Home ახალი ამბები საქართველო ირაკლი კობახიძე – მე არ მინდა ზედმეტ პოლემიკაში შევიდე ქალბატონ ელჩთან იმიტომ,...

ირაკლი კობახიძე – მე არ მინდა ზედმეტ პოლემიკაში შევიდე ქალბატონ ელჩთან იმიტომ, რომ ნამდვილად დასანანია ის განცხადებები, რაც კეთდება ISFED-თან დაკავშირებით

60

მე არ მინდა ზედმეტ პოლემიკაში შევიდე ქალბატონ ელჩთან იმიტომ, რომ ნამდვილად დასანანია ის განცხადებები, რაც კეთდება ISFED-თან დაკავშირებით, PVT-ის გაყალბებასთან დაკავშირებით, – ასე ეხმაურება პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას, რომლის თანახმადაც, იმის თქმა, რომ ISFED-მა ხმების დათვლის პროცესი მიზანმიმართულად გააყალბა, რეალობის დამახინჯებაა.

როგორც კობახიძემ განაცხადა, „არ შეიძლება ამ მნიშვნელოვან ფაქტს, როგორიც PVT-ის გაყალბება იყო, ეწოდოს „უმნიშვნელო სტატისტიკური ცდომილება“.

„თვენახევარი დასჭირდა ამ გაყალბების აღიარებას. ვიდრე კუთხეში არ მივაყენეთ ISFED მანამდე არ აღიარებდა ის იმ სიყალბეს, რომელიც იყო წარმოდგენილი PVT-ის სახით, ეს არ იყო უმნიშვნელო თავისი არსით, საუბარი იყო ზღვრის გადალახვაზე, იმ ზღვრისა, რომელიც დასაშვები ფარგლები იყო PVT-ის კუთხით. როდესაც ამ მასშტაბის სიყალბეს წარმოადგენს ორგანიზაცია, მას არ შეიძლება უწოდო „სანდო“. ეს დამატებით კითხვის ნიშნებს აჩენს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ასეთი განცხადებები არის დასანანი. PVT-ის გაყალბება გახდა ერთ-ერთი მთავარი საყრდენი საბოტაჟისთვის, რევოლუციური სცენარისთვის. ბუნებრივია, ასეთ დროს ასეთი განცხადებების გაკეთება არის დაუშვებელი. გაყალბებისთვის ხელის დაფარება არის ძალიან ცუდი.

რაც შეეხება არჩევნებთან დაკავშირებულ განცხადებას, რომელიც ქალბატონმა ელჩმა გააკეთა, თითქოს სამართლიანად არ იყო შეფასებული ეს არჩევნები, შეგახსენებთ, რომ როგორც ეუთო/ოდირის, ასევე ყველა სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის ანგარიშში პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ ეს არჩევნები იყო თავისუფალი და კონკურენტული. რაც შეიძლება სიტყვა „სამართლიანს“, ეს ტერმინი ამოღებულია როგორც ეუთო/ოდირის, ასევე სხვა საერთაშორისო მისიების პრაქტიკიდან. მაგრამ თავისუფალი და კონკურენტული არჩევნები ნიშნავს იმას, რომ ეს არჩევნები სამართლიანი იყო. რაც შეეხება სხვა ხარვეზებს, არსად არ იყო ნახსენები სიტყვა „კარუსელი“ და ესეც იყო მორიგი მცდარი ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა. არ ვიცი ვინ შეიყვანა დღეს ელჩი შეცდომაში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იყვნენ კონკრეტული NGO-ები, რომლებიც დაინტერესებულები იყვნენ რევოლუციური სცენარით. ეს კარგად გამოჩნდა ორიოდე თვის წინ, როდესაც ISFED და „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ პირდაპირ აღმოჩნდნენ რადიკალური ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციის სცენაზე.

ყველაფერი არის დღესავით ნათელი, გაყალბდა PVT, გაყალბდა მონაცემები არჩევნების გაყალბების შესახებ, რაც ემსახურებოდა თავიდან ბოლომდე რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური სცენარის განხორციელებას. ამას ხელის დაფარება არ სჭირდება, ამას სჭირდება აღიარება, რაც არის საუკეთესო გზა იმისთვის, რომ ISFED-მა და სხვა მსგავსმა ორგანიზაციებმა მინიმალურ დონეზე მაინც გამოისწორონ საკუთარი რეპუტაცია“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე შეფასებით, მმართველი გუნდის პოზიცია ISFED-ის მიმართ იყო ძალიან რბილი.

„ISFED-ის მიმართ ჩვენი პოზიცია იყო ძალიან რბილი მიუხედავად იმისა, რომ ამ ორგანიზაციამ გააყალბა PVT და გამოდიოდა მთავრობის გადადგომის მოთხოვნით და ტექნიკური მთავრობის შექმნის მოთხოვნით. ჩვენ მათ შევთავაზეთ გამიჯვნოდნენ ამ მოთხოვნას და ასეთ შემთხვევაში მათ ექნებოდათ სამუშაო ჯგუფში ჩართვის შესაძლებლობა, თუმცა, აქაც კი მათი პოზიცია ძალიან ხისტი იყო, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი მომავალშიც აპირებენ რევოლუციურ პროცესებში მონაწილეობას. ასეთ პირობებში, ბუნებრივია, არც ISFED-ის და არც სხვა მსგავსი ორგანიზაციების ადგილი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფებში არ არის“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, იმის თქმა, რომ ISFED-მა ხმების დათვლის პროცესი მიზანმიმართულად გააყალბა, რეალობის დამახინჯებაა. მისივე თქმით, ეუთო/ოდირი და სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები 2020-2021 წლების არჩევნებთან დაკავშირებით მიანიშნებდნენ სერიოზულ დარღვევებზე, „როგორიცაა დაშინება, ამომრჩევლების მოსყიდვა, საარჩევნო „კარუსელი”, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება და სხვა დარღვევები როგორც არჩევნების დღეს, ისე მანამდე რამდენიმე კვირის განმავლობაში“.

„არც ერთ ამ ანგარიშში არ არის ნათქვამი, რომ არჩევნები იყო სამართლიანი. ეს დარღვევები არ არის ISFED-ის პასუხისმგებლობა”,- განაცხადა კელი დეგნანმა.

https://www.interpressnews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here