Home ახალი ამბები საქართველო მამუკა კარტოზია: სააკაშვილი იყო პოპულისტი, მას არ ჰქონდა სახელმწიფოებრივი აზროვნება, დასავლეთის ყურმოჭრილი...

მამუკა კარტოზია: სააკაშვილი იყო პოპულისტი, მას არ ჰქონდა სახელმწიფოებრივი აზროვნება, დასავლეთის ყურმოჭრილი მონა იყო

“მამისონის უღელტეხილზე რუსის ჯარი დგას და ის აუცილებლად დაგვეხმარებოდა. მეგონა და ველოდი, რომ საქართველო სთხოვდა დახმარებას რუსეთს, მაგრამ ასე არ მოხდა”

587
მამუკა კარტოზია: სააკაშვილი იყო პოპულისტი, მას არ ჰქონდა სახელმწიფოებრივი აზროვნება, დასავლეთის ყურმოჭრილი მონა იყო

2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წელიწადი გავიდა. ამ ომზე ბევრი აზრი მოგვისმენია, მაგრამ ომიდან 15 წლის თავზე ჩვენი ქვეყნის პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც მეორედ არის ამ თანამდებობაზე, საჯაროდ პირველად განაცხადა მეტად საგულისხმო რამ: “ამ ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. ვიცი რა ეს ინფორმაცია, რაც ხდებოდა, როგორ ვითარდებოდა მოვლენები, მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა გამოიჩინა ყოფილმა მთავარსარდალმა”.

ღარიბაშვილის თქმით, წინა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა აგვისტოს ომის თავიდან ასაცილებლად.

პასუხისმგებლობა იყო და არის ხელისუფლების, ნებისმიერი ხელისუფლების, რომ ყველაზე დიდი განსაცდელი, რომელიც შეიძლება ქვეყანას მოევლინოს, არის ომი. ომის პარტიამ და მოღალატეთა პარტიამ, მე არ მოვერიდები ამის თქმას იმიტომ, რომ ძალიან ბევრი რამ ვიცი, რაც ჩვენმა საზოგადოებამ არ იცის, სამწუხაროდ. ვუფრთხილდები რა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, თავს ვიკავებ ამ ინფორმაციების გავრცელებისგან ისევ და ისევ ერთი მიზნის გამო, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები.

წინა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა, რათა ეს ომი აეცილებინა ჩვენი ხალხისა და ქვეყნისთვის. შედეგად რა მივიღეთ? 20% არის დღეს ოკუპირებული. რუსული ჯარი გავიდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან 2007 წელს. რუსული ჯარის ბოლო კონტინგენტი გავიდა 2007 წელს. ვინ გავაკრიტიკო და ვინ დავგმო თუ არა სამარცხვინო მტრული ძალა, რომელიც მართავდა ჩვენს ქვეყანას, როცა რამდენიმე თვის შემდეგ მათი უგუნური პოლიტიკის შედეგად რუსი სამხედროები შემობრუნდნენ კიდევ უფრო მეტი მასშტაბით”, განაცხადა ღარიბაშვილმა.

მიანიშნებს თუ არა ღარიბაშვილის ეს სიტყვები იმაზე, რომ ხელისუფლება ომის დაწყების დეტალებს გამოიძიებს, დამნაშავეებს დასჯის და შემდეგ რუსეთთან მოლაპარაკებას დაიწყებს? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისტორიკოსი მამუკა კარტოზია გვესაუბრება.

_ საქართველო დღეს ამ მდგომარეობაში იმიტომ არის, რომ შეფასებებს ვერ ვაკეთებთ. პოლიტიკური შეფასება ყველაფერს სჭირდება, ასევე საჭიროა რეალობის ობიექტური შეფასება.

