Home ახალი ამბები საქართველო გარყვნილების ფორმულა

გარყვნილების ფორმულა

ჟურნალისტები თუ... ხალხის მტრები?!

623

ტელევიზია ხალხზე ზეგავლენის  უმძლავრესი იარაღია, თანაც ძალიან საშიში იარაღი. რაში მდგომარეობს მისი ძლიერების საიდუმლო?

საქმე ის არის, რომ ტელევიზია ერთადერთი ფენომენია, რომელიც თავის თავში აერთიანებს ადამიანის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების ძირითად მექანიზმებს, ესენია: მსოფლშემეცნება,  მსოფლშეგრძნება,  საზოგადოებრივი აზრი. პირველს აყალიბებს მეცნიერული ინფორმაცია, მეორეს  მხატვრული ინფორმაცია, მესამესპუბლიცისტური ინფორმაცია. ტელევიზია კი ამ სამი სახის ინფორმაციის უპირველესი და ყველაზე მასობრივი (დიდტირაჟიანი) გამავრცელებელია.

სცადეთ, თავიანთი მასშტაბებით ტელეაუდიტორიას შეადაროთ კინოთეატრების ან პროფესორთა სალექციო აუდიტორიები და აღმოაჩენთ კოლოსალურ განსხვავებას ტელევიზიის სასარგებლოდ. პროფესორები, ბიბლიოთეკები და კინოთეატრები წელიწადის განმავლობაში ვერ შეძლებენ იმხელა  აუდიტორიის შეგროვებას, როგორსაც ტელეარხები ერთ დღეში უყრიან თავს. ტელევიზია ოცდაოთხი საათის განმავლობაში განუწყვეტლივ ურტყამს და აღიზიანებს ადამიანური შეგრძნებების იმ წერტილებს, რომლებიდანაც უშუალოდ მიმდინარეობს, ერთი მხრივ, ადამიანთა მსოფლმხედველობის ჩამოყალიბება, მეორე მხრივ კი – საზოგადოებრივი აზრის ფორმირება. პრობლემა  არის ის,  რა სახის და  ღირებულებისაა ის ინფორმაციული ნაკადი,   ყველა მიმართულებით რომ იფრქვევა ტელეეთერებიდან. უმთავრესად, ეს არის მდარე ხარისხის პროდუქცია, გაჯერებული იდეოლოგიური შტამპებით.

ამ არგუმენტის მოტანა არც იყო საჭირო, ისედაც ყველასთვის ნათელია ტელევიზიის განუზომელი გავლენა საზოგადოებაზე. ფაშისტების მთავარი იდეოლოგი იოზეფ გებელსი ამბობდა: “მომეცით მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და ნებისმიერ ხალხს ღორების კოლტად გადავაქცევ”. გებელსის პერიოდში ტელევიზიას, რა თქმა უნდა, არც ის შესაძლებლობები ჰქონდა და არც ის ხარისხი, როგორიც დღეს აქვს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მას ესმოდა საზოგადოებრივ ცნობიერებაზე ტელევიზიის (გაერთიანებული მედიის) გავლენის პოტენციური მასშტაბები.

ჩნდება შეკითხვა: ვის ხელში უნდა იყოს ადამიანთა ცნობიერებაზე ზემოქმედებისა და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების ეს უმძლავრესი იარაღი? ტელევიზია ახალგაზრდა მოვლენაა. მას ჯერ ასი წელიწადიც არ შესრულებია. შესაბამისად, გამოცდილებაც არ არის დიდი, მაგრამ მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის ეპოქაში ისტორიული დროის იმ მონაკვეთს,  ტელევიზია რომ არსებობს, მცირესაც ვერ უწოდებ. ისტორიამ გვაჩვენა, რომ ტელევიზია, შესაძლებელია, ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული პატრონის ხელში იყოს სახელმწიფოსა და კერძო მესაკუთრის. სოციალისტური სისტემის პირობებში ტელევიზია სახელმწიფოს ხელშია, კაპიტალისტური სისტემის პირობებში კი – კერძო მესაკუთრის. მართალია, რომ ორივე შემთხვევაში მის ფუნქციობას კანონი არეგულირებს, მაგრამ მათ შორის განსხვავება მაინც კოლოსალურია. სოციალიზმის პირობებში მოქმედ ტელევიზიას სახელმწიფოსადმი დაქვემდებარებულ ტელევიზიას  უწოდებენ, ხოლო კაპიტალიზმის პირობებში მოქმედ ტელევიზიას დამოუკიდებელს და თავისუფალს, რაც მტკნარი სიცრუეა. იმ შემთხვევაში, როდესაც კაპიტალზე ხარ დამოკიდებული, სახელმწიფოსგან დამოუკიდებლობა დამოუკიდებლობას არ ნიშნავს. თუ ჟურნალისტი ხელებში შეჰყურებს დამფინანსებელს, ანუ  ვინც მას კვებავს, რომელ დამოუკიდებლობასა და ობიექტურობაზე შეიძლება საუბარი?! ჯერ ერთი, რა სისულელეა იმისი გაფიქრებაც კი, რომ თუნდაც ფინანსური დამოუკიდებლობის შემთხვევაში ჟურნალისტი თავისუფალი იქნება  პოლიტიკური განწყობებისგან და უკანასკნელი ინსტანციის ჭეშმარიტებას იღაღადებს; მეორე, არც ის არის სწორი, როდესაც ფიქრობენ, რომ ჟურნალისტის დამოუკიდებლობა სახელმწიფოსგან დამოუკიდებლობით განისაზღვრება. იმ შემთხვევაში, როცა ტელევიზიის დამფინანსებელი თვითონ არის დამოკიდებული სახელმწიფოზე (ასეთი შემთხვევა უამრავია), მის მიერ დაქირავებული ჟურნალისტი როგორ იქნება სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი?!

