Home ახალი ამბები საქართველო იგივე, რაც ფინეთის პრემიერმა ჩაიდინა, ჩვენს პრემიერს  რომ გაეკეთებინა, წარმოგიდგენიათ, რა დღეში...

იგივე, რაც ფინეთის პრემიერმა ჩაიდინა, ჩვენს პრემიერს  რომ გაეკეთებინა, წარმოგიდგენიათ, რა დღეში ჩააგდებდა ოპოზიცია ღარიბაშვილს?

360
ფინეთის პრემიერი სანა მარინი

გასულ კვირას ევროპულ პოლიტიკაში  განსჯის საგანი გახდა ფინეთის პრემიერ სანა მარინის საქციელი. 34 წლის პრემიერი რომელიღაც წვეულებაზე ღრეობდა (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით), შემდეგ გვარიანად ნასვამი ცეკვავდა და ცდილობდა, სხეულის ნაწილები გამომწვევად და სექსუალურად აეთამაშებინა, რაც დიდად არ გამოსდიოდა, მაგრამ არა უშავს, გაიზრდება, ისწავლის, დახვეწს. ჰო, ვიდეოში რამდენიმეჯერ ისმის სიტყვა კოკაინი და არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ღრეობის მონაწილეები კოკაინსაც მოიხმარდნენ. სანამ მაშინვე თქვა, კოკაინი ახალგაზრდობაშიც არ მიმიღია და არც ახლა მივიღე, ამის დასადასტურებლად ტესტსაც ჩავიტარებო, და ტესტის პასუხი, წესით, ამ კვირაში უნდა იყოს ცნობილი, მაგრამ… ფინეთის პრემიერს კოკაინი მიღებული რომც არ ჰქონდეს, გამორიცხულია, არ დაენახა, როგორ იღებდნენ სხვები, ანუ დანაშაულის შემსწრე გახდა და ამას იურიდიულ ენაზე „დანაშაულის შეუტყობინებლობა“ ჰქვია, რომელიც ზუსტად ისევე ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით, როგორც დანაშაული.

ისე არ გაიგოთ, თითქოს ევროპის ქვეყნების ლიდერებმა განგაშის ზარები დაარისხეს. არა, ეს ამბავი, რაც შეიძლება, მალე უნდა მიჩუმათდეს, რადგან ლიბერალურ ფრთას ხელს არ აძლევს,  რიგითმა ადამიანებმა დაინახონ ლიდერთა აღვირახსნილობა; დაინახონ ის, რომ ნარკოტიკის მოხმარება მათთვის ჩვეულებრივი ამბავია, რომ „ტუსოვკებზე“ თავი შეიძლება ქვეყნის მეთაურმაც მოიგიჟიანოს. ჩვენი ოპოზიცია ამაში პრობლემას საერთოდ ვერ ხედავს ან როგორ უნდა დაინახოს, როცა თავის დროზე ეკონომიკის მინისტრად დანიშნული ვერა ქობალია ბარში იმავეს აკეთებდა და სტრიპტიზისმაგვარ ცეკვას ცდილობდა. იმხანად ნაცებმა ყველაფერი მარტივად „გააპრავეს“ – ასაკით პატარაა და რატომ გიკვირთო?! კი არ გვიკვირს, ბატონებო,  პატარა რომ არის, ჯერ ბარის „სტოიკაზე“ ცეკვა ისწავლოს, იქ დაიღალოს და მერე დანიშნეთ მინისტრად, როცა დაბრძენდება, დაღვინდება და მუსიკის ხმაზე  უახლოეს ბოძს არ ჩამოეკიდება.

იმ კომუნისტებს, დღეს 20-22 წლის ბავშვებს რომ აგინებინებენ, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, რას და ვის აგინებენ, თანამდებობაზე დანიშვნის ერთ-ერთ მთავარ კრიტერიუმად ასაკი ჰქონდათ და, 60 წელს თუ არ იყო მიტანებული ადამიანი, პირველ პირად არ ნიშნავდნენ. რატომ? იმიტომ, რომ 60 წლის ადამიანს არც ჰორმონების შემოტევა აქვს და არც ამძუვნებული როკვით  დახტის კამერების წინ. აი, ფინეთის პრემიერი კი გაბრაზებულა: ვიცოდი, ვიდეოს რომ იღებდნენ, მაგრამ ეს ვიდეო სოციალურ ქსელში არ უნდა გავრცელებულიყოო. კარგი იქნება, ვინმემ გააჩუმოს ეს ქალი, რადგან დანაშაულს დანაშაულს უმატებს, რადგან იმ საღამოს კონკრეტულმა პირებმა კოკაინი მოიხმარეს და ეს ყველაფერი ვიდეოშიც ისმის, მარინი კი ჯიუტად ამტკიცებს, – ვიდეო არ უნდა გავრცელებულიყო, ანუ დანაშაული ბოლომდე უნდა დამალულიყოო.

