Home ახალი ამბები საქართველო ერთადერთი ბაზარი, რომელშიც ქართული პროდუქციის უდიდესი ნაწილი შეუფერხებლად იყიდება, რუსეთისაა

ერთადერთი ბაზარი, რომელშიც ქართული პროდუქციის უდიდესი ნაწილი შეუფერხებლად იყიდება, რუსეთისაა

რუსეთი არ არის საიმედო პარტნიორიო და 30 წელზე მეტია, პროდუქციის ძირითად ბაზრად რუსეთი რჩება? სად არის ლოგიკა? არსად, მაგრამ აქ მთავარი, ლოგიკა კი არა, დასავლეთია, რომელსაც ფრაზა - „რუსეთი საიმედო პარტნიორი არ არის“ - სულ უნდა ესმოდეს და საჭირო დროს მაღალი ტრიბუნიდან ამტკიცებდეს, - ქართველები რუსულ ბაზარს არ ენდობიანო

204
ერთადერთი ბაზარი, რომელშიც ქართული პროდუქციის უდიდესი ნაწილი შეუფერხებლად იყიდება, რუსეთისაა

ბოლო 30 წელიწადია საქართველო ჭარბი პროდუქციის უდიდეს ნაწილს რუსეთის ფედერაციაში ყიდის. მთავარი მიზეზი იმისა, რის გამოც რუსული ბაზარი ყველაზე მისაღებია, ქვეყნის სიახლოვის გარდა ისიც არის, რომ ქართულ პროდუქციას რუსეთში რეკლამა არ სჭირდება და მომხმარებელმა ზუსტად იცის, როცა ქართულ პროდუქტს ყიდულობას, რა მიაქვს შინ…

საქართველოში მოცვის მიმართ ინტერესი 2019 წლიდან გაჩნდა. იმხანად ეს კულტურა 50 ჰექტარზე დაითესა, შემდეგ მასშტაბი გაიზარდა და 2023 წელისთვის შავი მოცვის ჯამურმა ფართობმა 2000 ჰექტარს გადააჭარბა. შესაბამისად, გაიზარდა წარმოებაც და წელს 4 მლნ კგ მოცვი მოიწიეს ფერმერებმა. კგ-ის ფასი 6.1 დოლარი იყო, ანუ მოსავალი 24 მილიონ დოლარზე მეტად გაიყიდა. ყველაზე საინტერესოც სწორედ მოცვის გაყიდვის პროცესში და მის შემდეგ დაიწყო. ამ ბიზნესით არაერთი ცნობილი ადამიანია დაინტერესებული, მათ შორის, ვეტერანი ფეხბურთელებიც, სწორედ მათ მოახერხეს და ნიდერლანდების ბაზარზე შევიდნენ, რის შესახებაც ამაყად განაცხადეს. სხვა ბიზნესმენებმა თქვეს, რომ გერმანული ბაზარი აითვისეს, ვიღაცამ პოლონეთში გაყიდა მოცვი, მაგრამ არც ერთს, ვიმეორებთ – არც ერთს არ უთქვამს, რომ მოსავლის 90%-ზე მეტი რუსეთში გაიყიდა და გაიყიდა ზუსტად იმ ფასად, როგორიც ევროპაში იყო.

ანუ, 4 მლნ კგ-დან 3,6 მლნ კგ მოცვი რუსეთმა აითვისა, დანარჩენი 400 ათასი კგ – დანარჩენმა მსოფლიომ. პრინციპში, მსოფლიო ცოტა ხმამაღალი ნათქვამი გამოგვივიდა, ქართველი ფერმერები, ძირითადად, ევროპის ბაზარს ეტანებიან და დაახლოებით 25 ქვეყანაში გააქვთ აქაური პროდუქცია. რა გამოდის? – 25-მა ქვეყანამ იყიდა 400 ათასი კგ და გვიხარია, რუსეთმა იყიდა 3.6 მილიონი კგ და არაფერს ვამბობთ? რატომ, „გრეხია,“ ბატონებო“?

