Home ახალი ამბები საქართველო დასავლეთი პირდაპირ საქმეზე გადავიდა და  რევერანსების გარეშე გვითხრა,  –  თუ რამე გინდათ,...

დასავლეთი პირდაპირ საქმეზე გადავიდა და  რევერანსების გარეშე გვითხრა,  –  თუ რამე გინდათ, ჯერ ჩვენი აგენტი მიშა გაუშვით და  მერე ვილაპარაკოთო

ევროპარლამენტარებმა შესანიშნავად იციან, რასაც აკეთებდა სააკაშვილი, მაგრამ ეს მათთვის მისაღები იყო, რადგან მიშა „მათი წესებით თამაშობდა“

281

ევროპარლამენტმა საქართველოს   შესახებ მორიგი რეზოლუცია მიიღო. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეს  რეზოლუცია   უპრეცედენტოა, რადგან იქ რეკომენდაციები კი არ არის გაწერილი, არამედ კონკრეტული მითითებებია. ევროპარლამენტი გვიბრძანებს, რომ გავათავისუფლოთ მიხეილ სააკაშვილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო ვერ მიიღებს ევროკავშირის წევრობის სტატუსს და სანქციები დაუწესდება ბიძინა ივანიშვილს, რადგან თურმე სააკაშვილი სწორედ ივანიშვილის პირადი პატიმარია და მისი პატომრობა ბატონ ბიძინას ვენდეტაა. რეზოლუციის მიღებამდე განცხადება ევროპარლამენტის წევრმა ანდრიუს კუბილიუსმა გააკეთა და ქართულ სასამართლოს გადაუარა. გადავლაა, როცა ევროპარლამენტარი გაიძახის, –  სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და მისი დატუსაღება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყოო. მერე რა, რომ ძებნილმა ექსპრეზიდენტმა საქართველოს საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა, ქვეყანაში არაჟნების კონტეინერში ჩამალული შემოვიდა; მერე რა, რომ მას ბრალი არაერთ უმძიმეს დანაშაულში ედება?!  ევროპარლამენტი ამ ყველაფერზე თვალს ხუჭავს და ხუჭავს ერთადერთი მიზეზით – მორიგი პროვოკაციებისთვის როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში,  სააკაშვილი გარეთ სჭირდებათ.

„ეს არის ძალიან მკაფიო ენა ევროპარლამენტისა და, თუ არიან მონდომებული, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, მაშინ ჩვენ მოსაზრებას უნდა მოუსმინონ და მიიღონ ზომები ამის შესაცვლელად. ჩვენ ვიცით, რომ აქ ლაპარაკი არის კანონის უზენაესობაზე; ვიცით, რომ ვთქვათ, უნგრეთში ძალიან მწვავედ დგას ადამიანის უფლებების საკითხი, ევროპული ფასეულობების საკითხი, რომლის გამოც უნგრეთი ვერ მიიღებს ევროკავშირისგან იმ ფინანსურ დახმარებას, რომელზეც  მას პრეტენზია ჰქონდა. იგივე ეხება საქართველოს – აქ ძალიან მკაფიოდ ვამბობთ, რომ თქვენ ვერ მიიღებთ სტატუსს, თუ არ ითამაშებთ ჩვენი წესებით“,- განაცხადა ევროპარლამენტარმა  ლიეტუვიდან ანდრიუს კუბილიუსმა.

უნგრეთთან საქართველოს შედარება შემთხვევითი ნამდვილად არ არის. პრემიერმა ვიქტორ ორბანმა გასაგებად თქვა, რომ უნგრეთი არ დაემორჩილება არც ერთ წესს და არ მიიღებს არც ერთ რეკომენდაციას, რომლებიც მიმართული იქნება უნგრეთის  ინტერესების საზიანოდ. პრაქტიკულად იმავეს იმეორებს საქართველოს ხელისუფლებაც. რაც მთავარია, როგორც უნგრეთის, ისე ჩვენ შემთხვევაში ქვეყნის ლიდერები უარს ამბობენ რუსეთთან ომში ჩაბმაზე და არ აპირებენ არანაირი სამხედრო დახმარების გაწევას  უკრაინისთვის. დასავლეთს კი სურს, უკრაინას  ყველა ქვეყანამ მიაწოდოს შეიარაღება (რაც გააჩნია) და შეუერთდეს  რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. მერე რა, რომ სანქციებზე დათანხმებამ, შესაძლოა,  უნგრეთი და საქართველო უფრო დააზარალოს, ვიდრე რუსეთი?! დასავლეთს ასე სურს და მორჩა! ისე, კუბილიუსმა  აღნიშნული განცხადების გარდა   ვრცლად  ისაუბრა უშუალოდ სააკაშვილზეც. „ ვფიქრობთ, რომ ისეთი პოლიტიკური პატიმრის ყოლა, როგორიც  მიხეილ სააკაშვილია, არის ტესტი საქართველოს მთავრობისთვის, რა მოხდება მის მიმართ. ჩვენ გზავნილი გვაქვს საქართველოს მთავრობისთვის, „ქართული ოცნებისთვის“, თუ ისინი განაგრძობენ ამ დამოკიდებულებას სააკაშვილის მდგომარეობის მიმართ, ჩვენთვის იქნება აშკარა, რომ საქართველოს მთავრობა არ ასრულებს რეკომენდაციებს და, თუ გაგრძელდება ასეთი დამოკიდებულება, ეს გავლენას იქონიებს საქართველოს ევროპულ სტატუსზე“, – დასძინა კუბილიუსმა.

