Home ახალი ამბები საქართველო დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ქართველი კოლეგის სიტყვები  გაიმეორა

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ქართველი კოლეგის სიტყვები  გაიმეორა

327

გახსოვთ, ალბათ, რა დღეში ჩააგდეს საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, როდესაც  ევროპაში ვიზიტისას განაცხადა, –  ჩვენს კონსტიტუციაში ჩაიწერა, ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობააო. უფრო კონკრეტულად კი, მან  ჩანაწერის მოკლე შინაარსი ასე გამოხატა: „დედა ქალია, მამა – კაცი“.  ამ სიტყვების  გამო ღარიბაშვილს არა მხოლოდ ევროპის ლგბტ საზოგადოებამ თუ იქაურმა დიპლომატებმა დაატეხეს კრიტიკის ქარ-ცეცხლი, არამედ ქართულმა ოპოზიციამაც: როგორ შეიძლება, მილიონობით ადამიანის გრძნობების შეურაცხყოფაო. ერთადერთი, ვინც ხმამაღლა გამოუცხადა მხარდაჭერა საქართველოს პრემიერს, მისი უნგრელი კოლეგა ვიქტორ ორბანი იყო. და როგორ გგონიათ, როგორ ახსნა ორბანის მხარდაჭერა ქართულმა ოპოზიციამ? თურმე უნგრეთის პრემიერი ევროპაში ვლადიმერ პუტინის მთავარი მხარდამჭერი ყოფილა და ღარიბაშვილსაც იმიტომ დაუდგა გვერდით, თორემ სხვაგვარად ფიქრობსო…

„არ უნდა დაგვაძალონ, ვირწმუნოთ, – ადამიანს შეუძლია აირჩიოს ნებისმიერი სქესი. ქალი ქალია და კაცი – კაცი“, – განცხადა გასულ კვირას დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა რიში სუნაკმა. განცხადების მოსმენისთანავე ბრიტანულმა ლგბტ საზოგადოებამ საპროტესტო აქცია გამართა. აქაოდა, როგორ გაბედა სუნაკმა ამის თქმაო, მაგრამ ქუჩაში მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა, რიგითმა მოქალაქეებმა მათ მხარი არ დაუჭირეს, ამიტომ ერთსაათიანი ჟივილ-ხივილისა და ჭრელი დროშების ფრიალის შემდეგ  დაიშალნენ.

ლიბერალიზმის პრობლემა ევროპასაც დაუდგა და ამერიკასაც. ლიბერალები ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზე  გადავიდნენ  და ჯერჯერობით მხოლოდ პატარა სახელმწიფოების ლიდერებს ესხმიან თავს, ისეთი ქვეყნის პირველ პირს კი, როგორიც დიდი ბრიტანეთია, ვერაფერი გაუბედეს, მაგრამ… უკვე ითქვა, რომ უკრაინის არასათანადო მხარდაჭერის გამო სუნაკი, შესაძლოა, თანამდებობიდან გადააყენონ. არადა, თუ გახსოვთ, ბორის ჯონსონს, რომელიც კიევში კვირაში ერთხელ დარბოდა, რეალურად იმის გამო დაატოვებინეს თანამდებობა, რომ საკუთარ ქვეყანაზე მეტად უკრაინაზე ფიქრობდა და, როცა მიხვდა, რომ შარში გაეხვია, უკვე გვიანი იყო. ბოლოს ჯონსონმაც აღიარა, რომ არასწორად იქცეოდა, მაგრამ უკვე აღარავინ უსმენდა.

იმის შესახებ, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ომი მხოლოდ ამერიკის წისქვილზე ასხამს წყალს, ჯერ უნგრეთის  პრემიერმა  ვიქტორ ორბანმა ისაუბრა, შემდეგ პოლონეთის ლიდერმა ამოიღო ხმა, მერე გერმანიამ გააკეთა მინიშნება ამერიკაზე, ახლა კი ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა  ყოველგვარი შელამაზების გარეშე თქვა ის, რაც ისედაც ცხადი იყო.

