Home ახალი ამბები საქართველო დასავლეთის იერიში საქართველოზე

დასავლეთის იერიში საქართველოზე

295

სწორედ ახლა, დღეს და ხვალ წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი. დღეს და ხვალ უნდა გაირკვეს, დავაღწევთ თუ არა დასავლეთის მონობას თავს და გვეყოლება თუ არა უფროსად ამერიკისა თუ ევროკავშირის ქვეყნების ელჩები

ოპოზიციის გავლენით თუ დასავლეთის მოთხოვნით, დღემდე ასეა _ ხელისუფლება ვერ ბედავს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან თემებზე რუსეთთან ოფიციალურად დალაპარაკებას. ვგულისხმობთ არა კარასინისა და აბაშიძის შეხვედრებს, რომლებსაც, ჩვენი აზრით, ღირებული შედეგი ვერ მოაქვს, არამედ ხელისუფლების უმაღლესი პირების შეხვედრას და შეხვედრას კონკრეტულ დეტალებზე, თუნდაც ისეთზე, როგორიც არის ენერგომატარებლები, რომლებიც გაძვირდა და, რაც მთავარია, რომლებიც დღეს რუსეთს ჭარბად აქვს. ორი კვირის წინათ არ იყო, ევროპაში გაშვებული ბუნებრივი აირი უკან რომ დაიბრუნა რუსეთმა, საცავები სავსე ჰქონდა და მერე ევროპელები აღშფოთდნენ, _ რუსეთი უკან წაღებულ ბუნებრივ აირს, უბრალოდ, წვავს, ჩვენ კი ოთხმაგის გადახდა გვიწევსო?!

დიახ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თითქმის მიაღწია საწადელს და ბებერი კონტინენტი თავისი გავლენის ქვეშ მოაქცია. იმ სანქციების ფონზე, რომლებსაც ევროკავშირის ლიდერები სიხარულით აწერდნენ ხელს, ისე გამოვიდა, რომ რუსეთზე დამოკიდებული თუ ჩამოკიდებული ევროპა მთლიანად ჩაიხსნა და ამერიკულ ბუნებრივ აირზე გადავიდა. ისეთ ქვეყანასაც კი, როგორიც გერმანიაა, ისე გაუჭირდა, ქვანახშირზე მომუშავე დალუქული ელექტროსადგურები აამუშავა და მოსახლეობას ბოდიში მოუხადა, _ ეს სადგურები იმიტომ გავაჩერეთ, ქვანახშირი ჯანმრთელობისთვის მავნეა, მაგრამ ახლა სხვა გზა არ გვაქვს და მომწამვლელი ჰაერი ცოტა ხანს უნდა აიტანოთო. პარალელურად, ამერიკა თანხებს არ იშურებს, მილსადენებს აგებს, არემონტებს, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროპაში სრულად ჩაანაცვლოს რუსული ბუნებრივი აირი  და ჩაანაცვლოს იმის მიუხედავად, რომ ტრანსპორტირების გამო, ამერიკული ბუნებრივი აირი, საუკეთესო შემთხვევაში, რუსულზე ოთხჯერ ძვირი ღირს, ეს გაძვირება კი მოსახლეობის ჯიბეზე აისახება, რადგან დიდ ქვეყნებსაც  არ აქვთ იმის რესურსი, სუბსიდიით ოთხჯერ გაძვირებული ბუნებრივი აირის საფასური დაფარონ.

სამაგიეროდ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ძალიან მალე რუსეთის უმაღლეს ხელისუფალს დააპატიმრებენ და მას ბოლო წლების გატარება ჰააგის ციხეში მოუწევს. ჰააგის სასამართლოთი მუქარა ახალი ამბავი არაა, მაგრამ ყველაზე კარგად სწორედ ამერიკელებმა იციან, რომ ვლადიმერ პუტინს ჰააგის სასამართლოს წინაშე ვერასდროს დააყენებენ და ამ ინფორმაციას მხოლოდ ხალხის მოსატყუებლად ავრცელებენ. ჰააგა ტყუილად არ გაგვხსენებია, ქალაქის თვითმმართველობამ უკვე ოფიციალურად მიმართა ნიდერლანდების მთავრობას, რომ უფლება მისცენ, ქალაქმა რუსული ბუნებრივი აირი, სულ ცოტა, 2023 წლის 1 იანვრამდე გამოიყენოს. ჰააგის თვითმმართველობის მიმართვაში წერია, რომ მათთვის ევროკავშირმა გამონაკლისი დაუშვას და რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გვერდის ავლით ბუნებრივი აირის გამოყენების უფლება მისცეს. ჰო, ეს ის ჰააგაა, რომელმაც დასავლეთის ოცნებებში პუტინი უნდა გაასამართლოს.

