Home ახალი ამბები საქართველო გლოვა და სიხარული

გლოვა და სიხარული

ამერიკელები ცდილობენ, საქართველოს სააკაშვილის ხელით გაუკეთონ ის, რაც უკრაინას ზელენსკის ხელით დამართეს

543
გლოვა და სიხარული

7 აგვისტო გლოვის დღეა საქართველოში. 3 აგვისტოს შოვში დატრიალებული სტიქიური კატასტროფის შედეგად დაღუპულებს ეთხოვება და გლოვობს ხალხი.

ხვალ 8 აგვისტოა – ცხინვალის ტრაგედიის მეთხუთმეტე წლისთავი.

6 აგვისტოს და 9 აგვისტოსაც გვახსენებს ეს თარიღები, 1945 წლის 6 და 9 აგვისტოს – იაპონურ ქალაქებზე ატომური თავდასხმის შავ თარიღებს; პირველ რიგში, იმით, რომ თარიღები თითქმის დაემთხვა ერთმანეთს, მაგრამ არამხოლოდ ამით.

რა კავშირია ამ მოვლენებს შორის? სად 78 წლის წინათ ჰიროსიმასა და ნაგასაკიში აშშ-ის მიერ ჩამოგდებული ატომური ბომბები, სად თხუთმეტი წლის წინანდელი ომი ცხინვალში და სად რამდენიმე დღის წინათ შოვში ჩამოსული მეწყერი? ერთი შეხედვით, თითქოს არაფერი, მაგრამ…

ჯერ მივუსამძიმროთ ჭირისუფლებს, მივუსამძიმროთ ერთმანეთს და პატიება ვთხოვოთ დაღუპულთა სულებს იმის გამო, რომ, როდესაც სიკვდილს უყურებდნენ თვალებში და შველას ითხოვდნენ, ვერაფრით დავეხმარეთ. დღეს მითუფრო არ შეგვიძლია არაფერი, გარდა გლოვისა და სინანულისა, გარდა დროშების დაშვებისა და თავის დადრეკისა

ბუნებამ არ იცის სენტიმენტები, მას არც სიბრალულის განცდა აქვს, არც გულმოწყალებისა და გულჩვილობის. ბუნება კანონებს ემორჩილება – ფიზიკის, ქიმიის, გეოლოგიის და ა.შ. იგი წონის, ინერციის, სიჩქარის, მიზიდულობის წესებით მოქმედებს. მის შესახებ ვერ იტყვი, რომ სასტიკია ან ლმობიერია, მკაცრია ან დამნდობია. იგი ისეთია, როგორიც არის, და სხვანაირი ვერ იქნება…

მიწისძვრით გამოწვეული ყველაზე დიდი რაოდენობა მსხვერპლისა აღინიშნა ჩინეთში 1556 წლის 23 იანვარს (830 000–ზე მეტი); ინდონეზიაში 2004 წლის 26 დეკემბერს (300 000-მდე); ჩინეთში 1920 წლის 16 დეკემბერს (273 000-ზე მეტი); რომის იმპერიააში (ანტიოქია) 115 წლის 13 დეკემბერს (260 000-ზე მეტი); ბიზანტიის იმპერიაში (ანტიოქია) 526 წლის 21 მაისს (250 000-ზე მეტი).

ეს ძალიან დიდი სიაა. გრძელია ცუნამების ისტორიის სიაც, რომლებსაც ათასები შეეწირნენ. ვინ მოთვლის ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობას, რომელიც, რა თქმა უნდა, დიდი რიცხვით იქნება გამოხატული, მაგრამ დააკვირდით განსხვავებულ მოვლენათა მასშტაბებსა და განზომილებებს. ყველაზე მასშტაბურ მიწისძვრას 830 000 ადამიანის სიცოცხლე თუ შეწირა, ყველაზე მასშტაბური ცუნამის მსხვერპლი თუ 36 ათასი იყო, პირველ მსოფლიო ომს დაახლოებით 22 მილიონი ადამიანის სიცოცხლე, მეორე მსოფლიო ომს კი დაახლოებით 80 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. შეადარეთ ერთმანეთს: სად მიწისძვრის მსხვერპლი 830 ათასი და სად ომის მსხვერპლი 80 მილიონი? ბუნება განუზომლად ძლიერია ადამიანზე, მაგრამ ბუნებრივი კატაკლიზმების მიერ ადამიანისთვის მიყენებული ზიანი ასჯერ და ათასჯერ ნაკლებია ადამიანის მიერ საკუთარი თავისთვის მიყენებულ ზიანზე. ამ თვალსაზრისს თუ გავყვებით, ბუნება გაცილებით ლმობიერია ადამიანების მიმართ, ვიდრე თვითონ ადამიანი საკუთარი თავის მიმართ.

