Home ახალი ამბები საქართველო დასავლეთის მიზანი საქართველოში: ჯერ  შიდა დაპირისპირება და შემდეგ ამ დაპირისპირების ფონზე  რუსეთისთვის...

დასავლეთის მიზანი საქართველოში: ჯერ  შიდა დაპირისპირება და შემდეგ ამ დაპირისპირების ფონზე  რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნა

დასავლეთში დარწმუნდნენ, რომ ელექტორატის იმ რესურსით, რომელიც დღეს ოპოზიციას აქვს, საქართველოში ხელისუფლების შეცვლა წარმოუდგენელია. მათ ზუსტად იციან: არჩევნები სამართლიანად რომ ჩატარდეს, „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი არ აქვს, ამას ქართველი ხალხი არ დაუშვებს. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი „ქართული ოცნების“ ძალისმიერი გზით გადაგდებაა - აქციებით, რევოლუციური სცენარით, და ამ ყველაფერს საფუძველს ახლა უყრიან

403

2024 წელს  საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. პოლიტიკისთვის ერთი წელი დიდი დრო ნამდვილად არ არის, მაგრამ წინასაარჩევნო მზადებისა და აგიტაცია-პროპაგანდისთვის ადრეა. ქართველებს ხომ ერთი ზნე გვჭირს – არ გვახსოვს, რა და როგორ იყო შარშან, ზედ არჩევნების წინ უნდა დაანახვო მოსახლეობას, რა გააკეთე, რის გაკეთებას აპირებ (თუმცა ამის უკვე ნაკლებად სჯერათ, რადგან დაპირებები იშვიათად სრულდება). ჰოდა,  ამის ფონზე, ცოტა არ იყოს, უცნაურია ევროპარლამენტარებისა და ამერიკის ელჩის  ხშირი საუბარი მომავალ არჩევნებზე, თანაც საუბარიც არის და საუბარიც – ევროპარლამენტარები თითქოს მოსახლეობას აგუებენ, რომ 2024 წელს საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება.

„ევროკავშირი და საერთაშორისო საზოგადოება ეწინააღმდეგება იმას, რომ საქართველოში ურთიერთობის ესკალაცია მოხდეს, რაც მოხდა გასული არჩევნების დროს.  ვფიქრობთ, რომ მოსახლეობაზე ზეწოლისა და დაშინების მცდელობა იქნება. ჩვენ ვიცით ყველაფერი, რაც შეიძლება გაკეთდეს, ვიცით მათი ყველა „ტრიუკი“ იმისთვის, რომ თავის სასარგებლოდ მოირგონ არჩევნების შედეგები“, – ეს განცხადება ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს ეკუთვნის.

რას ნიშნავს ფრაზა „ჩვენ ვიცით ყველაფერი, რაც შეიძლება გაკეთდეს, ვიცით მათი ყველა „ტრიუკი“. ვინ ჩვენ? ევროპარლამენტმა? ანუ ქალბატონი ვიოლა ევროპარლამენტარების სახელით საუბრობს და ამას არც ერთი მათგანი არ აპროტესტებს? არც იმას ახსენებენ ფონ კრამონს, რომ წინა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სწორედ ევროპარლამენტის ულტიმატუმი იყო, თუ „ოცნება“ 43%-იან ბარიერს ვერ გადალახავდა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა. ჰო, ეს იყო ულტიმატუმი, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.  იმხანად ოპოზიციის მთავარი მიზანი  ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოგება კი არ იყო, არამედ ის, რომ მმართველ ძალას ხმების 43% ვერ აეღო. საბოლოო ჯამში, „ქართულმა ოცნებამ“ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველთა  ხმების 46,5 % მოიპოვა და დასავლეთის სპეცოპერაცია სახელწოდებით „საარჩევნო ულტიმატუმი“, უბრალოდ, ჩავარდა.

