Home ახალი ამბები საქართველო ფსევდოლიბერალებს ეკლესია და ოჯახის სიწმინდე არაფერში სჭირდებათ

ფსევდოლიბერალებს ეკლესია და ოჯახის სიწმინდე არაფერში სჭირდებათ

დასავლეთის მიერ წაქეზებული ლგბტ თემის წარმომადგენლები აქამდე, უბრალოდ, დაცვას ითხოვდნენ სამართალდამცავებისგან, ახლა კი ყოველგვარი თხოვნის გარეშე, პირდაპირ ამბობენ, რომ შურს იძიებენ (მათი სიტყვებია) და არ გვაპატიებენ, თუ ქუჩაში ამაყად გავლის უფლებას არ მივცემთ

192
ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე

4-5 მაისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართა კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენცია, რომელზეც სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც.

„ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერმინისტრის პოსტს  2021 წლის თებერვლიდან იკავებს. მისი აზრით, საქართველოში არის კონსერვატიული საზოგადოება, რომელსაც აქვს ქრისტიანობაზე დაფუძნებული უნიკალური ღირებულებები. გენდერული პროპაგანდა არც საქართველოს ზოგავს, მაგრამ ღარიბაშვილი თვლის, რომ აქტივისტები და პოლიტიკოსები ვალდებულნი არიან, პატივი სცენ უმრავლესობის ნებას, ხოლო ქართველების უმრავლესობა უპირისპირდება  ლგბტ პროპაგანდას“, – ასე წარადგინა ღარიბაშვილი კონფერენციის ორგანიზატორმა „ფუნდამეტურ უფლებათა ცენტრმა“.

კონსერვატიული პოლიტიკური სამოქმედო კონფერენცია  1974  წლიდან ყოველწლიურად იმართება ამერიკაში  და მასში  დონალდ ტრამპიც მონაწილეობდა.  ბოლო ორი წელია, ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებები ევროპაში ტარდება და ეს მოძრაობა ბებერ კონტინენტზე აქტიურად ცდილობს ფეხის მოკიდებას. შარშან ანალოგიურ თავყრილობაზე უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა თავის ქვეყანას „კონსერვატიული და ქრისტიანული ღირებულებების უკანასკნელი ბასტიონი“ უწოდა, მაგრამ წელს აღიარეს, რომ საქართველოც მყარად დგას ამ ღირებულებების დაცვის სადარაჯოზე.

კონფერენციაზე ღარიბაშვილმა ისაუბრა ოჯახის სიწმინდეზე, ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ცნება ოჯახი  ქალისა და მამაკაცის ერთობად არის აღიარებული, რაც თავისთავად გამორიცხავს ერთი და იმავე სქესის  პირთა ქორწინების განხილვასაც კი. ამას  ბუდაპეშტში შეკრებილი საზოგადოება ტაშით შეხვდა. საქართველოს პრემიერს გამოსვლა ტაშით ყველაზე მეტჯერ (შვიდჯერ)  შეაწყვეტინეს.

სხვათა შორის,  2021 წლის ზაფხულში უნგრეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც არასრულწლოვნებში  ლგბტ პროპაგანდა აიკრძალა.  აკრძალვა შეეხო წიგნებს, ფილმებსა და სატელევიზიო შოუებს, რომლებიც შეიძლება მიჩნეული იყოს ქვიარ-ადამიანების მხარდამჭერად.  აკრძალვის მიზეზი შეიძლება გახდეს გენდერული იდენტობის მქონე პერსონაჟი  ან სულაც ცისარტყელის დროშის გამოსახულება. ეს კანონი დასავლეთში მკაცრად გააკრიტიკეს  და ის შეადარეს რუსეთის მიერ 2013 წელს მიღებულ კანონს, რომლითაც რუსეთში ათი წლის წინათ  „გეი პროპაგანდა“ ოფიციალურად აიკრძალა. ამის მიუხედავად, უნგრეთის პარლამენტმა მიღებული კანონი არ გააუქმა და ის დღემდე მოქმედებს. ისე, პარალელს თუ გავავლებთ, საქართველოში უცხოური გავლენის მქონე აგენტების შესახებ კანონიც  რუსულად მონათლა  დასავლეთმა და იმდენი მოახერხა, რომ ქუჩაში გამოსული ახალგაზრდების პროტესტის ფონზე ხელისუფლებამ კანონპროექტი გაიწვია. არადა, სწორედ ის კანონი იქნებოდა ლაკმუსის ქაღალდი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ოპოზიციური პარტიებისა და ტელევიზიებისთვის და სწორედ ამ კანონის მიღების  შემდეგ გამოჩნდებოდა, რეალურად ვის და საიდან მისდიოდა ფინანსები. მერე გაირკვეოდა, რომ საქართველოში პოლიტიკური თუ სამოქალაქო აქტივისტების მიმართულებით ფინანსებს სწორედ ამერიკა და ევროპა  ხარჯავენ და არა რუსეთი.