მოკლედ რომ ვთქვა, ჟურნალისტის (მედიასაშუალების) დამოუკიდებლობის საკითხი ერთობ პირობითია და განსხვავებული სისტემების პირობებში განსხვავებულად წარმოჩნდება. ეს ერთი საკითხია. მეორე საკითხი ისაა,  სად მივყავართ ტელევიზიის თავისუფლების ბურჟუაზიულ გაგებას. სოციალიზმის ვითარებაში სიტყვის თავისუფლების გარკვეული შეზღუდვა თუ გვაშფოთებს, კაპიტალიზმის ვითარებაში შეიძლება სიტყვის აბსოლუტურმა შეუზღუდავობამ დაგვაფიქროს. სწორედ ეს მდგომარეობა თუ ჰქონდა მხედველობაში  მსოფლიოში ცნობილ პოლიტიკურ მოღვაწე შიმონ პერესს, როდესაც ამბობდა: ტელევიზიამ დიქტატურა შეუძლებლად, მაგრამ დემოკრატია აუტანლად აქცია“. დააკვირდით, რა ზუსტად არის ვითარება დაჭერილი და შეფასებული. ტელევიზია სიტყვის თავისუფლების წყალობით დიქტატურის ყოველგვარ მცდელობას საფუძვლებს ურყევს, რაც მისი კარგი მხარეა, მაგრამ იგივე სიტყვის თავისუფლება, როდესაც იგი შეუზღუდაობაში გადადის,  უკვე მისი  ცუდი მხარეა, რომელსაც შიმონ პერესი აუტანელს უწოდებს. ყველაფერ ამის სქემისა და ფორმულის სახით წარმოდგენა თითქმის შეუძლებელია, რადგან საკითხს უამრავი ასპექტი და სპეციფიკური მისადგომი აქვს,  ამიტომ ყველა ასპექტს ვერ შევეხები, მაგრამ ერთ-ერთი არსებითი მხარე არის ის, რომ ტელევიზია საზოგადოებაზე უარყოფით გავლენას ვერ მოახდენდა, თუ ამას საზოგადოება წინ  აღუდგებოდა, მაგრამ, როგორი საკვირველიც უნდა იყოს, საზოგადოებაზე ტელევიზიის უარყოფითი გავლენის უმთავრესი ხელშემწყობი თვითონ საზოგადოებაა. ტელევიზია კი არ ძალადობს საზოგადოებაზე და მის ცნობიერებაზე, პირიქით, ამ ცნობიერების სუსტ ტენდენციებს მოხერხებულად ერგება და მისი საეჭვო გემოვნებისა და, თუ შეიძლება ასე ითქვას, ცუდი ცნობისწადილის რეგისტრში ვარირებს, რითაც აუდიტორიას ზრდის და რეიტინგსაც იმაღლებს. ეს მისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ეს მას მეტი რეკლამის მოზიდვის პირობებს უქმნის და დიდი შემოსავლის წყაროს უჩენს. დააკვირდით, როგორ მსჯელობს კომპიუტერული ინდუსტრიის გიგანტი სტივ ჯობსი: „როდესაც ახალგაზრდა ხარ და ტელევიზორს უყურებ, ფიქრობ, ტელეკომპანიები გარიგდნენ, რომ ადამიანები გამოათაყვანონ, მაგრამ, წლების მატებასთან ერთად, თანდათანობით მოდის იმისი შეგნება, რომ ადამიანებს თვითონ სურთ ასე. ეს გაცილებით შემაშფოთებელია. შენ შეგეძლო დაგეხოცა მოძალადეები, მოგეწყო რევოლუცია, მაგრამ ხედავ, რომ არავითარი შეთქმულება არ არის, ტელეარხები აკმაყოფილებენ საზოგადოების მოთხოვნას. სამწუხაროდ, ეს სიმართლეა!”