არსებობს საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის საომარი კონფლიქტის ფაქტების შემსწავლელი საერთაშორისო დამოუკიდებელი კომისიის ხელმძღვანელ ჰაიდი ტალიავინის დასკვნა, მაგრამ, ამასაც რომ თავი დავანებოთ, ჩვენი ქვეყნის უბედურება არის ის, რომ სამართლებრივ დასკვნას ვერ აკეთებს. მიდიხარ ტანკებით, ჯარით ტერიტორიაზე, რომელიც შენს ქვეყანას ეკუთვნის, თავს ესხმი საკუთარ მოსახლეობას…

სააკაშვილი იყო პოპულისტი, მას არ ჰქონდა სახელმწიფოებრივი აზროვნება, იმპულსური, ქაოსური იყო, დასავლეთის ყურმოჭრილი მონა _ ეს ყველამ ვიცით. ახლა ყველა ხელს იბანს, აშშ-ის იმჟამინდელი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი და საფრანგეთის ექსპრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ამბობენ, არ გვიჯერებდაო, არ დაგვემორჩილაო, მაგრამ ასე არ იყო, სააკაშვილმა მათი დაკვეთა შეასრულა. ერთი სახელმწიფო მეორის წინააღმდეგ ასე მარტივად არ მიდის. სააკაშვილმა იცოდა, რომ რუსეთი ამ ომში ჩაებმებოდა. ასე რომ, ჩვენ იმაზე ვისაუბროთ, რა სურდა სააკაშვილს. მას სურდა პოლიტიკური ქულების დაწერა და იმიჯის ამაღლება. ამას გადააყოლა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები. ასე დავკარგეთ აფხაზეთი და ოსეთი… ამ ყველაფერზე პასუხი არავის უგია. ეს მაოცებს და მაბრაზებს…

_ ე.წ. ოპოზიციის წევრებმა განაცხადეს, რომ ბოლო რამდენი წელიწადია, საერთოდ არ მოუსმენიათ აფხაზეთისა და ოსეთის დაბრუნებაზე ლაპარაკი. სიმართლე გითხრათ, არც მანამდე მომისმენია ამის შესახებ არაფერი, მაგრამ ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილის ხელისუფლება უპასუხისმგებლოდ მოიქცა… ხომ არ აპირებს ამჟამინდელი ხელისუფლება 2008 წლის ომის გამოძიებას და რუსეთთან ამ თემაზე საუბარს?

_ აფხაზეთისა და ოსეთის პრობლემას ვერც ნატო და ვერც რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაცია ვერ მოაგვარებს, ამას მოაგვარებს მხოლოდ რუსეთი და საქართველოს პირდაპირი მოლაპარაკება აფხაზებსა და ოსებთან.

ევროპაც და ამერიკაც გამუდმებით ეუბნებოდნენ ჩვენს ხელისუფლებებს, რომ აფხაზეთისა და ოსეთის თემა მაშინ გადაწყდება, როდესაც ერთმანეთს დაელაპარაკებითო, მაგრამ ამის საშუალება არ მოგვცეს, გვეუბნებოდნენ და საშუალებას არ გვაძლევდნენ…

მივესალმები პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებას, რომ ომი საქართველოს იმჟამინდელი მთავრობის უპასუხისმგებლო ქმედების შედეგია, მაგრამ რუსეთთან დიალოგი დასაწყებია. უპასუხისმგებლო ომები იყო 1992 და 2008 წლებში და, თუკი ეს მთავრობა დაიწყებს მოლაპარაკებას რუსეთთან, იქნება ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი.

ჩვენი მთავრობის ხელმძღვანელები ჩავიდნენ ჩინეთში, დაიწყეს სერიოზული მოლაპარაკებები, ასევე საუბარია რკინიგზის გახსნაზე აფხაზეთში, რაც კარგია. საქართველო სხვა ეტაპზე გადავიდა, სხვა ღირებულებების მქონედ აქცია გეოპოლიტიკურმა ვითარებამ. კარგია, რომ ჩვენი ქვეყნის პრემიერი ნატოს და ევროკავშირის ძახილის ნაცვლად აღმოსავლეთს უბრუნდება, რომელიც დავკარგეთ, რაც უდიდესი შეცდომა იყო.

საქართველოს გაეხსნა ბევრი გზა: აღმოსავლეთისკენ, შუა აზიისკენ, ბრიჩსისკენ, უამრავი რამ გვაქვს ლავირებისთვის. საქართველო პატარა ქვეყანაა და ქართველები მცირერიცხოვანი უპატრონო ერი ვართ, დასავლეთში პატრონი ვერ ვნახეთ, დეკლარირებულად ვერავინ გვითხრა, რომ გვიპატრონებდნენ..