ვიცი, ის შეკითხვა, ზემოთ რომ დავსვი, აქაც წამოტივტივდება: რა კავშირშია ეს ყველაფერი შოვის ტრაგედიასთან?

ცოტაც მოვითმინოთ.

1945 წლის 6 და 9 აგვისტოს ამერიკელებმა იაპონიის ორი ქალაქი - ჰიროსიმა და ნაგასაკი - პირწმინდად აღგავეს მიწისგან და 300 000-მდე ადამიანს სოდომ-გომორის ბიბლიური ჯოჯოხეთი მოუწყვეს
1945 წლის 6 და 9 აგვისტოს ამერიკელებმა იაპონიის ორი ქალაქი – ჰიროსიმა და ნაგასაკი – პირწმინდად აღგავეს მიწისგან და 300 000-მდე ადამიანს სოდომ-გომორის ბიბლიური ჯოჯოხეთი მოუწყვეს

მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების საერთო სამხედრო ბიუჯეტი ყოველწლიურად 2 ტრილიონ დოლარს აჭარბებს. ამ თანხის თითქმის ნახევარი აშშ-ზე მოდის, მაგრამ ამჯერად ამას თავი დავანებოთ. კაცობრიობა ომებზე ფიქრს რომ შეწყვეტდეს და ამ კოლოსალურ თანხებს ადამიანური მოღვაწეობის სფეროების ეკოსისტემებთან ჰარმონიზებას მოახმარდეს, მეცნიერების განვითარებისა და საზოგადოებრივი ყოფიერების გაუმჯობესებაში დახარჯავდეს, ადამიანის სიცოცხლის უსაფრთხოების მიმართულებით კოლოსალურ შედეგებს მიაღწევდა, მაგრამ, სამწუხაროდ, როგორც ბუნებას არ შეუძლია არსებობა მიწისძვრების, ცუნამების, წყალდიდობებისა და მეწყერების გარეშე, არც ადამიანებს შეუძლიათ ცხოვრება დანაშაულის, პროვოკაციის, ჯაშუშობის, ძირგამომთხრელი საქმიანობისა და ომის გარეშე. კაცობრიობის ისტორია, რა თქმა უნდა, განვითარების ისტორიაცაა, ფილოსოფიის, მეცნიერებისა და ხელოვნების ისტორიაცაა, მაგრამ, ძირითადად, ომების ისტორიაა – დიდი, გაუთავებელი, გლობალური ომების ისტორია. კაცობრიობა ორჯერ შევიდა იმ ჯოჯოხეთში, რომელსაც მსოფლიო ომი ჰქვია და ეს, სულ რაღაც, ოცი წლის (!) ინტერვალით გააკეთა, ანუ ისტორიის საშინელი გაკვეთილი არათუ შემაკავებელ ფაქტორად არ გამოადგა, პირიქით, უფრო მასშტაბური და გაცილებით სისხლისმღვრელი ახალი მსოფლიო ომის სტიმულად ექცა. უსასტიკესმა მეორე მსოფლიო ომმა, რომელმაც 80 მლნმდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, რამე ასწავლა კაცობრიობას, გარდა იმისა, რომ თვით ომის მსვლელობის პროცესში მასობრივი განადგურების ისეთ საშინელ მონსტრზე ემუშავა, როგორიც არის ბირთვული იარაღი?! 1945 წლის 6 და 9 აგვისტოს, ანუ იმ დროს, როდესაც 80 მილიონი ადამიანი უკვე დასამარებული ან დამწვარდაფერფლილი იყო, ამერიკელებმა სწორედ ეს ახალშექმნილი უსაშინლესი იარაღი გამოსცადეს უდანაშაულო ქალაქების უდანაშაულო მოსახლეობაზე. მათ იაპონური ორი ქალაქი (ჰიროსიმა და ნაგასაკი) პირწმინდად აღგავეს მიწისგან და 300 000-მდე ადამიანს სოდომ-გომორის ბიბლიური ჯოჯოხეთი მოუწყვეს. ამდენი უბედურებაგამოვლილი კაცობრიობა დღესაც მესამე მსოფლიო ომის მიმართულებით მიექანება და ისევე არ შეუძლია შეჩერება, როგორც შოვში უზარმაზარ მთას მოწყვეტილ მეწყერსა და ღვარცოფს არ შეეძლო, როდესაც იგი უდანაშაულო და უმწეო ადამიანების თავზე გამანადგურებელი ძალით ეშვებოდა.