არანაკლებ ცუდ დღეშია გერმანია. გერმანიის დიდი ქალაქების თვითმმართველობამ საჯარო სამსახურებში ბუნებრივი აირი გათიშა და ცხელი წყლის გამოყენება აკრძალა, რადგან როგორმე რესურსი შეინარჩუნონ და ზამთარს, ასე თუ ისე, მომზადებული შეხვდნენ. ამ რესურსის შენარჩუნების და საკმარისი რეზერვის არსებობის გერმანიაში აღარავის სჯერა და გერმანელ პენსიონერთა უმრავლესობა ზამთრის გატარებას ბრაზილიასა და ინდოეთში აპირებს. ისინი ბინებს კეტავენ, თუ გაუმართლათ, აქირავებენ, თავად კი გამოსაზამთრებლად თბილ ქვეყნებში მიდიან, რადგან ეს უფრო იაფი უჯდებათ, ვიდრე გერმანიაში დარჩენა, ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიის საფასურის გადახდა და, რაც მთავარია, არავის აქვს გარანტია, რომ გადახდის შემთხვევაშიც კი, ზამთრის განმავლობაში, ბუნებრივი აირი და დენი მუდმივად ექნებათ. ამერიკის წაქეზებით, ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა ისე იმუშავა, რომ ევროპაში ამ ზამთარს იმას ელოდებიან, რაც 90-იან წლებში საქართველოში იყო _ გრაფიკით ბუნებრივი აირი, დენი, წყალი. ახლა თავად განსაჯეთ, სანქციები ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთს დაუწესეს თუ საკუთარ თავს?! ჰო, რამდენიმე ქვეყნის ლიდერმა ისიც თქვა: გავიჭირვებთ, ბოლოს და ბოლოს, შეშას შევისყიდით და მოსახლეობას დავურიგებთო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ შეშის იმ რაოდენობის მიწოდება, რომელიც ევროპას სჭირდება, მხოლოდრუსეთს შეუძლია.

თუ გახსოვთ, ერთ-ერთი პირველი, ვინც ევროკავშირის სანქციების წინააღმდეგ გაილაშქრა, უნგრეთი იყო, რომელიც ევროკავშირის წევრიც არის და ნატოსიც.  მაგრამ ქვეყნის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა ხმამაღლა თქვა: სანქციებს რომ შევუერთდე, ჩემი ქვეყნის ეკონომიკა ამას ვერ გადაიტანს, მოსახლეობა ცუდ დღეში ჩავარდებაო და რა მოხდა? არც არაფერი _ ვერც ევროკავშირმა და ვერც ამერიკამ ორბანს ვერაფერი უთხრა და ისე გამოვიდა, რომ დღეს ევროპაში უნგრეთს ყველაზე ნაკლებად აღელვებს ზამთრის მოახლოება. მეტიც, ორბანმა რუსეთთან 2014 წელს გაფორმებული ხელშეკრულება გააცოცხლა და რამდენიმე კვირაში რუსეთი უნგრეთში ორი ახალი ბირთვული რეაქტორის მშენებლობას დაიწყებს. პროექტის ღირებულება 12 მილიარდი დოლარია, 10 მილიარდს რუსეთი იხდის, 2 მილიარდი კი უნგრეთის გადასახდელი იქნება. თითოეული რეაქტორის სიმძლავრე 1200 მეგავატი იქნება, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე არსებული რეაქტორების გათვალისწინებით (რომლებიც ასევე რუსეთის აშენებულია), 10-მილიონიანი უნგრეთი ენერგიის მიმართულებით არათუ დამოუკიდებელი გახდება, არამედ ელექტროენერგიას გაყიდის კიდეც და ქვეყნის ეკონომიკას ეს აუცილებლად დაეტყობა. აღარაფერს ვამბობთ 10-მილიარდიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციაზე, რომელიც ასევე ეკონომიკისთვის, დღეს არსებული კრიზისის ფონზე, საოცარ ეფექტს მოიტანს.

