Home ახალი ამბები საქართველო გამოლენჩების ვირუსი

გამოლენჩების ვირუსი

იბრძოლეთ, იბრძოლეთ უკანასკნელ უკრაინელამდე!

399

მე ვფიქრობ, რომ ძლიერი ის არის, ვინც უყურებს ვითარებას, ფიქრობს ხალხზე და აქვს თეთრი დროშის აღმართვის გამბედაობა. როცა ხედავ, რომ საქმეები კარგად არ მიგდის და მარცხდები, უნდა გეყოს ძალა მოლაპარაკებისთვის”. – ეს რომის პაპის, ფრანცისკეს, სიტყვებია, რომლებიც მან ერთერთ ინტერვიუში უკრაინის შესახებ საუბრისას გამოიყენა. მოგვიანებით ფრანცისკეს ნათქვამზე კომენტარი გააკეთა ვატიკანის პრესსამსახურის წარმომადგენელმა მატეო ბრუნიმ: “პაპს არ უგულისხმია, რომ უკრაინამ კაპიტულაცია უნდა გამოაცხადოს. მან მოლაპარაკებებისკენ მიუთითა ორივე მხარეს, რაც კაპიტულაციას არ ნიშნავს”.

საინტერესოა, რატომ დასჭირდა რომის პაპის მიერ სრულიად ერთმნიშვნელოვნად ნათქვამ სიტყვებს ვატიკანის პრესსამსახურის ახსნა-განმარტება, თანაც ისეთი ბუნდოვანი, რომ მას უფრო სჭირდება დამატებითი კომენტარები, ვიდრე პაპის ნათქვამს. პაპმა თქვა, რომ უკრაინა მარცხდება და დროა, მან თეთრი ალამი გამოფინოს, ანუ კაპიტულაცია გამოაცხადოს. არავითარ ახსნაგანმარტება პაპის ამ სიტყვებს არ სჭირდებოდა, მაგრამ ვატიკანი აიძულეს, დამატებით განემარტა პაპის ეს პოზიცია.

საქმე ის არის, რომ პაპის ამ ნათქვამს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა:

„რომის პაპს ბალანსის დასაცავად მოუწევს, პუტინს მოუწოდოს,  ეყოს ვაჟკაცობა უკრაინიდან არმიის გასაყვანად. ასეთ შემთხვევაში მშვიდობა ყოველგვარი მოლაპარაკებების გარეშე დაისადგურებს” (პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიკორსკი).

„არ შეიძლება ბოროტების წინაშე კაპიტულაციის გამოცხადება. მას უნდა ებრძოლო და დაამარცხო იგი, რათა თავად აწიოს თეთრი დროშა და კაპიტულაცია გამოაცხადოს” (ლატვიის პრეზიდენტი რინკევიჩი).

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი კულება კი პაპის მოწოდებას მხატვრულად და ემოციურად გამოეხმაურა: „უკრაინის დროშა ლურჯ-ყვითელია, ჩვენ არ ვაპირებთ სხვა ფერის დროშის აღმართვას!”

