Home ახალი ამბები საქართველო დიდი პიროვნება და ახალი ისტორიული პერსპექტივა

დიდი პიროვნება და ახალი ისტორიული პერსპექტივა

721
დიდი პიროვნება და ახალი ისტორიული პერსპექტივა
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა

განუზომელია ჭეშმარიტად დიდი პიროვნების როლი ქვეყნის ცხოვრებაში. დიდი კაცი ერისა და სახელმწიფოს დარაჯია, გუთნისდედაა, ჭირისუფალია, მამაა, მოძღვარია, მეფეა.

ყოველთვის მძიმე იყო დიდი პიროვნების ჯვარი.

დიდი პიროვნება ხან ოფიციალური წინამძღოლია (ბაგრატ მესამე, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, დემეტრე თავდადებული, გიორგი ბრწყინვალე), ხან არაოფიციალური (გიორგი ჭყონდიდელი, ილია ჭავჭავაძე), მაგრამ ორივე შემთხვევაში იგი ისტორიულ მისიას კისრულობს ერის ცხოვრებაში.

ჩვენი ეპოქის ერთი უმთავრესი მახასიათებელი დიდი კაცების დეფიციტია. ეს მთელი მსოფლიოს პრობლემაა. თუმცა, ეპოქის ზოგადი მახასიათებელი არასოდეს არის ისეთი უნივერსალური, რომ გამონაკლისი არ არსებობდეს. საბედნიეროდ, ღმერთმა არც ამ ეპოქაში დატოვა საქართველო ამგვარი გამონაკლისის გარეშე.

ბიძინა ივანიშვილის შესახებ ვსაუბრობ.

ამ კაცს სახელმწიფოს პირველი პირის როლი და მდგომარეობა რომ ხიბლავდეს, ამას ბოლო თორმეტი წელიწადის განმავლობაში ვერავინ შეეცილებოდა, მაგრამ მან უკვე ორჯერ მოასწრო ოფიციალური ლიდერის პოსტიდან წასვლა. რატომ? იმიტომ, რომ, როგორც თვითონ ამბობს, არ სიამოვნებს ამ როლში ყოფნა, რადგან მისი პირადი ინტერესები და მისი ფსიქოლოგიური ტიპი ამ მდგომარეობასთან ჰარმონიაში ვერ მოდის. ძალაუფლებით ტკბობა უცხოა მისი ბუნებისთვის. სხვა ახსნა ამ მოვლენას არა აქვს. აქ შემხვედრი შეკითხვა ჩნდება: ასეთ შემთხვევაში რა ახსნა აქვს მის პერიოდულ მობრუნებას პოლიტიკასა და ხელისუფლებაში? ამ შეკითხვას პასუხი რომ გავცეთ, უნდა დავაკვირდეთ, რა სიტუაციებში იღებს იგი ხელში ძალაუფლებას.

პირველად იმ დროს (2012 წ.) მოვიდა ხელისუფლებაში, როდესაც სააკაშვილის ფაშისტურმა რეჟიმმა ამორალიზმის პიკს მიაღწია და საქართველოსთვის უაღრესად საშიში ხასიათი მიიღო. ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილის სისხლიანი დიქტატურა მშვიდად, ყოველგვარი ქაოსისა და სახელმწიფო გადატრიალების გარეშე, არჩევნების გზით ჩამოაშორა ქვეყანას და მართვის ბერკეტებს.

მეორედ (2018 წ.) იგი იმ დროს მოვიდა ხელისუფლებაში, როდესაც ქვეყნის გარეთ და შიგნით მოქმედმა მტრულმა ძალებმა შეძლეს დესტაბილიზაციისა და არეულობის რეალური წინაპირობის შექმნა. მაშინ ივანიშვილმა ასე მიმართა საკუთარ ხალხს: “ჩვენ ვდგავართ ძალიან მნიშველოვანი გამოწვევის წინაშე. რასაც სამი მიზეზი განაპირობებს. პირველი მიზეზია, ობიექტურად არსებული არსახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ისედაც რთული ვითარების კიდევ უფრო მძაფრ, ხელოვნურად დამძიმებულ ფერებში წარმოჩენის განუწყვეტელი მცდელობები; მეორე, ოპონენტებისგან მომდინარე უკიდურესად დესტრუქციული მუხტი; და ბოლოს, მესამე ხელისუფლების შიგნით არსებული, სრულიად არასაჭირო, უსაფუძვლო და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი გაუგებრობები”.

