Home ახალი ამბები მსოფლიო ლათინური ამერიკისთვის რუსეთი უფრო მიმზიდველი აღმოჩნდა, ვიდრე აშშ

ლათინური ამერიკისთვის რუსეთი უფრო მიმზიდველი აღმოჩნდა, ვიდრე აშშ

157

ამერიკელი თავდაცვის მინისტრების თათბირი სკანდალით დასრულდა. კონტინენტის სამმა წამყვანმა ქვეყანამ _ ბრაზილიამ, არგენტინამ და მექსიკამ _ უარი განაცხადა აშშის მოთხოვნის შესრულებაზე, დაეგმოთ რუსეთის მოქმედებები. თათბირის ხელმძღვანელმა, ბრაზილიის ლიდერმა ადრე მოსკოვს გამარჯვება უწინასწარმეტყველა უკრაინის კონფლიქტში. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მოსკოვს აშშის მეზობლად სამი მტკიცე მოკავშირე გაუჩნდა? _ წერს vz.ru.

არგენტინამ, ბრაზილიამ და მექსიკამ უარი განაცხადეს, შეერთებოდნენ კონტინენტის სხვა ქვეყნების პოზიციას და დაეგმოთ რუსეთის სპეცოპერაცია უკრაინაში. ეს ჩანს დეკლარაციიდან, რომელიც მიიღეს ბრაზილიის დედაქალაქში 25-29 ივლისს გამართულ ამერიკის თავდაცვის მინისტრების (CDMA) მე-15 კონფერენციაზე. რუსეთის საწინააღმდეგო კრიტიკის გამოთქმის ნაცვლად, არგენტინამ და ბრაზილიამ ყველას მიუთითეს, რომ მხოლოდ გაეროა აღჭურვილი შესაბამისი უფლებამოსილებებით უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად. არგენტინისა და ბრაზილიის თვალსაზრისი გაიზიარა მექსიკამაც და დასძინა, რომ უკრაინაში შექმნილი ვითარება საერთოდ არ შედის CDMA-ს კომპეტენციაში.

სხვათა შორის, სხვა ამერიკულმა ქვეყნებმაც, ასე ვთქვათ, რბილად დაგმეს რუსეთის სპეცოპერაცია უკრაინაში. დეკლარაციას ხელი ამერიკის 13-მა სახელმწიფომ მოაწერა, მათგან რვამ დაგმო რუსეთის ქმედებები. ეს სახელმწიფოებია: ჰაიტი, გვატემალა, დომინიკის რესპუბლიკა, კოლუმბია, კანადა, პარაგვაი და, რა თქმა უნდა, აშშ.

ამერიკის ქვეყნების თავდაცვის მინისტრების კონფერენცია ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ტარდება. პირველი შეხვედრა გაიმართა 1995 წელს აშშ-ში. სულ CDMA-ს მუშაობაში 34 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

“ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ლათინური ამერიკის ქვეყნები უარს ამბობენ ანტირუსულ სანქციებთან მიერთებაზე. სხვათა შორის, ვაშინგტონის მცდელობამ, ჩაეთრიათ ეს ქვეყნები ანტირუსული სანქციების პოლიტიკაში და გასულ წელს ავღანეთიდან ჯარების გამოყვანამ თვალი აუხილა ლათინური ამერიკის ქვეყნებს იმაზე, რაც ხდება თვითონ აშშ-ში”, _ განაცხადა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ლათინური ამერიკის ქვეყნების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ვიქტორ სუდარევმა.

