Home ახალი ამბები საქართველო დიმიტრი ლორთქიფანიძე: ის, რაც 3 მაისს სპორტის სასახლესთან მოხდა, სისხლის სამართლის დანაშაულია

დიმიტრი ლორთქიფანიძე: ის, რაც 3 მაისს სპორტის სასახლესთან მოხდა, სისხლის სამართლის დანაშაულია

“ეროვნული ნიშნით ტურისტების გამორჩევა ფაშიზმის გამოვლინებაა, რაც იკრძალება ჩვენი კონსტიტუციით, იკრძალება სისხლის სამართლის კოდექსით და ეს მკაცრად უნდა შეფასდეს”

535

ამა წლის 3 მაისს სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე საათით გაჩერებულ რუსულ სანომრე ნიშნიან ავტობუსს ახალგაზრდებმა წითელი საღებავი შეასხეს და კვერცხები დაუშინეს. მოქალაქეების განმარტებით, ავტობუსის საქარე მინაზე გაკრული იყო რუსეთის პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის ემბლემა.

საქარე მინაზე ავტობუსს ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტ პუტინის უსაფრთხოების სამსახურის სიმბოლო და ეს საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ ჩვენ, ქართველები, დავხვდეთ შესაბამისად და გავუმასპინძლდეთ. მე თუ მკითხავთ, ახლა ეს ავტობუსი უფრო ლამაზად გამოიყურება. ამბობენ, ტურისტები გვყავსო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? ტურისტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ძალოვანი რუსეთიდან“, _ ამბობენ ახალგაზრდებიინციდენტის ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ.

მომხდარზე ინფორმაცია და ფოტომასალაანტისაოკუპაციო მოძრაობისლიდერმა დავით ქაცარავამ გაავრცელა, სწორდ ის ხელმძღვანელობდა ახალგაზრდებს, რომლებმაც სტუმრების ავტობუსს საღებავი შეასხეს.

სპორტის სასახლესთან მომხდარზე ევგენი პრიმაკოვის სახელობის ფონდის ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე გვესაუბრება:

_ ის, რაც სპორტის სასახლესთან მოხდა, სასწრაფოდ დასაგმობია, ხელისუფლებამ დამნაშავეები უსწრაფესად უნდა დასაჯოს.

აშკარაა, რომ გაკოტრებული გლობალური დასავლეთის ინსტრუმენტები, რომლებიც საქართველოში ბოგინობენ და რომლებმაც 2019 წლიდან დღემდე ვერაფერს მიაღწიეს, გადავიდნენ ღია ტერორზე, ღია პროვოკაციაზე და მსგავსი იაფფასიანი ხრიკებით ცდილობენ დესტაბილიზაციის გამოწვევას. ის, რაც 3 მაისს სპორტის სასახლესთან მოხდა, სისხლის სამართლის დანაშაულია.

მომხდარზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება ხელისუფლებასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, რადგან, თუ ქაცარავა და მისი ხროვა არ დაისჯება, ეს ინციდენტი, რომელიც საღებავის შესხმით დასრულდა, გადაიზრდება სხეულის დაზიანებაში, ქონების წართმევასა და სხვა უბედურებაში, რაც სერიოზულ გავლენას იქონიებს საქართველოს, როგორც სტაბილური განვითარების გზაზე მდგარი სახელმწიფოს, გლობალურ ინდექსზესწორედ ეს სურთ დესტრუქციულ ძალებს. ისინი ლოკალური ინციდენტებით ცდილობენ, გამოიწვიონ დიდი რეზონანსი, რომელიც შეიძენს პოლიტიკურ ხასიათს და მივიღებთ ისეთ შედეგს, როგორიც ვიხილეთ 2019 წელს ვლადიმერ პოზნერის სტუმრობისას, ან 7-8 მარტს, როცა ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ ახალგაზრდები დანაშაულებრივ ქმედებებს სჩადიოდნენ _ 21 წლის ახალგაზრდამ ევროპული დემოკრატიის სახელით ცეცხლის ალში გახვია პოლიციელები. სწორედ ამიტომ 3 მაისს სპორტის სასახლესთან მომხდარი სამართლებრივად უნდა შეფასდეს და ყველა დამნაშავე დაისაჯოს. ქაცარავა ფიგურირებდა 2019 წელსაც და ამა წლის 3 მაისსაც. 2019 წელს სწორედ მან და ე.წ. კორესპონდენტმა მარიამ გაფრინდაშვილმა ერთობლივად მოაწყვეს აქციაზე პროვოკაცია, რომელსაც გომურისა და ლეთოდიანის თვალები შეეწირა. ეს ყველაფერი არის კომპლექსურად გამოსაძიებელი შესაბამისი სამსახურების მიერ და დამნაშავეებმა მკაცრად უნდა აგონ პასუხი.

