Home ახალი ამბები საქართველო ირაკლი კობახიძე – ვაშაძე, ბოკერია და სხვები ადანაშაულებენ ამერიკულ მხარეს, რომ ის...

ირაკლი კობახიძე – ვაშაძე, ბოკერია და სხვები ადანაშაულებენ ამერიკულ მხარეს, რომ ის ამზადებდა საქართველოში მეორე ფრონტს – ამერიკული მხარე უნდა გამოვიდეს და თქვას, რომ ეს ტყუილია

60

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადება, რომ უკრაინაში ომის დაწყების მომენტიდან, ამერიკულმა მხარემ საქართველოს მთავრობას შესთავაზა მრავალმილიარდიანი პაკეტი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის, არის უმძიმესი პროვოკაცია.

ამის შესახებ კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი“ სივრცე ისაუბრა, რითაც უპასუხა „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების, მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაზე დასმულ კითხვას.

კობახიძე ფიქრობს, რომ გიორგი ვაშაძემ პირდაპირ ბრალდება წაუყენა ამერიკულ მხარეს იმაში, რომ აშშ ცდილობდა საქართველოში მეორე ფრონტის მომზადებას.

როგორც მან აღნიშნა, გიორგი ვაშაძის განცხადებას მოყვა ვარიაციები, რომ არამარტო შეიარაღების მიღებაზე იყო საუბარი, არამედ ამერიკელები ითხოვდნენ საქართველოდან უკრაინელებისთვის იარაღის გადაცემას – „ეს ხომ პირდაპირ მეორე ფრონტია“.

კობახიძის თქმით, ეს არის უმძიმესი ბრალდება და ამას სჭირდება რეაგირება -„ამერიკული მხარე უნდა გამოვიდეს და თქვას, რომ ტყუილია“.

ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, ის ვერ დაადასტურებს, გიორგი ვაშაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

„მე ვერაფერს ვერ დავადასტურებ.

რაც შეეხება თვითონ გიორგი ვაშაძის განცხადებას, ეს არის უმძიმესი პროვოკაცია. პრაქტიკულად, პირდაპირ ბრალდება წაუყენა ამერიკულ მხარეს იმაში, რომ ის {აშშ} ცდილობდა მეორე ფრონტის მომზადებას, თან “ლენდ-ლიზზეა” საუბარი.

“ლენდ-ლიზი” ვნახეთ, როგორც იყო უკრაინაში. ჯერ პროექტი მზადდება, მერე მტკიცდება, მოქმედებაში მოდის, ამას თითქმის ნახევარი წელიწადი სჭირდება. „ლენდ-ლიზის“ დამტკიცება რუსეთის მხრიდან რა რეაქციას გამოიწვევდა ხომ წარმოგიდგენიათ? ეს შექმნიდა საბაბს სამხედრო ინტერვენციისთვის.

ვაშაძემ პირდაპირ დაადანაშაულა ამერიკული მხარე, რომ ის ცდილობდა მეორე ფრონტის მომზადებას. ამას მოყვა ვარიაციები, ბოკერია და ვიღაცები გამოვიდნენ, რომლებიც ამბობდნენ რომ არამარტო შეიარაღების მიღებაზე იყო საუბარი, არამედ ამერიკელები ითხოვდნენ ჩვენგან უკრაინელებისთვის იარაღის გადაცემას, ეს ხომ პირდაპირ მეორე ფრონტია. ეს ადამიანები, ვაშაძე, ბოკერია და სხვები და ადანაშაულებენ ამერიკულ მხარეს, იმაში რომ ის ამზადებდა საქართველოში მეორე ფრონტს“,- განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, რატომ აქვს ხელისუფლებას პრინციპული წინააღმდეგობა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს თავდაცვის უნარიანობა გაძლიერდეს, კობახიძემ ამის საპასუხოდ განაცხადა, რომ ხელისუფლება საქართველოს თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებით 10 წელია დაკავებულია.

