Home ახალი ამბები საქართველო დასავლეთი ვერ ინელებს, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამჟამინდელი ხელისუფლება ჯერჯერობით ერთადერთია, რომელსაც...

დასავლეთი ვერ ინელებს, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამჟამინდელი ხელისუფლება ჯერჯერობით ერთადერთია, რომელსაც საომარი მოქმედებები არ დაუწყია და ამის გაკეთებას აშკარად არ აპირებს

საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო ასპარეზზე, უწინარესად, ჩვენი ინტერესები უნდა დაიცვას და იმაზე არ იფიქროს, რა მოეწონება ან არ მოეწონება დასავლეთს

272
დასავლეთი ვერ ინელებს, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამჟამინდელი ხელისუფლება ჯერჯერობით ერთადერთია, რომელსაც საომარი მოქმედებები არ დაუწყია და ამის გაკეთებას აშკარად არ აპირებს

თანამედროვე მსოფლიოს თუ გადავავლებთ თვალს, მივხვდებით, რომ მსოფლიო ბატონობაზე (და არა პირველობაზე) პრეტენზია ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს. ჰო, შტატებს სურს, მართავდეს ყველას და ყველაფერს, ამერიკული დღის წესრიგით ცხოვრობდეს ყველა სახელმწიფო დედამიწაზე და კონკრეტულ სახელმწიფოში მთავარი არა ამა ქვეყნის პირველი პირი, არამედ ამერიკის ელჩი იყოს. ცოდვა გამხელილი სჯობს და, ამერიკელებს ეს არაერთგან გამოუვიდათ, თავის დროზე საქართველოშიც და იდეა თუ შედეგები ისე მოსწონთ, რომ მასზე უარის თქმას არ აპირებენ.

დღეს მხოლოდ ორ სახელმწიფოს შეუძლია აშშ-ს კონკურენცია გაუწიოს და გაბატონება არ დაანებოს – რუსეთი და ჩინეთი. ამერიკელებმა მოახერხეს და მსოფლიოს ყველაზე დიდი ქვეყანა ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანასთან ომში ჩართეს. ამ სამხედრო დაპირისპირებას, სამწუხაროდ, ბოლო ჯერ არ უჩანს. ორივე მხარეს ყოველდღიურად ასეულობით ადამიანი ეღუპება. მიწასთან გასწორებული და ინფრასტუქტურის გარეშე დარჩენილი, ეკონომიკა განულებული და მილიარდობით დოლარის ვალის მქონე უკრაინის ლიდერი დასავლეთის დაკრულზე ცეკვავს და წარმოდგენაც არ აქვს, ეს ომი როდის და რა შედეგით დასრულდება, მაგრამ იძულებულია, ის იარაღი გამოიყენოს, რომელსაც დასავლელი პარტნიორები აწვდიან და აწვდიან არა საჩუქრად, არამედ ვალად და ამ იარაღის საფასურის გადახდა, უკრაინელების არაერთ თაობას მოუწევს…

არცთუ დიდი ხნის წინანდელი ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთის ეკონომიკამ ამერიკის ეკონომიკას გაასწრო და მსოფლიოში პირველი გახდა. ამერიკამ პირველობა დაახლოებით ორ თვეში დაიბრუნა, მაგრამ ეს იყო სერიოზული სიგნალი იმისა, რომ ამერიკელების ოცნებას მსოფლიოზე ბატონობის შესახებ შეიძლება სწორედ ჩინეთმა დაუსვას წერტილი, რადგან არ შეიძლება მსოფლიოზე ბატონობდე და ეკონომიკით პირველი არ იყო. სწორედ ამერიკელებმა დაადანაშაულეს ჩინეთი, რომ ის რუსეთის მთავარი მოკავშირეა და არ შეიძლება ასე იყოს, რადგან თურმე მთელი დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგია და ჩინეთის სახით მოკავშირე არ უნდა ჰყავდეს. ამერიკა ჭკუას ასწავლის ქვეყანას, რომელიც მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში პირველია და ეკონომიკით ამერიკას ეტოლება. სწორედ ეს არის ერთადერთი (და არა ერთ-ერთი) მიზეზი იმისა, რომ შტატებს სურს, ჩინეთის ეკონომიკა როგორმე დააზიანოს და უკან დასწიოს, რათა თვითონ მშვიდად იყოს.