მოცვის ბიზნესი რომ მომგებიანია, არავინ მალავს და ვარაუდობენ, რომ 2027 წლისთვის საქართველოში მოცვის მოსავლის ოდენობა 25 მლნ კგ-მდე გაიზრდება. ამ ბიზნესში ჩართული ადამიანები მიწებს ყიდულობენ, ამუშავებენ, აღნიშნულ კულტურას ამრავლებენ. ჰექტარზე საშუალოდ 15 ტ მოცვი მოდის, რაც ჰექტარზე მოსავლიანობის მხრივ საქართველოს მსოფლიოში მეშვიდე ადგილზე აყენებს, ანუ, დალოცვილი მიწა რომ გვაქვს, კიდევ ერთხელ დადასტურდა. და კითხვა ფერმერებთან – 2027 წლისთვის 25 მლნ კგ მოცვს რომ ელოდებით, ვის და რის იმედად? სად უნდა გავიდეს ამ მოსავლის უდიდესი ნაწილი? სწორია – რუსეთში და რატომ არ ახსენებთ იმას, რომ ფართობების და, შესაბამისად, მოგების გაზრდას მხოლოდ ერთადერთი ქვეყნის იმედად აპირებთ? იმიტომ, რომ მერე ოპოზიციამ რუსეთუმეობა არ დაგწამოთ? თქვენ კი არა, ევროპა და ამერიკა, რომლებიც ყოველკვირა ახალ სანქციებს უწესებენ რუსებს, არ მალავენ, რომ სავაჭრო ურთიერთობის ბოლომდე გაწყვეტა ვერ მოახერხეს, რომ რუსეთში ყიდულობენ და ყიდიან ბევრ რამეს, რომ რუსეთიდან გამოსული კომპანიების უდიდესი ნაწილი უკან დაბრუნდა, რადგან გასული წელი, სწორედ რუსული ბაზრიდან გასვლის გამო, წაგებით დაასრულეს. როგორ გგონიათ, „კოკა კოლასა“ და „მერსედესს“ სულ ცალ ფეხზე არ ჰკიდიათ, რას იფიქრებს მასხარა ზელენსკი მათზე? ჯერ კიდევ როდის თქვეს, ფულს სუნი არ აქვსო და არ არის სირცხვილი იმის აღიარება, ვინ გაჭმევს და გასმევს, ვინ აფასებს შენს ნაშრომს, თორემ ავტომობილის საბარგულით 300 კილო მოცვს რომ ჩაიტან ამსტერდამში და მეგობრებს მიჰყიდი, მერე ბრიფინგზე გამოხვალ და, ნიდერლანდურ ბაზარს ვიპყრობო, იტყვი, ამ დროს კი შენი კომპანიის მიერ დაქირავებული ტრაილერები ლარსის გამშვებ პუნქტზე არიან მისული, ცოტა არ იყოს, უხერხულია. როგორ არ გავიხსენოთ, სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ვიღაც ბიზნესმენი რომ გამოიყვანეს, კამერების წინ დააყენეს და ამაყად თქვა: ატამი საუდის არაბეთში გავიტანე და ამ ბაზარს ავითვისებთო. მერე გაირკვა, ის ბიზნესმენი საუდის არაბეთში სტუმრად იყო, ორი ყუთი ატამი ჩაუტანა მეგობრებს და ამბავიც ამიტომ ატყდა – თურმე საუდის არაბეთის ბაზარს ვიპყრობთ, მაგრამ მერე დაპყრობა გადაიდო, რადგან იქ ოფიციალურად ქართული ატამი სავაჭრო ქსელში არ შესულა.

რადგან ატამი ვახსენეთ, ამ ხილს მივყვეთ. საქსტატის ცნობით, ბოლო 6 თვის განმავლობაში ახალი ატმის გაყიდვით, საქართველოს მოსახლეობამ 1,424 მლნ დოლარი მიიღო. გაყიდული ატმის ოდენობა 67%-ით გაიზარდა, ღირებულება – 107,2%-ით და თუ გახსოვთ. შარშან ომისა და მწირი მოსავლის გამო, რუსულ ბაზარზე ქართულ პროდუქტს შესვლა გაუჭირდა. წელს კი მოსავალიც დიდი იყო და თამამად მივაკითხეთ რუსეთს. 1,424 მლნ დოლარიდან 1,2 მლნ რუსულ ბაზარზე მოდის, 204 ათასი – სომხურზე, დანარჩენი 222 ათასი კი – სტრატეგიულ პარტნიორ ევროპაზე. სომხეთში ქართული ატმისა და ყურძნის გაყიდვა ცალკე პრობლემაა და ახლავე აგიხსნით რატომ. ჩვენმა მეზობელმა ყურძნისა და ატმის კულტურა ისე რომ ვერ გაახარა, როგორც სურდა, სეზონზე ჩვენგან ყიდულობს და მერე ზამთარში საქართველოში ყიდის. ჰო, სომხეთში სამაცივრე მეურნეობა განავითარეს, ახლა 204 ათას დოლარად ნაყიდ ატამს, ზამთარში, ყველაზე კარგ შემთხვევაში, 600 ათასად უკანვე მოგვყიდიან და რა გახდა ერთი დიდი სამაცივრეს შექმნა საქართველოში? ზუსტად იგივე ხდება ყურძნის შემთხვევაში და საახალწლოდ, სუფრაზე რომ ქართული ყურძენი გვაქვს, სწორედ სომხეთში გაყიდული და მერე უკან შესყიდული პროდუქტია. მაგალითად, შარშან, რქაწითელი შემოდგომაზე 80 თეთრი ღირდა, საახალწლოდ – 4-5 ლარი და კი ვამბობთ, დიდი სამაცივრე მეურნეობის მოწყობა მილიარდამდე ჯდებაო, მაგრამ ამ თანხის ამოღება, პირველ თუ არა, მეორე სეზონზე შეიძლება.

