Home ახალი ამბები საქართველო დასავლეთს   საქართველოს დასჯა, სისხლში ჩახრჩობა სურს  და ამას არც მალავს

დასავლეთს   საქართველოს დასჯა, სისხლში ჩახრჩობა სურს  და ამას არც მალავს

345
სენატორი ჯინ შაჰინი

ნიღბები  ჩამოხსნილია – ამერიკამ და ევროპამ „ქართულ ოცნებას“ დაუფარავად  შეუტია. უკვე აღარ მალავენ, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლა სურთ და ეს ნებისმიერი გზით უნდა მოახერხონ. დასავლეთი არც იმას მალავს, რომ მთავარ მტრად ბიძინა ივანიშვილი მიაჩნია და მისთვის სანქციების  დაწესებას და ოლიგარქთა სიაში შეყვანას უკვე პირდაპირ მოითხოვენ.  

 ეს არ არის რჩევა, მეგობრული მითითება, ეს არის მოთხოვნა, ბრძანება, რომელიც უსიტყვოდ უნდა შესრულდეს და, ცოდვა გამხელილი სჯობს, დასავლელ „პარტნიორებს“ ძალიან უკვირთ, რატომ არ ემორჩილება მათ ბრძანებას „ქართული ოცნება“. მათ ვერ აღიქვეს, რომ საქართველოში მათი სურვილების უსიტყვო შემსრულებელი ხელისუფლება აღარ არის და ამის შეცვლა სურთ. დასავლეთს სურს, კვლავინდებურად  ჩაერიოს საქართველოს ნებისმიერ საქმეში, ყველაზე უმნიშვნელოშიც კი, მოსამართლეებს მიაღებინონ გადაწყვეტილება, ციხეში ჩასვან ან გამოუშვან ის პირები, რომლებიც მათთვის მისაღებია  ან არ არის მისაღები…

გარედან ისე ჩანს, რომ მმართველი გუნდის ლიდერებსაც ნერვები დაწყვეტაზე აქვთ და აგერ, ირაკლი ზარქუას სიტყვა გაექცა და ამერიკელ სენატორ ჯინ შაჰინს ჩათლახი უწოდა. შესაძლოა, შაჰინი მეტსაც იმსახურებს, მაგრამ, ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე, ქალის ასე შემკობა არ ჯდება ჩვენს ხასიათში და ამიტომაც ზარქუას ეგებ თავის შეკავებაც მართებდა… 

„მე არ მქონდა მოლოდინი, რომ რომელიმე ქართველი ასეთ სიტყვას გამოიყენებდა ვინმეს მიმართ. ყველა დამეთანხმება, რომ ეს არის ნამდვილად შეუფერებელი და არასათანადო“, -განაცხადა ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა და ჯინ შაჰინი დაიცვა.

რა თქმა უნდა, დეგნანის მხრიდან თავისი სენატორის დაცვა კარგად გვესმის. მეტიც, გაგვიკვირდებოდა, ასე რომ არ მოქცეულიყო, მაგრამ სად იყო ქალბატონი კელი მაშინ, როცა ქვეყნის ერთ-ერთ სიმბოლოს,  პრეზიდენტს, უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდა კაცი, რომელსაც ახლა დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიის შუქურასა და მთავარ ვარსკვლავს ეძახიან? ჰო, ნიკა გვარამიასა და სალომე ზურაბიშვილზე მოგახსენებთ. სწორედ გვარამია იყო ის,  ვინც პრეზიდენტი ბოლომდე „ათრია“ და იკადრა ის, რასაც ქალბატონებს საქართველოში უბრალოდ არ ეუბნებიან. თანაც, ეს მან პირად საუბრებში კი არა, თავისი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გააკეთა და გააკეთა არაერთხელ. რაღაც არ გვახსენდება, მაშინაც დალალები გაეშალა დეგნანს და ეთქვა:  ამას როგორ კადრულობთ, ამის მოლოდინი არ მქონდაო. რატომ? მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ორმაგი სტანდარტია – ის, რაც შეიძლება ოპოზიციისთვის, არ შეიძლება ხელისუფლების წარმომადგენლისთვის. თურმე ხელისუფლებას აქვს თმენის ვალდებულება და ოპოზიციას – არა. მაშინ, ჯინ შაჰინიც ხელისუფლების წარმომადგენელია თავის ქვეყანაში და აიტანოს, როგორი ასატანია?!

