Home ახალი ამბები საქართველო „დახვეწილი მანერების“ ევროკავშირი თუ ტრადიციული თავმოყვარეობა

„დახვეწილი მანერების“ ევროკავშირი თუ ტრადიციული თავმოყვარეობა

179
„დახვეწილი მანერების“ ევროკავშირი თუ ტრადიციული თავმოყვარეობა

თემას, რომელსაც მინდა შევეხო, გუშინ უკვე გამოეხმაურა ბ–ნი ვალერი კვარაცხელია წერილით – „საპატიო დამნაშავე“. სრულიად ვეთანხმები ბ–ნ ვალერის, ოღონდ, ოდნავ სხვა კუთხით დანახულ–გაანალიზებულს, მეც გაგიზიარებთ ჩემეულ ხედვას.

გერმანიის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში (ბუნდესტაგში) ქართული სასამართლოს მიერ ოთხ დანაშაულში მსჯავრდებული, სააკაშვილის რეჟიმის დროინდელი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილი ხილვამ სტუმრის რანგში ყველანი აღგვაშფოთა, ხელისუფლების ჩათვლით.

დაუმსახურებელი, შეურაცხყოფამდე მისული სიტყვიერი თუ წერილობითი შენიშვნები (სხვადასხვა განცხადებების და რეზოლუციების სახით) და ჩვენს შიდა საქმეებში უხეში ჩარევებიც ევროკავშირის და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, ბევრი გვახსოვს. გვახსოვს აგრეთვე, აბსოლუტურად დაუმსახურებელი სილის გაწნაც უკრაინისგან, როდესაც სიტყვიერ ლანძღვას დიპლომატიური დამცირებაც მოაყოლეს და ჩვენი ელჩი გამოგვიძევეს კიევიდან. სულ ახლახანს პატარა ბავშვივით დაგვიტუქსეს ბრიუსელში გამოძახებული ახალი პრემიერიც, რომელსაც, ფაქტობრივად, სიცრუეში დასდო ბრალი და ისეთი ტონით ელაპარაკებოდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი (საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში) ჯოზეფ ბორელი, რომ სირცხვილით დაიწვებოდი კაცი.

ამ 12 წლის მანძილზე (სააკაშვილის რეჟიმს არ ვახსენებ) არაერთხელ იყო ჩვენი – ხელისუფლების და ქართველი ხალხის უსიტყვო დამცირებებიც, დიპლომატიური ეტიკეტის უხეში დარღვევებიც. ბევრს ემახსოვრება თურქეთში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი (2016 წელს) პრემიერ კვირიკაშვილის სიტყვით გამოსვლა მხოლოდ თურქეთის დროშების ფონზე, საქართველოსი – „დაავიწყდათ“! დაახლოებით იმავე პერიოდში კიდევ უფრო მეტი „პატივი“ გვცეს ნიუ–იორკში, როდესაც სხდომათა დარბაზში საპატიო სტუმრად მიწვეული, საქართველოდან გაქცეული, ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი წინა რიგებში წამოასკუპეს, ხოლო მოქმედ პრეზიდენტ მარგველაშვილს კი უკანა რიგებში მიუჩინეს ადგილი! ამგვარი, უსიტყვოდ მოყენებული შეურაცხყოფებისთვის ანალოგიური პატივის მიგებას მოკლებული ვართ, თუმცა, ანალოგიურს ვინ დაეძებს, ერთი ნორმალური, საყოველთაოდ მიღებული დიპლომატიური პასუხიც კი დღემდე ვერავისთვის ვერ გაგვიცია!

ერთადერთი დასამახსოვრებელი რეაგირება ჩვენი ხელისუფლების მხრიდან იყო, როდესაც პრემიერმა ღარიბაშვილმა ადეკვატური პასუხი გასცა (დიპლომატიურ ენაზე, ცხადია!) თბილისში ჩვენ დასატუქსად მოვლინებულ ჯოზეფ ბორელს გასული წლის სექტემბერში. სხვა, მსგავსი არ მახსოვს არავისგან.

აშკარაა ჩვენი უპატივცემლობა? აშკარაა! რამე სათუოა? არაფერი! როგორ უნდა მოვიქცეთ, იგივეთი უნდა გადავუხადოთ? თუმცა, განა ვნახავთ ოთხ დანაშაულში მსჯავრდებულ გერმანელს დაუსჯელს?!

