Home ახალი ამბები საქართველო ჩვენ, ამერიკა, აფხაზეთი და USAID

ჩვენ, ამერიკა, აფხაზეთი და USAID

USAID ვითომ აფხაზებსა და ოსებთან ურთიერთობების აღდგენაში გვეხმარება, მაგრამ სინამდვილეში მისი და მის მსგავსთა საქმიანობა საბაბს აძლევს არძინბებსა და სხვა ქართველთმოძულეებს, ჩვენთან ადამიანური კონტაქტების აკრძალვებიც კი დააწესონ

428

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აფხაზეთიდან გააძევეს ამერიკული ორგანიზაციაიუსაიდი” (USAID). აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ ეს გადაწყვეტილება ასე ახსნა: „ბუნდოვანი მიზნებისა და ამოცანების ფორმულირებით პროექტის ხელმძღვანელები დეზინფორმაციას აწვდიდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს, რათა მიეღწიათ მთავარი მიზნისთვის, რაც აფხაზეთში საქართველოს პოლიტიკის ხელშეწყობისთვის საზოგადოებრივი პირობების შექმნაში გამოიხატება“.  არძინბას განმარტებით, ეს დასტურდება იმ ფაქტით, რომ “USAID-ის ოფიციალური სტრატეგის შესახებ დოკუმენტში, რომელიც ამ სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, აფხაზეთი მოხსენიებულია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიად, ხოლო ორგანიზაციის მთელი საქმიანობა მიმართულია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და კრემლის მავნე გავლენასთან დაპირისპირებისკენ“.

ინალ არძინბა მხოლოდ ამ კომენტარებით არ შემოფარგლულა. მისი განმარტებით, “USAID-ის კავკასიის მისიის ახალმა ხელმძღვანელმა ჯონ პენელმა  უკრაინასა და ბელარუსში USAID-ის მისიის დირექტორის მოადგილედ მუშაობის დროს ამ ქვეყნებში შექმნა არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, რომელიც აქტიურად ერეოდა ამ ქვეყნების საშინაო საქმეებში და ხელს უწყობდა სოციალურ-პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციას, ხელისუფლების დისკრედიტაციასა და ქვეყნის ხელმძღვანელობის შეცვლას”.

არძინბამ ასევე განაცხადა, რომ “USAID-ის მექანიზმების გამოყენებით დაფინანსებას იღებს უკრაინის არმია, რომელიც ჩვენი მთავარი მოკავშირე რუსეთის ფედერაციისა და სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილე ჩვენი თანამემამულეების წინააღმდეგაა მიმართული”. ზემოხსენებულზე დაყრდნობით ინალ არძინბამ გააკეთა დასკვნა:

“USAID-ის კავკასიის მისიის ხელმძღვანელი ჯონ პენელი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდება;

არც ერთი ახალი პროექტი USAID-ის ნაწილობრივი ან სრული დაფინანსებით არ იქნება სერტიფიცირებული საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ;

იმ პროექტების განხორციელება, რომლებიც მიზნად ისახავს აფხაზეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის კონტაქტების დამყარებას, აიკრძალება”.

ასეთია ეს ფაქტი და მისი მოკლე შინაარსი.

რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის და არის თუ არა აქედან რამე დასკვნის გაკეთება შესაძლებელი?

დასკვნის გაკეთება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ სანამ დასკვნებს გავაკეთებთ, თვალი გადავავლოთ ზოგიერთ დეტალს არამხოლოდ USAID-ის მოღვაწეობიდან, არამედ, პირველ რიგში, ამ ორგანიზაციის ჩამომყალიბებელი სახელმწიფოს მიზნებსა და ამოცანებსაც. ვინ მოთვლის, რამდენი ორგანიზაციაა (დაწყებული ფინანსურით და, დამთავრებული ტერორისტულით) ამ სახელმწიფოში ჩამოყალიბებული, რომლებიც მთელ მსოფლიოს მოედვნენ და, არც მეტი არც ნაკლები, ძირგამომთხრელი საქმიანობით  დაკავდნენ. გაიხსენეთ,  საქართველოს რამდენი გრანტისმომწოდებელი და რამდენი გრანტისმჭამელი ჰყავდა და ჰყავს. მთელი ამ ოცდაათი წლის განმავლობაში რას ემსახურებოდნენ ის დასავლური ორგანიზაციები, ძღვენით ხელდამშვენებულნი რომ ჩამორბოდნენ საქართველოში, ან ის ქართველები, რომლებსაც იმის გამო, რომ მუდამ ამ ძღვენს იყვნენ მიჩერებული, ძღვენიჭამიები შეარქვეს.