ალბათ, გემახსოვრებათ, რა დღეში ჩავარდა ქართული ოპოზიცია და ადგილობრივი არასამთავრობო სექტორი, როცა საქართველოს პრემიერმა ჩინეთში ვიზიტისას მზადყოფნა გამოთქვა ხელშეკრულების გაფორმებაზე, რომელიც ორმხრივ თანამშრომლობასთან ერთად, სტრატეგიულ პარტნიორობასაც ითვალისწინებს. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ჩნურ მხარესთან უკვე გვაქვს და ახალი ხელშეკრულება, პირველ რიგში, ქართულ ეკონომიკას წაადგებოდა. ოპოზიცია, არასამთავრობოები და თვითმარქვია ექსპერტები ერთ ხმაში ამბობდნენ, რომ არ შეიძლება, თან ევროკავშირის წევრობის სტატუსზე გვქონდეს პრეტენზია და თან ჩინეთთან ვაფორმებდეთ ასეთ ხელშეკრულებას. არადა, ანალოგიური ხელშეკრულება ჩინელებთან ევროკავშირის ყველა ქვეყანას, თურქეთსა და ამერიკასაც აქვთ. ისიც ითქვა, აღნიშნული ხელშეკრულება ამერიკას არ მოეწონება და ამის გამო შტატების ხელისუფლება შემოგვწყრებაო. ოპოზიციისა და არასამთავრობოების ერთგვარი პროტესტი და ამ პროტესტის დასაბუთება ისეთი ამაზრზენი გახლდათ, ამერიკის ელჩი კელი დეგნანი იძულებული შეიქნა, საჯაროდ ეთქვა, რომ ამერიკა არაფერ შუაში იყო და მისი ქვეყანა მოვლენებს, უბრალოდ, აკვირდებოდა, თუმცა დეგნანის განცხადებას გასულ კვირას ცივი შხაპი ჯო ბაიდენმა გადაასხა.

„ჩინეთს უჭირს, მათ გარკვეული პრობლემები აქვთ. ეს არ არის კარგი, რადგან, როდესაც ცუდ ადამიანებს პრობლემები აქვთ, ისინი ცუდ საქმეებს აკეთებენ. ჩინეთი ეკონომიკური პრობლემების გამო შენელებული მოქმედების ბომბია“, – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა და ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ჩინეთში, ტექნოლოგიების სფეროში ინვესტიციებს ზღუდავს. ამერიკულმა მედიამ გაიხსენა ბაიდენის მიერ ახლახან გაკეთებული განცხადება, როდესაც მან ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს დიქტატორი უწოდა და… ბრძანებაზე ხელის მოწერის შემდეგ, ბაიდენმა აღნიშნა, – არ მსურს, ჩინეთი დავაზიანო, ამ ქვეყანასთან რაციონალური ურთიერთობა მინდაო.

როგორია? ის ქვეყანა, რომელსაც, პრაქტიკულად, სანქციებს უწესებ, მის პრეზიდენტს დიქტატორს ეძახი, თურმე არ გსურს, დააზიანო და რაციონალური ურთიერთობა გინდა. ამ განცხადების შემდეგ, ჩინეთმა ბაიდენის ნაბიჯი დაგმო და განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შეშფოთებულია და იტოვებს უფლებას, საპასუხო ზომები მიიღოს. როგორც კი ჩინური მხარის პოზიცია გამოქვეყნდა, ბაიდენმა მაშინვე განგაშის ზარებს შემოჰკრა, – ხომ გეუბნებოდით, ჩინეთი საშიშიაო. ანუ, რა გამოდის – ამერიკას აქვს უფლება, სანქციები დაუწესოს სხვა სახელმწიფოს და, თუ ის სახელმწიფო საპასუხო ზომებზე იფიქრებს, აღიქმება როგორც საშიშროება? აქ კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა ამერიკის რეალური ზრახვები და, სიმართლე რომ ითქვას, არც არავინ მალავს, რა სურს შტატებს, უბრალოდ, ამერიკელები ამ ყველაფრის შენიღბვას ცდილობენ და ისე სურთ ვითარების წარმოჩენა, თითქოს, ვინც მათ წინააღმდეგ მიდის, ის კაცობრიობას ებრძვის და არა კონკრეტულად ამერიკას. რომ არა რუსეთი და მის გვერდით მყოფი ჩინეთი, ამერიკა ევროპას დიდი ხნის წინათ გადაყლაპავდა და ჩვეულებრივ კოლონიად გადააქცევდა, ზუსტად ისეთად, როგორც საქართველო იყო და როგორც არაერთი პატარა სახელმწიფო ჰყავს დაჩაგრული.