სხვათა შორის, სწორედ შაჰინი იყო ის სენატორი, რომელმაც ხელისუფლების წინააღმდეგ საჯაროდ  გაილაშქრა და მბრძანებლური ტონით მოითხოვა არამხოლოდ  სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლება, არამედ „მეტი ყურადღების მიქცევა ივანიშვილის პერსონისადმი“. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვით დაიმუქრა.

„სენატორი ჯინ შაჰინი იყო „ნაცმოძრაობის“ მეგობარი 2012 წლამდე, ანუ მაშინ, როცა საქართველოში დამყარებული იყო სისხლიანი რეჟიმი თავის წამებით, გაუპატიურებით, ბიზნესის რეკეტით, ტერიტორიების ჩაბარებით, მაშინაც მეგობრობდა ეს ადამიანი ,,ნაციონალურ მოძრაობასთან’’ და აგრძელებს ამ მეგობრობას“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

დიახ, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ქალბატონი შაჰინი  არანაირ დისკომფორტს არ განიცდიდა იმის გამო, რაც საქართველოში  ხდებოდა; არც ის ადარდებდა, ადამიანებს ქუჩაში რომ ხვრეტდნენ და არც იმაზე გამოუთქვამს პრეტენზია, სასამართლოში ლამის 100%-იანი გამამტყუნებელი განაჩენი რომ დგებოდა, არც არაფერი და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ წინა ხელისუფლება უსიტყვოდ ასრულებდა ამერიკის ყველა მითითებას, ხოლო ნებისმიერი სენატორი გაკერპებული ჰყავდათ და ისე ექცეოდნენ, როგორც ფარაონებს ძველ ეგვიპტეში. სწორედ ეს მოაკლდა შაჰინს (და არამხოლოდ  მას) და სწორედ ეს არ მოსწონთ. დასავლელი მეგობრები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, რომლებზეც ყოველთვის  ვამბობდით, რომ არც მეობრები არიან და არც პარტნიორები, საჯაროდ მოითხოვენ, რომ მოქმედი ხელისუფლება წავიდეს და სათავეში დაბრუნდეს „ნაციონალური მოძრაობა“.

ერთ შეხედვით, ნაციონალების დაბრუნება არც ამერიკას უნდა აძლევდეს ხელს და არც ევროპას, რადგან ხალხის განწყობა იქნება ძალიან უარყოფითი. მეტიც, შესაძლოა, საზოგადოება სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე აღმოჩნდეს, მაგრამ საქმეც ისაა, რომ დასავლეთს არ აინტერესებს არც საზოგადოების აზრი და არც ის, აქ ვინმე თუ გაისვრის. მათთვის მთავარი მორჩილი ხელისუფლებაა, ის ხელისუფლება, რომელიც პირველივე თქმაზე  რუსეთს მეორე ფრონტს კი არ გაუხსნის, მშვიდობიანობის დროს ომს დაუწყებს, ამერიკისგან სამადლოდ ნაჩუქარ თუ მამასისხლად ნაყიდ იარაღს გაისვრის და შემდეგ… შემდეგ არც არაფერი, ამერიკა  შეშფოთდება, ევროპა აღშფოთდება, შემოგვითვლიან, – გამაგრდითო, გამოუშვებენ მეორეხარისხოვანი ქვეყნების ლიდერებს, – ჩადით, ცოტა ხანს რუსთაველზე კონცერტს უყურეთ და წამოდითო. და ამ ყველაფრის შემდეგ, საუკეთესო შემთხვევაში, ისევ ათი წლით დავიხევთ უკან. არც ეს ადარდებს დასავლეთს, რაც უფრო უკან ვიქნებით, მით მეტად გავხდებით მათზე დამოკიდებული…

