Home ახალი ამბები საქართველო იყოს დამთხვეული, იყოს მოძალადე, იყოს კორუფციონერი, იყოს მკვლელი, ოღონდ ჩვენი იყოს,  _...

იყოს დამთხვეული, იყოს მოძალადე, იყოს კორუფციონერი, იყოს მკვლელი, ოღონდ ჩვენი იყოს,  _  გვეუბნება დასავლეთი

"ამ დღეს ველოდი, მოვესწარ!"

581
ევროპარლამენტარები სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ

აკაკივით უნდა შევძახო:ამ დღეს ველოდი, მოვესწარ…”

შევძახე კიდეც. მოვესწარი ამ დღეს, რომელსაც ასე დიდხანს ველოდი. კი არ ველოდი, თავდაუზოგავად ვშრომობდი და  ვიბრძოდი იმისთვის, რომ ხალხსაც გაეგო და ხელისუფლებასაც ეღიარებინა დასავლური პოლიტიკის უზნეობა და ვერაგობა.

ბევრი მლანძღეს და მქირდეს ამის გამო: ხან კრემლისა და “კა-გე-ბე”-ს აგენტი მიძახეს, ხან – რუსეთუმე და სამშობლოს მოღალატე. ყველა უზნეოს, თახსირსა და არამზადას, რომლებიც საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესებს ჰყიდდნენ იმ ფულად, რომლითაც  დასავლეთიდან ფინანსდებოდნენ, შეეძლო ჩემკენ თითის გამოშვერა. ვეუბნებოდი: მოვა ის დრო, როდესაც გამჟღავნდება ბინძური ეპოქის ნამდვილი არსი და მასთან ერთად გამოვლინდება პატრიოტიზმით შენიღბული თქვენი სულგაყიდულობა და მედროვეობამეთქი. არ სჯეროდათ.

აჰა, ეს დღეც დადგა. დააკვირდით, რა განცხადებები გააკეთეს საქართველოში ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა: საზოგადოებისთვის ცნობილია 2023 წლის 8 თებერვალს გამოცემული პრესრელიზის შესახებ, სადაც ვსაუბრობდით  Credit Suisse -ის მენეჯმენტის მამხილებელი სტატიების გამოქვეყნებაის გამო  ევროპული პრესის მიერ დაწესებულ ცენზურაზე, რომელიც უკვე ტენდენციად იქცა. ბატონ ივანიშვილის პიარგუნდს ჰქონდა მცდელობა, მორიგი სტატიის გამოქვეყნებისა, თუმცა ჩვენ ისევ იმ ბარიერს შევეჯახეთ, რომელსაც ბანკის მენეჯმენტის მამხილებელი სტატიების ცენზურა ჰქვია. შეგახსენებთ, რომ, როდესაც საქმე ეხება ბანკის კრიტიკას, წამყვანი საერთაშორისო მედია, მათ შორის, Financial Times-ი, Wall Street Journal-ი, Bloomberg-ი, Reuters-ი და მსგავსი კალიბრის სხვა გამოცემები სიამოვნებით აქვეყნებენ მათ. ვითარება კარდინალურად განსხვავდება, როდესაც ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით ვრცელდება ლოგიკური და ობიექტური ანალიზი, რომელსაც მოსდევს ასეთივე, საღ მსჯელობაზე დაფუძნებული ლეგიტიმური შეკითხვები”.

გამოდის, რომ დემოკრატიულ დასავლეთში პრესა არც ისე თავისუფალი, არც ისე დემოკრატიული და არც ისე ობიექტური ყოფილა, როგორიც აქამდე გვეგონა. მაშ, როგორ?!  ბანკმა ადამიანს თაღლითური ქმედებით ასეულობით მილიონი დოლარი აზარალა. ფეხქვეშ გათელა ის წმიდათა წმიდა, რასაც დასავლეთში კერძო საკუთრებისა და კაპიტალის ხელშეუხებლობა ჰქვია, დემოკრატიული და ობიექტური პრესა კი პირში წყალს იგუბებს და ივანიშვილის სტატიებს, რომლებმაც დასავლური ბანკისა და მისი მესვეურების მიერ ჩადენილ ბოროტმოქმედებას სინათლის შუქი უნდა მოჰფინოს, ცენზურას უწესებს. სად არის აქ ან დემოკრატია, ან კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა, ან ადამიანის უფლების დაცვა, ან სიტყვის თავისუფლება?! ასე ჩვენ თვალწინ დაინგრა ის ტიტანები, რომლებსაც დასავლური საზოგადოებრივ-პოლიტიკური სისტემა და ცხოვრების წესი ეფუძნება. დააკვირდით, შექმნილმა ვითარებამ რა სახის შეკითხვებამდე მიიყვანა ივანიშვილის ადვოკატები:

