Home ახალი ამბები საქართველო კულუარულ საუბრებში არავინ მალავს, რომ რუსული ბაზრის დახურვის შემთხვევაში, საქართველოში, უბრალოდ, შიმშილი...

კულუარულ საუბრებში არავინ მალავს, რომ რუსული ბაზრის დახურვის შემთხვევაში, საქართველოში, უბრალოდ, შიმშილი დაიწყება

დასავლეთს საქართველოს ხელისუფლებაში მონები სჭირდება და არა დამოუკიდებლად მოქმედი პოლიტიკოსები

255
კულუარულ საუბრებში არავინ მალავს, რომ რუსული ბაზრის დახურვის შემთხვევაში, საქართველოში, უბრალოდ, შიმშილი დაიწყება

მიმდინარე წლის 7 თვეში საქართველომ ტრაილერების გატარებით 102 მლნ ლარი მიიღო. ეს თანხა ბიუჯეტში შევიდა და, თუ 20 ივნისამდე ტრაილერის გატარება 200 ლარი ღირდა, 20 ივნისიდან ფასი 350 ლარამდე გაიზარდა. ამის მიუხედავად, ტრაილერების რაოდენობა არ შემცირებულა და ადვილი მისახვედრია, მარშრუტი ლარსის გამშვებ პუნქტსა და წითელ ხიდზე რომ გადის, თუმცა ტრაილერი არ არის ერთადერთი სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც საქართველო ხეირობს. ივლისის ჩათვლით რუსეთში საქართველოდან 65 მლნ დოლარის ავტომობილი გაიყიდა, ეს რეკორდული მაჩვენებელია. შარშან, ანალოგიურ პერიოდში, რუსეთში 22 მილიონი დოლარის ავტომობილი გავყიდეთ. სწორედ ეს არის შედეგი იმისა, რომ საქართველო სანქციებს არ შეუერთდა და, რაც მთავარია, ავტომობილების მიწოდებას ჩვენვე ვახორციელებთ. რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთში ავტომობილებს არ გავყიდით, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, ავტომობილებს შეიყვანენ სომხეთის, ყაზახეთისა და ბელარუსის მოქალაქეები და ისინი იხეირებენ. ივლისის ჩათვლით, ყირგიზეთის მოქალაქეებმა საქართვლოდან 300 მლნ დოლარის ავტომობილი წაიყვანეს, ყაზახებმა – 280 მლნ-ის და მათი 99% სწორედ რუსეთის ფედერაციაში გაიყიდა.

რა გამოდის? ჩვენ ხარჯზე თითქოს სხვები ხეირობენ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ფული საქართველოში რჩება (რუსეთის მოქალაქეები ყაზახებსა და ყირგიზებზე მეტს იხდიან) როგორც ბიუჯეტში, ისე რიგითი მოქალაქეების ჯიბეში. რაც უფრო ძვირად ღირებულია ავტომობილი, მით მეტ შემოსავალს ტოვებს და ასე განსაჯეთ, 18-20 ათას დოლარად შეძენილი და შემდეგ გაყიდული ავტო, საშუალოდ, 3-4 ათასი დოლარის მოგებას იძლევა. ვიცნობთ ადამიანების გარკვეულ კატეგორიას, რომლებმაც მუდმივი სამსახურები დატოვეს, 1500-ლარიან ხელფასზე უარი თქვეს და ავტომობილების შემოყვანით დაკავდნენ. თვეში ერთი ძვირად ღირებული ავტომობილის გაყიდვაც კი ნახევარი წლის ხელფასს უდრის. ამ ამბავში ყვველაზე საინტერესო ის არის, რომ ხილის, სპირტიანი სასმელებისა და სხვა დიდი თუ მცირე პროდუქტის შემდეგ, რუსეთი მოწინავე პოზიციებზე ავტომობილების მიმართულებითაც გავიდა. საქართველოში პრაქტიკულად აღარ რჩება სფერო, რომლითაც ევროკავშირის ყველა ქვეყანა ერთად ჯობია რუსეთს. ამის მიუხედავად, ქართული მხარე მაინც ჯიუტად იმეორებს, რომ ცუდი არ იქნება, თუ ევროპის ბაზრის ათვისებას დავიწყებთ, რადგან თურმე ევროპის ბაზარი გაცილებით სტაბილურია. სიმართლე გითხრათ, ევროპის სტაბილურობა აქამდე ვერც ერთი მიმართულებით ვერ დავინახეთ და რაღა მაინცდამაინც ბაზარზე იქნება სტაბილური, იმ ბაზარზე, რომლის თითოეული სანტიმეტრი გადანაწილებულია და მსოფლიოს უდიდესი კომპანიები არ დათობენ იმას, რის შექმნასა და დასაკუთრებას წლები და მილიარდები მოახმარეს.

