Home ახალი ამბები მსოფლიო კრემლში არ გამორიცხავენ დივერსიებს „ჩრდილოეთ ნაკადებთან“ დაკავშირებით

კრემლში არ გამორიცხავენ დივერსიებს „ჩრდილოეთ ნაკადებთან“ დაკავშირებით

პესკოვი: „ჩრდილოეთ ნაკადების“ ნგრევის მიზეზი ჯერ არ არის ცნობილი, არ არის გამორიცხული დივერსია

72
კრემლში არ გამორიცხავენ დივერსიებს ჩრდილოეთ ნაკადებთან დაკავშირებით

ის, რომ დაზიანება შესაძლოა მიზანმიმართული თავდასხმის შედეგი იყოს, მანამდე გამოცემა Der Tagesspiegel იტყობინებოდა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. გაზსადენის ოპერატორმა ზღვის ფსკერზე გადებული მილების დაზიანებას უპრეცედენტო უწოდა.

კრემლში უკიდურესი შეშფოთება გამოიწვია წნევის მკვეთრმა ვარდნამ Nord Stream-ის ორივე განშტოებაში და Nord Stream 2-ის A ხაზში, – განუცხადა ჟურნალისტებს პრეზიდენტის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

„ეს ძალიან შემაშფოთებელი ამბავია. მართლაც, საუბარია მილში გარკვეულ ნგრევაზე, ჯერ გაურკვეველია რა სახის… წნევა საგრძნობლად დაეცა. ეს არის სრულიად უპრეცედენტო ვითარება, რომელიც საჭიროებს სასწრაფო გამოძიებას. ჩვენ უკიდურესად შეშფოთებული ვართ ამ ამბებით“, – უპასუხა პესკოვმა კითხვაზე, თუ რა იცის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაზსადენზე მომხდარი ავარიის შესახებ და როგორ აფასებს კრემლი სიტუაციას.

კითხვაზე, თვლის თუ არა რუსეთის ხელმძღვანელობა, რომ იყო დივერსია, კრემლის სპიკერმა უპასუხა: „ახლა არც ერთი ვარიანტის გამორიცხვა არ შეიძლება. აშკარაა, რომ არის მილის გარკვეული ნგრევა. და რა იყო ამის მიზეზი, სანამ კვლევის შედეგები არ იქნება ცნობილი, არც ერთი ვარიანტი გამორიცხული არ არის“.

მანამდე ოპერირებადმა კომპანიამ Nord Stream AG განაცხადა, რომ „ნგრევა, რომელიც მოხდა ერთი და იმავე დღეს, ერთდროულად, Nord Stream-ის  სისტემის ზღვის გაზსადენის სამ განშტოებაზე, უპრეცედენტოა“.

„გაზის გადაცემის ინფრასტრუქტურის აღდგენის ვადების განსაზღვრა ჯერჯერობით შეუძლებელია“, – აცხადებენ კომპანიაში.

Der Tagesspiegel-ის წყაროებმა განაცხადეს, რომ წნევის მკვეთრი ვარდნა Nord Stream 2-ის ერთ-ერთ ხაზზე და Nord Stream-ის ორივე მილსადენში შეიძლება იყოს “მიზანმიმართული თავდასხმების” შედეგი.

”ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია სცენარი, რომელიც არ არის მიზანმიმართული დივერსია”, – გამოცემა ციტირებს ფედერალური გამოძიების ერთ-ერთ მონაწილეს. ”ყველაფერი დამთხვევის საწინააღმდეგოდ მეტყველებს”, – დასძინა მან. ორივე შემთხვევაში დაწყებულია გამოძიება, რომელსაც გერმანიის უშიშროების ფედერალური ორგანოები აწარმოებენ.

„ჩრდილოეთ ნაკად 2“-ის გაზსადენის A ხაზზე წნევის მკვეთრი ვარდნის პირველი ცნობა 26 სექტემბრის ღამეს მიიღეს. ოპერატორ კომპანია Nord Stream 2 AG-ის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ინციდენტი მოხდა დანიის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში, კუნძულ ბორნჰოლმის სამხრეთ-აღმოსავლეთით. მისი განმარტებით, მილსადენში გაჩენილი ნახვრეტის გამო წნევა 105-დან 7 ბარამდე დაეცა, თუმცა ზუსტად სად მდებარეობს, ჯერჯერობით უცნობია.

26 სექტემბერს საღამოს, „ჩრდილოეთ ნაკადის“ საკონტროლო ცენტრის დისპეტჩერებმა გაზსადენის ორივე განშტოებაზე წნევის ვარდნა დააფიქსირეს.

27 სექტემბერს, დილით, დანიის საზღვაო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ გაზის გაჟონვა მოხდა Nord Stream გაზსადენთან, კუნძულ ბორნჰოლმის ჩრდილო-აღმოსავლეთით. სააგენტოს ცნობით, გაჟონვა მოხდა ორ ადგილას – პოზიციებზე 55 ° 33.40′ ჩრდილოეთის განედი – 015 ° 47,30′ აღმოსავლეთ გრძედის და 55 ° 32,10′ ჩრდილოეთის განედი – 015 ° 41,90′ აღმოსავლეთ გრძედის.

„გაჟონვა საშიშია საზღვაო გადაზიდვისთვის. მითითებული პოზიციებიდან 5 კილომეტრის მანძილზე ცურვა აკრძალულია“, – ნათქვამია გაფრთხილებაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here