აყაყანდა მთელი დასავლეთი. დაიწყო პაპის სიტყვების რევიზია. ფრანცისკე ლამის ჯვარს აცვეს ნათქვამის გამო, რომელიც არამხოლოდ ჭეშმარიტებას ასახავდა, არამედ უაზრო სისხლისღვრის შეწყვეტის კეთილშობილური მიზნით იყო მოტივირებული. დასავლეთის ყოვლად უმართებულო ამ საქციელს ერთადერთი ახსნა აქვს: უკრაინაში დასავლეთმა შექმნა დამნაშავე რეჟიმი, რომელიც მზად არის, უკრაინული სახელმწიფოც და უკრაინელი ხალხიც შესწიროს რუსეთის სიძულვილს (რუსოფობიას), ამიტომ დასავლეთი ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს იმისთვის, რომ უკრაინაში სისხლისღვრა არ შეწყდეს. სად ნახავს დასავლეთი სხვა თვითმკვლელ ხალხს ან სად მოახერხებს კიდევ ერთი ისეთი რეჟიმის ჩამოყალიბებას, როგორიც უკრაინაში ჩამოაყალიბა? მართალია, ჰქონდათ და დღემდე აქვთ მცდელობა, რომ უკრაინის პარალელურად საქართველოდანაც კიდევ ერთი ფრონტი გახსნან რუსეთის წინააღმდეგ; იციან, რომ სამმილიონიანი საქართველო რუსეთის წინააღმდეგ მნიშვნელოვან სამხედრო ფორპოსტს ვერ შექმნის, მაგრამ ისიც იციან, რომ ამ ფაქტს დიდი ინფორმაციული და იდეოლოგიური დატვირთა ექნება. რუსეთთან დაპირისპირების მთელი სამხედრო სიმძიმე, რა თქმა უნდა, უკრაინაზე მოდის, ამიტომ, როდესაც ვინმე (თუნდაც ეს რომის პაპი იყოს) ამ ომის შეჩერების ინიციატივით გამოდის, დასავლეთისთვის კატეგორიულად მიუღებელია. დასავლეთი უკრაინაში რუსეთთან ომს ისე აწარმოებს, რომ ამ საქმეში ფულისა და სამხედრო ტექნიკის გარდა არაფერი ეხარჯება. ცოცხალი ძალა (საზარბაზნე ხორცი) მთლიანად უკრაინულია. დასავლურ რუსოფობიას უკრაინელი ხალხი საკუთარი სისხლით ასაზრდოებს და საკუთარი სიცოცხლის დათმობით ასულდგმულებს. უკრაინული კოლექტიური სუიციდით დასავლეთში პოლიტიკური ორგაზმის მიღწევას ცდილობენ ისინი, ვისაც დიდი ხანია ეს ფიზიოლოგიური განცდა არ ჰქონია, ვინაიდან გაცვედნებისა და სქესის წაშლის ჟამი უდგათ უკვე. უღირდათ უკრაინელებს თვითშეწირვად დასავლური რუსოფობიის ეს ავადმყოფური ამოფრქვევა, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ ევროპა ქრონიკული ფობიებით დაავადებული ის კონტინენტია, რომელსაც ვირუსივით მოედება-ხოლმე ამა თუ იმ ხალხის გაჟლეტვის დაუოკებელი სურვილი? ევროპული ფობიების სამსხვერპლოზე საკუთარი თავის მიტანა გაცილებით უფრო დიდი ავადმყოფობის მწვავე სიმპტომი არ არის, ვიდრე თუნდაც ეს ევროპული და დასავლური ფობიებია?!

უკრაინული სუიციდი დასავლური ვირუსის რაღაც ახალი სახეობაა, რომელიც დაუნდობლად სპობს და აჩანაგებს ერს, ხალხს, სახელმწიფოს. ეს მეტისმეტად უცნაური ვირუსია იმ გაგებითაც, რომ მისი განკურნებისკენ მიმართული ყოველი მცდელობა შიგნიდან თუ გარედან ძირშივე აღიკვეთება, თანაც უსასტიკესი მეთოდებით. რამდენიც უნდა იყვირონ უკრაინაში,  რუსეთი თავს გვესხმის და ჩვენი პატრიოტული მისია ბრძოლის ველისკენ  გვიხმობსო, ფაქტია, რომ უკრაინა საკუთარ წიაღში წარმოშობილი და დასავლეთიდან ნაკვები ფაშიზმის მსხვერპლია. უკრაინა, რომელიც რვა ათეული წლის წინათ ევროპულ ფაშიზმთან ბრძოლის ავანგარდში იდგა და რომელმაც ზღვა სისხლი გაიღო საუკუნის უვერაგესი ბოროტების შესაჩერებლად, დღეს იმავე ბოროტების ბაირახტრად ქცეულა და გერმანულ ტანკებზე ამხედრებული უპირისპირდება ღვიძლ ძმას. ეს დასავლეთის პოლიტიკურ ლაბორატორიებში გამოყვანილი იმ ხელოვნური ვირუსის დამანგრეველი ზემოქმედების შედეგია, რომელთანაც ვერც ერთი აქამდე ცნობილი და შესწავლილი ბიოლოგიური ვირუსი თავისი სისასტიკითა და გავრცელების დიაპაზონით ახლოსაც ვერ მივა. ამ ვირუსმა საქართველოშიც შემოაღწია. დაწყებული იმ ბრიყვებით, რომლებიც უკრაინელი ფაშისტების მხარდამხარ იბრძვიან, და დამთავრებული ამ არამზადებით, რომლებიც საქართველოში უკრაინულ დროშებს დააფრიალებენ, ყველა ამ საშინელი ვირუსითაა დაავადებული – ხელოვნური დასავლური ვირუსით, რომელიც სიძულვილის, სისასტიკის, გარყვნილების, გაპირუტყვებისა და გასულელების მრავალკომპონენტიანი შტამისგან არის შეკოწიწებული და უმოკლეს დროში ადამიანებს ბაიდენის, შოლცის, მაკრონის, ზელენსკისა და სააკაშვილის მსგავს არსებებად აქცევს. ამ ვირუსისგან ვერანაირი პირბადე და ვაქცინა ვერ დაგიცავთ, ერთადერთი დამცავი მექანიზმი გონება და ზნეობაა. გონიერ და ზნეკეთილ ადამიანებს დასავლური ჭუჭყი ვერ ეკარება, მაგრამ საეჭვო განათლებისა და ზნეობის მოქალაქეები მისგან მოწყვლად სოციალურ ჯგუფს განეკუთვნებიან.