ბარემ შეგახსენებთ, რომ ეს ის სანა მარინია, რომელიც წინადადებით გამოვიდა, რუს ტურისტებს ევროპაში მოგზაურობა შეეზღუდოთ, ამით მიხვდებიან, რომ ცუდი პრეზიდენტი ჰყავთ და თანაც რუსი ტურისტები ცუდად იქცევიან –  ღრეობებს მართავენ, ნასვამები მთელ ღამეს ცეკვავენო. სავარაუდოდ, როცა სანა ამას ამბობდა, ყვებოდა იმ საღამოს ამბებს, რომელშიც თვითონ  მონაწილეობდა, მაგრამ მთავარი ესეც არ არის…

ვერა ქობალია

თუ გახსოვთ ცოტა ხნის წინათ გავრცელებული ფოტო, რომელზეც ევროკავშირის ლიდერთა მეორე ნახევრები აღბეჭდეს და რამდენიმე ათეულ ქალში ერთი მამაკაცი იდგა – ლუქსემბურგის პრემიერმინისტრ ხავიერ ბეტელის ცოლი (ან ქმარი), ბელგიელი არქიტექტორი გუტიე ბესტინი. სხვათა შორის, ბეტელი გახდა პირველი პოლიტიკოსი, რომელმაც აღიარა, რომ გეია და შემდეგ პრემიერის თანამდებობაზე მეორედ აირჩიეს. სწორედ ეს არჩევნები ითვლება ლიბერალიზმის ზეიმად ევროპაში. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ შვედეთში ერთ-ერთი მინისტრი ქალბატონი გათხოვდა (ან ცოლად მოიყვანა) მეორე ქალბატონზე და ეს არის ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ამბავი.

ახლა მედლის მეორე მხარეს შევხედოთ – ვინ ავიწროვებს ყველაზე მეტად ლგბტ თემს მსოფლიოში (აქ არ ვგულისხმობთ მუსლიმანურ ქვეყნებს)? სწორია – რუსეთი! ვლადიმერ პუტინს ლგბტ თემის აქტივისტები კანონგარეშე ჰყავს გამოცხადებული, მათ ოფიციალურად აქვთ აკრძალული შეკრება და მით უმეტეს დემონსტრაციები. შორს ვართ იმ აზრისგან, რომ რუსეთში ლგბტ თემის წევრები საერთოდ არ არიან, მაგრამ ისინი მოსახლეობას ცხვირში არ ტენიან თავიანთ სურვილებს, არ დადიან ქუჩაში ჯგუფ-ჯგუფად და არ გაჰკივიან ლოზუნგებს, რომლებიც, ჩვენი აზრით, ბავშვებმა არ უნდა მოისმინონ.

იგივე, რაც ფინეთის პრემიერმა გააკეთა, ჩვენს პრემიერს რომ ჩაედინა, წარმოგიდგენიათ (როგორი წარმოსადგენია, მაგრამ მაინც), რას იზამდა ოპოზიცია და რა დღეში ჩააგდებდა ღარიბაშვილს? დაიწყებოდა ჭკუის სწავლება, ოპოზიცია გაიხსენებდა ეკლესიის არსებობას საქართველოში, ხოლო კოკაინის ხსენების შემთხვევაში არათუ ღარიბაშვილს, არამედ სრულიად მინისტრთა კაბინეტსა და საპარლამენტო უმრავლესობას მოსთხოვდნენ ტესტის ჩატარებას. მერე დაიწყებოდა აქციები ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნით, ვიდეორგოლს დაამონტაჟებდნენ, დაადებდნენ სიმღერებს და იქნებოდა ხორხოცი. იმას კი არ იტყოდნენ, თავისუფალ დროს განტვირთვის უფლება პრემიერსაც აქვს, ადამიანიაო, არა, ამორალური კაცის იარლიყს მიაკრავდნენ. ალბათ, გემახსოვრებათ, რა მოხდა მაშინ, როცა პრემიერი პანდემიის დროს ოლიმპიურ ჩემპიონებთან ერთად სუფრასთან იმყოფებოდა. ღარიბაშვილი პანდემიის ახალი კერის გავრცელებაში დაადანაშაულეს და ლამის ადამიანების სიკვდილი დააბრალეს. და ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ოლიმპიურ ჩემპიონებთან შეხვედრა და საქართველოს სახელის წარმოჩენისთვის  მადლობის თქმა…