ახლა კი  ევროკავშირი და ამერიკა თადარიგს ერთი წლით ადრე იჭერენ და პირდაპირ იმუქრებიან. ისინი ამბობენ, რომ ზუსტად იციან, როგორ გააყალბებს ხელისუფლება არჩევნებს. ეს არ არის უბრალო სიტყვები, ეს არის ბრალდება, რომელსაც ევროპარლამენტარი უყენებს საქართველოს ხელისუფლებას და ამაზე ხისტი პასუხი ჩვენი მხრიდან  არ ჩანს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ახალგაზრდა თაობა ამბიციური, ევროპული ტიპის თაობაა და დარწმუნებული ვარ,  ეს თაობა მოიტანს ცვლილებებს. ბოლო დემონსტრაციებმა საქართველოში დაგვანახა, რომ ახალგაზრდა თაობა ძალიან ევროპული და მონდომებულია. მათ არ უნდათ საბჭოთა კავშირსა და რუსეთში დაბრუნება. ისინი დემოკრატიული საქართველოს მომხრეები არიან. მათ სჭირდებათ დახმარება,  ვფიქრობ, რომ მათ ხელშია საქართველოს მომავალი. ახალი თაობა გააკეთებს ყველაფერს, რათა საქართველო გახდეს ევროპის სრულფასოვანი წევრი“, – ესეც ფონ კრამონის სიტყვებია.

რა გამოდის? ფონ კრამონს ძალიან მოეწონა ის, რაც საქართველოში ბოლო აქციებზე მოხდა; მოეწონა, რომ პოლიციელებს ცეცხლი წაუკიდეს, საპატრულო მანქანები დაწვეს, იყო პარლამენტზე შტურმის მცდელობა. ამ ყველაფერს ევროპარლამენტარი ტაშს უკრავს და იმ აქციის წარმომადგენლებს აგულიანებს: აბა, თქვენ იცით, მომავალში თქვენი იმედი გვაქვსო. ოპოზიციის დიდმა ნაწილმა ყველაზე კარგად იცის, რომ ის, რაც მარტის დასაწყისში  აქციებზე მოხდა, სისხლის სამართლის დანაშაულია და ასე მოქცევა არ შეიძლება, ამიტომ, როცა რუსთაველზე ცეცხლი გიზგიზებდა, ოპოზიციის არც ერთი ლიდერი იქ აღარ იმყოფებოდა. ისინი აქციას კი არა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გაექცნენ. სამაგიეროდ, როგორც კი სამართალდამცველებმა ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს, რომელმაც პოლიციელების ცოცხლად დაწვა სცადა, ის გმირად და პოლიტპატიმრად გამოაცხადეს. სამართალდამცველების მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი ოპოზიციისა და ევროპარლამენტარების უდიდესი ნაწილისთვის გმირია.

„მე ვაპირებ,  განვაგრძო საქართველოსთვის ბრძოლა და ბრძოლა იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი; ასევე, იმისთვის, რომ გადაწყდეს მიხეილ სააკაშვილის საკითხი“, – ამბობს ფონ კრამონი და პირდაპირ მიანიშნებს, რომ რეალურად ის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის იბრძვის და სხვა ინტერესი  არ აქვს. ფონ კრამონის განცხადებებს, წესითა და რიგით,  ევროპარლამენტარები უნდა გამოხმაურებოდნენ და დაეგმოთ; უნდა ეთქვათ, რომ ევროპარლამენტარები ვერ და არ განსაზღვრავენ იმას, რა შედეგით დასრულდება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები; რომ ხელისუფლებას ბრალს გაყალბებაში ტყუილად უყენებენ და 2020 წლის არჩევნების მაგალითად მოყვანაც უმართებულოა, რადგან, საბოლოო ჯამში, მისი სამართლიანად ჩატარება ყველა ევროპულმა თუ ამერიკულმა ინსტიტუტმა აღიარა, მაგრამ…

დასავლეთში  დარწმუნდნენ, რომ ელექტორატის იმ  რესურსით, რომელიც დღეს ოპოზიციას აქვს, საქართველოში ხელისუფლების შეცვლა წარმოუდგენელია. მათ ზუსტად იციან,  არჩევნები სამართლიანად რომ ჩატარდეს, „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი  არ აქვს.  ამას ქართველი ხალხი არ დაუშვებს, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი  „ქართული ოცნების“ ძალისმიერი გზით გადაგდებაა – აქციებით, რევოლუციური სცენარით, და ამ ყველაფერს საფუძველს ახლა უყრიან. არც მიხეილ სააკაშვილის ხსენებაა შემთხვევითი, რადგან დასავლეთმა ასევე ზედმიწევნით იცის, რომ ექსპრეზიდენტის გათავისუფლება  ნოყიერი ნიადაგი იქნება საქართველოში არეულობის მოსაწყობად და ერთი ნაბიჯი დაგვაშორებს სამოქალაქო დაპირისპირებასაც.  მიზანიც ხომ სწორედ ეს არის: ჯერ  შიდა დაპირისპირება და შემდეგ ამ დაპირისპირების ფონზე საქართველოში რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკვე რამდენიმეჯერ თქვეს, რომ დასავლეთს სურდა, საქართველოს ტერიტორია ახალ პოლიგონად ექცია და, როგორც ჩანს, ეს სურვილი ისევ აქვს.