იმედია, რომ საქართველო ამ ვირუსის შემოტევას შედარებით მარტივად გადაიტანს, ვინაიდან უკვე დაავადებულთა ფსიქოლოგიურ-საზოგადოებრივ პორტრეტსა და პოლიტიკურ-სოციალურ მახასიათებლებზე დაკვირვება მარწმუნებს, რომ მათი რაოდენობა საგანგაშო ნიშნულს ვერანაირად ვერ მიუახლოვდება, რადგან, რამდენიც უნდა იხმაურონ და იყაყანონ, რამდენიც უნდა ანთხიონ შხამი და გესლი, ცოტაა საბრიყვეთი. უკრაინა კი, რაც უფრო მალე გამოფენს თეთრ ბაირაღებს და რაც უფრო მალე გაემიჯნება ფაშიზმს, რუსოფობიას, ნატოსკენ სწრაფვის დამანგრეველ სურვილსა და ამერიკელების მიერ სახელმწიფო გადატრიალების გზით მოთრეულ ხუნტას, მით უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლეს იხსნის განადგურებისგან, მაგრამ დარჩა კი უკრაინაში ვინმე, ვინც გამოლენჩების დასავლური ვირუსით არ არის დასნებოვნებული?!

ვალერი კვარაცხელია                                                                                         

P.S.გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერბიკმა მხარი დაუჭირა მისი ბრიტანელი კოლეგის, კემერონის, იდეას ლონდონის მიერ გერმანული რაკეტების („ტაურუსი”) შეძენისა და უკრაინელებისთვის ბრიტანული რაკეტების („ Storm Shadow”) გადაცემის შესახებ. ბერბოკის თქმით, ასეთი „წრიული გაცვლები შეიარაღებაში” ადრეც განუხორციელებიათ. თავის მხრივ, კემერონმა განაცხადა, რომ ლონდონი მზად არის, დაეხმაროს გერმანიას იმ პრობლემათა გადაჭრაში, რომლებიც ხელს უშლის მათ კიევისთვის „ტაურუსის” ტიპის რაკეტების მიწოდებაში.

ვის და რას შეუძლია დასავლეთის მიერ უკრაინელი ხალხის ასე ბარბაროსული გამოყენების შეჩერება? პაპის მოწოდება თეთრი დროშის აწევის შესახებ მათთვის მიუღებელია. მისაღები ბერბოკისა და კემერონის პოზიციაა. რას იზამ? ევროპელებს გენში აქვთ გლადიატორთა ბროლებითა და კორიდ სისხლიანი ბატალიებით ტკბობა. თუ უკრაინელებს ვინმე, შეიარაღების დეფიციტის კი არა, გონების დეფიციტის შევსებაში არ დაეხმარებ, ეს საცოდავი ხალხი იმ გლადიატორს დაემსგავსება, რომელსაც გამარჯვების შანსი არ აქვს, მაგრამ თეთრი დროშის აწევასაც არ ანებებენ, ყურში კი გამუდმებით ჩასძახიან:

იბრძოლეთ, იბრძოლეთ უკანასკნელ უკრაინელამდე!

ვ. კ.                                                                                                                             

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here