* ვინ არის ის ძალა, რომელმაც აიძულა მენეჯმენტს, ზემოთ აღწერილი უამრავი კანონდარღვევა ჩაედინა?

* ვინ არის ის ძალა, ვინც ბანკის მენეჯმენტს ბატონ ივანიშვილის შანტაჟი დაუკვეთა?

* ვინ არის ის ძალა, რომელმაც ამ ერთი მცირე ეპიზოდის მაგალითზეც გვაჩვენა, რომ ბანკის მენეჯმენტს ბატონ ივანიშვილისთვის თანხის გადახდას უკრძალავს?

* ვინ არის ის ძალა, რომელმაც ევროპარლამენტს ორჯერ მიაღებინა რეზოლუცია ბატონ ივანიშვილის  სანქცირების მოთხოვნით და ორივე ჯერზე არ მისცა მისი ბოლომდე რეალიზებისა და აღსრულების საშუალება, რაც აჩვენებს, რომ მიზანი შანტაჟი იყო და არა რეალური სანქცირება?

* ვინ არის ის ძალა, რომელი ევროპულ მედიაში წვდომას ბლოკავს მაშინ, როდესაც საქმე ბანკის მენეჯმენტს შეეხება?

კარგი იქნებოდა, ბიძინა ივანიშვილსა და მის ადვოკატებს ეს შეკითხვები იმ დროს კი არ დაესვათ, როდესაც საფრთხე მილიარდერის კაპიტალს დაემუქრა, არამედ  ეს მაშინ გაეკეთებინათ, როდესაც დასავლურმა პოლიტიკამ საქართველო და ქართველი ხალხი კატასტროფამდე მიიყვანა, მაგრამ არა უშავს. რა მოტივიც უნდა იყოს აღმძრავი (კერძო თუ საზოგადოებრივი), დასავლეთისა და დასავლური ცხოვრების წესის შეფასება სწორია და ესაა მთავარი. ადრე თუ გვიან, ეს დღე აუცილებლად უნდა დამდგარიყო და დადგა. აი, კიდევ რას აცხადებენ ივანიშვილის ადვოკატები: credit suisse -ის წინააღმდეგ დავას ბოლო პერიოდში რამდენიმე სხვა ფაქტი მეტად საეჭვოდ დაემთხვა: ივანიშვილს გარკვეული შეფერხებები შეექმნა ლონდონიდან და ნიუ იორკიდან ხელოვნების ნიმუშების დროულ და შეუფერხებელ გადაადგილებაში. ასევე, გაურთულდა გერმანიაში ძველის ჩაბარების სანაცვლოდ შეძენილი ახალი ვერტმფრენის საქართველოში ჩამოყვანა”.

საქმე მხოლოდ ივანიშვილის კაპიტალს როდი ეხება. მაგალითად, ევროპარლამენტის დეპუტატმა ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე თავხედურად განცხადა: ძალიან მკაფიოდ ვამბობთ, რომ თქვენ ვერ მიიღებთ ამ სტატუსს, თუ არ ითამაშებთ ჩვენი წესებით“.

აი, რა პასუხები მოჰყვა საქართველოს მმართველი პარტიის ხელმძღვანელებისგან ამ განცხადებას.

