Home ახალი ამბები საქართველო ეშმაკის ცალი რქა და ცალი ჩლიქი

ეშმაკის ცალი რქა და ცალი ჩლიქი

უცნაური რეინკარნაციის საშიშროება კახპური ვიშვიშის ფონზე

925

წინასწარ ვხვდები, რომ ძალიან რთულ საქმეს მოვკიდე ხელი, მაგრამ

დედაჩემი თამარ გიორგის ასული ლუკავა 2012 წლის 24 მაისს გარდაიცვალა, თითქმის ოთხმოცდათორმეტს მიღწეული.  წლისთავისთვის მე (არაპროფესიონალ პოეტს) ორმოცდაათი ლექსი მქონდა დაწერილი. “ლექსებს აგინთებ  სანთლებად” – ასე დავარქვი პატარა კრებულს, რომელიც რუსთაველის პრემიის ლაურეატის, პროფესორ რეზო მიშველაძის რედაქტორობით დაისტამბა. ამ კრებულში შეტანილი ერთი ლექსი ასეთი სიტყვებით მთავრდება:

ყოველი შვილი ქრისტე არ არის,

ყოველი დედა ღვთისმშობელია!”

დამეთანხმებით, რომ შეუძლებელია,  ამ სიტყვების ავტორს, ბოლომდე თუ არა, მეტ-ნაკლებად მაინც არ ესმოდეს დედის გასაოცარი ფენომენი და დედაშვილობის მადლი. დედაშვილური სიყვარული ისეთი წმინდა (ღვთაებრივი) მოვლენაა, რომ მასთან ყველაფერი უკან იხევს და უნდა დაიხიოს კიდეც.  დედას ვერავინ აუკრძალავს თუნდაც ყველაზე ბოროტმოქმედი და ყველაზე ცოდვილი  შვილის სიყვარულს. დედაშვილობა ხელშეუხებელია.

და მაინც, მიუხედავად ამისა, აქვს თუ არა რამე საზღვარი დედის (მშობლის) სიყვარულს შვილის მიმართ? არის თუ არა იგი რაღაცით დეტერმინირებული და შემოსაზღვრული თუ აბსოლუტურად უკიდეგანოა მისი მეუფება? სახარებაში წერია: ვისაც მამა ან დედა ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი; და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი“. ამას მაცხოვარი გვეუბნება. ამ სწავლების მიხედვით, ღმერთზე მაღლა ვერც მშობელი დააყენებს შვილს და ვერც შვილი – მშობელს. გამოდის, რომ საზღვარი არსებობს. ეს ღმერთის საზღვარია. არსებობს უფრო ვიწრო საზღვრებიც. მაგალითად, სამშობლოს საზღვარი. სამშობლოს წინაშე ჩადენილი შეცდომის თუ დანაშაულის გამო ხევისბერმა გოჩამ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა შვილს – ონისეს  (ალექსანდრე ყაზბეგი). არსებობს ზნეობრივი საზღვარიც. მატეო ფალკონემ ათი წლის შვილი, ფორტუნატო, ადამიანის (დევნილის) გაცემის გამო საკუთარი ხელით დახვრიტა, თუმცა ატირებული ყმაწვილი ბევრს ეხვეწა, ნუ მომკლავო (პროსპერ მერიმე). საკითხის სულ სხვაგვარი გადაწყვეტაა “გამზრდელში”,  სადაც აღმზრდელმა ჰაჯი უსუბმა მის მიერ აღზრდილი საფარ ბეგის უზნეო საქციელის გამო თავი მოიკლა (აკაკი წერეთელი).

დედა-შვილობა და მამა-შვილობა უმაღლესი ღირებულებაა, მაგრამ ის არ არის აბსოლუტი, რომელიც ყველაფერს ფარავს. დედამაც უნდა იცოდეს და მამამაც, რომ შვილი შეიძლება ყოველთვის და ყველაფერში მართალი არ იყოს. სიმართლე და უცოდველობა სიყვარულით არ იზომება, სამართლით იზომება. დედას (მშობელს) თუნდაც დამნაშავე შვილის სიყვარულის (სიბრალულის, თანაგრძნობის) უფლებას ვერ  წავართმევთ, მაგრამ ეს სიყვარული მას შვილის დანაშაულის ჩამოწერის უფლებას დი  აძლევს.