„ევროპამ თავდაცვის სფეროში ამერიკაზე დამოკიდებულება უნდა შეამციროს. ნატოს დომინანტური როლი უსაფრთხოების საკითხებში არ ნიშნავს იმას, რომ ევროპა უარს ამბობს საკუთარ თავდაცვით პასუხისმგებლობაზე. აშშ-ზე დამოკიდებულების შემცირება და ევროპის თავდაცვითი სტრატეგიული შესაძლებლობების განვითარება უნდა განიხილებოდეს, როგორც ტრანსატლანტიკურ პარტნიორობაში ჩვენ მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი“, – განაცხადა პაველმა. თითქოს ამას ელოდნენო, ევროპული ქვეყნების სხვა ლიდერებმაც თქვეს, რომ ნატო არ არის ამერიკის არასამთავრობო ორგანიზაცია და ამერიკელები, რაც შეიძლება, ნაკლებად უნდა ჩაერიონ იმ სისტემების მოქმედებებში, რომლებიც ევროპული ქვეყნების თავდაცვისუნარიანობას უზრუნველყოფს. ისე, ცოდვა გამხელილი სჯობს და, ნატოს უძლეველობის მითი უკრაინაში დაიმსხვრა, რადგან არავისთვის არის დასამალი, რომ უკრაინელ ჯარისკაცებს სწორედ ნატოს ინსტრუქტორები ამზადებდნენ და, რაც მთავარია, ის იარაღი, რომელსაც ამერიკა და ევროპა უკრაინას აწვდიდა და აწვდის, სწორედ ნატოს შეიარაღებაში შედის.

 არ გეგონოთ, თითქოს საქართველოში ლგბტ  თემის პრობლემა მხოლოდ 17 მაისს წამოიწევს ხოლმე. სამწუხაროდ, დედაქალაქში უამრავი ბარია, რომლებშიც მხოლოდ ერთნაირსქესიანი წყვილები დადიან და ეს ყველამ იცის. იციან რიგითმა მოქალაქეებმაც  და  ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში მყოფმა პირებაც, მაგრამ არაფერს ან ვერაფერს აკეთებენ. მიზეზი მარტივია – ვინმე რომ შევარდეს და ხმაური ატეხოს, სამართალდამცავები დააკავებენ, ხელისუფლებას კი ხმაურის ატეხვა ხელს არ აძლევს და ვცხოვრობთ ასე – „სიამტკბილობით“. მეტიც, საკმარისია, მშობელმა შვილს შენიშვნა მისცეს, მაგალითად, ჩაცმაზე ან  ვარცხნილობაზე და ისინი მაშინვე 112-ზე რეკავენ. შედეგად,  მშობელს შვილზე ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ძალადობის ბრალდებით აპატიმრებენ  და რეალურ სასჯელსაც უსჯიან, ანუ მშობელს იმის უფლებაც კი აქვს წართმეული, ბავშვს თმის წითლად თუ მწვანედ შეღებვაზე  შენიშვნა მისცეს. სწორედ ამ ბარებშია ყველაზე დიდი პროცენტული მაჩვენებელი როგორც საკლუბო ნარკოტიკის მოხმარების, ისე მარიხუანის გასაღების და სწორედ ამ დაწესებულებებს ერიდებიან ყველაზე მეტად სამართალდამცავები, რადგან  ამბობენ, რომ შემდეგ არასამთავრობოებისა თუ ოპოზიციური არხების შემოტევების მოგერიება არ სურთ. ჰო, ისინი იძულებით ხუჭავენ თვალს უკანონობაზე, რომელიც აქვე, ჩვენ გვერდით ხდება. ეს სამწუხარო რეალობაა. სამწუხაროა ისიც, რომ იმ ბარებში შემთხვევით შეიძლება ჩვეულებრივი წყვილი შევიდეს და დაინახოს, როგორ კოცნის ბიჭს ბიჭი და გოგოს -გოგო, ბარში  მომსახურე პერსონალიც ლგბტ თემის წარმომადგენელია და არაფერი უკვირს.