კაცობრიობას, მართალია, გეზი მუდმივად ამ არასწორი მიმართულებით უჭირავს, მაგრამ ეს არ უნდა გავიგოთ ისე, რომ თითქოს რამდენიმემილიარდიანი მასა საკუთარი სურვილით იქცევა ასე. არა, ყოფელთვის არიან მსოფლიო მნიშვნელობის გავლენიანი ძალები, რომლებიც ამ პროცესების ინსპირირებას ახდენენ და ამაში საკუთარ ინტერესებს დებენ. მათ თავიანთი ბოროტი მოციქულები ჰყავთ ყველაზე მგრნობიარე რეგიონებსა თუ სახელმწიფოებში, რომლებიც დეტონატორის ფუნქციას ასრულებენ. ამ ძალების დღევანდელი თაობის ერთ-ერთი მოციქული ზელენსკია, რომელიც უკრაინაში ჰყავთ გამწესებული. მეორე მოციქულია სააკაშვილი, რომელიც საქართველოში ჰყავდათ და ჰყავთ კიდეც. შეიძლება ითქვას, რომ იგი ბოლომდე ჩაფლავდა, მაგრამ, რადგან შემცვლელი ვერ მოუძებნეს, პოლიტიკური სუნთქვის ხელოვნურ აპარატზე ჰყავთ მიერთებული და ჯერ კიდევ აცოცხლებენ იმ იმედით, რომ რამეში გამოადგებათ. სწორედ ამ პოლიტიკური მძორის ბინძური საცეცები არიან ის არამზადები, მომხდარი ტრაგედიის გამო საქართველოს გლოვას რომ არ აცლიან და თითოეული ცხედრის უკან მათ მხარეს გადაბირებულ საარჩევნო ხმებს ითვლიან. ისინი მით უფრო ხარობენ, რაც მეტად იზრდება მსხვერპლი და, რაც მეტ მასშტაბს იძენს ტრაგედია, რადგან ეს მათ მეტი აურზაურის, მეტი ალიაქოთისა და მეტი წივილკივილის საშუალებას აძლევს. რაც უფრო მეტ ცოფსა და დუჟს ანთხევენ ტელეეკრანებიდან, მით უფრო მეტი მომხრე შეიძლება გამოჩნდეთ უვიცთა, გაბრიყვებულთა და ფეხის ხმას აყოლილთა სახით. ესაა მათი უკანასკნელი იმედი.

