Home ახალი ამბები მსოფლიო დრაგის წასვლა დაშლის დასავლურ კავშირს რუსეთის წინააღმდეგ

დრაგის წასვლა დაშლის დასავლურ კავშირს რუსეთის წინააღმდეგ

46

პროუკრაინელი და ანტირუსი პრემიერის, მარიო დრაგის, ადგილას იტალიაში მემარჯვენე ძალების წარმომადგენელი მოვა. ეს ძირს გამოუთხრის ანტირუსულ კოალიციას, _ მიაჩნია The National Interest-ის მიმომხილველ ჯეისონ დევიდსონს. ამის შესახებ წერს eadaily.com-ი.

“მარიო დრაგი იტალიის პრემიერი გახდა 2021 წელს და სათავეში ჩაუდგა ეროვნული ერთობის მთავრობას. _ იხსენებს დევიდსონი. _ დადგა უკრაინის მხარეს, ეხმარებოდა კიევს, ხელს უწყობდა ნატოს აღმოსავლეთის ფლანგის გაძლიერებას და რუსეთისთვის მკაცრი სანქციების დაწესებას, მიუხედავად იმისა, რომ იტალიას მჭიდრო სავაჭრო კავშირები აქვს რუსეთთან. დრაგის გადადგომის შემდეგ კი იტალიის პოზიცია რუსეთის მიმართ შეიცვლება.

ბოლო გამოკითხვის შედეგების მიხედვით, სექტემბერში დანიშნულ არჩევნებში მემარჯვენე ძალებს ტრიუმფი ელოდებათ. ისინი კი ტრადიციულად მხარს უჭერენ ვლადიმერ პუტინს. მაგალითად, მატეო სალვინი ატარებდა მაისურს პუტინის გამოსახულებით და მას “მსოფლიოში საუკეთესო მმართველს” უწოდებდა. ჯორჯია მელონი კი ყველას არწმუნებდა, რომ პუტინი იცავს ევროპულ ფასეულობებსა და ქრისტიანულ იდენტობას.

ბოლოს, სილვიო ბერლუსკონი დიდი ხნის განმავლობაში იყო პუტინის საუკეთესო მეგობარი და მისი დამცველი დასავლეთში. იმ შემთხევაშიც კი, თუ მემარჯვენეთა კოალიცია ვერ გაიმარჯვებს, იტალიის პოზიცია მაინც შეიცვლება რუსეთის მიმართ, _ დარწმუნებულია დევიდსონი.

იტალიაში ძლიერია პრორუსული პოზიციები, იტალიური მედია დიდ დროს უთმობს პრორუს პირებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანა მკვეთრად და სრულად დაუჭერს მხარს პუტინს. საერთოდ, იტალიის მემარჯვენე ძალები გაატარებენ ისეთ პოლიტიკას, რომელიც დაანგრევს დასავლეთის ერთობას, იტალიის შემდეგი მთავრობა უკრაინას, პირველ რიგში,  რუსეთთან მოლაპარაკებებისა და ტერიტორიის დათმობისკენ უბიძგებს. ჯერ კიდევ ივნისში სალვინი ლაპარაკობდა თავის გეგმებზე მოსკოვში სამშვიდობო მისიით ჩასვლის შესახებ, მაგრამ მას მოუწია ამ იდეაზე უარის თქმა, ახლა კი ის თავისი გეგმის განხორციელებას აუცილებლად შეეცდება. ასე რომ, იტალია გააძლიერებს “მშვიდობის პარტიას” დასავლეთში და დაასუსტებს კოალიციას აშშ-ის მეთაურობით.

მეორე, საეჭვოა იტალიის ახალმა მთავრობამ მხარი დაუჭიროს ახალ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, განსაკუთრებით ბუნებრივი აირისა და ნავთობის მიმართ. იმის გათვალისწინებით, რომ ევროპას სანქციების დასაწესებლად ერთობლივი თანხმობა სჭირდება, ბრიუსელი დაკარგავს რუსეთისთვის სანქციების გაძლიერების შესაძლებლობას.

მესამე _ იტალია, სავარაუდოდ, უარს იტყვის უკრაინისთვის ახალ სამხედრო დახმარებაზე. ივნისში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ “დიდი შვიდეულის” ქვეყნებს შორის იტალიელები ყველაზე ნაკლებად უჭერენ მხარს რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებას.

დასასრულ, იტალიის ახალი მთავრობა ყურადღებას უფრო სხვა საფრთხეებს მიაპყრობს, მაგალითად, ტერორიზმს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. სწორედ ეს საკითხები აინტერესებს მემარჯვენე ძალებს, რომლებიც უფრთხიან მიგრაციას. ასე რომ, დრაგის წასვლა გამოწვევა იქნება დასავლეთისთვის.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here