არც იმაზე ამბობს ვინმე რამეს, რომ სექტემბრიდან კომერციული ბუნებრივი აირის ტარიფი დედაქალაქში კუბურ მეტრზე 11 თეთრით, რეგიონებში კი 13 თეთრით გაიაფდება (მოსახლეობისთვის, საყოფაცხოვრებო ტარიფი უცვლელი რჩება). ეს ყველაფერი სწორედ რუსეთიდან შემოტანილმა იაფმა ბუნებრივმა აირმა განაპირობა. საქართველოს ბაზარზე მოთამაშე კომპანიები მიხვდნენ, რომ, თუ ტარიფს არ შეამცირებდნენ, რუსული ბუნებრივი აირი მათ, უბრალოდ, გადაყლაპავდა, და ვის სასიკეთოდ მოხდება გაიაფება? რა თქმა უნდა, ბიზნესის. როგორ გგონიათ, პურის მცხობელები, რომლებიც ბუნებრივ აირზე მუშაობენ, არ გახდებიან იძულებულნი, თუნდაც 10 თეთრით, მაგრამ მაინც გააიაფონ პური? რუსეთიდან შემოდის პურისთვის საჭირო ხორბალი, მაგრამ, ევროპული ბაზარი რომ გვინდა, არსებულ ფასზე იქ ერთი მესამედის დამატება მოგვიწევს შესაძენად, ეს კი პურს, საუკეთესო შემთხვევაში, 30 თეთრით გაგვიძვირებს. ვინმეს ოდესმე უთქვამს, რომ ბუნებრივი აირის ტარიფის გაიაფება რუსული ბუნებრივი აირის დამსახურებაა? არა და არც იტყვიან, იმიტომ, რომ დასავლეთს ეწყინება…

კულუარულ საუბრებში არავინ მალავს, რომ რუსული ბაზრის დახურვის შემთხვევაში, საქართველოში, უბრალოდ, შიმშილი დაიწყება. სწორედ ეს არის ერთადერთი მიზეზი იმისა, რომ ევროპა-ამერიკა, ადგილობრივი ოპოზიცია და არასამთავრობოები ცდილობენ, ხელისუფლება აიძულონ, ან სანქციებს შეუერთდეს, ან რუსულ ბაზარს ჩაეხსნას. მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკურად დამარცხება ძნელია, მხოლოდ სოციალური აფეთქება არის ის, რამაც შეიძლება „ოცნება“ შეარყიოს. მშიერი ადამიანი ყველაზე საშიშია და სწორედ ერის დამშევა სურს დასავლეთს. ამის ფონზე რას აკეთებს ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობის გასამყარებლად? არაფერს, რადგან ისევ დასავლეთს უგორებს კოჭს და ცდილობს, არ გააღიზიანოს, ცდილობს, დეკემბერში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. რეალურად რისთვის გვჭირდება სტატუსი, რომელიც ჩვენს მეზობელ თურქეთს 23 წლის განმავლობაში აქვს და ევროკავშირში მიღების სანაცვლოდ, ნატოს გაფართოების თვალსაზრისით, ფინეთისა და შვედეთის მხარდაჭერა სთხოვეს? ანუ, თურქეთს უწევს მსხვერპლის გაღება იმისთვის, რომ ევროკავშირში შევიდეს და თანაც როგორი მსხვერპლის – რუსეთთან იფუჭებს ურთიერთობას, რომელიც წლების განმავლობაში აშენა და მიიყვანა იქამდე, რომ ორი ქვეყანა ძალიან კარგად თანამშრომლობს და ამ თანამშრომლობით ორივე კმაყოფილია. მაგრამ, თურქეთის მოსახლეობა 80 მილიონია, მილიონობით თურქი საზღვრებს გარეთ ცხოვრობს (ძირითადად, ევროპაში) და თურქებს აქვთ შესაძლებლობა, სარისკო ნაბიჯები გადადგან. ჩვენ? ჩვენ გვაქვს უფლება გავრისკოთ? და რა მივიღეთ სანაცვლოდ, როცა გავრისკეთ? სადამდე გამოგვყვნენ ევროპა და ამერიკა და სადამდე გვედგნენ მხარში? – იქამდე, სანამ პამპერსი და სასმელი წყალი არ მოგვიტანეს და მერე ხელები დაიბანეს, ის ხელები, რომლებიც პოლიტიკურ კულუარებში სააკაშვილს შეაწმინდეს, ღიად კი – რუსეთს.