შარლი ებდოს ახალი ნომრის გარეკანი _ მაკრონი შეშას ეზიდება ელისეს სასახლეში

და რას შვრება ამ დროს საქართველო, რომელსაც არც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცეს და, საზოგადოდ, არაფრად თვლიან?! არაფრად თვლიან თუნდაც იმიტომ, რომ უკვე ოფიციალურად, დოკუმენტურად დადასტურდა, რომ ამერიკა ელჩის მეშვეობით ცდილობდა და ცდილობს არამხოლოდ ხელისუფლების გაკონტროლებას, არამედ ყველა ინსტიტუტის საკუთარ ინტერესებზე მორგებას, ერევა სასამართლო სისტემაში, ცდილობს საარჩევნო სისტემის შეცვლას და ამ ყველაფერს უკვე დაუფარავად აკეთებს. ჰო, კელი დეგნანი მიხვდა, რომ ფარულად მოქმედებას აზრი არ აქვს და ამიტომ იერიშზე გადმოვიდა. მას მხარი აუბა ვენეციის კომისიამაც და ის კანონები დაიწუნა (დააწუნებინეს), რომლებიც ერთი წლის წინათ მივიღეთ. ვენეციის კომისიას იმხანად ხმა არ ამოუღია, მაგრამ ახლა დასჭირდა და დაიწუნა, _ შეცვალეთო. ეს ოპოზიციისთვის პირდაპირი მინიშნება იყო, რაზე უნდა აყვირებულიყვნენ და აყვირდნენ კიდეც, _ ხომ ხედავთ, ვენეციის კომისიაც ჩვენს მხარეს არისო. ადრეც ვთქვით და ახლაც გავიმეორებთ _ დასავლეთი საქართველოს წინააღმდეგ იერიშზეა გადმოსული და სწორედ ახლა, დღეს და ხვალ წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი. დღეს და ხვალ უნდა გაირკვეს, დავაღწევთ თუ არა დასავლეთის მონობას თავს და გვეყოლება თუ არა უფროსად ამერიკისა თუ ევროკავშირის ქვეყნების ელჩები.  არადა, სწორედ უნგრეთის მაგალითზე თამამად შეგვიძლია ვიმოქმედოთ და მოვიქცეთ ისე, როგორც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს სჭირდება. უნგრეთმა ევროკავშირის მიერ სანქცირებული ქვეყნის ინვესტიციას ფართოდ გაუღო კარი და, რაც მთავარია, ამ ყველაფერში ხელისუფლებას მოსახლეობის მხარდაჭერა აქვს. უნგრელები ხვდებიან, რომ ხელისუფლება სწორი მიმართულებით მიდის, რომ მათზე ფიქრობს და არა იმაზე, რა ესიამოვნებათ ზესახელმწიფოებს და, როცა ერი და ბერი ერთ აზრზე დგას, მათი მომრევი არავინაა. ხმამაღლა არავინ ამბობს, მაგრამ საქართველოში ქვანახშირის შემოტანა განახლდა და გაიზარდა. ჰო, იმ ქვანახშირის, რომლის გამოყენებაზეც ევროკავშირმა უარი იმიტომ თქვა, ყველაზე მავნე საწვავიაო, და ჩვენ მაინც განვაახლეთ. მერე რა, რომ ქვანახშირიც რუსეთიდან შემოგვაქვს?! შეგვიძლია, ამაზე უარი ვთქვათ და, როგორც რუსეთისა და უნგრეთის ეკონომიკის მინისტრები დასხდნენ და ისაუბრეს, ისე დასხდებიან ჩვენი მინისტრებიც და ბუნებრივი აირის შემოტანის მასშტაბების გაზრდასა და, რაც მთავარია, ფასზე დაილაპარაკონ. დღევანდელი მდგომარეობით, არ იქნება რუსეთი იმის წინააღმდეგი, რომ ფასი შეამციროს და, როცა ხელისუფლებას დაანონსებული აქვს, 1 იანვრიდან ბუნებრივ აირზე, დენსა და წყალზე გადასახადები გაიზრდებაო, თუნდაც ბუნებრივ აირზე ტარიფი უცვლელი დატოვოს.

ხვალ და ზეგ საქართველო სერიოზული პრობლემების წინაშე დადგება და ხომ თავადაც ხვდება ხელისუფლება, არ გამოდის ნახევრად საქმის კეთება. ჩვენმა მთავრობამ ერთხელ და გასაგებად უნდა თქვას, რომ პირველ ადგილზე საქართველოს ინტერესებს აყენებს და მერე _ დანარჩენი მსოფლიოსი. აღარ არის მნიშვნელოვანი, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მოგვცემენ თუ არა, რადგან ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირის მოწინავეები არიან, ხვდებიან, რომ შეცდნენ, როცა ამერიკას აჰყვნენ და სანქციებს ბრმად მოაწერეს ხელი. ისინი იმასაც ხვდებიან, რომ დიდი სურვილის მიუხედავად, ამ ზამთარს  ამერიკიდან საჭირო ოდენობის ბუნებრივ აირს ვერ მიიღებენ, რომ შესაძლოა მოსახლეობა გაიყინოს, მითუმეტეს, ცივ ზამთარს პროგნოზირებენ და უკან დასახევი გზაც ბევრმა მათგანმა არ დაიტოვა. ჩვენ კი უკან დასახევი კი არა, წინ წასასვლელი გზა გვაქვს და ამ გზას რაც შეიძლება მალე უნდა დავადგეთ.

ლევან გაბაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here