“არგენტინის ამჟამინდელი პრეზიდენტი ალბერტო ფერნანდესი განაგრძობს ქვეყნის 41-ე პრეზიდენტის, გენერალ ხუან დომინგო პერონის კურსს, _ ვარაუდობს ექსპერტი. _ პერონიზმის ძირითადი მიზნები კი ეკონომიკური ავტარქიის ჩარჩოებში განვითარება, აშშ-ისგან პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოპოვება და დასავლური ნეოლიბერალიზმის მიუღებლობაა. ფერნანდესი, ისევე როგორც მექსიკის პრეზიდენტი ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი, იმ ქვეყნების ლიდერები არიან, რომლებიც რეგიონულ სახელმწიფოებად იქცნენ. ისინი “დიდ ოცეულში” შევიდნენ. მათი გავლენა გასცდა დასავლეთ ნახევარსფეროს. მექსიკა აქტიურად თანამშრომლობს რუსეთთან აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ჩარჩოში, არგენტინა კი უკვე მიმდინარე წელს შეუერთდება ბრიჩს”.

აღსანიშნავია, რომ თებერვალში უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყების წინ ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ მოსკოვს სტუმრობდა. ვიზიტის შედეგი იყო ის, რომ ბრაზილია რუსეთის მთავარ პარტნიორად რჩება ლათინურ ამერიკაში 7-მილიარდიანი ტვირთბრუნვით. ვიზიტისას ბოლსონარუმ პუტინს დახმარება სთხოვა ატომური წყალქვეშა ნავის აგებაში, რადგან მრავალი წლის განმავლობაში ვაშინგტონი ამაზე უარს ეუბნებოდა ბრაზილიას. ბოლსონარუ მეორედ იყრის კენჭს შემოდგომაზე დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში, ამიტომ ცდილობს ქულების მოპოვებას.

CNN-სთვის ცოტა ხნის წინათ მიცემულ ინტერვიუში ბოლსონარუმ განაცხადა, რომ უკრაინა განწირულია დამარცხებისთვის.

“თითოეულ ამ ქვეყანას თავისი ინტერესები აქვს მოსკოვთან ურთიერთობის საკითხში და მათ არ სურთ, ეს შესაძლებლობები დაკარგონ, მათ ვაშინგტონი ვერ დასჯის, რადგან იმ პოზიციაში არ არის, რომ ამ სამ ქვეყანასაც დაუწესოს სანქციები”, _ განაცხადა ლათინური ამერიკის საკითხების ექსპერტმა ნიკოლოზ კალაშნიკოვმა.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ თავის მოკავშირეებთან ერთად ცდილობს ილუზიის შექმნას, თითქოს მთელი მსოფლიო უკრაინის სოლიდარულია, სინამდვილეში ქვეყნების უმრავლესობა უარს ამბობს კიევის დახმარებაზე. აზიის, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ბევრი ქვეყანა ინარჩუნებს კარგ ურთიერთობას რუსეთთან და ეწინააღმდეგება ვაშინგტონის მოწოდებას, შეუერთდეს ანტირუსულ სანქციებს.

აღსანიშნავია, რომ ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებმაც მოაწყვეს ანტიუკრაინული დემარშები. მაგალითად, პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრმა რაულ კანომ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის უარი უთხრეს, სამხრეთ ამერიკის სავაჭრო ორგანიზაციის სამიტზე სიტყვით გამოსულიყო.

ლათინური ამერიკის ქვეყნების პოლიტიკაში მიუღებელია ტერმინი “პრორუსული”, ეს ქვეყნები საკუთარი ინტერესების მიხედვით მოქმედებენ. ბრაზილიასა და რეგიონის სხვა სახელმწიფოებში მშვენივრად ხედავენ, რა მოაქვს ვაშინგტონის realpolitic-ს. აშშ-ს სურდა, ლათინური ამერიკის ქვეყნები, როგორც უუფლებო სატელიტები, ისე მიეერთებინა რუსეთის სადამსჯელო სანქციებისთვის, მაგრამ უარი მიიღო.

თავდაცვის მინისტრების ბოლო თათბირმა აჩვენა, რომ აშშ-ისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების სამხედრო თანამშრომლობა, რომელიც არაერთ ათეულ წელს ითვლის, დიდი პრობლემების წინაშეა.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here