Home ახალი ამბები საქართველო დასავლეთი ყველაფერს აკეთებს,  საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ომის ერთ-ერთ პლაცდარმად რომ აქციოს

დასავლეთი ყველაფერს აკეთებს,  საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ომის ერთ-ერთ პლაცდარმად რომ აქციოს

ქართველმა ხალხმა დასავლეთის მიმართ ნდობა მთლიანად დაკარგა

627

ამ სტატიის კითხვის დაწყებისას  შეიძლება გაიფიქროთ:  რა დროს რუსეთის მიმართულებით ავიარეისების აღდგენაზეა საუბარი, როდესაც პლანეტა დენთით სასე კასრს დაემსგავსა და არავინ იცის,  როდი აფეთქდება. მართალიც იქნებით,  მაგრამ  საქმე ის არის, რომ ავიამიმოსვლასთან დაკავშირებული ბატალიები კიდევ ერთი ახალი რაკურსით გვიჩვენებს საქართველოს მიმართ დასავლეთის ისეთსავე მომხმარებლურ დამოკიდებულებას, როგორიც უკრაინის მიმართ გამოავლინა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საჯაროდ განაცხადა ორ ქვეყანას შორის შეწყვეტილი საავიაციო მიმოსვლის აღდგენის პერსპექტივაზე, რომელსაც, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ გარკვეული ძალების გააფთრებული წინააღმდეგობა მოჰყვა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა განყოფილების წამყვანმა სპიკერმა  პიტერ სტანომ  საქართველოს მთავრობას მოუწოდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ავიაციის სექტორზე დაწესებულ სანქციებს შეუერთდეს:„ ვიცით რუსეთსა და  საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების შესაძლო აღდგენის თაობაზე ბოლოდროინდელი განხილვების შესახებ. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, შეუერთდეს ევროკავშირის და  სხვა  ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ ავიაციის სექტორში დაწესებულ სანქციებს. ევროკავშირის სასანქციო რეჟიმი განიხილავს, რომ  სანქციები დაუწესოს იმ ქვეყნებსაც, რომლებიც რამე სახით მხარს დაუჭერენ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებისთვის შესაძლო გვერდის ავლას.   ეს ხომ პირდაპირი მუქარაა, თანაც ტენდენციური და უსამართლო მუქარა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში კიდევ უფრო გამოკვეთილია: ჩვენ გვაშფოთებს რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების განახლებაზე საუბარი, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს აეროპორტებში კომპანიები,  შესაძლოა,  სანქციების სამიზნე გახდნენ“.

ამ განცხადებებიდან გამომდინარე, სრულიად ნათელია, რომ ის ძალები, რომლებიც ქვეყნის შიგნით ეწინააღმდეგებიან რუსეთის მიმართულებით ავიარეისების აღდგენას (პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ჩათვლით),  გარედან არიან მართულნი. მმართველი პარტიის ლიდერი ირაკლი კობახიძე  კი სრულიად საწინააღმდეგო განცხადებას აკეთებს: როდესაც საქმე ეხება  ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობის შემსუბუქებას, ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება ჩვენთვის მისასალმებელია“.

აქედან მხოლოდ ის დასკვნა გამოდის, რომ მმართველი პარტია ხალხის ინტერესებს იცავს, ე.წ. ოპოზიცია კი ქვეყნის გარეთ მოქმედი ძალების შეკვეთას ასრულებს. ჩნდება  შეკითხვა: რა სურთ ამ ძალებს? ისინი თუ საქართველოსა და რუსეთს შორის  სამიმოსვლო ურთიერთობების საერთოდ მოშლას ცდილობენ, ეს სხვა საქმეა, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ორ ქვეყანას შორის მიმოსვლა აკრძალული არ არის და ნებისმიერი სახის ტრანსპორტით გადაადგილება ნებადართულია, გარდა ავიატრანსპორტისა. რა გამოდის, რას ებრძვიან ისინი – ავიაციას, როგორც სატრანსპორტო საშუალებას? ეს ხომ სრული აბსურდია! ეს აბსურდული ვითარება კიდევ უფრო კარგად გამოიკვეთება, ერთ უცნაურ გარემოებასაც თუ გავითვალისწინებთ:

ისრაელი აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ იგი არ შეერთებია რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს და არც პირდაპირი ავიარეისები შეუწყვეტია ამ ქვეყანაში; თურქეთი ნატოს წევრი და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფოა, მაგრამ მას არავინ სთხოვს რუსეთთან პირდაპირი ავიარეისების შეწყვეტას. საქართველო არათუ ნატოს წევრად არ მიიღეს, ე.წ. მაპიც არ აღირსეს და ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზეც უარი სტკიცეს. ამის მიუხედავად, დასავლეთის წარმომადგენლები ჩვენ გვედიდგულებიან. თურქეთს და ისრაელს რუსეთთან პირდაპირი სახმელეთო საზღვარი არ აქვთ.  ჩვენ კი, პატარა ქვეყანას, მასთან ჩვენი მასშტაბებისთვის შეუფერებლად დიდი, 600-კილომეტრიანი საზღვარი გვაქვს, ჩვენი მოსახლეობის თითქმის ერთი მესამედი სწორედ ამ ქვეყანაში ცხოვრობს და, მიუხედავად ამისა, პირდაპირი ფრენების განხორციელების უფლებას არ გვაძლევენ. ეს ხომ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის იმ დაბალ ღობედ მიჩნევაა, რომელსაც, როცა უნდათ და სადაც უნდათ, იქ გადაუვლიან?! აბა, გაუბედონ თურქეთის ხელისუფლებას, რუსეთთან საავიაციო მიმოსვლა შეწყვიტეო, და საკადრის პასუხსაც მოისმენენ, მაგრამ ჩვენი დაჩაგვრა იოლი ჰგონიათ, ვინაიდან სუსტ და უპრინციპო ხალხად მივაჩნივართ. რამდენი წელიწადია, რაც საქართველოს ტერიტორიულ გამთლიანებას გვპირდებიან, შედეგი  ჩანს? არ ჩანს! ნატოს წევრობას შეგვპირდნენ, მაგრამ არ შეგვისრულეს; ევროკავშირის წევრობას შეგვპირდნენ, მაგრამ არ შეგვისრულეს; ტერიტორიულ გამთლიანებას შეგვპირდნენ, მაგრამ არ შეგვისრულეს. ყოველივე ამის შემდეგ რუსეთთან დალაპარაკების უფლებასაც კი არ გვაძლევენ,  გზებს გვიკეტავენ და მილიონზე მეტ თანამემამულესთან საავიაციო კომუნიკაციას გვიკრძალავენ. ამას რა დამოკიდებულება ჰქვია? ეს უზარმაზარ მეზობელ სახელმწიფოსთან ხელოვნური დაპირისპირებისა და შემდეგ დაუცველად დატოვების ის გზა ხომ არ არის, რომელსაც უკრაინის ბედის გაზიარებისკენ მივყავართ?!

