Home ახალი ამბები საქართველო ეს გამოთქმები არ არის ქართული

ეს გამოთქმები არ არის ქართული

291

სამწუხაროდ, უცხო ენებიდან ამა თუ იმ ტექსტის გადმოქართულებისას მთარგმნელი ხშირად ნაკლებ ყურადღებას აქცევს იმას, თუ რამდენად გამართულია ქართულად მის მიერ თარგმნილი ესა თუ ის წინადადება და დაცულია თუ არა ქართული ენის მართლწერის წესები. საქმე უფრო რთულადაა, თუ სათარგმნი ტექსტიც ისეთივე ბედოვლათი ავტორის შემოქმედებაა, როგორი მთარგმნელიც ცდილობს ახლა ამ ნაცოდვილარის ქართველ მკითხველამდე მიტანას.

დაიმახსოვრეთ, ძვირფასებო, და გაითვალისწინეთ, რომ თქვენ მიერ ნათარგმნი ტექსტის შინაარსი ორიგინალისგან შინაარსით არ უნდა განსხვავდებოდესქართულად აზრის უკეთ გადმოსაცემად კი ქართული ენის მართლწერის წესებს თუ დაიცავთ, თქვენს ნათარგმნს ამით არა დააკლდება რა, პირიქით.

მაშ ასე:

* „გლობალური დაძაბულობის ფონზე გაეროს ხელმძღვანელი გამოდის გაფრთხილებით ატომური განადგურების თაობაზე _ ამ სათაურით მოწოდებული ინფორმაცია კარგს რომ არაფერს გვაუწყებს, ფაქტია. მით უფრო, რომ ავტორი გვაფრთხილებს, _ მზარდი გეოპოლიტიკური დაძაბულობის პირობებში პლანეტას მხოლოდ ერთი არასწორი გათვლა აშორებს ატომური განადგურებისგანო.

 ამ დროს რა ენის სიწმინდეზეა საუბარიო, იტყვის მავანი, თუმცა მაინც აჯობებდა, ამ ტექსტის მთარგმნელს სათაური გამართული ქართულით დაეწერა.

გამოდის გაფრთხილებითქართულად არც თქვათ და არც დაწეროთ, რადგან, თუ გამოსვლა შეიძლება გაფრთხილებით, მაშინ შესვლასაც და გასეირნებაც ვერაფერი დაუდგება წინ, ამიტომ დაანებეთ თავი ამ არაქართულ ფრაზებს და თქვით ქართულად:

 „გლობალური დაძაბულობის ფონზე გაეროს ხელმძღვანელი გვაფრთხილებს ატომური განადგურების თაობაზე“.

 აი კიდევ ერთი მაგალითი:

ევროპული კომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოდის გაფრთხილებით, რომ ევროპაყველაზე ცუდი სიტუაციისთვისუნდა მოემზადოს რუსეთის გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით.

* „მიუხედავად იმისა, რომ ხშირად არის დასავლეთისა და მისი ინსტიტუტებისგან რუსეთის იზოლაციის მცდელობები, თეირანში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, შეხვედრები მიუთითებს სხვა და გაცილებით შემაშფოთებელ ფაქტზე“.

იყო მცდელობები, არის მცდელობები _ რა უბედურებაა!

უნდა იყოს: დასავლეთი და მისი ინსტიტუტები ხშირად ცდილობენ რუსეთის იზოლაციას.

* „ხელისუფლების წარმომადგენლები უფრო ხისტი უნდა გახდნენ განცხადებებშიც და ქმედებებშიც“.

მთარგმნელს თუ დავუჯერებთ, ადამიანები უნდა გახდნენ ხისტი, როგორ, არ ვიცით, მაგრამ ის ვიცით, რომ მხოლოდ განცხადებებსა და ქმედებებშიო. ვერ მიხვდით, ხომ? ვერც მე მივხვდი, მაგრამ, ჩემი აზრით, თუ ინტუიციას ვენდობით, ავტორს აქ იმის თქმა სურდა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხისტი განცხადებები უნდა გააკეთონო და ხისტად იმოქმედონო.

 ახლა მოდი ვნახოთ, რას ნიშნავს ხისტი. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი გვეუბნება, რომ ხისტი იგივეა, რაც ხამი, ხეშეში, ხმელი; რომ ხისტი შეიძლება იყოს წყალი და ასეთი წყალი არის კირიანი, მარილებით მდიდარი. სხვა განმარტება ამ სიტყვისა ლექსიკონში არ წერია; არც ადამიანის სიხისტეზეა რაიმე მინიშნება და არც განცხადებაზე.

* „ამის მცდელობა ახლა აქვთ, როცა ხელისუფლების სათავეში არ არიან“.

ქართულად ასე ითქმის და იწერება: ამას ახლა ცდილობენ, როცა ხელისუფლების სათავეში არ არიან“.

* აი ფრაზები, რომლებიც ძალიან უყვართ მთარგმნელებს, მაგრამ კალკია და ქართულ ენაში მათი დამკვიდრება დიდი დანაშაულია:

სამუშაოდ აიყვანა

 თქვით და წერეთ:

სამუშაოდ მიიღოან: „სამუშაოდ წაიყვანა“!

მკვლელობაში ედება ბრალი

თქვით და დაწერეთ, რომ მკვლელობა ედება ბრალად“.

ლარი არის მიმოქცევაში

მიმოქცევაში კი არ არის, „მიმოიქცევა“!

გახსნილად ვიტყვი რა თქმაა და რა ქართულია?!

თქვი და დაწერე: გულწრფელად ანდა გულახდილად“.

დააგემოვნე!“ კი არა, გასინჯე“, „იგემე“,

მაგრამ ღვინო დააჭაჭაშნიკე“.

„დააგემოვნე“ ჟურნალისტების მიერ მოცოდვილებული უსუსური გამოთქმაა, რომელსაც ჩვენს სალიტერატურო ქართულთან არაფერი ესაქმება.

ნუ იტყვი: „ემიგრაციაში არის“–ო,

თქვი და დაწერე ასე: „ემიგრანტია“!

წესრიგში მოიყვანა ქაღალდები

მოაწესრიგა ქაღალდები არის ქართული!

წინააღმდეგობაში მოდის ქართული არ არის!

ქართულია:

ეწინააღმდეგება“!

აქვე გეტყვით იმასაც,  რომ ნუ დაივიწყებთ ე. წ. საერთაშორისო სიტყვების ქართულ შესატყვისებს:

კომპეტენტური (ლათ.) _ მცოდნე, აღჭურვილი, სრულუფლებიანი.

კომპაქტური (ლათ.) _ მჭიდრო, შეკუმშული.

კომპლიმენტი (ფრანგ.) _ ქათინაური.

პროფესია (ლათ.) _ ხელობა, საქმიანობა.

პროტექტორი (ლათ.)  მფარველი, დამხმარე.

პროტოტიპი (ლათ.) _ პირველსახე.

პუბლიკა (ლათ.) _ ხალხი, საზოგადოება.

რეალიზაცია (ლათ.) _ განხორციელება, გაყიდვა.

რეალური (ლათ.) _ ჭეშმარიტი, ნამდვილი.

რეზიუმე (ფრანგ.) _ დასკვნა, მოკლე შინაარსი.

რეზულტატი (ლათ.) _ შედეგი.

რეპლიკა (იტალ.) _ შეპასუხება, წამოძახილი.

რესტავრაცია (ლათ.) _ აღდგენა.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here