Home ახალი ამბები მსოფლიო კიევსა და მოსკოვს აპრილში შეეძლოთ მოლაპარაკება?

კიევსა და მოსკოვს აპრილში შეეძლოთ მოლაპარაკება?

99

2022 წლის აპრილში კიევი და მოსკოვი ახლოს იყვნენ სამშვიდობო შეთანხმების დადებასთან, _ ნათქვამია აშშის პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის ფიონა ჰილისა და პოლიტოლოგ ანჯელა სტენტის სტატიაში, რომელიც ჟურნალ Foreign Affairsში გამოქვეყნდა, _ წერს strana.news.

“რამდენიმე ამერიკელი ყოფილი მაღალჩინოსნის თქმით, რომლებსაც ჩვენ ვესაუბრეთ, 2022 წლის აპრილში მოლაპარაკებების რუს და უკრაინელ მონაწილეებს წინასწარ შეთანხმებული ჰქონდათ დროებითი რეგულაციების კონტურები: რუსეთი დაბრუნდებოდა 23 თებერვლის პოზიციებზე, იმხანად ის აკონტროლებდა დონბასის ნაწილსა და ყირიმს. ამის სანაცვლოდ უკრაინა უარს იტყოდა ნატოს წევრობაზე და რამდენიმე ქვეყნიდან უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებდა”, _ ნათქვამია მასალაში.

“მაგრამ, _ აღნიშნულია წერილში, _ ივლისში რუსეთმა განაცხადა, რომ ასეთი კომპრომისი უკვე შეუძლებელი იყო. ვრცელდებოდა აზრი, რომ მოსკოვისთვის სინამდვილეში მნიშვნელოვანია არა მოლაპარაკებები, არამედ უკრაინის კაპიტულაცია, იმიტომ, რომ პუტინი დარწმუნებულია გამარჯვებაში”.

შეგახსენებთ, რომ 29 მარტს რუსეთმა და უკრაინამ თურქეთში გამართეს მოლაპარაკებები სამშვიდობო შეთანხმების შესახებ, რომლის დროსაც უკრაინა დათანხმდა ნეიტრალურ სტატუსზე იმ შემთხვევაში, თუ გადაწყდებოდა ყირიმისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის საკითხი, აგრეთვე, რუსეთის ჯარები გავიდოდნენ 23 თებერვლის შემდეგ დაპყრობილი ტერიტორიებიდან.

ეს დოკუმენტი საბოლოოდ უნდა დამტკიცებულიყო პუტინისა და ზელენსკის შეხვედრაზე. თანაც უკრაინას უარი არ უთქვამს რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვაზე, მას შემდეგაც კი, რაც ცნობილი შეიქნა ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვის ამბავი აპრილის დასაწყისში. 5 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს და უნდა მომზადდეს პუტინთან შეხვედრა.

შემდეგ კი უკრაინის პრეზიდენტის პოზიცია გამკაცრდა და ის (აგრეთვე, უკრაინის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც) მას შემდეგ აცხადებს, რომ უკრაინის ტერიტორიის დეოკუპაციის მომენტამდე მოსკოვთან მოლაპარაკებები შეუძლებელია. პოლიტიკურ წრეებში პოპულარულია ვერსია, რომ პოზიციის ასეთი ცვლილება მოხდა 9 აპრილის შემდეგ, როცა კიევში  მოულოდნელად ჩავიდა ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი, რომელმაც თითქოს დაარწმუნა ზელენსკი, არ წასულიყო კომპრომისზე პუტინთან და ებრძოლა ომში გამარჯვების მისაღწევად (უკრაინის მხარე ამ ვერსიას უარყოფს).

მოსკოვში კი კიევის პოზიციების შეცვლისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლაში ბრიტანეთი და აშშ დაადანაშაულეს. თანაც ყველა მიახვედრეს, რომ მოლაპარაკებების განხილვის შემთხვევაში პირობები უფრო მკაცრი იქნება და 24 თებერვლის საზღვრებს რუსეთი აღარ დაუბრუნდება.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here