ქართველ ხალხს დიდი ხნის წინათ უნდა ეთქვა დასავლური პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლებისთვის: სამწუხაროდ, ჩვენ დავრწმუნდით, რომ თქვენ ქართველი ხალხის გამოყენება გსურთ იაფი მუშახელის, მომსახურე პერსონალისა და საზარბაზნე ხორცის სახით; ჩვენთვის დახმარების გაწევის მიზანი კი არც წარსულში გქონიათ და არც მომავალში გექნებათ. რაკი ეს ასეა, ხალხს რატომ სტანჯავთ, რატომ ცდილობთ, რომ ოჯახის წევრებსა და ნათესავებს ერთმანეთთან მისვლა-მოსვლის საშუალება გაურთულოთ ან სრულიად მოუსპოთ? რა სიამოვნების მომგვრელია თქვენთვის ის ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქე, პირდაპირ მოსკოვში გაფრენის ნაცვლად, ჯერ, ვთქვათ, სტამბოლში გაფრინდეს და მხოლოდ იქიდან შეძლოს რუსეთის მიმართულებით გაფრენა; ან მოსკოვიდან თბილისისკენ მომავალ მგზავრს ჯერ ერევანში მოუწიოს ჩაფრენა და მხოლოდ ამის შემდეგ გამოფრინდეს საქართველოს მიმართულებით?! ეს არის მთელი თქვენი გეოპოლიტიკური სტრატეგია?! ამით ცდილობთ რუსეთის დაზიანებას  და ქართველი ხალხის გულის მოგებას?! არა მგონია, რომ ქართველთა გულის მოგება შეძლოთ, რადგან საამისო რესურსი მთლიანად ამოწურეთ. რაც შეეხება ქართველი ხალხის მოტყუებას, აბუჩად აგდებასა და წვალებას,  ამისი რესურსი ჯერ კიდევ გაქვთ შემორჩენილი და, ალბათ, ბოლომდე გამოიყენებთ, მაგრამ სხვა შედეგს, ომელი უკვე დადგა, ვეღარ მიიღებთსაქართველო აღარ გენდობათ! ეს გასაგებიცაა, ამ ოცდაათ წელიწადში მათგან იმდენი სიცრუე და ვერაგობა, იმდენი თაღლითობა და ფარისევლობა ვიწვნიეთ, რომ გასაკვირი იქნებოდა, ნდობა აქამდე შეგვრჩენოდა.

ვალერი კვარაცხელია                                                                               

P.S. უკრაინის ფაშისტურ ხელისუფლებას ეცოტავება ევროპის უპასუხისმგებლო ლიდერების მიერ მათთვის ტანკების გადაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება და სამხედრო თვითმფრინავებს (ავიაგამანადგურებლებს) ითხოვს. როგორც ჩანს, ევროპა, შედეგებზე დაფიქრების გარეშე, მზად არის კიევის ეს მოთხოვნაც დააკმაყოფილოს. ამ საკითხზე დიდ ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს მიერ გაკეთებული განცხდების ტექსტი უმძიმესია: «Хочется напомнить официальному Лондону: именно на его совести при таком сценарии будет “кровавая жатва” очередного витка эскалации, а также вытекающие из этого военно-политические последствия для европейского континента и всего мира».

ამ მინაწერს თითქოს არაფერი აქვს საერთო სტატიის შინაარსთან, რომელიც დღეს შემოგთავაზეთ, გარდა იმისა, რომ ორივე ავიაციის თემას ეხება: პირველ შემთხვევაში  სამოქალაქოს, მეორე შემთხვევაში სამხედროს, მაგრამ, თუ საკითხს უფრო  ჩავუღრმავდებით, დავინახავთ, რომ უკრაინაში ომი ესკალაციის გზით  მიჰყავთ.  ამ ვითარებაში დასავლეთის დაუფარავი წნეხი საქართველოზე რუსეთის წინააღმდეგ აშშისა და ნატოს მიერ დაწყებული გლობალური ომის შემადგენელ ნაწილად გადაქცევის აშკარა მცდელობაა. დასავლეთი ჩვენს ქვეყანას რუსეთის წინააღმდეგ ომის ერთერთ ბერკეტად და პლაცდარმად განიხილავს. ეს რასაც ნიშნავს, ცოტა ვინმეს თუ აქვს გააზრებული საქართველოში.

ვ. კ.                                                                                                          

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here