სად, რომელ კატეგორიაში გავიყვანოთ მიხეილ  სააკაშვილის დედა გიული ალასანია და მისი საქციელი? ეს ქალბატონი დამნაშავე შვილის გამართლების უბადრუკი მცდელობით დედაშვილობის მადლს შეურაცხყოფს. არამართალი და დამნაშავე შვილის მდგომარეობით შეძრული დედა თანაგრძნობას იმსახურებს, მაგრამ არამართალი და დამნაშავე შვილის მხარდამჭერი დედა, რომელიც შვილის არასწორ საქციელს არ ინანიებს, უარყოფით ემოციებს იწვევს. ქალბატონი ალასანია მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენილი შვილის იმ დამწუხრებულ დედად კი არ გამოიყურება, რომელიც ჯერ შვილის მიერ ჩადენილი დანაშაულითაა შეძრული, მერე კი შვილის მდგომარეობით, არა, ეს ქალბატონი შვილის მიერ შექმნილ ფაშისტურ რეჟიმს მისტირის და იმ რეჟიმის დაბრუნების ხიბლშია, რომელმაც პირადად მას ათეულობით მილიონის უკანონოდ დაგროვების საშუალება მისცა. დანაშაულებრივი გზით ნაშოვნი ფულით ქირაობს იგი ათასი ჯურის დეპუტატლობისტებს, ადვოკატებსა და ჟურნალისტებს საქართველოშიც და დასავლეთშიც, რომლებიც ცრუ საერთაშორისო საზოგადოებრივი აზრის შექმნით არიან დაკავებულ, თანაც დააკვირდითარამხოლოდ სააკაშვილის გასათეთრებლად, არამედ საქართველოს გასაშავებლად.

ერთმა ცოდვილმა სულმა წამოაყრანტალა ამას წინათ, – გიული ალასანიაც ისევე ფიქრობს თავის შვილზე, როგორც სანდრო გირგვლიანის დედა ირინ ენუქიძეო.

ყოვლად უსინდისო შედარებაა:

* სანდრო გირგვლიანი მიხეილ სააკაშვილის სასტიკი რეჟიმის მსხვერპლი იყო, მიხეილ სააკაშვილი კი დამნაშავეა;

* შვილმოკლული დედა (ირინა ენუქიძე) სამართალს ეძებდა. დამნაშავე შვილის დედა (გიული ალასანია) კი მისი შვილის მიერ შექმნილი ბინძური რეჟიმის რეანიმაციის გზებს დაეძებს.

ხედავთ განსხვავებას?

ირინა ენუქიძე შვილის მკვლელობით გამწარებული დედა იყო, გიული ალასანია კი შვილის პრეზიდენტობის დაკარგვით გამწარებული დედაა.

ირინა ენუქიის გრძნობები სუფთა იყო და იგი ღვთისმშობელივით ამაღლდა, გიული ალასანიას გრძნობები კი მერკანტილურია და იგი დამნაშავე შვილს დაემსგავსა;

ირინა ენუქიძე შვილმკვდარი დედის სიმბოლოდ იქცა, გიული ალასანიამ კი მისი შეუფერებელი საქციელით დედის ფენომენი შელახა და დააკნინა. მის გონებას არასოდეს გაჰკარებია შეკითხვა: ეს რა შვილი გავზარდე? ქალბატონ გიულის მისი შვილის მიერ მოკლულ  შვილებზე არასოდეს უფიქრია;  არც ის მოსვლია აზრად, რომ მათ დედებზე ეფიქრა და მოყმის დედასავით ეთქვა:  “წავიდე, მეც იქ მივიდე, სამძიმარ ვუთხრა ჭირისა!”

არა და არა! ამ ქალბატონის გონება მხოლოდ ერთი მიმართულებით მუშაობს – ჩადენილი დანაშაულის გამო პასუხისმგებლობისგან როგორ დაიძვრინოს თავი მისმა შვილმა…