რა გამოდის? ის 12-პუნქტიანი რეკომენდაცია, დიდის ამბით რომ გამოგვიგზავნეს, ფარსი ყოფილა და მეტი არაფერი. გამოდის, რომ ან სააკაშვილი უნდა გავათავისუფლოთ, ან სტატუსს ვერ მივიღებთ და სულო ცოდვილო, კახა კალაძეს როგორ არ დავეთანხმოთ, როცა მოჭრით თქვა: „არ მოგვცემენ და თავისთვის დაიტოვონ!“  მმართველი პარტიის გენმდივნისა და დედაქალაქის მერის ამ განცხადებას მაშინვე მოჰყვა ოპოზიციის ლიდერთა აღშფოთება, – კალაძე ევროპულ მომავალს გვართმევსო. ის კი არავის უთქვამს, ევროპარლამენტი კუბილიუსის პირით თავზე გვიშვრება, ქვეყნის სუვერენიტეტს ეჭვქვეშ აყენებს, ქართულ სასამართლოს დიდოელი ლეკის ნაბადივით თელავს და პასუხი უნდა მოვთხოვოთო. ჰო, კუბილიუსი მთელი  ევროპარლამენტის სახელით ლაპარაკობს, რადგან ის განცხადებებში არ ამბობს „მე“, ის გაიძახის „ჩვენ“ და ამას არც ერთი ევროპარლამენტარი არ აპროტესტებს, არავინ ამბობს, რომ კუბილიუსი უკვე ხანდაზმულია  და  მისი სიტყვები სერიოზულად არ უნდა აღიქვათო. პარადოქსია, მაგრამ ფაქტი:  ევროპარლამენტის რეზოლუციის შემდეგ  სტრასბურგის სასამართლომ  გამოაქვეყნა დასკვნა 2012  წლამდე საქართველოში პატიმრების მდგომარეობაზე, რომელშიც   წერია:

„პატიმრების მორჩილებასა და ციხის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის მიზნით: ახალმოთავსებულ პატიმართა აუცილებლად ცემის პრაქტიკა – ე.წ. საკარანტინო პროცედურა; პატიმრების ცემა კვირაში რამდენიმეჯერ; ე.წ. კარცერისა და მცირე ზომის სამარტოო საკნებში დასჯის მიზნით ხანგრძლივი ვადით მოთავსება, სადაც ლითონის საწოლის გარდა არაფერი იყო და დღის განმავლობაში პატიმრებს უწევდათ ცემენტის იატაკზე ჯდომა. საწოლი აკეცილი და მიმაგრებული იყო კედელზე საკეტით. დაწესებულების თანამშრომლები საწოლებს ხსნიდნენ და მომჩივანს ნებას რთავდნენ, გამოეყენებინა მხოლოდ საღამოს 10-დან დილის 8 საათამდე; პატიმრებს ასევე უწევდათ საკანში ერთდროულად რამდენიმე პატიმრის მოთავსების შემთხვევაში მთელი დროის განმავლობაში ფეხზე დგომა; პატიმრებისთვის საკვების მიღებისა და საპირფარეშოს გამოყენების შეზღუდვა; ოჯახის წევრებთან შეხვედრის გამუდმებით შეზღუდვა; პატიმრებისთვის სპეციალური ჩაფხუტის ჩამოფარება და პირში ბურთის ჩაჩრა, რათა მათ არ ესაუბრათ; პატიმრებს შორის საუბარი მხოლოდ ჩურჩულით“.