ირაკლი კობახიძე: „ამ შემთხვევაში, საზოგადოება ხედავს ყველაფერს: ეს არის სისტემური პრობლემა, რომელიც აქვს ამ ინსტიტუტს, რომელსაც ჰქვია ევროპარლამენტი. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა და პირდაპირ ვიტყვი,  – ასეთი გადაწყვეტილება, საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოსაც შეშურდებოდა. მე კარგად მახსოვს, 80-იანი წლების ბოლოს რაც ხდებოდა: გადაიცემოდა ხოლმე სსრკ-ის უზენაესი საბჭოს სხდომები. იქ რაც ხდებოდა, იგივე მოხდა ევროპარლამენტში დღესაც და წინა ორი რეზოლუციის შემთხვევაშიც, რაც კატასტროფაა”.

კახა კალაძე: „ეს არის იმ თამაშისა და შანტაჟის ნაწილი, რომელსაც ჩვენ მთელი ამ დროის განმავლობაში ვხედავთ და მას ხედავს საზოგადოებაც. საქართველოს ხელისუფლება ითამაშებს ქართული წესებით, გამოვა ქვეყნის ინტერესებიდან და გამოვა ჩვენი ხალხის ეროვნული ინტერესებიდან. ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა და აკეთებს ამ რთულ გზაზე, თუმცა, თუ მათი მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული კანდიდატის სტატუსის არმიცემასთან დაკავშირებით, არ მოგვცემენ სტატუსს და თავისთვის დაიტოვონ”.

ეს სერიოზული განცხადებაამკვახე, მაგრამ ღირსეული; გულნატკენი კაცის მიერ ნათქვამი, მაგრამპრინციპული; გაბრაზებული ადამიანის პასუხი, მაგრამმართალი. კახა კალაძემ მის ამ პასუხში მხოლოდ პოზიცია კი არ გამოხატა, მან ახსნაც მოგვცა იმისა, თუ რა უდევს საფუძვლად იმას, რასაც ჩვენგან დასავლეთი მოითხოვს: „მე უკვე ბევრჯერ ვთქვი და გავიმეორებ, რომ ეს არის დადგმული სპექტაკლი მიხეილ სააკაშვილის „შემოტანით” საქართველოში. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ მომხდარიყო დაპირისპირება, გადატრიალება. ე.წ. მეგობრებისთვის საქართველოს ხელისუფლება არ არის მისაღები იმიტომ, რომ არ ერთვება ომში, აკეთებს ყველაფერს, რაც ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ხალხის ინტერესებს ეხება”.

საოცარი ფაქტია: დასავლეთი მეგობრობასა  და სტრატეგიულ პარტნიორობას გვეფიცება, მაგრამ როგორ შეიძლება მეგობრად და პარტნიორად მიიჩნიო ის, ვინც სამ ნაწილად დაშლილ უმწეო, დაუცველ, სულ რაღაც სამმილიონიან საქართველოს ასორმოცდაათმილიონიან ბირთვულ ზესახელმწიფოსთან ომისკენ უბიძგებს?!

ამასობაში ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, სადაც შავით თეთრზე წერია:

“ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროპულ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, რომ მიიღონ შესაბამისი ზომები, მათ შორის ივანიშვილისა და ყველა იმ ინდივიდისთვის პერსონალური სანქციების დაწესება, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიული პოლიტიკური პროცესების გაუარესებაზე”.

ევროპარლამენტის ამავე რეზოლუციაში ლაპარაკია მიხეილ სააკაშვილზე: “ევროპარლამენტი იმეორებს თავის მოწოდებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მიეცეს მას სათანადო მკურნალობის საშუალება საზღვარგარეთ”.

ჩნდება შეკითხვა: რა აიძულებს ევროპარლამენტს (საერთოდ, კოლექტიურ დასავლეთს),  ასე უხეშად მოექცეს საქართველოს, ფეხქვეშ გათელოს ქართველი ხალხის ეროვნული ღირსება, მიაყენოს მას შეურაცხყოფა და მენტორის ტონით უკარნახოს (უბრძანოს) დასავლეთისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღება?

