Home რუბრიკები საზოგადოება მამა გიორგი (რაზმაძე): ეკლესიისა და მისი უწმინდესობის მადისკრედიტებელი ბინძური ცილისმწამებლური კამპანიის მომდევნო...

მამა გიორგი (რაზმაძე): ეკლესიისა და მისი უწმინდესობის მადისკრედიტებელი ბინძური ცილისმწამებლური კამპანიის მომდევნო სერიებს აუცილებლად ვიხილავთ

2621

31 ოქტომბერს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე მომხდარმა სკანდალურმა ფაქტმა და შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა, რომელთა ავანგარდშიც აწ განყენებულ პეტრე ცაავასთან ერთად ლიბერალური ელიტის თავკაცობაც (პირდაპირ თუ ირიბად) არანაკლებ აქტიურად იყო წარმოდგენილი, ეკლესიისა და მისი მეთაურის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წინააღმდეგ ჯერ კიდევ წლების წინათ დაწყებული მადისკრედიტებელი კამპანიის სიმწვავე კიდევ ერთხელ ცხადყო. 

უმძიმესმა ბრალდებებმა, რომლებიც ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სხდომაზე ყოველგვარი არგუმენტებისა თუ მტკიცებულებების გარეშე განაცხადა, არა მხოლოდ ეს პროცესი გააშიშვლა, ყველა ეჭვსა თუ მითქმა-მოთქმას იმის თაობაზე, რომ ეკლესიის წიაღში გარკვეულ ძალებს შორის დაძაბულობა არსებობდა (რასაც შეიძლებოდა, წმინდა სინოდში სერიოზული განხეთქილება მოჰყოლოდა), საბოლოოდ ნათელი მოჰფინა. თუმცა, იმ მწვავე და კრიტიკული განცხადებების ფონზე, რომლებსაც აწ უკვე მონასტერში სინანულისთვის გამწესებული ყოფილი მეუფე ბოლო პერიოდში სხვადასხვა ეთერში აკეთებდა, 31 ოქტომბრის ხმაური დიდი მოულოდნელობა, ალბათ, არავისთვის ყოფილა. მით უფრო არ იყო გასაკვირი ის, რომ სხდომიდან გამოსული მიტროპოლიტი კამერების წინ ბოლო ხმაზე გაჰყვიროდა: იმიტომ განმაყენეს, რომ სინოდის თავმჯდომარე (კათოლიკოს-პატრიარქი) გარყვნილ ქმედებებში ვამხილეო…

რა მიზანს ემსახურებოდა მეუფე პეტრეს ესოდენ მძიმე ბრალდებები და ცილისწამება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის _ ილია მეორის მისამართით და რა პროცესები შეიძლება ამას მოჰყვეს უახლოეს მომავალში, როგორც ეკლესიის წიაღში, ისე ქვეყანაში?

საქართველო და მსოფლიოს” ესაუბერაბ ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი (რაზმაძე).

_ მამაო, წმინდა სინოდის სხდომაზე მომხდარმა უმძიმესმა ფაქტმა ყველა აღაშფოთა. კონკრეტულმა მაღალმა იერარქმა, რომელიც არც მანამდე გამოირჩეოდა პატრიარქის მიმართ კეთილგანწყობით, უმძიმესი ბრალდებები წაუყენა მას. რა მიზანს ემსახურებოდა ეს ყველაფერი და რა შეიძლება მოჰყვეს მას მომავალში?

