Home ახალი ამბები საქართველო დროშებად აფრიალებული პროვინციალიზმი

დროშებად აფრიალებული პროვინციალიზმი

433

დროშა, პირველ რიგში, სახელმწიფოებრივი თემაა, თუმცა არამხოლოდ. იგი პოლიტიკური თემაა, სახალხო თემაა და, აქედან გამომდინარე, პოეზიის თემაც არის. ზოგჯერ ის დროშა უფრო დროშობს, რომელიც ჯერ არ ჩანს, მაგრამ იმედის, რწმენის და მოლოდინის სახით არსებობს, ანუ სამომავლო დროშაა. გალაკტიონს ეგულებოდა ასეთი დროშა:

ვდგევარ კლდეზე და ვდარაჯობ

დროშებს, მრავალ ბრძოლანახულს,

დროშებს, მომავალისათვის

საიმედოდ გადანახულს“.

ყვარყვარესაც ეიმედებოდა გადანახული დროშები. გახსოვთ სცენა, როდესაც ეპოქის მიერ უარყოფილ დროშაზე თანაშემწე ყვარყვარეს ეკითხება:

– დავწვა?

ყვარყვარეს პასუხი გენიალურია:

– რა უნდა დაწვა, შე ცალტვინა, რა იცი, როდის დაგვჭირდება?!

გადანახული დროშა გალაკტიონისთვის თუ ქართული სულის გაბრწყინება, თავისუფლების სიმბოლო და პოეტური ფრთაშესხმაა, ყვარყვარესთვის მერკანტილური ვნებების დაკმაყოფილებისა და პოლიტიკური ვირეშმაკობის ინსტრუმენტია.

საქართველომ ისტორიულად იცის დროშის ფასი და მნიშვნელობა. სხვა თუ არაფერი, ცხრა ძმა ხერხეულიძისა და მათი დედის გმირობა მარაბდის ბრძოლაში დავიწყებას არასოდეს მიეცემა. მიუხედავად ამისა, როგორც ბოლო დროის მოვლენები გვიჩვენებს, დროშასთან (დროშებთან) დამოკიდებულებაში მაინცდამაინც მაღალ კულტურას, სამწუხაროდ, ვერ ვავლენთ.

“ეროვნული მოძრაობა” პირველი რესპუბლიკის დროშას აღიარებდა და იმ პერიოდში სწორედ სამფეროვანი დროშებით მოიფინა მთელი საქართველო. ხელისუფლების სათავეში  ზვიად გამსახურდიას მისვლის შემდეგ სამფეროვანი დროშა სახელმწიფო დროშად გამოცხადდა, რაც მოვლენათა განვითარების ლოგიკური შედეგი იყო, მაგრამ დროშის მიმართ  დიდი გაუგებრობა მაშინ წარმოიქმნა, როდესაც სააკაშვილმა ხუთჯვრიანი დროშებით სირბილი და სახელმწიფო ორგანოების შენობებზე მათი ძალადობრივი აღმართვა დაიწყო. “ვარდების რევოლუციად” წოდებული სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის” პარტიული დროშა სახელმწიფო დროშად გამოცხადდა. ჩნდება  შეკითხვა: სააკაშვილის მოსვლის შემდეგ საქართველოს  თუკი არ შეუცვლია იდეოლოგია და პოლიტიკური გეზი, რა აუცილებლობით იყო ნაკარნახები დამოუკიდებლობის სიმბოლოდ აღიარებული და სახელმწიფო დროშად დამტკიცებული სამფეროვანი დროშის შეცვლა? ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების მიერ სახელმწიფოს ძველი სიმბოლიკის შეცვლა და ახლის დამტკიცება სრულიად ლოგიკური იყო, ვინაიდან მოვიდა ეროვნული ხელისუფლება, ომლითაც დასრულდა საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის ისტორია და დაიწყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორია, მაგრამ რა დასრულდა და რა დაიწყო ხელისუფლებაში სააკაშვილისა დანაციონალური მოძრაობისმოსვლით? მას ხომ ახალი იდეოლოგია არ მოუტანია, რომელიც ძველს დაუპირისპირდებოდა? მან, ისევე როგორც შევარდნაძემ, აიტაცა “ეროვნული მოძრაობის” მიერ ნაქადაგები დამოუკიდებლობის იდეა და განვითარების დასავლური (ნატო, ევროკავშირი) მიმართულება. იდეოლოგიის თვალსაზრისით, არაფერი საკუთარი სააკაშვილს (სადისტურ რეჟიმს თუ არ ჩავთვლით) არ მოუტანია. მან მოაწყო სახელმწიფო გადატრიალება და ხელში ჩაიგდო ძალაუფლება, დანარჩენი ყველაფერი უცვლელად დატოვა. როგორც თვითონ აცხადებდა, იგი შევარდნაძის მმართველობის პერიოდში ხელისუფლებაში დანერგილ დანაშაულს (ხელისუფლების ბოროტად გამოყენებასა და კორუფციას) ებრძოდა, იდეოლოგიისა და საგარეო მიმართულებებისთვის კი ხელი არ უხლია. ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო სიმბოლიკა რატომ უნდა შეცვლილიყო? ახალი პრეზიდენტის არჩევამ (თუნდაც მის მოსვლას საფუძვლად ძალადობა და სახელმწიფო გადატრიალება ედოს),  რატომ უნდა გამოიწვიოს სახელმწიფო სიმბოლიკის შეცვლა, თუკი არაფერი იცვლება იდეოლოგიის თვალსაზრისით? ეს ხომ აბსურდია!

