოველი მასპინძლებისგან, სადაც წარმოდგენილი იყვნენ რუსეთის, როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები, მივიღეთ მტკიცე პირობა, რომ უახლოეს მომავალში რუსეთი საქართველოსთან გააუქმებს სავიზო რეჟიმს და ორივე ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით აღდგება პირდაპირი ავიარეისები. ეს კი მოსახლეობას მოუხსნის დისკომფორტს, რომელშიც იგი მთელი რიგი გაუთვლელი ნაბიჯების გამო აღმოჩნდა. ამ პროცესში საქართველოს მთავრობა არ მონაწილეობდა, მაგრამ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე შეიძლება ითქვას, რომ სახალხო დიპლომატია ასე ხელშესახებ  შედეგს ვერ მიაღწევდა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული იმ გონივრული ნაბიჯების გარეშე, ომლებიც დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციებისთვის მიერთებაზე  უარის თქმასა და, რაც მთავარია, უკრაინის ომის პარალელურად საქართველოდან მეორე ფრონტის გახსნისგან თავის შეკავებაში გამოიხატა.

პოლიტიკა ემოციების სფერო არ არის, იგი რაციონალური განსჯისა და პრაგმატული გათვლების სფეროა. რამდენიც უნდა იყვიროს ათასი ჯურის დაქირავებულმა ქვეყნის შიგნით და რამდენი პროვოკაციული მოწოდებაც უნდა ისმოდეს ქვეყნის გარედან, იგი ვერაფერს დაგვაკლებს, თუკი ხელისუფლება საქვეყნო ინტერესებით იხელმძღვანელებს და ამ გზაზე გონიერებასთან ერთად პრინციპულობასაც გამოიჩენს. საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელ ქმედებებში ასეთი დამოკიდეულების აშკარა ნიშნები იკვეთება. ეს იმედს აჩენს, რომ ოცდაათი წლის განმავლობაში  უკუღმა ნაკეთები საქმის წაღმა შემობრუნებას შევძლებთ.

ვალერი კვარაცხელია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here