ისევ ევროპისა და ამერიკის დამოკიდებულებას დავუბრუნდეთ. ზამთრის მოახლოებასთან ერთად ევროპა ნელ-ნელა ფხიზლდება. იქ კვლავ ეშინიათ ცივი ზამთრის და შარშან რის ვაი-ვაგლახით გადაგორებული სიცივის შემდეგ აღარ სურთ, იგივე განმეორდეს, ამიტომ  განაახლა გერმანიამ რუსეთთან ურთიერთობა  ბუნებრივი აირის მიწოდებაზე, იმავეს აპირებს საფრანგეთი, აგრეთვე, ნიდერლანდები, ჩეხეთი, სლოვაკეთი… პრინციპში, სლოვაკეთმა უკვე დაუფარავად  თქვა, რომ ხელშეკრულებები ხელმოსაწერად მზად არის და მათი გაფორმება  რამდენიმე დღის საკითხია. ამ ყველაფერს ამერიკა იწუნებს, არ მოსწონს, ჩხუბობს და ჩხუბობს იმიტომ, რომ საერთაშორისო ბაზარზე  ნავთობის გაძვირება სწორედ მათ წისქვილზე ასხამს წყალს. კი ამბობენ ამერიკელები, – მილიარდები დავახარჯეთ უკრაინასო ,მაგრამ ათჯერ მეტი დანარჩენი ევროპისგან წაიღეს. რუსეთისთვის გამოცხადებული სანქციების ფონზე, სწორედ ამერიკამ დაიწყო საკუთარი პროდუქციის გასაღება და მერე რა, რომ ევროპას ყველაფერი გაუძვირდა, სამაგიეროდ, ამერიკა ხეირობს.

სამწუხაროდ, ანალოგიური მდგომარეობაა  საქართველოს მიმართაც. ამერიკელები ჯიუტად ცდილობენ,  თავიანთი  გავლენა გააძლიერონ და საქართველო კვლავ ამერიკაზე სრულად დამოკიდებული ქვეყანა გახდეს. ახალი ელჩი ჯერ არ გამოჩენილა, მაგრამ მისი მთავარი მიზანიც სწორედ ეს იქნება და თუ ატყობთ, ამერიკის ელჩის არყოფნის პირობებში, ოპოზიცია ვეღარავის იმოწმებს, აღარავინ უჭერს მხარს. ადრე ხომ ასე იყო: იტყოდა რამეს ოპოზიცია –  „გაუპრავებდა“ კელი დეგნანი და მერე სხვა ელჩებიც ჩადგებოდნენ ხოლმე განცხადების გასაკეთებლად რიგში. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, საქართველოში რობინ დანიგანის ჩამოსვლას სწორედ ოპოზიცა ელის მოუთმენლად, რათა ნებისმიერ სისულელეზე, სამშობლოს გამოცხადებულ ღალატზე მან კვერი დაუკრას და ოპოზიციონერებმაც ამაყად მოიღერონ ყელი, – აგერ, ამერიკის ელჩი გვეთანხმებაო…

რადგან უკრაინა-რუსეთის ომი ვახსენეთ, ისიც ვთქვათ, რომ ყველასთვის მოულდონელად  ომში  ისრაელიც  ჩაება, ოღონდ არა ისეთში, აქამდე რომ იყო, არამედ ფართომასშტაბიანსა და ხანგრძლივში. აკი თქვა კიდეც ისრაელის პრემიერმა, ეს ომი მძიმე და ხანგრძლივი იქნება, ჩვენი გამარჯვებით დასრულდება, მაგრამ დიდი ფასის გადახდა მოგვიწევსო. ქართულ-ებრაული კულტურის დღეები რომ იმართება ხოლმე, ებრაელ ხალხთან 26-საუკუნოვანი მეგობრობით რომ ვამაყობთ, რაღაც არ გაგვიგია, ვინმე გამოსულიყოს და ეთქვას: ჩვენს მოძმეებს ტერორისტები („ჰამასი“ და „ჰესბოლა“ ტერორისტულ ორგანიზაციებად მსოფლიოს მიერ არის აღიარებული) უტევენ და უნდა დავეხმაროთო. ჰო, არც ქართული ბატალიონი შეიქმნა, არც ოპოზიცია მოუწოდებს ვინმეს, წადით იომეთო, არც ოპოზიციონერი დეპუტატები მიდიან ისრაელში იარაღით რომ იპოზიორონ? რატომ? უკრაინელები მოძმე ერია და ებრაელები არა? ბახმუტში ორი ტყვია  გაისროლეს გია ბარამიძემ თუ კობა ხაბაზმა და მერე თანაპარტიელები  ხუმრობით გია და კობა ბახმუტელებს რომ ეძახდნენ, ალბათ, ეს არის მიზეზი…

ლევან გაბაშვილი

                                                                                                    

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here