ისევ ღარიბაშვილის ვიზიტს დავუბრუნდეთ. ნამდვილად არ გვეგონა, ოპოზიცია და არასამთავრობოები ამ დონეზე თუ მოიქაჩლებდნენ თავს და ბოლომდე გაიშიფრებოდნენ, თუმცა მათაც უნდა გავუგოთ – მარტის აქციების შემდეგ, მას შემდეგ, რაც მარტის აქციების დროს მკვლელობის მცდელობასა და ავტომობილის დაწვაში ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისი დასავლელმა პარტნიორებმა გმირად შერაცხეს და მის გათავისუფლებას მოითხოვენ, იქიდან მართულმა ძალებმა ჩათვალეს, რომ ყველაფრის უფლება აქვთ.

„არ გამიკვირდება, რომ შემდეგი მოწვევა ღარიბაშვილმა ჩრდილოეთ კორეიდან მიიღოს“, -განაცხადა ნონა მამულაშვილმა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობისთვის იბრძოდა, მაგრამ ნაცების სუპერვარსკვლავ ლევან ხაბეიშვილთან დამარცხდა. „ეს კონფერენცია არის დემოკრატიული ღირებულებების, მათ შორის ადამიანის უფლებებისა და მოწყვლადი ჯგუფების დაცვის,  წინააღმდეგ მიმართული და ებრძვის გამოგონილ მტრებს. მაშინ, როცა საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აქტუალურ პრობლემად ასახელებს უმუშევრობას, სიღარიბესა და სხვა სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებს, „უმრავლესობის“ სახელით გამოგონილ  პრობლემებზე საუბარი არის პოპულიზმი“, –  აცხადებს „თბილისი პრაიდის“ თანადირექტორი (ასეთიც გვყოლია) მარიამ კვარაცხელია. მისი თქმით, ღარიბაშვილის განცხადებები საქართველოს ევროპული გზის საბოტაჟს ჰგავს.

კვარაცხელიას არც მისი კოლეგა, „თბილისი პრაიდის“ თანა თუ მეორე დირექტორი გიორგი თაბაგარი ჩამორჩა. „ამ კაცის ღირებულებები ყცველაზე კარგად  ასეთ საკითხებში ჩანს და საქართველოს ისტორიაში, ალბათ, ის არის ყველაზე შავბნელი პოლიტიკოსი. არავის არ მოსწონს ორბანი დასავლეთში და ერთადერთი ადამიანი, რომელთანაც ევროკავშირიდან აქტიური ურთიერთობა აქვს ღარიბაშვილს, სწორედ ვიქტორ ორბანია. ეს კარგად მეტყველებს მის ღირებულებებზე“,  – განაცხადა თაბაგარმა და დაიმუქრა კიდეც, – აბა, გაბედეთ და 17 მაისს პრტაიდის ჩატარება აგვიკრძალეთო. ჰო, აბა, გებედეთო. მუქარაზეა გადასული ლიბერალური ფრთა.  რონალდ რეიგანის ფრაზა  გავიხსენოთ: „თუ ოდესმე ფაშიზმი მოვა ამერიკაში, მას ლიბერალიზმის სახე ექნება“.  ლიბერალების მხრიდან ღია მუქრა ახალი ხილია. აქამდე ისინი, უბრალოდ, დაცვას ითხოვდნენ სამართალდამცავებისგან, ახლა კი ყოველგვარი თხოვნის გარეშე, პირდაპირ ამბობენ, რომ შურს იძიებენ (მათი სიტყვებია) და არ გვაპატიებენ იმას, თუ ქუჩაში ამაყად გავლის უფლებას არ მივცემთ ლგბტ თემს.

საინტერესოა, რომ ევროკავშირის წევრ უნგრეთს ასე აგდებულად მოიხსენიებენ ქართული ოპოზიციის ლიდერები და არასამთავრობოების ხელმძღვანელები. გვერწმუნეთ, ღარიბაშვილი გერმანიის ან საფრანგეთის ლიდერებმა რომ მიიწვიონ, სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა რომ მისცენ და მან იგივე გაიმეოროს, მაკრონსაც და შოლცსაც  რუსეთის მხარდამჭერებად და ჰომოფობებად მონათლავენ. პრაქტიკულად, ყველა არასამთავრობო და ე.წ.  ოპოზიციური პარტია  „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღიდან არის წამოსული და მათი ადრინდელი მიდგომა, „არ ხარ ჩვენს მხარეს –  ჩვენი მტერი ხარ“, ახლაც მუშაობს.  ისინი მტრად ნათლავენ ყველას, ვისაც კი მათი საწინააღმდეგო აზრი აქვს. ოჯახსა და რწმენას თუ იცავ, ე.ი. მათი მტერი და, რაც მთავარია, რუსეთის მომხრე ხარ. სააკაშვილის მმართველობის პერიოდში დაკავებული ჯაშუშებისა და ტერორისტების ოდენობა 9 წელზე რომ გაყვეს, გამოვიდა, რომ ნაციონალების ხელისუფლება ყოველ 25-ე დღეს ტერორისტულ აქტს გვაცილებდა თავიდან. ჰო, თურმე თვეში ერთხელ რუსეთი საქართველოში ტერორისტული აქტის მოწყობას ცდილობდა და ვერც ერთხელ ვერ მოახერხა, სააკაშვილმა ყველა გაანეიტრალა. ეს  სასაცილოც აღარ არის.