ეს საკითხის მხოლოდ ერთი მხარეა. დავანებოთ ახლა ამას თავი და თვითონ სიმბოლიკასთან (კერძოდ, დროშასთან) დამოკიდებულების კულტურა ვნახოთ. ყოველ მეორე ხეზე ჩამოკონწიალებული და ყოველ მესამე ბუჩქში ჩარჭობილი დროშა მის მიმართ მოწიწების განცდას აჩენს თუ მის გაუფერულებასა და დევალვაციას იწვევს? ამ საკითხს განხილვაც არ სჭირდება, ისედაც ნათელია. სახელმწიფო მნიშვნელობის შენობანაგებობებზე მოფრიალე დროშები ეროვნული სიამაყის საფუძველი თუ არის, საცხოვრებელი სახლების ყოველი აივნიდან გადმოფენილი, შელანძღული და ჭუჭყიანი დროშ მის მიმართ დამოკიდებულების კულტურის ნაკლებობაზე მეტყველებს (“ოდეს ტურფა გაიაფდეს, არა ღირდეს არცა ჩირად”, – რუსთაველი).

საკითხისგან ოდნავ გადავუხვევ. ყოველ მოსახვევსა და ყოველ სადარბაზოსთან აშენებული ეკლესია ღმერთთან საერთო სახალხო ზიარების ნიშანი არ არის, პირიქით, მის მიმართ მოწიწების ნაკლებობისა და ფარისევლური სულის გაბატონების ნიშანია.

* ეკლესია  არამხოლოდ რელიგიური, არამედ ისტორიული მნიშვნელობის ადგილიც უნდა იყოს!

* ეკლესია კი არ უნდა მოიტანო შენთან ფიზიკურად, შენ უნდა მიხვიდე მასთან ფიზიკურადაც და სულიერადაც!

* ეკლესიას, ღვთაებრივ მადლთან ერთად, სიძველის მადლიც უნდა მოსავდეს!

* ეკლესიიდან საუკუნეები უნდა შემოგცქეროდეს, ეკლესია დიდი წარსულით უნდა სუნთქავდეს, ეკლესია უზენაესთან ერთად შენი ერის ისტორიას უნდა შეგახსენებდეს და გაგრძნობინებდეს!

* ეკლესია დროთა განმავლობაში დაგროვებული ლოცვის იდუმალებით, უფლის მიმართ აღვლენილ საგალობელთა ხმებით და სანთელსაკმევლის სურნელით უნდა იყოს გაჟღენთილი!

* ეკლესიისკენ სავალი გზა,  შენ სიახლოვეს მისი ფიზიკური გადმოტანით კი არა, წინაპართა გზის ერთგულებით, ზნეობრივი სიმაღლით და უზენაესის მიმართ კრძალვით უნდა გაიიოლო!

* ეკლესიისკენ სავალი გზა უზენაესისთვის პატივის მისაგებად შინაგანი სულიერი ძალების მობილიზებისა და დიდი რიტუალის შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს!