_ ცოტა შორიდან დავიწყებ. ის, რომ ეკლესია და სამღვდელოება მუდმივად გარედან იმართება და გარკვეული ლიბერალური ძალების თავდასხმის ობიექტია, სიახლე არავისთვისაა. ეს პროცესი წლების წინათ დაიწყო, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა და საზღვრების გახსნასთან ერთად, ვითომ დემოკრატიზაციის პროცესის საფარქვეშ, ქვეყანა გაივსო უცხოეთიდან დაფინანსებული ე.წ. მესამე სექტორით. პოსტსაბჭოთა სივრცეში და განსაკუთრებით მართლმადიდებლურ ქვეყნებში, მათ შორის, რუსეთსა და უკრაინაში დაიწყო გაშმაგებული იდეოლოგიური ომი, რომელიც პოსტსოციალისტური პერიოდის ველურ კაპიტალიზმს სდევდა; და ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ის, რომ საზოგადოება ძირფესვიანად უნდა გარდაქმნილიყო. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ადამიანებს არ უნდა ჰქონოდათ არანაირი მორალურ-ზნეობრივი ჩარჩოები და ეცხოვრათ მარტივი, ცხოველური პრინციპით: მთავარია, ვიყო ბედნიერი. ახლა რა იგულისხმებოდა კონკრეტულად ამ ძირფესვიან გარდაქმნაში, მიუხედავად იმისა, რომ კომუნიზმი, როგორც პოლიტიკური იდეოლოგია, პრაქტიკულად უარყოფდა ქრისტიანულ მოძღვრებას. დასავლეთში გაბატონებული გლობალისტური ძალები ხედავდნენ, რომ პოსტკომუნისტური საზოგადოების დიდი ნაწილი, გნებავთ, რუსეთში, გნებავთ, საქართველოში, ისევ უბრუნდებოდა იმ ძველ ქრისტიანულ, ჭეშმარიტ ფასეულობებს. აი, სწორედ აქ დაისახა მათთვის ახალი ამოცანა, რომ ისევე, როგორც დასავლეთში გააქრეს თავის დროზე ქრისტიანობა და წელში გადატეხეს საზოგადოება, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამ სივრცეშიც ზუსტად იგივე პროცესები წასულიყო. სხვათა შორის, ეს პროცესი მერე ისე ხილული გახდა, რომ დასავლელი ლიდერები ამაზე საჯარო გამოსვლებშიც საუბრობდნენ. მაგალითად, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი, რომელიც იმხანად საკმაოდ გავლენიან პოლიტიკურ ფიგურას წარმოადგენდა, პირდაპირ ამბობდა, რომ მართლმადიდებლობა მთავარი გამოწვევა იყო დასავლური ცივილიზაციისთვის, რადგან ის ოჯახური ურთიერთობების რეგლამენტირებას ახდენდა და არ ცნობდა სექსუალური უმცირესობების უფლებებს. არაფერს ვამბობ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ვიცეპრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, ცნობილ გამოსვლაზე, როცა მან ასევე პირდაპირ განაცხადა, რომ არ აინტერესებდა არავის კულტურა, მთავარია, სექსუალური უმცირესობების უფლებები კარგად იყოს დაცულიო… თუმცა, მიუხედავად ამხელა ზეწოლისა და მცდელობებისა, მსოფლიო ძალებისგან, საქართველოში საზოგადოების ძირფესვიანი გარდაქმნა მათთვის მოსალოდნელზე რთული აღმოჩნდა. მეტიც, გამუდმებულმა წინააღმდეგობამ და დისკრედიტაციის კამპანიამ, როგორც ეკლესიის, ისე პატრიარქისა და სამღვდელოების წინააღმდეგ კიდევ უფრო გაამძაფრა საზოგადოებაში პროტესტი ლიბერალური პროპაგანდისადმი… რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს, რომელიც რამდენიმე დღის წინათ წმინდა სინოდის სხდომაზე მოხდა, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო და გულდასაწყვეტია ის, რომ მაღალი იერარქის მხრიდან უწმინდესის მისამართით გაისმა საშინელი ცილისწამება, მაგრამ ამ ყველაფერს კიდევ უფრო ამძიმებს ერთი რამ: ამ ცილისწამების შედეგად არა მხოლოდ ერთი პიროვნება აღმოჩნდა რთულ მდგომარეობაში პეტრეს სახით, არამედ მისი ეპარქია, მრევლი, მონაზვნები არიან გაურკვევლობაში. ერთია, როცა ადამიანი პირადად ცდება, და მეორეა, როცა მას ამით სხვებიც შეჰყავს შეცდომაში. ვფიქრობ, პეტრეს საქციელი ამ თვალსაზრისითაც ძალიან მძიმეა, თუმცა, სხვა კუთხით თუ შევხედავთ მომხდარს, ამ ყველაფერს ცოტა სხვა პროცესების სუნიც შეიძლება უდიოდეს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს…

_ რას გულისხმობთ?