2021 წელს, როდესაც ვითარება საგრძნობლად დაწყნარდა, ივანიშვილი კიდევ ერთხელ წავიდა ხელისუფლებიდანაც და პოლიტიკიდანაც, მაგრამ დღეს, 2023 წლის მიწურულს, როდესაც საერთაშორისო ვითარების პარალელურად, ქვეყნის შიგნითაც დაძაბულობის რისკი კვლავ სახიფათო მაჩვენებელს აღწევს, მან თავი ვალდებულად ჩათვალა, კიდევ ერთხელ ეგრძნო საკუთარ ბეჭებზე სახელმწიფოს მართვის მთელი სიმძიმე: დღეს საქართველო რთული გამოწვევების წინაშე დგას. ჩვენი ქვეყნის გარშემო გეოპოლიტიკური ვითარება გართულდა და გამოწვევებიც გაიზარდა. შესაბამისად, გართულდა ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებაც. ასეთ პირობებში, ხელისუფლების მხრიდან მცირე შეცდომაც კი ქვეყანას შეიძლება ძალიან ძვირი დაუჯდეს”.

აქედან ერთადერთი დასკვნა გამოდის: როგორც ჩანს, სერიოზული ხიფათი ახლოვდება. რისკი გაზრდილია. ის უბოროტესი ძალები, რომლებიც სისხლიანი ბატალიების პროვოცირებას დედამიწის ხან ერთ, ხან მეორე წერტილში ახდენენ, ყველაფერს აკეთებენ, რომ ამიერკავკასია, რუსეთის სტაბილურობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ეს რეგიონი (პირველ რიგში კი, საქართველო), ომის ქარ-ცეცხლში გახვიონ.

ბიძინა ივანიშვილი ამას საჯაროდ ვერ იტყოდა, მაგრამ არსებითად მან სწორედ ეს თქვა. მის მიერ ჩამოყალიბებული პოლიტიკური გუნდი ამ ურთულეს პირობებში მშვიდობას ინარჩუნებს, მაგრამ სიტუაცია მყიფეა. დღეს მშვიდობა გვაქვს, მაგრამ მისი სახვალიო გარანტია არ არსებობს.

ირაკლი ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილი და  ირაკლი კობახიძე
ირაკლი ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე

ბიძინა ივანიშვილს, ქვეყნის წინაშე არსებული მაღალი რისკების გარდა, პოლიტიკაში ხელახლა ვერაფერი შემოიყვანდა. იგი მესამედ მოვიდა ხელისუფლებაში და მისი ეს ნაბიჯები სამივე შემთხვევაში საქართველოს გადასარჩენად იყო გადადგმული.

მცირე მოცულობის ეს მიმოხილვა დიდი პიროვნების ფენომენზე საუბრით იმიტომ დავიწყე, რომ სახელმწიფოს ცხოვრებაში დგება მომენტები, როდესაც ამ ფენომენის როლი ეგზისტენციურ მნიშვნელობას იძენს. დიდი პიროვნების აღქმა ახლო დისტანციიდან ძნელია. თითქმის ოთხი საუკუნე დასჭირდა ქართველ ხალხს, რომ დავით მეოთხეს ისტორიული მასშტაბი მთელი სისრულით აღექვა და მისთვის აღმაშენებელი ეწოდებინა; ერეკლე მეორეს ბევრი დღემდე უსამართლოდ და უსინდისოდ ქირდავს; საზოგადოების ერთი ნაწილისთვის კი საუკუნის დისტანციაც არ აღმოჩნდა საკმარისი მსოფლიო ბოროტების დამთრგუნავ სტალინში მსოფლიო სიკეთის აღმოსაჩენად. ამ ნათელი ისტორიული მაგალითების ფონზე, ცალკეული ინდივიდებისგან შემდგარ იმ მრავალმილიონიან მასას, რომელსაც ხალხი ჰქვია, რა ლოგიკით უნდა მოსთხოვო, რომ სიცრუითა და ფარისევლობით გაჯერებულ ეპოქაში ბიძინა ივანიშვილის მიერ სამშობლოსთვის თავგანწირვის ფაქტი ირწმუნოს, მით უფრო, თუკი იცის, რომ იგი ამქვეყნიურ სიამეთა უარმყოფელი და ახალგაზრდობიდანვე ბერად შემდგარი რომელიმე მორწმუნე ფანატიკოსი კი არ არის, მიზანდასახული ბიზნესმენი და მილიარდების მშოვნელი კაპიტალისტია, ვისთვისაც ცხოვრების უმაღლეს მიზანს, ადამიანთა დიდი უმრავლესობის ლოგიკით, კაპიტალის გამრავლება, განუზომელი სიმდიდრე და ცხოვრებით ჰედონისტური ტკბობა უნდა წარმოადგენდეს?! ძნელია ამ კატეგორიის დარწმუნება ივანიშვილის იმ თვალსაზრისით გამონაკლისობაში, რომ მისთვის თუნდაც ჰედონისტური ტკბობა, როგორც ჩანს, არ შემოიფარგლება არც კაპიტალის შოვნით და არც კაპიტალის ხარჯვით, მისი ფილოსოფია (შესაბამისად, ფსიქოლოგიაც) იდეალიზმში გადადის და უმაღლესი ღირებულებებისთვის (ღმერთი, სამშობლო, ადამიანი) თავგანწირვის მიმართულებით მიდის. თავიდან, შესაძლებელია, კაპიტალი მისთვისაც მიზანს წარმოადგენდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მისი საქველმოქმედო მასშტაბები მილიარდიან ზღვარს გასცდა, უკვე დღესავით ნათელია, რომ ის, რაც ოდესღაც მიზანს წარმოადგენდა, ახლა უკვე საშუალებაა მხოლოდ. მიზანმა კი მატერიის სფეროდან იდეის სფეროში გადაინაცვლა და იგი სწორედ იმ პიროვნებად ჩამოყალიბდა, ვისაც ისტორია, წესისამებრ, დიდი კაცის სახელით მოსავს. ოღონდ… ოღონდ… ეგ არის, რომ კიდევ საუკუნემ უნდა ჩაიაროს, სანამ ეს ყოველივე მთელი სისავსით გაცხადდება და ყველასთვის ერთად და თითოეულისთვის ცალ-ცალკე მარტივად გასაგებ და უყოყმანოდ მისაღებ ჭეშმარიტებად ჩამოყალიბდება.