ასეთი და მსგავსი შემთხვევებისთვის არსებობს „ცივილური“ ფორმები – ელჩის გამოძახება და საპროტესტო ნოტის გადაცემა, რასაც მთელი მსოფლიო გაიგებს და სახელმწიფოების დიდი უმეტესობა მოგვიწონებს კიდეც! სახლში გამოხატულ აღშფოთებებს და მაგარ–მაგარ სიტყვებს კი ისეთივე შედეგები ექნება, როგორიც ამერიკა–ევროპის „შეშფოთებებს“ მოყვა საქართველოს გამთლიანების საქმეში!

ჩვენი ხელისუფლება კი როგორ იქცევა – სარკისებრი პასუხის ნაცვლად უკრაინას, მის დამნაშავე ზელენსკის მთავრობას მაინც სიყვარულს, ცალმხრივ(!) მეგობრობას ეფიცება! ამისთანა რეაგირება და პასუხი ქვეყნისთვის და ქართველი ხალხისთვის საჯაროდ მოყენებულ შეურაცხყოფაზე, ალბათ, მარტო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას თუ შეუძლია!

გერმანიის პარლამენტში ადეიშვილის მიწვევაზე ანუ ჩვენს თავს ლაფის დასხმაზე სრულიად შეუსატყვისი რეაგირება ჰქონდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს: მან სამწუხარო უწოდა გერმანიის პარლამენტში ადეიშვილის სტუმრობას და „იმედი გამოთქვა, რომ გერმანული მხარის განმარტებას მოვისმენთ, თუ რატომ ხდება ეს ყველაფერი“.

რისი ელჩის გამოძახება, რისი საპროტესტო ნოტა, მოგცლიათ! ჰოდა, გერმანიის საელჩომაც განგვიმარტა ისე, როგორც საჭიროდ ჩათვალა: „გერმანიაში არ არსებობდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე დაფუძნებული მიზეზი იმისთვის, რომ მისთვის აეკრძალათ პარლამენტში შესვლა“.

გაიგეთ? „არ არსებობდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე დაფუძნებული მიზეზიო“! ე.ი. რა გამოდის? ჩვენ რომ ადეიშვილის, კეზერაშვილის და სხვებისექსტრადირებას ვთხოულობთდა, აქამდე რომ არავინ არ გადმოუციათ, მიზეზი ორიდან ერთ–ერთი ყოფილა: ან სამართლებრივ სახელმწიფოდ არ მიგვიჩნევს არავინ, ანდა ასეთი სახელმწიფოს პრინციპებზე დაფუძნებული მიზეზების წარდგენას არ ვახდენთ (შეგნებულად თუ შეუგნებლად, ეს კიდევ სხვა საკითხია!)!უფრო მეტად ის მაოცებს, რომჟურნალისტებისგან, პოლიტოლოგებისგან, ზოგადად, საზოგადოებისგან არ ჩანს სათანადო(!) რეაქცია.„ქართული ოცნება“ რომ მშიშარაა, დიდი ხანია ვიცით, მაგრამჩვენ, ქართველმა ერმა ნუთუ აგრერიგად დავკარგეთ (თუ დაგვაკარგვინეს) ღირსება, თავმოყვარეობა, რომ ყველაფერს, თავზე ლაფის დასხმასაც მშვიდად ვხვდებით!

ახლა მე ვსვამ კითხვებს, რიტორიკულსაც და „ქართული ოცნების“, პირველ რიგში კი, მისი ლიდერის გასაგონად: ვინ წყვეტს იმას, თუ რა ფორმით (სიტყვიერი, წერილობითი, შეკითხვის თუ ნოტის სახით) უნდა მოხდეს (ან, საერთოდ არ მოხდეს) რეაგირება ჩვენი ქვეყნის და ხალხის დამცირების შემთხვევაში?

ვინც არც თქვენ გცემთ პატივს და არც ჩვენ ქვეყანას, იმათ რატომ ვეტენებით, რატომ თხოულობთ დაჟინებით: თქვენ საძმაკაცო კავშირში მიგვიღეთ, ჩვენ ეს დავიმსახურეთო! გგონიათ, იქ თუ თავი შეგვარგვევინეს ოდესმე, თავიანთ ტოლ–სწორად დაგვიძმაკაცდებიან? მართლა ასე ფიქრობთ, თუ შიში გალაპარაკებთ ამდენ სისულელეს? ერთხელ მაინც აჩვენეთ, რომ ღირსების გრძნობა მთლად დაკარგული არ გაქვთ, ეგებ, უფრო მეტი პატივისცემით მოგვეპყროს დასავლეთი თქვენც და ჩვენც!

როდემდე შეიძლება ასე შეშინებული ყოფნა!

იაკობ ლეჟავა
8 მარტი, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here