იქნებ არ ღირდა ამ თემაზე ყურადღების გამახვილება? ქალბატონი გიული დედაა და დედას იქნებ ამგვარი სისუსტეც მიეტევება? ვინმე ასეთ შეკითხვასაც დასვამს, ალბათ, მაგრამ საქართველოს ციდან შავი ღრუბელი ჯერ არ გადაყრილა. ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ბორგავს სატანა, რომელსაც უკრაინის მსგავსად აქაც საზარბაზნე ხორცის მომზადება და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დიდი სისხლის დაღვრა სწადია, რათა, ბოლოს და ბოლოს, ხერხემალში გადატეხონ ეს უზარმაზარი სახელმწიფო, რომელიც მსოფლიოზე გაბატონების მოსურნე ძალებს ძვალივით გაჩხერიათ ყელში, რის გამოც მის მიმართ სიძულვილი (რუსოფობია) დასავლური პოლიტიკისა და იდეოლოგიის უმთავრეს აღმძრავ მექანიზმად  უქცევიათ. ამიტომ ძალიან დიდი გულუბრყვილობა და, ასე განსაჯეთ, დანაშაულიც კი იქნება ქალბატონ გიული ალასანიას მიმართ სენტიმენტების გაშიშვლება, რადგან მისი შვილი, ადამიანი კი არა, ეშმაკის ცალი რქა და ცალი ჩლიქია. ეშმაკის მეორე რქა და მეორე ჩლიქი ზელენსკია, რომელმაც უკრაინელ ხალხს არანაკლები სისხლი და ცრემლი მოუტანა, ვიდრე გასულ საუკუნეში ჰიტლერმა და გერმანელმა ფაშისტებმა. ეშმაკის ამ ცალ-ცალ რქებსა და ჩლიქებს გაერთიანების გასაქანი თუ მიეცათ, დედამიწას ომის ქარცეცხლში გახვევენ. ზელენსკიმ ამიტომ შემოგვაფურთხა სახეში ქართველებს და იმიტომ ჰკრა წიხლი ჩვენს თანაგრძნობასა და თანადგომას, რომ ქართველი ხალხი მას უკრაინელებივით სძულს. იგი მისგან განცალკევებულ რქასა და ჩლიქს მისტირის, რადგან სატანა გაერთიანებისვის იბრძვის და ბორგავს, რათა, აღზევებულმა და გაძლიერებულმა, მეტი სისხლისა და ცრემლის მოტანა შეძლოს, ვიდრე ჯერჯერობით ახერხებს, ამიტომ  არანაირი კახპური ვიშვიში, ვისგანაც უნდა მოდიოდეს იგი, არ უნდა იქცეს ყურადღების მოდუნების საფუძვლად.

გემახსოვრებათ, უკრაინაში ხეიბრის ეტლიდან ეშმაკივით წამომხტარი იულია ტიმოშენკო, რომელიც იქამდე თავს იკატუნებდა, მაგრამ,  როგორც კი შესაფერისი ვითარება იგუმანა, იმავე წამს “გამოჯანმრთელდა” და “გამოცოცხლდა”. სისხლის სუნს როგორც კი იკრავს, ეს როსინანტივით ფერდებჩაცვენილი და ნეკნებგადმოყრილი სააკაშვილიც ეშმაკის ცალი რქის და ცალი ჩლიქისგან სრულ ეშმაკად გარდაისხება; დედამისი, რომელსაც სურს შვილის გამო დამწუხრებულ ღვთისმშობლის სახედ და ხატად წარმოგვიდგეს, ძუ აფთრად გადაიქცევა. დასავლურ-აღმოსავლური სპეცსამსახურების ღვიძლი შვილი (ბიძა თემურ ალასანია) კი მაკიაველის, რობესპიერის, ბისმარკის, ფუშეს და გებელსის რეინკარნაციად მოგვევლინება და უკრაინული სისხლიანი სპექტაკლის ქართული ვერსიაც დაიწყება.

რა ღმერთი, რა სამშობლო, რა ზნეობა, რა ტრადიციები, რა ოჯახი, რა ღირებულებები? რამე დარჩა ისეთი, ამ კაცს (მიხეილ სააკაშვილს) და ამ ოჯახს რომ არ წაებილწოს? სასწაულს სჩადიან, შეუძლებელს აკეთებენ. ისე გულისამრევად იქცევიან, რომ დედაშვილობის მადლსაც კი ჩრდილი მიაყენეს და ჩირქი მოსცხეს. მე, მაგალითად, ამათი შემხედვარე, თერთმეტი წლის წინათ დაწერილი იმ ჩემი პოეტური დებულების (“ყოველი შვილი ქრისტე არ არის, ყოველი დედა ღვთისმშობელია!”) რევიზიას ვიწყებ, რომელსაც მეტაფორულად, შესაძლებელია,  არც არაფერი უჭირს, მაგრამ შინაარსობრივად ვერანაირად ვერ იქნება ჭეშმარიტი: ისევე, როგორც რომელიმე შვილი ვერ იქნება ქრისტე, ვერც რომელიმე დედა ვერ იქნება ღვთისმშობელი. ერთადერთობა და მიუწვდომლობა მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხვედრია მხოლოდ. ამაშია მათი უზენაესობა. ყველა სხვა დანარჩენი ადამიანური ურთიერთობების სფეროა, რომელიც ზოგიერთს ცაში აჰყავს, ზოგიერთი კი ლაფში სვრის და მიწაში მარხავს.

ვალერი კვარაცხელია                                                                            

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here