ხედავთ, როგორ გართულდა საქმე? აქ არ შეიძლება არ გაგახსენდეს მარქსის ცნობილი ნათქვამი, რომ “ადამიანები თვითონ არიან საკუთარი დრამის ავტორებიც და აქტორებიც”. აქვე გვერდს ვერ ავუვლით ლენინის ცნობილ გამონათქვამს ჟურნალისტიკაზე: ვწეროთ ხალხისთვის გასაგებ ენაზე, არ ნიშნავს დავიდეთ მასის დონეზე. ეს ნიშნავს, რომ მასები ამოვიყვანოთ ჩვენს დონეზე“. მარქსიზმის კლასიკოსების ციტირება ახლა მოდური არ არის, მაგრამ ჩვენ ხომ სწორედ მარქსიზმის პრინციპებზე აგებული სახელმწიფოს პირობებში მოქმედ ჟურნალისტიკას ვადარებთ თანამედროვე ჟურნალისტკას. იქ სხვა პრინციპები მოქმედებდა, აქ სრულიად განსხვავებულ მიდგომებთან გვაქვს საქმე:

* იქ ამოცანა ხალხის აღზრდა იყო, აქ ამოცანა ხალხის გამოთაყვანებაა. “ტელევიზია ხალხს ეკუთვნის. ახია მათზე!” (მარია არბატოვა);

* იქ მიზანი ახალი (უკეთესი) ადამიანის ჩამოყალიბება იყო, აქ მიზანი ადამიანის გამოყენებაა მოგების მისაღებად. “რეიტინგს ჭკვიანების ხარჯზე ვერ შექმნი, აქ ყველაა საჭირო!” (მიხეილ ჟვანეცკი);

* იქ ტელევიზია ადამიანს განათლების მიღებაში ეხმარებოდა, მის ესთეტიკურ აღზრდას ემსახურებოდა, აქტელევიზია რყვნის ადამიანებს ეკრანის ორივე მხარეს” (კონსტანტინე მელიხანი);

* იქ ადამიანი და საზოგადოება ეკონტაქტებოდა ერთმანეთს, აქსულელი უყურებს და უსმენს სულელს” (პეტრე კაპულიანსკი);

* იქ ტელევიზია წარჩინებულ ადამიანებს წარმოუდგენდა საზოგადოებას, აქტელევიზია ცდილობს, კაცუნებისგან შექმნას დიდი ადამიანები” (ჟილბერ სესბრონი).

რაც შეეხება კომპიუტერის ეპოქას და ინტერნეტს, ეს უზარმაზარი თემაა, რომელიც ცალკე განხილვის საგანი უნდა იყოს.

ამ სტატიაში დავარღვევ ჟანრის ყოველგვარ სიმეტრიას, რადგან ის, რაც უკვე მოგახსენეთ, ვრცელი შესავალია იმ ძირითადი სათქმელისთვის, რომელსაც სულ რამდენიმე წინადადებაში ჩამოვაყალიბებ: ყაჩაღმა და ხაზინის ქურდმა, ვინმე კეზერაშვილმა, რომელიც რუსეთთან ომის დაწყებიდან რამდენიმე დღე  საქართველოდან გაიქცა, ხელს გააყოლა ქართული ჯარის ნაძარცვი უზარმაზარი თანხები,  ომლითაც საქართველოში პოლიტიკური და სატელევიზიო იმპერიები შექმნა, პარალელურად, ევროპაში პენსიონერების ფართომასშტაბიან ძარცვას მიჰყო ხელი. საქართველოში კი არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს ჟურნალისტებს უწოდებენ და ამ ავაზაკ კეზერაშვილისგან უზარმაზარ გასამრჯელოს იღებენ.  როდესაც კეზერაშვილს საფრთხე  დაემუქრა, თავისი წილების გარკვეული ნაწილის ჟურნალისტებისთვის გადაფორმების ვირეშმაკობა მოიფიქრა, რათა თავისი ბანდიტური ტელევიზია დახურვას გადაარჩინოს. მისი ჟურნალისტები კი აშკარა პროსტიტუციაზე მიდიან და კეზერაშვილის დანაშაულებრივი სქემების თანამონაწილეებად გვევლინებიან. ისინი კეზერაშვილის დანაშაულებრივი საქმიანობის მხილების შემდეგაც, ნაცვლად იმისა, რომ გაემიჯნონ, მასთან (ფულთან) რჩებიან და საკუთარი სულისა და სხეულის გაყიდვის სამარცხვინო პროცესს განაგრძობენ. ასე ჩვენ თვალწინ  ჩამოყალიბდა ტელეარხიფორმულა”  გარყვნილების ფორმულად.

ბურჟუაზიული ტელევიზიის ანტისაზოგადოებრივი როლი ჯერ კიდევ მეოცე საუკუნეში აღიარა და ამხილა აშშ-ის 37-ე პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა: “ტელევიზია თანამედროვე ფორმით, ესაა ოპიუმი ამერიკელი ხალხისთვის!” კიდევ უფრო შორს წავიდა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც ამერიკელ ჟურნალისტებს საჯაროდ პირში მიახალა: თქვენ ხალხის მტრები ხართ!”

ვალერი კვარაცხელია

1 COMMENT

  1. როგორც ყოველთვის საკითხი სწორად არის დაყენებული, ანალიზიც საუკეთესო, დასკვნები მკითხველმა გააკეთოს

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here