ოდნავ შემიტყუა ბიძინა ივანიშვილის ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური პორტრეტის ხატვის ლიტერატურულმა ცდუნებამ, მაგრამ ქართული მწერლობის ამ სამომავლო მიმართულებას ახლა განზე გადავდებ და მის

მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას მივუბრუნდები: “საქართველოს ეროვნული მიზნები არსებითად შესრულებულად მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება მივიჩნიოთ, როცა ეროვნულ თვითმყოფადობას ბოლომდე დავიცავთ, სახელმწიფოს სუვერენიტეტს სრულად აღვადგენთ, ქვეყანას გავაერთიანებთ და საგარეო პოლიტიკურ ამოცანებს შევასრულებთ“.

ამ სიტყვების მოსმენისას ილია ჭავჭავაძის ცნობილი ტრიადა – “მამული, ენა, სარწმუნოება” გამახსენდა. ილიას ეს ისტორიული ტრიადა თუ ეროვნული სტრატეგიაა, ბიძინას ახალი ტრიადა – ეროვნული თვითმყოფადობა, ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა თანამედროვე საქართველოს ეროვნული ტაქტიკაა!

დღეს ჩვენ ბიძინას სახით ჭეშმარიტად დიდი კაცი ვიხილეთ – ისტორიული პიროვნება, რომელმაც ერის და სახელმწიფოს ტვირთი იმ ურთულეს ვითარებაში აიღო საკუთარ თავზე, როცა ეს სამშობლოსთვის თავგანწირვის ტოლფასია(დააკვირდით, ვინ და რა ძალები უპირისპირდება მას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ და სხვა საბუთი დიდ პიროვნებაზე არც დაგჭირდებათ)!

გაკეთდა შეფასებები, უკვე ძალიან ბევრი ითქვა ბიძინა ივანიშვილის ამ ნაბიჯის შესახებ, მომავალში გაცილებით საფუძვლიანად გაანალიზდება ეს ისტორიული გადაწყვეტილება, მაგრამ ის უსერიოზულესი მინიშნება, რომელიც პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა, იმდენად მრავლისმთქმელია, რომ ამ ღამეს საქართველოში, წესით, არავის უნდა დაეძინოს: პოლიტიკაში მოსვლამდე და პოლიტიკაში მოსვლის შემდეგაც ბატონი ბიძინას მთავარი მიზანი, მისი მთავარი მისია და ოცნება არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება! ჩვენი ქვეყანა უნდა მომზადდეს გასაერთიანებლად! ამ საქმეში, ამ ყველაზე დიდ ეროვნულ საქმეში ბატონი ბიძინას როლი იქნება უნიკალური და შეუცვლელი!”

არაფერს დავამატებ. იფიქრეთ ამაზე. მართალია, ისტორია ქმნის დიდ პიროვნებებს, მაგრამ დიდი პიროვნებები აკეთებენ დიდ და ისტორიულ საქმეებს!

ინტუიცია თუ არ მღალატობს, საქართველოს ოცდაათი წლის განმავლობაში პერმანენტულად დაშვებული შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობა უჩნდება და ეს ისტორიული პერსპექტივა ბიძინა ივანიშვილის სახელთან არის დაკავშირებული.

2024 წელი კარსაა მომდგარი. ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მისი დაბრუნებით მოგვილოცა შობისა და ახალი წლის დამდეგი დღესასწაული. ქართველმა ხალხმა მოლოცვა მიიღო.

ჩვენც გილოცავთ, ბატონო ბიძინა, ღმერთი იყოს თქვენი და გაერთიანებული საქართველოს მფარველი!

ვალერი კვარაცხელია
2023 წლის 30 დეკემბერი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here