რადგან რუსული ბაზარი ვახსენეთ, ისიც ვთქვათ, როგორ მოვექეცით რუსულ ლაინერს, რომელიც ბათუმში შემოვიდა. გარემოვაჭრეები ფრჩხილებს იკვნეტდნენ სიმწრით, ამ ლაინერიდან 5 ათასამდე ტურისტი უნდა ჩამოსულიყო და თითო, სულ ცოტა, 10 დოლარს მაინც დახარჯავდა, მაგრამ რიგით ადამიანებზე ვინ ფიქრობს, როცა „ნაციონალები“ „დიდ პოლიტიკას“ აწვებიან. ოპოზიციას ისიც უხაროდა, ქართველებთან ერთად, რუსების შემოსვლას უკრაინელებიც აპროტესტებენო და გამოიყვანეს ორმეტრიანი მუტრუკები ღიმილიანი სახეებით. თუ ასე ძალიან გინდათ პროტესტი, ბატონებო, ბათუმის პლაჟიდან კი ნუ აპროტესტებთ, თქვენს ქვეყანაში დაბრუნდით და იქ გააპროტესტეთ, მაგრამ იქ საშიშია, აქ კი – მარტივი; ერთ ხელში მოხარშული სიმინდი, მეორეში პლაკატი, რომელზეც წარმოდგენა არ აქვთ, რა წერია, იქნიე და იყვირე. ისე, ტარო ფრთხილად იქნიეთ, ბატონებო, თქვენ წინ მდგარ ოპოზიციის ლიდერებს ცუდად არ მოარტყათ და მარცხი არ მოგივიდეთ…

რთველი გვიახლოვდება – ქართველთათვის საკულტო კულტურის კრეფას ერთ თვეში დაიწყებს მოსახლეობა და, იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს ყურძნის სუბსიდია( 20 თეთრით) , კახელები არ მალავენ, რომ მთავარ იმედად ისევ რუსეთი რჩება. არც ღვინის მწარმოებლები მალავენ, რომ მათი პროდუქციის ძირითადი ბაზარი ისევ რუსეთია, მაგრამ ეს ყველაფერი ხალხში ხდება, საკმარისია, ჟურნალისტმა დაუსვას კითხვა და მიკროფონი მიუშვიროს, მაშინვე იწყება საუბარი არარსებულ ევროპულ ბაზარზე, ათვისებულ ახალ ქვეყნებზე და მტკიცება იმისა, რომ რუსეთი ბაზრის მხრივ საიმედო პარტნიორი არ არის. და ეს მეორდება 30 წელზე მეტხანს. რუსეთი არ არის საიმედო პარტნიორიო და 30 წელზე მეტია, პროდუქციის ძირითად ბაზრად რუსეთი რჩება? სად არის ლოგიკა? არსად, მაგრამ აქ მთავარი ლოგიკა კი არა, დასავლეთია, რომელსაც ფრაზა – „რუსეთი საიმედო პარტნიორი არ არის“ მუდმივად უნდა ესმოდეს და საჭირო დროს მაღალი ტრიბუნიდან ამტკიცებდეს, – ქართველები რუსული ბაზარს არ ენდობიანო.

ციფრები არასდროს იტყუებიან და ეგებ იმ ბიზნესმენებმა, რომლებიც ევროპულ თუ ამერიკულ ბაზარზე ხმამაღლა საუბრობენ და მუდმივად იმედი აქვთ, რომ კედელს გაანგრევენ და ბებერ კონტინენტს დაიპყრობენ, ბოლო ათწლეულების მონაცემებს გადახედონ და დარწმუნდნენ, რომ ერთადერთი სტაბილური ბაზარი, რომელშიც ქართული პროდუქციის უდიდესი ნაწილი იყიდება, სწორედ რუსეთისაა. ათჯერ, ასჯერ ვცადეთ ევროპულ ბაზარზე შესვლა და მუდმივად კარი მოგვიხურეს. დემოკრატიის შუქურად აღიარებულმა სააკაშვილმაც კი ვერ მოახერხა, ევროპულ დახლებზე ქართული პროდუქცია დაემკვიდრებინა, მასაც კი არ მისცეს უფლება, ევროპულ ბაზარზე საქართველო პატარა მოთამაშე გამხდარიყო და ახლა ხომ საერთოდ გამორიცხულია, სადმე რამის გაკეთების შესაძლებლობა გვქონდეს. ისიც გაიხსენეთ ბიზნესმენებმა, რამდენჯერ მოხსენით ევროპული ბაზრიდან პროდუქცია და რუსეთში გაუშვით, რადგან იქ არ იყიდებოდა, რუსულ ბაზარზე კი მოთხოვნასა და მიწოდებას ვერ არეგულირებდით.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here