უკრაინის მაგალითზე ნათლად გამოჩნდა, რეალურად რისი სურვილი აქვს ამერიკას და გამოჩნდა ისიც, რომ საჭირო დროს მან ლამის მთელი ევროპის ჩათრევა მოახერხა ავანტიურაში, რომელსაც მსოფლიოსა და ევროპის უდიდესი სახელმწიფოების შეიარაღებული დაპირისპირება ჰქვია. მხოლოდ ერთეულმა ქვეყნებმა შეძლეს ნეიტრალიტეტის შენარჩუნება, ისე მოქცეულიყვნენ, რომ საკუთარი თავისთვის არ ევნოთ და მათ შორის, საბედნიეროდ, საქართველოცაა. ჰოდა, ახლა შტატები სწორედ ამ ქვეყნების დასჯით არის დაკავებული და სურს, რომ  ხელისუფლება ყველგან შეცვალოს.  ამერიკას, პრაქტიკულად, ანალოგიური პროცესი აქვს წამოწყებული უნგრეთში, ნიადაგს სინჯავს სერბეთში… ჩვენთან კი  იერიშზე არიან გადმოსული და, რაც მთავარია, ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის ოპოზიციამ, რომლის ლიდერები ბოლო ორი კვირის განმავლობაში რიგრიგობით გაემგზავრნენ ევროპაში, რათა ინსტრუქციები მიეღოთ.  ყველაზე ცუდი ის არის, რომ ზუსტად იციან, რისთვის სჭირდება დასავლეთს მათი  მოსვლა ხელისუფლებაში  და მაინც თანახმა არიან; თანახმა არიან ძალაუფლების სანაცვლოდ ქვეყნის ინტერესები გაწირონ, მოსახლეობა გაწირონ და იმისთვის, რომ მერე თუნდაც იმავე შაჰინმა კატასავით თავზე ხელი გადაუსვას,  მზად არიან. ჰო, დასავლეთს ჰაერივით სჭირდება ის, რომ საქართველომ რუსეთს მეორე ფრონტი გაუხსნას და ამისთვის მზად არიან ყველაფრისთვის. არანაირი დიპლომატია და მოზომილი განცხადებები, ამერიკელები, უკვე სენატორების დონეზე, ხოლო ევროპელები ევროპარლამენტარების პირით საჯაროდ ამბობენ, რომ საქართველოში ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, რომ სანქციები უნდა დაუწესდეს ერთ კონკრეტულ ადამიანს და მეტს არავის, რომ ეს აუცილებელია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. იმას კი აღარ ამბობენ, რომ ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, განსავითარებელი არც არაფერი იყოს, ქვეყანა აღარ იყოს, ხალხი აღარ იყოს…

ხელისუფლება ჯერჯერობით მყარად დგას და შემოტევებს იგერიებს. მეტიც, სიხისტე გაერია ქართველი პოლიტიკოსების განცხადებებში და ეს სიხისტეა, დასავლელებზე წითელი ნაჭერივით რომ იმოქმედა. ისინი არ ელოდნენ, რომ ქართველები ამას გაუბედავდნენ. ისინი უსიტყვო მორჩილებას არიან მიჩვეულნი და დაახლოებით ისე ცდილობენ მოგვექცენ, როგორც რომაელები ექცეოდნენ აჯანყებულ ხალხებს, როცა მათ ყოველ მცდელობას თავისუფლებისთვის სისხლში ახრჩობდნენ. ჰო, საქართველოს დასჯა, სისხლში ჩახრჩობა სურს დასავლეთს და ამას არც მალავს. სწორედ ამიტომ გადაჭრით შეგვიძლია იმის თქმა, რომ კანდიდატის სტატუსს არ გვაღირსებენ და არ გვაღირსებენ იმიტომ, რომ ადამიანთა გარკვეულ კატეგორიაში, უკმაყოფილება გაზარდონ, რომ როგორმე ქუჩაში გამოიყვანონ  და გვერწმუნეთ, ამჯერად ქუჩის აქციები  უფრო ორგანიზებული, აგერსიული და კარგად დაფინანსებული იქნება. ყველაზე კარგად სწორედ დასავლელი პარტნიორები ხვდებიან, რომ ხელისუფლებას არჩევნების გზით ვერ შეცვლიან, რომ მოსახლეობას არ სურს ნაციონალების დაბრუნება და ერთადერთ გზად რევოლუცია ესახებათ…

ბესო ბარბაქაძე                                                                                                                        

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here