დასავლეთს საქართველოს ხელისუფლებაში მონები სჭირდება და არა დამოუკიდებლად მოქმედი პოლიტიკოსები

რეალურად, არავინ იცის, სტატუსის მოცემის შემდეგ (თუ გვაღირსეს), რა პირობას წაგვიყენებს ევროკავშირი თავის რიგებში მიღების სანაცვლოდ და ეს პირობაც არ იქნება ხვალ, ზეგ ან ათი და ოცი წლის შემდეგ. ეს იქნება გაცილებით გვიან და, რაც მთავარია, სწორედ ეს სტატუსი იქნება ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო თემა ჩვენთან ურთიერთობაში. ევროკავშირს როგორც მოცემა შეუძლია სტატუსის, ისე შეუძლია მისი უკან წაღება და ხომ წარმოგიდგენიათ, რა ამბავი შეიძლება მოაყოლოს ამ ყველაფერს ოპოზიციამ და არასამთავრობოებმა? ეს უფრო მწარე ალიყური იქნება, ვიდრე სტატუსის არმიღება. დასავლეთში კარგად იციან, რომ ეს მათი შანსია, შანსი იმისა, რომ მოსახლეობა ქუჩაში გამოიყვანონ და მათთვის არასასურველი ხელისუფლება დაასრულონ. დასავლეთს საქართველოს ხელისუფლებაში მონები სჭირდება და არა დამოუკიდებლად მოქმედი პოლიტიკოსები. აგერ, წასულმა ელჩმა კელი დეგნანმა კარი გაიჯახუნა და გამოსამშვიდობებელ სიტყვაში დიპლომატიური მადლობის ნაცვლად ხელისუფლების კრიტიკა დაიწყო და ოპოზიციას შეუძახა: არ დანებდეთ, დასავლეთი თქვენ გვერდით არისო… როცა საქართველოში ბიზნესმენები ახალ პროექტს აანონსებენ, როცა პრეზენტაციასა და რეკლამებში ათიათასობით ლარს ხარჯავენ, კეკლუცობენ, რომ მათ მიერ ნაწარმოები პროდუქტი ევროპის ბაზარზე შევა და ევროპელი პარტნიორებიდან გარანტიები მიიღეს. ისეთი ფონი იქმნება, თითქოს ევროპაში ერთი სული აქვთ, ქართული ნაწარმი აითვისონ… მოგვიანებით იგივე ბიზნესმენები თბილისი-მოსკოვის რეისით რუსეთში მიფრინავენ, იქ ალაგებენ ურთიერთობებს და წარმოებული პროდუქციის 90%-ზე მეტს სწორედ რუსეთში ყიდიან, მაგრამ მერე ტელეეთერებიდან უნამუსოდ ყვებიან იმ 10%-ის შესახებ, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებმა აითვისეს და ამ ბაზრის გაფართოების იმედი აქვთ, თუმცა გაფართოება ბოლოს მაინც მხოლოდ რუსული ბაზრის ხარჯზე ხდება. იცით, რა მოხდება, რუსული ბაზარი ერთ მშვენიერ დღეს რომ დაიკეტოს? ყველა, აბსოლუტურად ყველა აყვირდება, რომ ეს მოსალოდნელი იყო და რუსეთი არასაიმედო პარტნიორიაო. მერე რა, რომ ეს „მოსალოდნელი დღე“, აგერ უკვე, მეოთხე ათეული წელი დაიწყო და არ დამდგარა. მთავარი ხომ ის არის, რომ „მოლოდინი არსებობს“ და ჩვენზე მეტად ამ დღეს დასავლეთი ელოდება.

მანამდე კი, აგერ, რთველი დაიწყო, ჯერ მცირე მასშტაბით, მაგრამ მაინც და ქართველმა მეღვინეებმა უკვე ზუსტად იციან, რა ოდენობის სასმელს გაიტანენ რუსეთში და რა მოგება დარჩებათ რუსული ბაზრიდან. მათ ისიც ზუსტად იციან, რომ ევროპის ქვეყნებშიც გავლენ, მაგრამ მთელ ევროკავშირს ერთი ტრაილერი ეყოფა, რუსული ბაზრისთვის კი მარანი ლამის უნდა დაცარიელდეს. ჰოდა, ეს მეღვინეები მერე ევროპაში გაყიდული ორი ბოთლი ღვინით რომ მოიწონებენ თავს, კი არიან ღირსი, ერთი წლის განმავლობაში რუსულ ბაზარს არ გააკარონ და ვნახოთ, როგორ „აჭიკჭიკდებიან“.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here