Home ახალი ამბები საქართველო ირაკლი ქადაგიშვილი კელი დეგნანზე – ქალბატონი ელჩის შეფასება არის მისი პოლიტიკური პოზიციის...

ირაკლი ქადაგიშვილი კელი დეგნანზე – ქალბატონი ელჩის შეფასება არის მისი პოლიტიკური პოზიციის გამჟღავნება, რაც სასურველი არ არის

45

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, არჩევნებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის დღვანდელი განცხადება მისი პოლიტიკური პოზიციის გამჟღავნებაა, რაც “სასურველი არაა”.

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშში იყო მოცემული გამოწვევები ან დარღვევები, მაგრამ ანგარიში მთლიანად შეფასებული იყო როგორც სამართლიანი.

“მიმაჩნია, რომ ეს არის მისი პოლიტიკური ხედვა და პოლიტიკური შეფასება. არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით სულ სხვა შეფასება ჰქონდა სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშში იყო მოცემული გამოწვევები ან დარღვევები, მაგრამ მთლიანად შეფასებული იყო როგორც სამართლიანი, რომელმაც ხელი არ შეუშალა მთლიანობაში ამომრჩევლის ნების გამოხატვას, ასახული იქნა ეს ნება შესაბამისად და აქედან გამომდინარე არჩევნები არის სრულად ლეგიტიმური და სამართლიანი. ქალბატონი ელჩის შეფასება არის მისი პოლიტიკური პოზიციის გამჟღავნება, რაც, ვფიქრობ, არ არის სასურველი”,- განაცხადა ქადაგიშვილმა.

რაც შეეხება კელი დეგნანის განცხადების იმ ნაწილს, სადაც ის “ისფედის” სანდოობაზე საუბრობს, ქადაგიშვილი ამბობს, რომ ისფედის” ორი მონაცემი პროცესების რადიკალიზაციისთვის საბუთად და მტკიცებულებად იყო მოტანილი.

“არ მინდა, ელჩთან რაიმე პირად პოლემიკაში შევიდე, მაგრამ ვთვლი, რომ ნამდვილად იყო “ისფედის” ორი მონაცემი პროცესების რადიკალიზაციისთვის საბუთად და მტკიცებულებად მოტანილი. როცა ოპოზიციას ეკითხებოდი, არჩევნებს გაყალბებულად რატომ თვლიდა და ხელში რა ფაქტი ეჭირა, ყოველ ჯერზე “ისფედის” პარალელური დათვლის და უბნებზე ზედმეტობის მაჩვენებლები მოჰქონდათ. აღმოჩნდა, რომ ეს ორივე მაჩვენებელი აბსოლუტურად არასწორი იყო. ეს არ იყო მხოლოდ მექანიკური შეცდომის შედეგი ან რაღაც სხვა, ეს იყო, თითქოსდა, შეგნებულად გაკეთებული მონაცემები, რომელიც აცდენილი იყო რეალობას. ეს ისეთი ციფრები იყო, რომელიც არჩევნების ბედის ცვლილებას განაპირობებდა. თუ ეს ციფრები სინამდვილე იქნებოდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ შედეგი სხვანაირი იყო და არა ისეთი, როგორიც არჩევნების შემდეგ მივიღეთ. დაახლოებით თვენახევარი დაგვჭირდა, რომ “ისფედი” იძულებული გამხდარიყო, ეთქვა, რომ ეს ყველაფერი არ იყო სწორი. აქედან გამომდინარე, ეს არაკეთილსინდისიერი მონაცემები გახდა ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ოპოზიციის მხრიდან, რომ მათი ლოზუნგი რამენაირად დასაბუთებულიყო”,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ეუთო/ოდირი და სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები 2020-2021 წლების არჩევნებთან დაკავშირებით მიანიშნებდნენ სერიოზულ დარღვევებზე, „როგორიცაა დაშინება, ამომრჩევლების მოსყიდვა, საარჩევნო „კარუსელი”, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება და სხვა დარღვევები როგორც არჩევნების დღეს, ისე მანამდე რამდენიმე კვირის განმავლობაში“. რაც შეეხება “სამართლიან არჩევნებს”, კელი დეგნანის თქმით, იმის თქმა, რომ ISFED-მა ხმების დათვლის პროცესი მიზანმიმართულად გააყალბა, რეალობის დამახინჯებაა. “როგორც კი შეცდომა დადასტურდა და აღმოჩნდა, ის გასაჯაროვდა ისე, რომ მოქალაქეებს გაეგოთ, რა მოხდა. ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი. ასე რომ, ვფიქრობ, იმის თქმა, რომ ეს გამიზნულად მოხდა ან ის რაიმე რევოლუციური სცენარის ნაწილი იყო, რეალობის დამახინჯებაა“, – აღნიშნა ელჩმა.

https://www.interpressnews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here