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის ვერმიღების გამო აგორებული აქციები ახლახან იყო _  ქუჩაში რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი გამოვიდა. ხალხი მას შემდეგ დაიშალა, რაც სტატუსის ნაცვლად აქციის ორგანიზატორებმა სააკაშვილის თავისუფლება მოითხოვეს, ანუ რეალურად, დასავლეთსაც და ორგანიზატორებსაც სტატუსი ცალ ფეხზე ეკიდათ, მთავარი მიშას გათავისუფლება იყო, რათა საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია დაძაბულიყო და იქნებ ისე მოეხერხებინათ, რომ ხელისუფლებაში კვლავ დამჯერე ხალხი მოევანათ, ის ადამიანები, რომლებსაც უკვე მზად ჰქონდათ ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინების კანონპროექტი, მაგრამ გატანა ვერ მოასწრეს, ვერ დაარეგისტრირეს, არ დასცალდათ. ახლა კი, თუ შანსი მიეცათ,  კონსტიტუციაში არსებულ ჩანაწერს, რომ ოჯახი არის მამაკაცისა და ქალის ერთობა, დისკრიმინაციულად გამოაცხადებენ და მშობლებსაც დანომრავენ – „მშობელი #1“ და „მშობელი #2“, არანაირი დედა და მამა. ასეთი დანომვრა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში უკვე არსებობს და, როგორც ამბობენ, ყველა ბედნიერია, თუმცა ძალიან გვეეჭვება, ბედნიერი იყვნენ ის ბავშვები, რომლებიც დილით იღვიძებენ და შინ დედა და დედა ან მამა და მამა ხვდებათ. ეს მაშინ, როცა მათ კლასელებს, თანატოლებს დედ-მამა ჰყავთ.

ლუქსემბურგის პრემიერის ცოლი ( მეორე რიგში მარცხნიდან პირველი)  ევროპის წამყვანი ქვეყნების ლიდერთა ცოლებს შორის

ნამდვილად ვერ გეტყვით, რა იქნება ხვალ, რადგან მსოფლიოში მოვლენები ძალიან სწრაფად იცვლება. აჩქარდა მსოფლიო და აჩქარდა იმაზე მეტად, ვიდრე საჭიროა. თუმცა, ფაქტია, რომ დასავლეთს გადამწყვეტი შტურმი აქვს მიტანილი საქართველოს ხელისუფლებაზე და დღევანდელი ლიდერებიც თავს უკვე ყველანაირად იცავენ. ამ გადამწყვეტ შტურმსა თუ შტორმში გადარჩენა მათთვისაც და ქვეყნისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა თუ გადავრჩით, შესაძლოა, დასავლეთმა  ხელი აიღოს საქართველოზე, ხელი ჩაიქნიოს და თქვას, რომ ჩვენ „არაფერი გვეშველება“, თუმცა აუცილებლად ექნებათ არეულობის მცდელობა, თუნდაც იმიტომ, რომ ქართულ არასამთავრობოებში და წინა ხელისუფლებაში ჩადებული მილიარდობით დოლარი არ შეგვარჩინონ და ბოლომდე ამოიღონ. ეს იქნება სასჯელი იმისა, რაც აქამდე მიგვიღია და აკი კელი დეგნანმა უკვე დაგვამადლა კიდეც, საქართველოში 6 მილიარდი აქვს ამერიკას დახარჯულიო. საინტერესო ის არის, ამ 6 მილიარდიდან რიგით ადამიანებამდე რამდენი მივიდა. ამის ნახევარი მაინც ევროკავშირის ქვეყნებს ექნებათ დახარჯული  მხოლოდ ერთი მიზნისთვის – საქართველო იყოს ისეთი ქვეყანა, რომელიც სრულად დაემონება არათუ დასავლეთს, არამედ დასავლეთში არსებულ ლიბერალურ ფრთას და ლიბერალებისთვის აქ სასათბურე პირობები იქნება. არადა, ლიბერალიზმს იმავე დასავლეთში გამოუჩნდნენ სერიოზული მოწინააღმდეგეები და ამის ყველაზე ნათელი გამოვლინება დონალდ ტრამპი იყო, რომელიც ჯიუტად იმეორებდა, რომ მამაკაცის მეორე ნახევარი მხოლოდ ქალი უნდა იყოს და პირიქით. ტრამპი ამ სლოგანით აპირებდა არჩევნების მოგებას, მაგრამ მას უკვე მიანიშნეს, რომ, თუ არ გაჩერდებოდა, პრეზიდენტის სავარძლის ნაცვლად, შესაძლოა, თავი ციხეში ამოეყო. ჰოდა, ვინც თავისიანებს  არ ინდობს, ჩვენ  დაგვინდობს?!

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here