_ აზერბაიჯანიც პატარა ქვეყანაა, აზერბაიჯანელებსაც ჰქონდათ ტერიტორიული პრობლები, როგორც ჩვენ, მაგრამ მოაგვარეს… მოაგვარეს იმიტომ, რომ მათ არ უძახიათ რუსეთისთვის ოკუპანტი…

_ აზერბაიჯანში ავტოკრატიული რეჟიმია. მას მხარს უჭერს თურქეთი, რომელიც ნატოს წევრია. რუსეთმა რომ ჩათვალოს, კავკასია აღარ სჭირდება, რა გველის?G_ გურია და აჭარა აღარ გვექნება?! რუსეთმა ბევრჯერ გაყარა ამ ტერიტორიებიდან მტერი. რუსეთი ახლა უკრაინაში იბრძვის იმ ტერიტორიებისთვის, რომლებზეც სისხლი დაღვარა; იმ ტერიტორიებისთვის, რომლებიც თურქეთს წაართვა; ტერიტორიები, რომლებზეც ახლა საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, ყველა თურქეთის მიერ იყო ოკუპირებული და ახლა კვლავ დასაბრუნებელი გაუხდა რუსეთს. რუსეთმა შექმნა უკრაინა. ისტორიას ნუ უგულვებელვყოფთ…

არ ვარ “ქართული ოცნების” აპოლოგეტი, ბევრ შეცდომას უშვებენ, მაგრამ 30 წლის თავზე, მას შემდეგ, რაც ტერიტორიები დავკარგეთ, თუ რამეს გააკეთებენ, მივესალმები. ღარიბაშვილის აღიარება, რომ საქართველოს მთარობის უპასუხისმგებლო ქმედებებმა მიგვიყვანა აგვისტოს ომამდე, სწორი მიდგომაა.

თაობები იცვლება აქაც და დაკარგულ ტერიტოებზეც. აქაურმა ბავშვებმა არ იციან აფხაზეთი, იქაურები არ აღიარებენ საქართველოს. ხვალ და ზეგ აფხაზეთსა და ოსეთში დაბრუნების საკითხი რომ დადგეს, შესაძლოა, არავინ დაბრუნდეს, ისე არიან ინტეგრირებულები აქ…

_ შოვის ტრაგედიისას დახმარება გვჭირდებოდა და ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი იყო, იქვე მდგარი რუსეთის ჯარისთვის გვეთხოვა დახმარება… ეს პოლიტიკური ნაბიჯიც იქნებოდა და ხალხის გადარჩენის საშუალებაც, მაგრამ ხელისუფლებამ ეს შანსი არ გამოიყენა…

_ გეთანხმებით, მამისონის უღელტეხილზე რუსის ჯარი დგას, ის აუცილებლად დაგვეხმარებოდა. მეგონა და ველოდი, რომ საქართველო სთხოვდა დახმარებას რუსეთს, მაგრამ ასე არ მოხდა.

სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება ვერაფერს აკეთებს იმის შიშით, რომ ე.წ. ოპოზიციამ რამე არ თქვას, რაც ამ ხელისუფლებისთვის დამღუპველია.

არადა, შენს ქვეყანას თუ სჭირდება, ყველაფერი უნდა გააკეთო. სამშობლოსთვის უნდა მოკვდე. სხვა დანარჩენი არაფერია. გადაედგა “ქართულ ოცნებას” ნაბიჯი და ეთხოვა რუსეთისთვის დახმარება, რაც ხიდის გადება იქნებოდა, მაგრამ შეეშინდა ე.წ. ოპოზიციის…. შეეშინდათ, რომ “რუსეთუმე” ხელისუფლებას დაუძახებდნენ…

2008 წლის აგვისტოს ომის გამო არავინ დასჯილა. სააკაშვილს სამშობლოს ღალატის მუხლი უნდა ჰქონდეს წაყენებული, ის ქვეყნის მოღალატეა. მან ქვების გროვა უწოდა იმ დასახლებულ პუნქტებს, რომლებიც მისი ღალატით დაიკარგა…

მომწონს, რომ ჩვენი ქვეყნის პრემიერმა გაბედა და თქვა, უპასუხისმგებლოდ მოიქცა იმჟამინდელი ხელისუფლებაო, მაგრამ უფრო მემოწონება, თუ ღარიბაშვილი შექმნის სახელმწიფო კომისიას და აგვისტოს ომის დეტალებს გამოიძიებს, რათა ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს ყველაფერი, დაისაჯოს ყველა დამნაშავე. ღარიბაშვილის სიტყვები დარჩება უბრალო სიტყვებად, თუ შემდეგი ნაბიჯები არ გადაიდგმება დამნაშავეების დასასჯელად.