ვფიქრობ, ზედმეტია ახსნა იმისა, რით გააღიზიანა ბიძინა ივანიშვილმა და რით მოხიბლა მიხეილ სააკაშვილმა დასავლეთი. პირველი ქართველი ხალხის ინტერესების სადარაჯოზე დადგა და უარი თქვა რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნაზე; მეორე კი  მზადყოფნას  გამოთქვამს რუსეთთან მეორე ფრონტის გასახსნელად, თუნდაც ეს საქართველოს საბოლოო დაშლის მომასწავებელი იყოს. ასე მოიქცა ის 2008 წელს, როდესაც ცხინვალში შეიჭრა, რაც რუსეთისთვის ფრონტის გახსნას ნიშნავდა და ასე მოიქცევა იგი ახლაც, თუკი ამგვარი გადაწყვეტილების მიღების უფლება და საშუალება მიეცემა. აი ესაა საქართველოსთან დაკავშირებით დასავლეთის მოქმედების მთელი ფილოსოფია. ისინი დაუფარავად გვეუბნებიან: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ინტერესების დამცველი აღმოჩნდა, ჩვენ კი სააკაშვილივით ჩვენი ინტერესების დამცველი გვჭირდებაო. იყოს დამთხვეული, იყოს მოძალადე, იყოს კორუფცირებული, იყოს მკვლელი, ოღონდ ჩვენი იყოს, – გვეუბნება დასავლეთი. აი, ამგვარი მოღაღადე ფაქტების შემდეგ რომელმა ბრიყვმა უნდა მიიჩნიოს დასავლეთი მოკავშირედ, მფარველად, სტრატეგიულ პარტნიორად?!

დაგროვდა დასავლეთის მიერ ოცდაათი წლის განმავლობაში ჩვენი შეურაცხყოფები, რომლებსაც ჰქვია: “თქვენთვის ჩვენი კარი ღიაა, მაგრამ ვერ შემოგიშვებთ”; “სანამ მიგიღებთ, საშინაო დავალებები უნდა შეასრულოთ”, “მაპს ვერ მოგანიჭებთ, მაგრამ პირობას მოგცემთ, რომ ოდესმე აუცილებლად მიგიღებთ ნატოს წევრად”, “ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას ვერ მოგანიჭებთ, მაგრამ ოდესმე წევრი გახდებით”.  დაგროვდა. და არამხოლოდ დაგროვდა, არამედ ისე ამოვიდა ყელში, რომ მეტის ატანა შეუძლებელია. დასავლეთის მიერ ქართველი ხალხის დაცინვა, აბუჩად აგდება, ფეხებზე დაკიდება არამხოლოდ ქართველმა ხალხმა, არამედ დასავლეთის მეხოტბე ხელისუფლებამაც გააცნობიერა, უფრო სწორად, მეტს ვეღარ გაუძლო, მოთმინების ფიალა აივსო და ამოხეთქა.  ეს მოხდა, ამის უკან დატრიალება შეუძლებელია. ისინი გვატყუებდნენ, ჩვენ თავს ვიტყუებდით; ისინი სახეში გვაფურთხებდნენ, ჩვენ ვიწმენდით; ისინი თავში გვირტყამდნენ, ჩვენ თავს ვხრიდით, მაგრამ, ამიერიდან ვეღარ იქნება ასე. გაცხადდა, ხმამაღლა ითქვა, რომ ეს არ არის პარტნიორობა, ეს ბატონყმობაა, ეს მონათმფლობელისა და მონის დამოკიდებულებაა. დამთრგუნველ ურთიერთობას, როგორც იქნა, თავისი სახელი დაერქვა. ცოტა ხანს კიდევ შეიძლება დათმობისა და დათბობის კატათაგვობანა ვიხილოთ, მაგრამ ეს დიდხანს ვერ შენარჩუნდება. შეიძლება პირიქით მოხდეს და ურთიერთობის მკვეთრი გამწვავება დაიწყოს, არსებითი მნიშვნელობა არც ამას ექნება. მთავარია, რომ, როგორც იქნა, მოსახდენი მოხდა:

დასავლეთსა და საქართველოს შორის ცრუ პარტნიორობა ნამდვილმა წინააღმდეგობამ ჩაანაცვლა;

დასავლეთთან ცრუ ლაქუცისა და ცრუ ღლაბუცის დამღლელი და შეურაცხმყოფელი ეპოქის ნაცვლად, მასთან ნამდვილი წინააღმდეგობის ეპოქა დადგა;

ოცდაათწლიანი კოშმარის დასასრული დადგა.

“ამ დღეს ველოდი, მოვესწარ!”

ვალერი კვარაცხელია                                                                

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here