ვინ ამბობს, რომ ხელისუფლება არ ვაკრიტიკოთ, მათ შეცდომებს წავუყრუოთ და მაამებლური პოლიტიკა გავატაროთ, მაგრამ ის, რასაც ჩვენ ვუყურებთ და ვისმენთ, კრიტიკაა? ვინ თქვა, რომ სატანის როკვა კეთილგანწყობის მაჩვენებელია?! ვინ თქვა, რომ ეშმაკის მანჭვა-გრეხა სიყვარულის გამოხატულებაა?! ვინ თქვა, რომ დემონის ხარხარი სიკეთის მომასწავებელია?! არა, ბატონებო, ეს დივერსიული საქმიანობაა, ცნობიერების მომწამვლელი მუშაობაა, ტვინების რეცხვის ორგანიზებული კამპანიაა, იმ დიდი საერთაშორისო მოძრაობის შემადგენელი ნაწილია, რომელიც რუსოფობიის გაღვივების გზით გლობალური დაპირისპირების პროვოცირებისკენაა მიმართული. ეს მეორე მსოფლიო ომის გაგრძელებაა, რომელიც არც რაიხსტაგზე საბჭოთა დროშის აღმართვით დასრულებულა, არც ნიურნბერგის ისტორიული პროცესით და, ასე განსაჯეთ, არც ახალი მსოფლიო წესრიგით, რომელმაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და უშიშროების საბჭოს ჩამოყალიბებით თითქოს წერტილი დაუსვა არამხოლოდ მსოფლიო ბატონობისკენ დასავლეთის აღვირახსნილ სწრაფვას, არამედ საერთაშორისო ქაოსსა და ძალმომრეობასაც. არა, როგორც შემდეგ გაირკვა, ყველაფერმა ამან კი არ დაასრულა, მხოლოდ დროებით შეაჩერა მეორე მსოფლიო ომი, რომელიც მაშინვე გადავიდა ე.წ. ცივი ომის ფაზაში. დღეს კი კვლავ ცხელი ომის ფაზას დაუბრუნდა, ოღონდ შეზღუდულ (უკრაინის) ტერიტორიაზე შეზღუდული სამხედრო არსენალით. ომის შეზღუდული ტერიტორიის გაფართოებას ცდილობენ საქართველოში. რასაც აქ გაჰყვირიან და რა პროვოკაციებსაც აქ აწყობენ (დაწყებული დასავლეთის “მეხუთე კოლონისათვის” ფინანსური კონტროლის კანონის მიღების წინააღმდეგ გაჩაღებული ძალადობრივი კამპანიით და დამთავრებული შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებული სპეკულაციებით), ყველაფერი სწორედ იმ კონკრეტულ მიზანს ემსახურება, რომელსაც რუსეთის წინააღმდეგ ომში საქართველოს ჩათრევა ჰქვია.

საქართველოში მოქმედებს დასავლეთისმეხუთე კოლონა“, რომელსაც ოთხი ძირითადი განშტოება აქვს: ომის პარტია; პროვოკატორდივერსანტთა კარგად გაწვრთნილი ჯგუფი; მეძავ ჟურნალისტთა კოჰორტა; ტროლებისა და ბოტების ქარხანა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ძალის სათავეში მოსვლას ბევრი ახალგამომცხვარი და ვერშემდგარი ლიდერი შეეცადა, სააკაშვილი, ეს პოლიტიკური მძორი, ჯერჯერობით ვერავინ ჩაანაცვლა, ამიტომ ამერიკელები მას ვერ ელევიან და ცდილობენ, საქართველოს სწორედ სააკაშვილის ხელით გაუკეთონ ის, რაც უკრაინას ზელენსკის ხელით მოწიეს. , რასაც ახლა ზელენსკი უკრაინაში აკეთებს, სააკაშვილმა საქართველოში თხუთმეტი წლის წინათ სცადა, მაგრამ მეორე დღესვე გორში მიწაზე ფორთხვა დაიწყო და გაჭიანურებული ომის ამერიკული გეგმა ჩააფლავა. მიუხედავად ამისა, სააკაშვილი ჯერ კიდევ არ ჩამოუწერიათ. ამ ორი საერთაშორისო ავანტიურისტის უკან მსოფლიოზე უზარმაზარი გავლენის მქონე საერთაშორისო ძალა დგას. ამ ძალასთან დაპირისპირებას ვერავინ ბედავს, გარდა რუსეთისა, ჩინეთისა, ჩრდილოეთ კორეისა, ირანისა და კიდევ რამდენიმე სახელმწიფოსი, რომლებსაც უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვთ. დღეს უკრაინაშიც კი, რომელიც გაანადგურა აშშის უვერაგესმა პოლიტიკამ, არ არსებობს ძალა, რომელიც ხმამაღლა გაბედავს იმის თქმას, რომ ამერიკელებმა უკრაინა ზელენსკის ხელით დაღუპეს. ისევე, როგორც იაპონიაში არ არსებობს ძალა, რომელიც არამხოლოდ თაიგულებს მიიტანს მშვიდობიან ქალაქებსა და მოსახლეობაზე ბირთვული (ტერორისტული) თავდასხმის მსხვერპლთა ობელისკებთან, არამედ იმის თქმასაც გაბედავს, რომ ეს ამერიკელებმა გააკეთეს. ამაყი სამურაების შთამომავალი ხალხი, რომლებიც მეომრის ღირსების კოდექსს თაობიდან თაობებს გადასცემდნენ, დღეს ისე ჰყავთ დათრგუნვილი, რომ ბირთვული დაბომბვის მსხვერპლ წინაპრებს პატივს კი მიაგებენ, მაგრამ ამ საშინელი დანაშაულის ჩამდენ აგრესორ სახელმწიფოს შიშით ვერც ახსენებენ და ფეხქვეშ ეგებიან.

