ქალბატონო, ჯერ კიდევ პრეზიდენტო!
მოვიდა თქვენი ბოლო პარასკევი, ანუ ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ ორი პარასკევი რომ გქონდათ დარჩენილი (თქვენ არ გეცოდინებათ, მაგრამ ასეთი გამოთქმა გვაქვს ქართველებს), ის პარასკევები იწურება. ამ წერილს როდესაც ვწერ, თქვენ ჯერ კიდევ პრეზიდენტი ბრძანდებით, მაგრამ საპრეზიდენტო უფლებამოსილების ორი პარასკევი კი არა, ორი დღე გაქვთ დარჩენილი, მხოლოდ ორი დღე.
საოცარია, ექვსი წელიწადი არაფერი გიკეთებიათ, თითქოს ბოლო დღისთვის გინდოდათ, შეგენახათ კარგიც და ცუდიც, რაც შეგეძლოთ, წლების განმავლობაში გეკეთებინათ. სწორედ ბოლო დღეს შეგიძლიათ, ძალიან ცუდი საქციელი ჩაიდინოთ – არ გამოხვიდეთ სასახლიდან, ასავსავოთ ხელები და იძახოთ, რომ ერთადერთი ლეგიტიმური ხელისუფალი ხართ; მოუწოდოთ ჯარს, რომ არ ტოვებთ არც პრეზიდენტისა და არც უმაღლესი მთავარსარდლის პოსტს და უნდა დაგემორჩილონ თქვენ; ანალოგიურად მოუწოდოთ ხალხს, რაც კიდევ უფრო დაძაბავს ისედაც დაძაბულ ვითარებას. შეგიძლიათ, მსხვერპლის სცენარიც გაითამაშოთ, რაც დაგეგმილი გაქვთ, მაგრამ რაღაც (ალბათ, შიში) გაკავებთ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დაძაბავს ვითარებას, მაგრამ ვერ მიიყვანს სახელმწიფო გადატრიალებამდე, რადგან ორი მთავარი რესურსი არ გყოფნით – მხარდამჭერთა რაოდენობა და ხელისუფლების საქმიანობით უკმაყოფილოთა რაოდენობა. ეს უკანასკნელი გაცილებით მეტი იქნებოდა, თქვენ (ე.წ. ოპოზიციას) სახე, ფორმა და შინაარსი რომ გივარგოდეთ, მაგრამ თქვენი შემხედვარე საზოგადოების ის ნაწილიც კი, რომელიც სერიოზულად უკმაყოფილოა ხელისუფლებით, ამას არ ამჟღავნებს, ეშინია, უნებურად თქვენი მხარდამჭერი არ გამოჩნდეს. თქვენ (მთელი ე.წ. ოპოზიცია) იმდენად ოდიოზური, საძულველი და მიუღებელი ხართ, რომ ამომრჩეველთა ნახევარ პროცენტსაც ვერ აგროვებთ. იმ ნაკლოვანებათა თუ შეცდომათა ფონზე, რომლებიც ხელისუფლებას ობიექტურად აქვს და, იმ კოლოსალური ფინანსური შესაძლებლობის ვითარებაში, რომელიც თქვენ გაგაჩნიათ, მართლაც მოხერხება სჭირდება იმას, რომ მხარდაჭერის ასეთი დაბალი მაჩვენებელი გქონდეთ, მაგრამ გადახედეთ თქვენს შემადგენლობას, დააკვირდით ლიდერებს, მათ ბიოგრაფიულ და ზნეობრივ მახასიათებლებს, კარგად შეისწავლეთ (რა შესწავლა სჭირდება, თვალი შეავლეთ) თქვენი მხარდამჭერების საქციელს, საუბარს, პათოსს და მიხვდებით, რომ, მიუხედავად დასავლური მხარდაჭერისა, გამარჯვების რესურსი არათუ არ გყოფნით, გამარჯვებაზე ოცნების შანსიც კი არ გაქვთ. მაშ, რატომ, რა მიზნით და რა გათვლით იქცევით ასე? თქვენ ამბობთ, რომ ხელისუფლებას ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავს, მაგრამ სწორედ ის არეულობა და ქაოსი, რომელშიც ქვეყნის ჩაძირვას ცდილობთ, ხომ არ არის წინაპირობა იმისა, რომ რუსეთი აქაც ისევე შემოვიდეს, როგორც უკრაინაში შევიდა? დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ვერ შეძლებთ სახელმწიფო გადატრიალებას და რუსეთის ეროვნული ინტერესებისთვის საშიში ვითარების შექმნას, მაგრამ თქვენ იმედი გაქვთ, რომ ამას მიაღწევთ?! იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ ამას შეძლებთ, რუსეთი