ამ ყველაფრის ფონზე საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი ნელი მოქმედების ნაღმად იქცა. ვინმე არის იმის გარანტი, რომ  არჩევნების წინ, მაგალითად,  ზუსტად ერთი წლის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი პოლარიზაციის დასრულების მომიზეზებით ციხიდან სააკაშვილს არ გამოუშვებს? რა თქმა უნდა, არა. ზურაბიშვილმა ამავე მიზეზით უკვე შეიწყალა ნიკა გვარამია და, რაც მივიღეთ, ხედავთ – გვარამია დადის ყველგან, სადაც კი მიესვლება, და ამბობს, რომ საქართველოში ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. დაიწყო მისი გათავისუფლებით პოლარიზაციის დასრულება? არა,  პირიქით – პოლარიზაცია უფრო გაღრმავდა და, თუ ზურაბიშვილს არ ახსოვს, ჩვენ არ დაგვვიწყებია, როგორ თქვა გვარამიამ: როცა ხელისუფლება შეიცვლება, ერთადერთი თანამდებობა, რომელსაც მოვითხოვ, გენერალური პროკურორის პოსტი იქნებაო. სავარაუდოდ, მას ეს თანამდებობა პოლარიზაციის დასასრულებლად სჭირდება, თორემ ცუდი ზრახვები და შურისძიების წყურვილი როგორ ექნება?!

„ჩვენ, ყველანი, ვართ საქართველოს მეგობრები და გვიხარია, რომ ნიკა გვარამია დღეს ჩვენ გვერდით არის. ვფიქრობ, საქართველოში ვითარება უნდა შეიცვალოს.  ვიცით, რომ ჟურნალისტებს თავს ესხმიან ფიზიკურად და ვიცით, რომ მთავრობა ქვეყნის პოლარიზაციას ახდენს. ეს ყველაფერი ჯანსაღი არაა, ჩვენ არაერთხელ ვთხოვეთ საქართველოს მთავრობას,  ქვეყანამ თავისი ვალდებულებები შეასრულოს. იმედი გვაქვს,  მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ გამოუშვებენ და ის დაძლევს იმ სენს, რომელიც პატიმრობაში დაემართა“, – ეს განცხადება კიდევ ერთმა ევროპარლამენტარმა, მირიამ ლექსმანმა,  გააკეთა.

სააკაშვილით დავიწყოთ: სტრასბურგის სასამართლომ  დაასკვნა, რომ მიშას არაფერი სჭირს, უბრალოდ, საჭმელი უნდა ჭამოსო.  ლექსმანი კი გვიმტკიცებს, ექსპრეზიდენტს პატიმრობაში რაღაც სენი შეეყარაო. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას და თურმე შეუსრულებულ ვალდებულებებს, ერთადერთი „ვალდებულება“, რომელიც არ შესრულდა, ჩვენს ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნაა და,  საბედნიეროდ, მმართველი გუნდი ამ „ვალდებულების“ შესრულებას არც მომავალში აპირებს. ის, რომ თურმე საქართველოში ვითარება უნდა შეიცვალოს, ცალკე განხილვის საგანია – ვინ ჰკითხავს ევროპარლამენტარებს, ჩვენს ქვეყანაში ვითარება უნდა შეიცვალოს თუ ამინდი? უბრალოდ, აღნიშნული ევროპარლამენტარები ამბობენ იმას, რაც რეალურად სურს დასავლეთს და ხშირად იმიტომ იმეორებენ, რომ მოსახლეობის გონებაში ეს ყველაფერი მყარად ჩაიბეჭდოს, რათა ადამიანები შეეგუონ იმას, რომ 2024 წელს  ცეცხლითა და მახვილით შეიძლება მოხდეს ხელისუფლების შეცვლა და ამისთვის დასავლეთი აშკარად მზად არის.   ახლა, უბრალოდ, 2024 წლის ოქტომბრის დადგომას ელოდებიან. მანამდე კი… მანამდე, ალბათ, არც უკრაინას მისცემენ ომის დასრულების შესაძლებლობას და, თუ საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება, მეორე ფრონტის გახსნა რამდენიმე დღის საკითხი იქნება.

ლევან გაბაშვილი                                                                                          

                    

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here