ამერიკული დომინანტის ამგვარი მოდელის დასანერგად ჰყავთ მათ “თავიანთი მეხუთე” კოლონა მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც. მათთვის შოვის ტრაგედია და ლგბტ პრაიდი ერთი და იგივე თემაა, თემა, რომელსაც ამერიკული ინტერესების გასატარებლად იყენებენ და მეტი არაფერი.

ჩვენ როდესაც გარედან ხელოვნურად თავსმოხვეულ და ჩვენთვის სრულიად მიუღებელ პროცესებს ვეწინააღმდეგებით, ისინი სწორედ იმ პროცესების სტიმულირებას ეწევიან; ჩვენ როდესაც მშვიდობიანი ცხოვრების გზებს ვეძებთ, ისინი ომის მიმართულებით მიგვათრევენ; ჩვენ როდესაც ჩვენს დაღუპულ თანამემამულეებს ვგლოვობთ, ისინი ხარობენ და ამ ტრაგედიას ვითარების დესტაბილიზაციისთვის იყენებენ. ჩვენი გლოვა მათი სიხარულია, ჩვენი სიხარული მათი გლოვაა! აი, ასეა გადაბმულგადაჯაჭვული ერთი შეხედვით ერთმანეთთან დაუკავშირებელი მოვლენები და პროცესები.

ამ სტატიის კითხვისას თქვენ, ალბათ, გზადაგზა შეკითხვები გიჩნდებოდათ, რა კავშირშია შოვის ტრაგედია და ჰიროსიმა-ნაგასაკის მშვიდობიან მოსახლეობაზე ბირთვული იერიშის მიტანის სამარცხვინო, მაგრამ აწ უკვე ხანდაზმული ისტორია, ან მსოფლიო ომებისა თუ საერთაშორისო წესრიგისა და სამართლის საკითხები, მაგრამ, ვფიქრობ, საბოლოოდ მაინც ჩაწვდებოდით იმ ლოგიკას, რომელმაც სრულიად განსხვავებული მოვლენების ერთ კონტექსტში განხილვისკენ მიბიძგა. ეს თუ მოვახერხე, ამ სტატიას მიზნისთვის მიუღწევია, თუ არადა, ბოდიშის მოხდის გარდა, არაფერი დამრჩენია.

ერთხელ კიდევ გამოვთქვამ ღრმა წუხილს მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის გამო. მომავალში ღმერთმა აშოროს ჩვენს სამშობლოს გლოვისა და მწუხარების დღეები.

ვალერი კვარაცხელია
7 აგვისტო, 2023 წ.

1 COMMENT

  1. ბ-ნო ვალერი, თქვენი სამი წერილი წავიკითხე და სამივე გენიალურია. მიზნისთვის მიეღწიოთ მათ!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here