„საქართველო პატარა ქვეყანაა და ჩვენ არასდროს გვქონია პრეტენზია სუპერძალაზე, თუმცა ჩვენ გვაქვს ყველაზე დიდი ძალა და ეს არის ჩვენი რწმენა, ოჯახის ფასეულობები და ქრისტიანული ტრადიციები! საქართველოში ყოველთვის იქნება ასე: ქალს ერქმევა დედა, ხოლო მამაკაცს – მამა, ამ ერთობას კი – ოჯახი!“ – თქვა ღარიბაშვილმა უნგრეთში და სწორედ ამ სიტყვებზე აპელირებს ყველაზე მეტად დასავლეთი, ჰომოფობიური განცხადებააო. ხვდებით ხომ, რაზე გვიკრძალავენ საუბარს და როგორ ცდილობენ, ოჯახსა და დედ-მამაზე საუბარი ჰომოფობიად მონათლონ? ახალგაზრდებს ტვინს ურეცხავენ და ამზადებენ იმისთვის, რომ დედისა და მამის პატივისცემა, მათზე საუბარი „ტეხავს“; რომ არ შეიძლება ოჯახი ტრადიციული იყოს; რომ ჩვეულებრივი მოვლენაა ოჯახში ორი მამა და ორი დედა; რომ ბავშვის გაზრდა ყველას შეუძლია…

არც ისე  დიდი ხნის წინათ ჩატარებული IRI-ის კვლევები რომ აგვაფარეს სახეზე, მოსახლეობის 89%-ზე მეტს დასავლეთი და დასავლური ღირებულებები უნდაო, ხომ გახსოვთ?! ჰოდა, ამ 89%-ს ეუბნებიან, რომ დასავლური ღირებულებების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ ლიბერალური მიდგომებია, რომ მერე დედ-მამაზე საჯაროდ საუბარი, შესაძლოა, კანონით აკრძალონ; რომ ეკლესიაში სიარულიც კი სექტანტობად მოინათლოს და ქუჩაში პირჯვრის გადაწერისთვის ჯარიმა გამოგვიწერონ, რადგან ამით სხვების გრძნობებს შევურაცხვყოფთ. დასავლეთი ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად, პომპეზურად, პატივისცემითა და ფეხქვეშ ფიანდაზების გაგება-დაგებით  ლგბტ პრაიდის ჩატარებას რომ აყენებს, იმ 89%-მა იცის? ისე, რადგან IRI-ის გამოკითხვა ვახსენეთ, ისიც ვთქვათ, რომ  ეს ორგანიზაცია, წლებია, ჩვენთან კვლევის შედეგებს დებს და ჯერჯერობით არავის უთქვას, – მე მკითხეს რამეო. შედეგები ქვეყნდება, მაგრამ ვის ეკითხებიან, სად პოულობენ ამ ადამიანებს, არავინ იცის.

17 მაისი – ოჯახის სიწმინდის დღე –  ახლოსაა.  სწორედ ამ დღეს  აპირებს ე.წ. ქვიარ-თემი აგრესიულად გამოსვლას. ჰო, აგრესიულად და იმუქრებიან:  აბა, გაბედეთ და წინ დაგვიდექითო!  ხომ ცხადია, ოპოზიციური არხები პრაიდზე გამოსულებს თითო ოპერატორს გააყოლებს გადასაღებად და ჭიქაში ქარიშხლის დატრიალებას შეეცდებიან. არც ის გამორიცხოთ, რომ ევროპელი ელჩებიც მათთან ერთად ვიხილოთ  ქუჩაში და პოლიციას მოუწოდონ, –  ჩვენი უსაფრთხოება დაიცავითო. და იგივე ოპოზიციური არხები ერთ კადრსაც არ გვიჩვენებენ, თუ როგორ მიაბიჯებს ათიათასობით მორწმუნე იმავე დღეს ეკლესიაში ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად. რატომ? იმიტომ, რომ დასავლეთს ეკლესია და ოჯახის სიწმინდე არაფერში სჭირდება!

ლევან გაბაშვილი                                                                                      

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here