_ შეთქმულების თეორიების მოყვარული არ ვარ, მაგრამ, როდესაც ეკლესიის საჭეთმპყრობლის მიმართ ასეთი ბინძური ბრალდებები ისმის, ვფიქრობ, არსებობს საფუძველი, რომ ამ ყველაფრის უკან გარკვეული ძალები ვიგულისხმოთ. მე არ მჯერა, რომ ეს სიბინძურე მხოლოდ ერთი ადამიანის გონებაში მოიხარშა, თუმცა ის, რომ მსგავსი სიბინძურე პატრიარქის ავტორიტეტს ვერ დააზიანებს, ცხადზე ცხადია…

_ არსებობს ასეთი ვერსიაც, რომ ამ ცილისწამების უკან, შესაძლოა, მსოფლიო საპატრიარქოს ინტერესებიც დგას. მოგეხსენებათ, კონსტანტინოპოლში ძალიან უკმაყოფილონი არიან იმით, რომ საქართველოს საპატრიარქომ მხარი არ დაუჭირა ბართოლომეოსის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებაზე. რეალური შეიძლება იყოს ეს ყველაფერი?

_ რთულია, კონკრეტული ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე გადაჭრით საუბარი, მაგრამ ამ ეჭვებს არსებობის უფლება აქვს. ისე, მე არ გამოვრიცხავ, ხვალ-ზეგ უფრო მწვავე და დაუფარავი ხასიათი მიიღოს ამ პროცესმა. შესაძლოა, ისე მოხდეს, რომ ახლო მომავალში უკვე პირდაპირი ზეწოლის მცდელობები ვიხილოთ მსოფლიო საპატრიარქოსგან ჩვენს ეკლესიაზე, როგორ და რა საშუალებებით, ამაზე ადრეც გვისაუბრია. რაც შეეხება წმინდა სინოდსა და მის უწმინდესობას, რა თქმა უნდა, არსებობს რაღაც საკითხებზე განსხვავებული აზრები, არსებობს უთანხმოებაც და ეს ცნობილია, მაგრამ ერთადერთი, რაშიც დარწმუნებული ვარ, არის ის, რომ, როგორ წნეხშიც უნდა მოაქციონ, რა მუქარებიცა და პროვოკაციებიც უნდა წამოვიდეს გარე ძალებისგან, პატრიარქის სიბრძნესა და კეთილგონიერებას ვერ გადაწონის. ვერც მსოფლიო საპატრიარქო, ვერც ის ფონდები და გლობალისტური ორგანიზაციები, რომლებსაც პირდაპირ სამიზნეში ჰყავთ მსოფლიო მართლმადიდებლობა ამოღებული, უწმინდესს პირადად მისი და ეკლესიის ავტორიტეტის საზიანო გადაწყვეტილებას ვერ მიაღებინებენ. თუმცა კიდევ ვიმეორებ: საფრთხე და ალბათობა იმის, რომ შეტევები ქვეყნის ყველაზე მყარ, ავტორიტეტულ ინსტიტუტზე გაგრძელდება, ძალიან დიდია. დარწმუნებული ვარ, რომ ეკლესიისა და მისი უწმინდესობის მადისკრედიტებელი ბინძური ცილისმწამებლური კამპანიის შემდეგ სერიებს აუცილებლად ვიხილავთ…