დროშის პარალელურად, ეკლესიის თემა იმიტომ შემოვიტანე, რომ სახელმწიფო და ეკლესია ერის სული და ხორცია, რომლებიც ორგანიზაციულად ერთმანეთისგან გამიჯნულია, მაგრამ ცნობიერებისთვის ერთიანია. ქრისტეს ჯვარი თუ ერის სულიერების ზნეობრივი სიჯანსაღის სიმბოლოა, სახელმწიფო დროშა მისი ფიზიკური არსებობისა და ძლიერების გამომხატველია.

* სახელმწიფო და ეკლესია ერის ერთიანობაზე მოღაღადე ორი უმაღლესი ინსტიტუცია და სიწმინდეა, ორი სალოცავია, რომლეიც თითოეული ადამიანის სულისა და ხორცის ნაწილია!

* დაუშვებელია, პატრიოტიზმის საჩვენებლად დროშა ტანზე ნაბადივით შემოიხვიო და ქუჩაში დარბოდე!

* დაუშვებელია,  დროშის ქსოვილისგან ტანსაცმელი შეიკერო და ამით თავს იწონებდე!

* დროშა საერო ჯვარი უნდა იყოს, ჯვარი კისასულიერო დროშა!

ასეთი დამოკიდებულებებით უნდა ვიცხოვროთ და ასეთი დამოკიდებულებებით უნდა აღვზარდოთ მომავალი თაობები. ამ საკითხის კანონმდებლობით დარეგულირება გარკვეულ სიძნელეს შექმნის. ამას, პირველ რიგში, საზოგადოებრივი კულტურა უნდა არეგულირებდეს, მაგრამ რომელ კულტურაზეა საუბარი, როდესაც თბილისურ აივნებზე გამოფენილ სარეცხთან ერთად ფაშისტური უკრაინის დროშებიც ფრიალებ. ეს არ არის სოლიდარობის გამოხატვა (ან რატომ უნდა გამოვხატოთ სოლიდარობა უკრაინის ფაშისტური რეჟიმის მიმართ?!), ეს საკუთარი პროვინციალიზმის (არაფერს ვამბობ ფაშისტურ განწყობაზე) და კულტურის დეფიციტის გამოხატვაა. ან სად იყო ამდენი ქსოვილი ამ დროშებისთვის?! ეტყობა, ბიზნესი ამუშავდა, მაგრამ ლამაზად და ღირსეულად გამოვიყურებით ხუთჯვრიანი დროშის, უკრაინული დროშისა და ევროკავშირის დროშის სამებითა და სიმბიოზით? ოდნავ რომ დავმშვიდდეთ, ოდნავ რომ დავსერიოზულდეთ და ოდნავ მაღალი კულტურით რომ შევხვდეთ პოლიტიკურ (თუნდაც ისტორიულ) მოვლენებს, საკუთარი თავის მიმართაც მეტი პატივისცემა გაგვიჩნდება და გარე სამყაროს თვალშიც უფრო ავმაღლდებით.

ის ხომ მაინც არის გასათვალისწინებელი, რომ ევროპელებსა და ამერიკელებს, რომლებიც უკრაინულ ფაშიზმს ყველანაირად მხარში უდგანან, ბოლო ორი წლის განმავლობაში  აზრადაც არ მოსვლიათ, თავიანთი აივნები უკრაინის დროშებით აეჭრელებინათ. ჩვენ ხომ გვიყვარს დასავლეთი, ჩვენ ხომ ვგიჟდებით დასავლეთზე, ჩვენ ხომ მხოლოდ დასავლურ ცივილიზაციასა და კულტურას ვაღიარებთ, მაშ, რატომ არ გვინდა, რომ თუნდაც ამ საკითხში მივბაძოთ მათ?! კი, დროშებს იქაც ზედმეტი (გაუმართლებელი) სითამამით ეპყრობიან და უაზროდ აფრიალებენ, მაგრამ მხოლოდ საკუთარს. სხვისი დროშების ფრიალი გინახავთ დასავლეთში? არ გინახავთ და ვერც ნახავთ, იმიტომ, რომ მათთვის უცხოა ის გულისამრევი პროვინციალიზმი, ასე რომ წაგვლეკა ფსევდოთავისუფლების მოპოვების შემდეგ და უცხო დროშებად აფრიალდა საქართველოში.

ვალერი კვარაცხელია                                                                                 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here