ხომ იძულებული იქნება, ისეთივე სამხედრო ოპერაცია წამოიწყოს საქართველოში, როგორიც სამი წლის წინათ უკრაინაში წამოიწყო? დასავლეთში თქვენი კურატორები, ცხადია, მოვლენათა ასეთი განვითარებისთვის იხარჯებიან და თქვენც ამისთვის გიყენებენ, მაგრამ თქვენ ნუთუ არაფერი გაკავებთ? არ ვიცი, ბავშვობაში რა სულისკვეთებით გზარდეს თქვენმა ემიგრანტმა მშობლებმა, რა იავნანას გიმღეროდა დედა ან რა შეგონებებითა და სენტენციებით გკვებავდა მამა, მაგრამ, პატრიოტული აღზრდის როგორი დეფიციტიც უნდა გქონოდათ, გენეტიკური კოდი ნუთუ ასე ჩამკვდარია თქვენში?! ისტორიული მეხსიერება არაფერს გკარნახობთ? ენა, რომელიც ასე თუ ისე შენარჩუნებული გაქვთ, არ ჩაგჩურჩულებთ, რომ უსწორო ნაბიჯს დგამთ? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თქვენ ხომ მათ გვერდით აღმოჩნდით, ვინც წარმოუდგენლად ბინძური სიტყვებით გლანძღავდათ იმ დროს, როდესაც ”ქართული ოცნების” ლიდერები გადაჭარბებული დითირამბებით გიკაფავდნენ გზას პრეზიდენტის სავარძლისკენ?! ბიძინა ივანიშვილმა თქვენი აბდაუბდა ქართული ძველ ქართულს შეადარა, თქვენს პიროვნებასა და თამარ მეფეს შორის კი მიუტევებლად უხერხული პარალელი გაავლო. თქვენ კი ბიძინა ივანიშვილის მიერ ბოძებული თანამდებობით ექვსწლიანი ტკბობის შემდეგ იმ ფაშისტების გვერდით აღმოჩნდით, რომლებიც რუსეთის აგენტობას გწამებდნენ და ტელეეკრანებიდან გემუქრებოდნენ, თქვენს სისხლს დავლევო. დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილი ღალატის მერეც არ არის თქვენზე შურისმაძიებელი, ისინი კი (სააკაშვილი, გვარამია, გაბუნია და მათი ხროვა) მათ გვერდით დგომის მერეც სიამოვნებით დალევენ თქვენს სისხლს, რადგან პრეზიდენტობის ვადის გასვლის შემდეგ მათთვის მხოლოდ ყოფილი კონკურენტი იქნებით, რომელმაც არჩევნებში თავიანთი კანდიდატურის გაყვანაში ხელი შეუშალა.
ქალბატონო, ჯერ კიდევ პრეზიდენტო, მძიმე მდგომარეობაში ხართ, მაგრამ გამოსავალი ამ ვითარებაშიც არსებობს: მიაფურთხეთ ეშმაკს და მოიხედეთ საქართველოსკენ. გამოდით სრულიად საქართველოს წინაშე სატელევიზიო ეთერით და განაცხადეთ, რომ უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ, კონსტიტუციის შესაბამისად, ტოვებთ პრეზიდენტისა და შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის პოსტს და დადგენილი წესით გადასცემთ მას არჩეულ პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ ყაველაშვილს. ეს იქნება დეზავუირება თქვენ მიერ ადრე დაშვებული დანაშაულებრივი გადაცდომებისა, რაც ერთადერთ ლეგიტიმურ ინსტიტუტად საკუთარი თავის წარმოჩენასა და საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგაც ქართული არმიის თქვენდამი მორჩილების შესახებ განცხადებებში გამოიხატებოდა.
მიუხედავად იმ მძიმე ტრავმისა და შეურაცხყოფისა, რომელიც ქართველ ხალხს თქვენი უადგილო და არაკოსტიტუციური გამოხდომებით მიაყენეთ, ამ ნაბიჯს საქართველო პატრიოტულ ჩანაფიქრად და ღირსეულ გადაწყვეტილებად ჩაგითვლით, რომლის შემდეგ თქვენ საქართველოს ისტორიაში პირველი ქალბატონი პრეზიდენტის ტიტულით დარჩებით. ყველა სხვა შემთხვევაში უახლესი ისტორიის სამარცხვინო ლაქა იქნებით მხოლოდ.
ვალერი კვარაცხელია