და ამ დასკვნის ფონზე არავინ ამბობს, რომ სააკაშვილის მკურნალობა და ლამის 5-ვარსკვლავიან ნომერში კოტრიალი სახელმწიფოს თვეში 30 ათას ლარზე მეტი უჯდება. 30 ათასი ლარი კი არა, მიშას პრეზიდენტობის პერიოდში  30-თეთრიანი ციტრამონი ჰქონდათ პატიმრებს სანატრელი და დასკვნაში მკაფიოდ  წერია, რომ ეს იყო სისტემური დანაშაული,   ხდებოდა წლების განმავლობაში და გამორიცხულია, ეს ყველაფერი ქვეყნის პრეზიდენტს  არ სცოდნოდა.  ნაციონალებს იმხანად,  ვინც მათ გვერდით  არ იყო, მტრად ჰყავდათ გამოცხადებული;  ვისაც ერეოდნენ, იჭერდნენ, ვისაც ვერა – უბრალოდ, კლავდნენ და კლავდნენ ციხეში, ქუჩაში, ზღვაში, მთაში…

ევროპარლამენტარებმა შესანიშნავად  იციან, რას აკეთებდა სააკაშვილი, მაგრამ ეს მათთვის მისაღები იყო, რადგან  მიშა „მათი წესებით თამაშობდა“, მსუყე ჰონორარებსაც იღებდნენ და ახლა არ თქვათ, არაო.  ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი და  რამდენიმე წევრი ქრთამის აღების ბრალდებით ციხეში არიან (სააკაშვილისგან განსხვავებით, თურმე არც ისე სახარბიელო პირობებში) და ნაციონალებისგან, სავარაუდოდ,  არაერთი მილიონი დოლარი მისდიოდათ. ახლა კი ეს გადაიკეტა და ისინი, მხოლოდ სააკაშვილის თავისუფლებისთვის კი არა, რეალურად საკუთარი კეთილდღეობისთვის იბრძვიან, რადგან ზუსტად იციან, რომ ხელისუფლებაში მიშას დაბრუნების შემთხვევაში ეს თავხედობა დაუფასდებათ. თავხედობაა ის, რასაც კუბილიუსი ევროპარლამენტარების სახელით ამბობს და თავხედობაა ის რეზოლუციაც, რომელსაც მხარი დაუჭირეს და ლამის ერთხმად მიიღეს.

საქართველოს ხელისუფლება თავის მართლების რეჟიმში არ უნდა გადავიდეს. მთავრობის წარმომადგენლებმა ხმამაღლა და მკაფიოდ უნდა თქვან, რომ  მათთან ულტიმატუმის ენით ლაპარაკი არ შეიძლება;  მერე რა, რომ ამას  ევროპარლამენტარები აკეთებენ. საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, აქვს სასამართლო სისტემა, რომელმაც სააკაშვილი უმძმეს დანაშაულებში ამხილა (რაშიც ვერ ამხილა, ისიც იკმარონ) და ახლა საუბარი იმაზე, რომ სისხლის სამართლის დამნაშავე უნდა გაუშვან მხოლოდ იმიტომ, რომ ასე უნდა ევროპას, არამართებულია. გამოკითხვა რომ ჩავატაროთ, გვინდა თუ არა სტატუსის ნაცვლად მიშას თავისუფლება, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ხალხი სტატუსზე უარს იტყვის, იმიტომ, რომ მათთვის სამართლიანობა  უფრო მნიშვნელოვანია. ქართველი ხალხის აზრი ევროპარლამენტს არასდროს აინტერესებდა და უკვე მერამდენედ გამოჩნდა, რომ მათ მიერ გაცემული რეკომენდაციები რეალურად ფარსია, თამაშია, რაღაც უფრო დიდი გადაწყვეტილების დამალვის მცდელობაა. აგერ, 12-პუნქტიანი გეგმა სრულდება და მიხვდნენ, რომ უკან დასახევი მოეჭრათ, ამიტომ პირდაპირ საქმეზე გადავიდნენ და  რევერანსების გარეშე გვითხრეს, –  თუ რამე გინდათ, ჯერ ჩვენი აგენტი მიშა გაუშვით, მერე ვილაპარაკოთო. ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ უახლოეს მომავალში ბიძინა ივანიშვილს პირადი სანქციები მართლა დაუწესონ. ეს არ იქნება წითელი ხაზის გადაკვეთა, რადგან კუბილიუსის განცხადების შემდეგ ეს ხაზი უბრალოდ აღარ არსებობს. ეს იქნება დასავლეთის შურისძიება კონკრეტულ პიროვნებაზე, მასზე, ვინც ევროპასა და ამერიკას გამოაცალა ის საყრდენი, რომლითაც რუსეთს ებრძოდა და რომელიც ხელის ერთ აქნევაზე ქვეყანას ომში ხვევდა,  არ ინდობდა არავის, სასიკვდილოდ იმეტებდა ნებისმიერ მოწინააღმდეგეს და მაშინ ამას არც ევროპა იმჩნევდა და არც ამერიკა. ახლა კი…

კუბილიუსი პერსონა ნონ გრატად რომ გამოვაცხადოთ, ალბათ, ყველაზე მართებული პასუხი იქნება.

ბესო ბარბაქაძე                                                                                                                                 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here