Home ახალი ამბები საქართველო „მაიდანი“ და „ანტიმაიდანი“ 

„მაიდანი“ და „ანტიმაიდანი“ 

ვინც „მაიდანი“ ჩაიფიქრა, „ანტიმაიდანიც“ მისი ჩაფიქრებულია!

806

როდესაც ერს, ქვეყანას, არ აქვს კონსტიტუციური მოწყობა და სამართლებრივად გამართული, ლეგიტიმური ინსტიტუციები, ექსტრემალურ ვითარებებში (დამპყრობელთა შემოსევა, ეპიდემიები, სტიქიური უბედურებები და სხვ.) პრობლემებთან გამკლავება თვითორგანიზებით უწევს. 

ომის დროს მომხვდურისთვის წინააღმდეგობის გაწევის ყველაზე გავრცელებული ფორმა სახალხო ლაშქრის შეკრება იყო. ქართველებს ამ მიმართულებით დიდი ისტორიული გამოცდილება გვაქვს.  შორეული წარსული რომ არ ვქექოთ, აგერ უახლეს ისტორიაში „მხედრიონი“ გვყავდა, რომელიც გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს ჩამოყალიბდა, როგორც ეთნოკონფლიქტებზე რეაქცია და მასთან ბრძოლის მექანიზმი, ანუ, როგორც საერთო ეროვნული ინტერესების დაცვის საშუალება. ვინაიდან საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფ რესპუბლიკას საკუთარი არმია არ ჰყავდა, სეპარატისტული რეგიონების  გააქტიურების ვითარებაში ქვეყნის წინაშე ამ ერთობ უცნაური (შუასაუკუნეობრივი) წარმონაქმნისათვის საფუძვლის ჩაყრის აუცილებლობა რეალურად იდგა. ორგანიზაციის ჩამოყალიბების მიზანი ერთობ კეთილშობილური იყო. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ „მხედრიონმა“ მართლაც იომა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად; იომა თავგანწირვითაც, ბევრმა გაწირა სიცოცხლე, მაგრამ შედეგი  იყო  მარცხი. „მხედრიონს“, გარკვეულ დადებით მხარესთან ერთად, მომაკვდინებელი უარყოფითი მხარეც აღმოაჩნდა – კრიმინალური შინაარსი. საბოლოო ჯამში, ამ ორგანიზაციის სახელი საქართველოს ისტორიას ავადმოსაგონრად შემორჩა, რადგან, მიუხედავად პატრიოტული სულისკვეთებისა და გაღებული სისხლისა, შეიარაღებული, არალეგალური და უდისციპლინო სტრუქტურის საქმიანობაში დადებითისა და უარყოფითის თანაფარდობა უარყოფითმა მკვეთრად გადაწონა. ამაში ახალი არაფერი ყოფილა, სახელდახელო ლაშქრის მოვლა-შენახვაში „აქილევსის ქუსლი“ სამხედრო დისციპლინის შენარჩუნება და კრიმინალისგან გამიჯვნა იყო ისტორიულად. 

„მხედრიონის“ ეპოქიდან სამი ათეული წელიწადი გვაშორებს. დღეს ქართულ სახელმწიფოს საკუთარი არმია, პოლიცია და უშიშროების სამსახური გააჩნია. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში ახალი და, რაც მთავარია, არალეგალური ძალოვანი სტრუქტურის შექმნის შესახებ განცხადება კეთდება. განცხადებას აკეთებს პოლიტიკური პარტია „კონსერვატორები“ (ბოდიშს ვიხდი, დასახელება თუ მეშლება), რომელსაც საკუთარი ტელეარხიც („ალტ-ინფო“) აქვს. პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ ე.წ. ანტიმაიდანი, რომელსაც ისინი ქმნიან, თურმე ზეპარტიული წარმონაქმნი ყოფილა, ანუ პარტია  ზეპარტიულ სტრუქტურას აყალიბებს, რაც, ცხადია, აბსურდული მტკიცებაა, მაგრამ ნუ გამოვეკიდებით ამას. აქ მთავარი სხვა რამ არის:  

* ვინ და რატომ აძლევს პოლიტიკურ პარტიას უფლებას,  შექმნას რამე სახის ძალოვანი სტრუქტურა? 

* ოცდამეერთე საუკუნის დემოკრატიული საქართველო, რომელიც ნატოსა და ევროკავშირის წევრობაზე აცხადებს პრეტენზიას, შუასაუკუნეების ფეოდალური სახელმწიფო ხომ არ არის, რომელმაც ექსტრემალურ სიტუაციებში სახალხო ლაშქარი უნდა შეკრიბოს?!  

* დღევანდელ საქართველოს ქვეყნის შიგნით წესრიგის უზრუნველყოფა არ შეუძლია? უშიშროების სამსახური არ ჰყავს? პოლიცია არ ჰყავს? არმია არ ჰყავს?  

* მაშ, რა საჭიროა რომელიღაც ახალგამოჩეკილი პარტიის  მიერ, რომლის მსგავსიც რამდენიმე ასეული გვყავს საქართველოში, შეკოწიწებული უკანონო ძალოვანი სტრუქტურა, რომელიც ისევ და ისევ ხალხისა და სახელმწიფოს პრობლემად და თავსატეხად უნდა იქცეს?!  

* დავუშვათ, რომ ამ პარტიაში მართლა ხალხისა და ქვეყნის ბედი აწუხებთ და, რასაც აკეთებენ, კეთილი ზრახვით აკეთებენ. სად არის იმის გარანტია, რომ დღეს კარს მომდგარი „მაიდნის“ საპირწონედ შექმნილ ე.წ. ანტიმაიდანს ხვალ ახალი საპირწონე არ დასჭირდება?!  