მისივე თქმით, „ლენდ- ლიზი“ და უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემა იქნებოდა მეორე ფრონტის გახსნისკენ მიმართული ნაბიჯი და არა თავდაცვის უნარიანობის გაზრდისკენ მიმართული ნაბიჯი.

„თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებით ჩვენ 10 წელია დაკავებული ვართ. ნატო-თან იყო ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა. 2012 წელს ჩვენს ხელისუფლებას თავდაცვის სისტემაში უმძიმესი მდგომარეობა დახვდა – მთელი ტექნიკა ჩააბარეს კოდორში და ცხინვალში რუსებს. ჩვენი სამხედროები ღირსეულად მსახურობდნენ ავღანეთში, ერაყში და სხვა საერთაშორისო მისიებში და წლის განმავლობაში ვხარჯავდით ჩვენი მშპ-ს 2%-ს, რასაც ნატო-ს წევრი ძალიან ბევრი ქვეყანა არ აკეთებს. მაგრამ, რაც შეხება ომის დაწყების დღიდან „ლენდ- ლიზს“ და უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემას ეს იქნებოდა მეორე ფრონტის გახსნისკენ მიმართული ნაბიჯი. ეს იქნებოდა არა თავდაცვის უნარიანობის გაზრდისკენ მიმართული ნაბიჯი, არამედ მეორე ფრონტისკენ მიმართული ნაბიჯი. ამას აბრალებს ვაშაძე და ბოკერია ამერიკულ მახრეს და ამას სჭირდება რეაგირება, ეს არის უმძიმესი ბრალდება. ამერიკული მხარე უნდა გამოვიდეს და თქვას, რომ ეს ტყუილია „მე არ მინდოდა არანაირი ფორმით, მეორე ფრონტის პროვოცირება“,- განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება ზოგადად ე.წ. ოთხეულის განცხადებებს, კობახიძემ აღნიშნა, რომ შინაარსში ვერავითარი ფორმით ვერ შევა ხელისუფლების გუნდი, ვინაიდან, მისი თქმით, გამიჯვნის შემთხვევაში მათ მოუწევთ თქვან, რომ განცხადებები ან მთლიანად მართალია ან მთლიანად ტყუილია.

„საჯარო პოლემიკას ვემიჯნებით. რაც შეეხება შინაარს, თუ მათ განცხადებებში 100% სიმართლეა რა უნდა ვქნათ ჩვენ?! ჩვენ რაღაცისგან გამიჯვნას რომ დავიწყებთ მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ან მთლიანად მართალია ან მთლიანად ტყუილია. აქედან გამომდინარე, ამ კუთხით ჩვენ გაგვიჭირდება მკვეთრი განცხადებების გაკეთება. ტაქტიკურ ნაწილში ჩვენ ვემიჯნებით იმიტომ, რომ კვლავაც მიგვაჩნია რომ საჯაროდ ამ პოლემიკაში შესვლა არ არის მიზან შეწონილი. ჩვენ გვირჩევნია დახურულ კარს მიღმა ვესაუბროთ ჩვენ პარტნიორებს,მათ შორის, პრობლემებთან დაკავშირებით. მაგრამ როგორც კი ამ წერილის გარჩევას დავიწყებთ, პრობლემა შეგვექნება იმიტომ, რომ იქ არის ბევრი რამ მართალი, შეიძლება ბევრი რამ ჩვენთვის არ იყოს მისაღები. ჩვენ ამ განცხადებების შინაარსში ვერავითარი ფორმით ვერ შევალთ“,- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყების მომენტიდან, ამერიკულმა მხარემ საქართველოს მთავრობას შესთავაზა მრავალმილიარდიანი პაკეტი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის, რაც გულისხმობს ზეთანამედროვე შეიარაღების მიწოდებას, განიხილებოდა ქართველი მფრინავების გადამზადება უკრაინელებთან ერთად.

„ამ ყველაფერზე კი პრორუსულმა „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა!“,- განაცხადა ვაშაძემ.

https://www.interpressnews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here