რაღა თქმა უნდა, საქართველოში მოქმედმა ამერიკის აგენტურამ გადასარევად იცის, რა არ მოეწონება შტატებს და ამიტომაც ატეხეს ერთი ამბავი, გადმორიცხულ გრანტებს გამართლება ხომ უნდა? მერე რა, რომ ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობით საქართველოში, შესაძლოა, მილიარდობით დოლარის ინვესტიცია შემოვიდეს და ამ ყველაფერმა ქართულ ეკონომიკას აღმავლობის სერიოზული ბიძგი მისცეს. ქართული ეკონომიკის სიმყარე ერთ-ერთია, რაც ამერიკას ასევე არ მოეწონება და, რაც უფრო ძლიერები ვიქნებით ჩვენ, მით ნაკლებად გავხდებით დამოკიდებული შტატებზე. ეს კი მათ გეგმებში ნამდვილად არ შედის, ზუსტად ისე არ შედის, როგორც ჩვენი უარი რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნაზე და ახლა, როცა ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას მოვაწერეთ ხელი, პრაქტიკულად, გამორიცხულია, საქართველომ დღეს, ხვალ და ათი წლის შემდეგ მეორე ფრონტის გახსნაზე იფიქროს. დასავლეთი ვერც იმას ინელებს, რომ მოქმედი ხელისუფლება ჯერჯერობით ერთადერთია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელსაც საომარი მოქმედებები არ წამოუწყია და ამის გაკეთებას აშკარად არ აპირებს.

სად არის გამოსავალი? ერთ შეხედვით, მარტივია, ხელისუფლებამ უარი თქვას დასავლურ დაპირებებზე, ანუ დასავლეთს კი არ გაემიჯნოს, არამედ აღარ იკვებოს იმ დაპირებებით, რომლებსაც, აგერ უკვე მესამე ათეული წელია, ბოლო არ უჩანს. არ უნდა დავდგეთ ცალ ფეხზე, როცა რომელიმე ევროპარლამენტარი ან ამერიკელი კონგრესმენი იტყვის, რომ საქართველო წინ მიიწევს და ამ განცხადების გამო, სიხარულით აღტკინებული თვალები არ უნდა მივაპყროთ დასავლეთს, თითქოს იქ ღმერთები ცხოვრობენ და ჩვენი საშველი მხოლოდ დასავლურ ღირებულებებშია. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ დაპირებების შესრულება და დავაკონკრეტებინოთ მიზეზი, რატომ არ სრულდება დაპირებები. ეს უნდა იყოს ნათქვამი ხმამაღლა, მკაცრად და მკაფიოდ. ამის შემდეგ უკვე ზუსტად გვეცოდინება, დაპირებები მორიგი საკენკია, თუ დასავლეთი რეალურად ფიქრობს და ცდილობს ჩვენს წინ წაწევას. ჯერჯერობით, 30 წელზე მეტია, ამის არანაირი ნიშანი არ ჩანს. პირიქით, როგორც კი შანსი გაგვიჩნდა, ამოგვესუნთქა, სწორედ დასავლეთმა ჩაგვადენინა ისეთი რამ, რამაც უკან დაგვხია. რად ღირს 2008 წელს ნაციონალების მიერ მოწყობილი პროვოკაცია, რომელმაც რამდენიმე წლით უკან გადაგვისროლა და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ სააკაშვილსა და მის გუნდს ხელისუფლებაში დარჩენის მყარი გარანტია მიეღო, ჩვენი ქვეყნის იმ დროისთვის მზარდი ეკონომიკა დამუხრუჭებულიყო. აკი, ასეც მოხდა…

ამერიკაც, ევროპაც და, ზოგადად, ყველა ქვეყანა, პირველ რიგში, საკუთარ თავზე ზრუნავს და მერე – დანარჩენებზე. ამიტომაც არის, რომ ნებისმიერი რჩევა თუ რეკომენდაცია, რომლებსაც გვაძლევენ ევროპელები თუ ამერიკელები, პირველ რიგში, მათ ინტერესებზეა მორგებული და მერე ჩვენსაზე (თუ ჩვენი ინტერესი საერთოდ არის გათვალისწინებული). ამიტომ საქართველოს ხელისუფლებაც უნდა მიეჩვიოს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე, უწინარესად, ჩვენი ინტერესები დაიცვას და იმაზე არ იფიქროს, რა მოეწონება ან არ მოეწონება დასავლეთს. ყველასთვის მოსაწონს ვერასდროს ვერაფერს გავაკეთებთ ვერც ჩვენ და ვერც სხვა, ამიტომ მთავარია, ქართველებს მოგვწონდეს, ქართველებს!

ლევან გაბაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here