* სად არის გარანტია, რომ არალეგალური ძალოვანი სტრუქტურის შექმნაზე წაყრუება ახალ პრობლემებს არ წარმოშობს  და ერთი პრობლემის („მაიდანი“) ნაცვლად ორ პრობლემას („მაიდანი“ და „ანტიმაიდანი“) არ მივიღებთ?!  

უდავოა, რომ კარს მომდგარი ერთი უბედურება უნდა აილაგმოს, მაგრამ ამისთვის მეორე უბედურება კი არ უნდა შეიქმნას, ეს სახელმწიფო სტრუქტურებმა უნდა გააკეთონ; ხოლო იმ პარტიის შემადგენლობა და საქმიანობა, რომელიც ძალოვანი სტრუქტურების შექმნისკენ არის მიდრეკილი და ორიენტირებული, სპეციალური შესწავლის საგნად უნდა იქცეს. ამ პარტიის არც ერთი ლიდერი საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნება არ არის. გასარკვევია, საიდან მოვიდნენ? რა გზა გამოიარეს? რა ბიოგრაფია აქვთ? რას წარმოადგენენ? ვის დავალებას ასრულებენ და ვინ დგას მათ უკან? ისინი ე.წ. პრორუსულობას იჩემებენ და, მიუხედავად იმისა, რომ ეს მიმართულება უკვე ტრენდულია, იგი ინდულგენციას არ წარმოადგენს. პირიქით. ახლა ისეთი დროა,  პრორუსული ძალები თავს პროამერიკელებად აცხადებენ, პროამერიკელები კი – პრორუსებად. სპეცსამსახურებიც ასე პოზიციონირებენ – სხვა სხვის ქურქში, სხვა სხვისი ნიღბით. ეს ხალხისთვის თავგზის ასარევად სჭირდებათ, რათა გაადვილდეს მისი გამოყენება ისევ და ისევ მის საწინააღმდეგოდ და საზიანოდ. 

სად იყვნენ ეს ადამიანები იმ დროს, როდესაც ჩვენ რუსეთთან საერთო ენის გამონახვისა და პარტნიორობის აუცილებლობის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო უშიშროების სამსახურში, პროკურატურასა თუ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვებზე დავყავდით? სად არის გარანტია, რომ, ერთი მხრივ, რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგების აუცილებლობის იდეას მიტმასნილი, მეორე მხრივ კი, უკანონო ძალოვანი სტრუქტურის ჩამოყალიბებით გართული ეს ბატონები რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის იდეის დასამარების  საქმეს არ ემსახურებიან?!  

მე ამგვარ გარანტიას ვერ ვხედავ, პირიქით, მე ამის საფრთხეს ვხედავ. 

საეჭვოა მათი განცხადებები! 

საეჭვოა მათი მოქმედებები! 

საეჭვოა მათი კავშირები! 

საეჭვოა მათი იდეოლოგია! 

საეჭვოა მათი მიმართულება! 

საეჭვოა მათი საგარეო ორიენტირი! 

საეჭვოა მათი ფინანსები! 

აქედან გამომდინარე: 

საეჭვო იყო მათი გამოჩენა და საეჭვოა მათი მომავალი!  

„მაიდანი“ პროვოკაციაა. პროვოკაცია გამოწვევას ნიშნავს. იგი მანამდე  ვერ განხორციელდება, სანამ გამოწვევის მიმღები და მოპასუხე არ გამოჩნდება. მე არ გამოვრიცხავ, რომ ვინც  „მაიდანი“ ჩაიფიქრა,  „ანტიმაიდანიც“  მისი ჩაფიქრებული იყოს,  ვინაიდან კვესს აბედი სჭირდება, ანუ ნაპერწკალს მასალა სჭირდება, რომელსაც ალი მოეკიდება. „მაიდანი“ რისი მაქნისია, „ანტიმაიდანი“ თუ არ იქნება?! პროვოკაციას ერთი მხარე არ ჰყოფნის, მას ტანდემი სჭირდება. ვიღაცამ პროვოკაცია უნდა წამოიწყოს და ვიღაც პროვოკაციაზე უნდა წამოეგოს. ეს ორი მხარე თუ არ არსებობს, პროვოკაცია წამოწყებისთანავე ჩაიფუშება, მაგრამ პროვოკაციას როგორც კი ვიღაცა წამოეგება, იგი გაღვივდება და ხანძრად აგიზგიზდება. ეს არის პროვოკაციის ანბანიც და მთელი მისი ფილოსოფიაც! პროვოკაციის მომწყობებმა და სახელმწიფო გადატრიალების დამგეგმავებმა ეს ფილოსოფია ჩვენზე კარგად იციან. აქედან გამომდინარე, სრულიად ლოგიკურია ის ამბავი, რაც უკვე ვთქვი: სადაც „მაიდანი“ დაიგეგმა, „ანტიმაიდანიც“ იქვე დაიგეგმა! 

ამიტომ ჩვენ, რიგითმა ქართველებმა (ხალხმა), რომლებსაც მშვიდობის შენარჩუნება გვწადია, ზოგიერთი გონებასუსტი (ან პროვოკატორი) ქართველივით ის კი არ უნდა ვიყვიროთ, რომ „ანტიმაიდანს“ ვუერთდებით, პირიქით, როგორც ჭირსა და სახადს ისე უნდა გავემიჯნოთ ერთი დიდი პროვოკაციის შემადგენელ ორ ბინძურ შემადგენელს – „მაიდანსაც“ და „ანტიმაიდანსაც“! 

 ვალერი კვარაცხელია                                                                         

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here