Home ახალი ამბები Human Rights Watch: 2017 წელს საქართველო არც თუ ისე პროგრესული იყო ადამიანის...

Human Rights Watch: 2017 წელს საქართველო არც თუ ისე პროგრესული იყო ადამიანის უფლებების კუთხით

1361

ერთ-ერთმა ცნობილმა და გავლენიანმა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Human Rights Watch-მა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა.

Human Rights Watch-ის 2018 წლის ანგარიშს „პოპულიზმის საფრთხის წინააღმდეგ“ ჰქვია.

ორგანიზაციის ანგარიშის  მიხედვით  2017 წელი საქართველოში არც თუ ისე პროგრესული იყო ადამიანის უფლებების კუთხით.

“მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ შეცვალა კონსტიტუცია და ქვეყანა საპარლამენტო რესპუბლიკად გადააქცია ისე, რომ ამ საკითხების განხილვისას საზოგადოებრივი კონსენსუსისთვის არ მიუღწევია. საქართველოს კვლავინდებურად არ გააჩნია დამოუკიდებელი, ეფექტიანი მექანიზმი სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად. 2016 წლის ნოემბრიდან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სულ მცირე 20 საჩივარი მიიღო, სადაც სამართალდამცავთა მხრიდან არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაზეა საუბარი”,- აღნიშნულია ანგარიშში.

უფლებადამცველების ანგარიშში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეც მოხვდა, სადაც ვკითხულობთ, რომ “ჟურნალისტი აფგან მუხტარლი, რომელიც აზერბაიჯანში დევნის მსხვერპლი იყო და საქართველოს აფარებდა თავს, ამბობს, რომ ის 2017 წლის მაისში, თბილისში, პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა დააკავეს, ცემეს და აზერბაიჯანულ მხარეს გადასცეს. გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს”.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველო განაგრძობს ნარკომომხმარებლების მიმართ „დასჯაზე ორიენტირებული“ პოლიტიკის გატარებას

“ნარკოდამოკიდებულებს კვლავინდებურად შეზღუდული აქვთ წვდომა ალტერნატიულ თერაპიასთან და ხშირად ნარკოდანაშაული ისჯება არაპროპორციულად ხანგრძლივი პატიმრობით, ძალიან მაღალი ჯარიმებით და სხვა უფლებების შეზღუდვით”, – აღნიშნულია ანგარიშში.

“2017 წლის მარტში პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც სპეცსამსახურებისთვის ხელმისაწვდომს ხდის მოქალაქეთა პირად მონაცემებს და მიმოწერას. მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონი პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს უარყოფითი პოზიციის მიუხედავად მიიღო.ახალი კონსტიტუციაში გაჩნდა ჩანაწერი, რომელიც განსაზღვრავს ოჯახს, როგორც „ქალსა და კაცს შორის კავშირს”. – უფლებადამცველები შიშობენ, რომ ამგვარი ჩანაწერი, საზოგადოებაში არსებულ ჰომოფობიურ განწყობებს კიდევ უფრო გაძლიერებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს საწარმოებში შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაუცველობისა და შრომითი კანონმდებლობის დარღვევის გამო 270 ადამიანი დაიღუპა.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია ყურადღებას უთმობს მედიის თავისუფლების საკითხს და განიხილავს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი მენეჯმენტის გადაწყვეტილებებს პოლიტიკური თოქ-შოუების დახურვის შესახებ.

Human Rights Watch-ის 2018 წლის ანგარიში, სამხრეთ კავკასიის რეგიონის კიდევ ორ ქვეყანას ეხება. აღმოჩნდა, რომ  აზერბაიჯანს და სომხეთს ბევრი საერთო პრობლემა აქვთ, ისევე როგორც საქართველოს ადამიანის უფლებების კუთხით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here