ახლა აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ამ თემაზე კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს შევეხო. ეს დღეებია, თითქმის ყველა “ლიბერალურ” ტელევიზიას ეთერში უზის ფსევდოღვთისმეტყველები, რომლებსაც ალაპარაკებენ ათასგვარ სიბინძურეს, რითაც ისედაც დაზაფრულ და დაბნეულ საზოგადოებას კიდევ უფრო უბნევენ თავ-გზას. მე ამ ადამიანებს ვამხელ ღირსი მაქსიმე ბერძენის სიტყვებით. მაქსიმე ბერძენი ამბობდა, რომ ნებისმიერი ღვთისმეტყველება, სულიერი ცხოვრების გარეშე, ეს არის დემონიზმი. არც ერთი მათგანი არ არის ეკლესიური, პირიქით _ ყველა ეკლესიის გარეთ მდგომია და დაუფარავად აკრიტიკებს სამღვდელოებას. აი, ზუსტად ასეთი ხალხის მეშვეობით დღეს კიდევ ერთი ლიბერალური ფრონტია ქვეყანაში გახსნილი და, რაც დრო გადის, მას სულ უფრო მწვავე ხასიათი ეძლევა. თუმცა არანაირი ავტორიტეტი ამ ხალხს არ აქვს და მათი მცდელობები ვერ აზიანებს ეკლესიას. საერთოდ, ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ, როცა ამ ადამიანებს უსმენენ, დემონი ელაპარაკებათ მათი პირით…

_ თუმცა ამ დღეებში მეუფე პეტრეს ყველა ერთად აკრიტიკებდა, “ღვთისმეტყველებიც”, “არასამთავრობო” ორგანიზაციებიც და სახალხო დამცველიც. რას ნიშნავდა ეს ყველაფერი, როგორ ფიქრობთ?

_ მოდი, ნუ დავიწყებთ იმაზე მარჩიელობას, რას ნიშნავს კონკრეტულ ვითარებაში ლიბერალური ისტებლიშმენტის პოზიცია. ყველამ ვიცით, რომ ეს ხალხი ეკლესიის დამცველი არ არის. პირიქით _ ეს ხალხი ზუსტად იმისთვის იღებს ფულს და ფინანსდება საზღვარგარეთიდან, რომ სამღვდელოება გაამარგინალოს, საპატრიარქოს ჩირქი მოსცხოს და, რაც შეიძლება მეტი ადამიანი, განსაკუთრებით ახალგაზრდებზეა აქცენტი, დააშოროს ეკლესიას. რაც შეეხება წმინდა სინოდის სხდომაზე მომხდარ ფაქტს და ბინძურ ცილისწამებას კონკრეტული მაღალი იერარქისგან, ის, რომ ამ ფაქტს გარკვეული დაპირისპირება უკვე მოჰყვა ეკლესიის წიაღში და მომავალშიც შეიძლება რაღაც განხეთქილების მსგავსი პროცესები წავიდეს, ცხადია, მაგრამ რა იქნება ამ ყველაფრის საბოლოო შედეგი, დიდწილად მაინც დამოკიდებულია საზოგადოებაზე. თუ ხალხი საღად შეხედავს მოვლენებს და სწორად აწონ-დაწონის, ძნელი მისახვედრი არ არის, რა მიზანი აქვს რეალურად პატრიარქის წინააღმდეგ მიმართულ ბინძურ კამპანიას. თუმცა ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: იმ პირობებში, როცა ქვეყანაში, პრაქტიკულად, არ არსებობს “ლიბერალური” მედიაველის საპირწონე ობიექტური საინფორმაციო სივრცე, საზოგადოება დიდი პროპაგანდისტული პრესინგის ქვეშაა. აი, ეს არის ზუსტად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც ანტიეროვნულ და ანტიმართლმადიდებლურ ძალებს უადვილებს მოქმედებას, თორემ მათ ეს უპირატესობა რომ არ ჰქონდეთ, ბინძური ტყუილები და ცილისწამება, თუნდაც მაღალი იერარქისგან წმინდა სინოდზე ნათქვამი, დაპირისპირების საფრთხეს საზოგადოებაში და მით უფრო ეკლესიის წიაღში ვერ შექმნიდა…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

  1. უფალმა გაგაძლიეროთ მამაო, წმინდა გიორგი, წმინდა ნინო და წმინდა მამა გაბრიელი გფარავდეთ. ჩვენ ერთად ვართ ამ ბრძოლაში, ერი და ბერი. უფალი იყოს ჩვენი შემწე აწ და მარადის!!!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here