_ რუსი ტურისტების მიმართ  მომხდარი ინციდენტის დროს ითქვა, რომ ავტობუსი იყო რუსეთის სახელმწიფოს უშიშროების სამსახურის  და არა ტურისტების

_ ბლოგერმა მაია დვალიძემ გამოაქვეყნა რუსეთის უშიშროების სამსახურის ლოგოს ფოტო  იმ ფოტოსთან შესადარებლად, რომელიც ქაცარავას ხროვამ გამოაქვეყნა. აშკარაა, რომ ავტობუსზე არ ყოფილა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის უშიშროების სამსახურის ლოგო. ეს სპეციალურად გააკეთეს პროვოკაციის მოსაწყობად, ხმაურის ასატეხად. ამ ხროვას ახალგაზრდების პროვოცირება სურდა, შეხლა-შემოხლას მოჰყვებოდა პოლიციის ჩარევა და არეულობა…

როდესაც ტურისტებს გამოარჩევენ ეროვნული ნიშნით, ეს ფაშიზმის პირდაპირი გამოვლინებაა და იკრძალება ჩვენი კონსტიტუციით, იკრძალება სისხლის სამართლის კოდექსით, ამიტომ ეს მკაცრად უნდა შეფასდეს. ტურისტის ეთნიკური ნიშნით გამორჩევა  დანაშაულის დამამძიმებელი გარემოებაა.

_ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ, არ გაანაწყენონ .. დასავლელი პარტნიორები და სიმშვიდე შეინარჩუნონ მეზობელ რუსეთთანაც. 30 აპრილს ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი გამოვიდა მიტინგზე, რომელზეც ითქვა, რომ ევროპასა და ამერიკას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვის უფლებას არ მივცემთ. როგორ ფიქრობთ, ხელისუფლების სიფრთხილე და მიტინგი, რომელიც, ფაქტობრივად, ევროპელი პარტნიორების დასანახავად გაიმართა, დესტრუქციული ძალების უფრო მეტ გაღიზიანებასა და, შესაბამისად, მეტ პროვოკაციებს ხომ არ გამოიწვევს?

_ ვისარგებლებ შემთხვევით და თქვენი გამოცემის საშუალებით მადლობას გადავუხდი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელსაც არაჩვეულებრივი გამოსვლა ჰქონდა უნგრეთში. პრემიერმა დასვა ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები, რომლებიც ახლო მომავალში განსაზღვრავს საქართველოს ორგანული ინტერესებიდან გამომდინარე საგარეო პოლიტიკურ კურსს. უნგრეთის პრემიერის, ბატონ ვიქტორ ორბანის მიერ ორგანიზებული კონსერვატორთა საერთაშორისო ფორუმი ტრიუმფალური იყო. მას მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს.

საქართველოს ხელისუფლება  წარმოუდგენლად დიდი წნეხის  ქვეშ იმყოფება, ისევე, როგორც მთელი ჩვენი ქვეყანა. ეს იმიტომ, რომ არ შესრულდა ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტის ის მოთხოვნები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს შტოს, სასამართლო  ხელისუფლების უზურპაციას გულისხმობდა დასავლური სტრუქტურების მხრიდან; არ სრულდება იუვენალური დიქტატურა  _ ლგბტქ საზოგადოებისთვის გარანტირებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭება ქვეყნის ხელისუფლების ყველა შტოში. აქცენტები, რომლებიც დასვა პრემიერმა უნგრეთში, იმაზე მიანიშნებს, რომ საქართველო თავისი საზოგადოების უდიდესი ნაწილის დაკვეთას შეასრულებს. საქართველო შეინარჩუნებს სუვერენიტეტს, თვითმყოფადობას, შეინარჩუნებს ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე მყოფი სახელმწიფოსთვის დამახასიათებელ ყველა ფუნქციას. 2000-წლოვანი ქრისტიანული კულტურის მქონე ქვეყანა ვართ და არ გვჭირდება შარლ მიშელისნაირი პოლიტიკოსების კარნახი, როგორ უნდა ვიცხოვროთ. რაც შეეხება პროვოკაციებს, სპორტის სასახლესთან სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს _ ერთა შორის შუღლის ჩამოგდება სცადეს, მაგრამ ამაზე უარესსაც უნდა ველოდოთ. თუ ეს ინციდენტი არ გამოიძიეს და თავკაცები არ დასაჯეს, მსგავსი ქმედებები გაგრძელდება, მაგრამ, თუ შესაბამისი რეაგირება მოჰყვება, ჩვენი ქვეყანა შეძლებს პროვოკაციებისა და დესტაბილიზაციის თავიდან აცილებას. ახლა საქართველო შედის ყველაზე მძიმე ფაზაში, რადგან 2024 წელს არჩევნებია, ამიტომ ყველაფერს უნდა ველოდოთ…

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here