ჩვენ ჭკუას გვარიგებენ ის ადამიანები, რომლებიც 2008 წლის ომში რუს გენერლებს მძღოლებად ემსახურებოდნენ და ეს ყველამ იცის. ომის შემდეგ კი ყველა სტრატეგიული ობიექტი ჩვენი ქვეყნისა რუსეთს გადასცეს.

_ რუსეთს ჩვენი ტერიტორიები არ შეუერთებია, ამიტომ გულის სიღმეში იმედი ჯერ კიდევ არის, რომ ამ ტერიტორიებს დავიბრუნებთ. ღარიბაშვილის ეს სიტყვები კი იმედისმომცემია, იქნებ დაველაპარაკოთ რუსეთის ხელისუფლებას…

_ რუსეთის თემა განსაკუთრებული და საფრთხილოა. მათ გაგვიუქმეს ვიზები, აღადგინეს ავიამიმოსვლა, მათგან იმპულსები მოდის და ახლა ჩვენი ჯერია. სახელმწიფოებრივი აზროვნება არ აქვს ხელისუფლებას, თორემ ახლა შოვში მომხდარი ამბავი უნდა გამოეყენებინა და რუსეთისთვის დახმარება ეთხოვა.

აზერბაიჯანი ჩვენთვის კარგი მაგალითია. აზერბაიჯანის პრეზიდენტებს არ უძახიათ რუსებისთვის “ოკუპანტი”, პრეზიდენტ ალიევის ლავირებამ, სწორმა პოლიტიკამ ქვეყანას ტერიტორიები დაუბრუნა, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთში რუსეთის ჯარი დგას. ალიევი ყველაფერზე წავიდა. გახსნა საზღვრები ყველასთვის, ყველა დიდი ევროპული თუ ამერიკული კომპანიისთვის, მაგრამ ნახა, რომ არავინ იყო მისი მშველელი გარდა რუსეთისა და ის წავიდა რუსეთთან მოლაპარაკებაზე, ტერიტორიები დაიბრუნა და ეროვნული გმირი გახდა. ალიევმა ტერიტორიები პოლიტიკით დაიბრუნა და მას არავინ ძრახავს, ევროკავშირიც ემეგობრება და ამერიკაც, მას სტრატეგიულ მეგობარს უწოდებენ. პოლიტიკაში მთავარია შედეგი.

_ შეძლებს ღარიბაშვილი იმის გაკეთებას, რაც ალიევმა გააკეთა?

_ წინასწარმეტყველება ცუდი საქმეა, მაგრამ ძალიან გააქტიურდა საგარეო ვექტორი, ბევრი სწორი გადაწყვეტილება მიიღო და, თუ რუსეთთანაც იმავეს იზამს, ქვეყანას გადაარჩენს, მაგრამ აქვე ვიტყვი: ის არ არის დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში.

_ დასავლეთის გამო ვერ წყვეტს თუ ოპოზიციის?

_ დასავლეთისაც, ოპოზიციისაც და იმ ერთი კაცის გამოც ვერ იღებს გადაწყვეტილებებს. მიხვდით, ალბათ, რომ ივანიშვილს ვგულისხმობ. ღარიბაშვილს აქვს ვალდებულებები… საგარეო პოლიტიკა ივანიშვილის გარეშე ვერ წარიმართება… მაგრამ ვიტყვი, რომ “ოცნებამ” ქვეყნის ინტერესებზე უნდა იზრუნოს, სხვა დანარჩენი არაფერია… ღირსებააყრილები ვართ და ეს გამოსაწორებელია.

მივესალმები ყველა ნაბიჯს, რომლებიც ქვეყნის კეთილდღეობისთვის გადაიდგმება. რუსეთს უნდა დაველაპარაკოთ სასწრაფოდ, მერე, შესაძლოა, გვიან იყოს. რუსეთი მართლმადიდებლობის დამცველია, მასთან ურთიერთობა არ გვაწყენს, პირიქით…

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here