დასავლეთში გაიძახიან, –  საქართველოს ვეხმარებითო, მაგრამ სინამდვილეში ქვეყნის ფორმალური დამოუკიდებლობის თითოეულ წელიწადზე გათვლით დაახლოებით თითო მილიარდის ვალი ყელზე ყულფივით ჩამოგვაცვეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს თანხები ქართველ ხალხს არ ხმარდებოდა. იგი არ ხმარდებოდა ფაბრიკა-ქარხნების მშენებლობას, განათლებასა და ჯანდაცვას, ინფრასტრუქტურასა და კულტურას. ეს თანხები დასავლეთის “მეხუთე კოლონის” ფორმირებაში, ლგბტ პროპაგანდისტების მომრავლებასა და მოზარდი თაობების გარყვნის მექანიზმების ჩამოყალიბებაში იხარჯებოდა. ეს ასე იყო არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში. 2005 წლის 29 მარტს, ყირგიზეთში სახელმწიფო გადატრიალებისა და პრეზიდენტ ასკარ აკაევის დამხობიდან ხუთიოდე დღის გასვლის შემდეგ,  “ნიუ-იორკ ტაიმსში” გამოჩნდა სტატია სათაურით “ყირგიზეთში აჯანყება აშშ-ის ორგანიზებული იყო”.  სტატიაში მრავალ სხვა საკითხთან ერთად  ნათქვამი იყო იმის შესახებაც, რომ “ყირგიზეთში გამომავალი ერთ–ერთი ოპოზიციური გაზეთი, რომელიც მუდმივად იღებდა აშშ-ის სამთავრობო გრანტებს, ისტამბებოდა Freedom House-ის ტიპოგრაფიაში”. სტატიაში ნათქვამი იყო იმის შესახებაც, რომ “ყირგიზეთში აჯანყებას ხელს უწყობდნენ დიდი ბრიტანეთიდან, ნიდერლანდებიდან, ნორვეგიიდან”. სტატიაში ხაზგასმით იყო ნათქვამი, რომ 2004 წელს ამერიკაში მოქმედი “თავისუფლების მხარდაჭერის კანონის” შესაბამისად, “დემოკრატიის განვითარების” პროგრამით ყირგიზეთში თორმეტი მილიონი დოლარი გადაირიცხა. იმავე პროგრამით ირიცხებოდა თანხები სხვა ამერიკული ორგანიზაციებიდანაც, მაგალითად, “ნაციონალ-დემოკრატიული ფონდიდან”.

საგულისხმო დეტალი: ნაციონალ-დემოკრატიულ ფონდს რუსეთში ორი გრაფა აქვს – რუსეთი და ჩეჩნეთი. დამეთანხმებით, რომ უაღრესად მეტყველი დეტალია.

მეორე ორგანიზაცია, რომელმაც პოეტურ სახელი – “თავისუფლებისა და დემოკრატიის სუფთა ხმა მთელ მსოფლიოში” დაირქვა, არის ე.წ. თავისუფალი სახლი (Freedom House), რომელსაც ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში აქვს გახსნილი საკუთარი ორგანიზაციები. განა ეს თავისთავად არ მეტყველებს იმაზე, რომ ეს ვითომ “თავისუფლების სახლი”, ერთ–ერთი ყველაზე პოლიტიზირებული ორგანიზაციაა მსოფლიოში, რომელიც უბოდიშოდ ერევა სხვა სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში და ამერიკული ჩანაფიქრების განხორციელების უშუალო ინსტრუმენტს წარმოადგენს?!

სხვა სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში აშშ-ის ჩარევაზე როდესაც ლაპარაკობენ, პირველ რიგში, არასამთავრობო ორგანიზაციებს გულისხმობენ, მაგრამ მათი ეს სახელწოდება იმ მასშტაბებს ვერ გადმოსცემს, რასთანაც სინამდვილეში გვაქვს საქმე. ამერიკაში 1992 წლის 24 ოქტომბერს მიიღეს კანონი, რომელიც ასე ჟღერს: “თავისუფლების მხარდაჭერის კანონი რუსეთისთვის, ევრაზიის განვითარებადი დემოკრატიისა და თავისუფალი ბაზრებისთვის”. სწორედ ამ კანონის უზრუნველყოფის ინსტრუმენტია აშშ-ის ფედერალური უწყება – საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID-ი. ამ ორგანიზაციის დანიშნულებაზე მეტყველებს პროგრამების ხელმძღვანელის (კენტ ჰილის) მიერ ყირგიზეთში სახელმწიფო გადატრიალებამდე სამი კვირით ადრე აშშ-ის სენატში გულწრფელად (აღიარების დონეზე) ნათქვამი: “ბერლინის კედლის დაცემისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ევროპისა და ევრაზიის სახელმწიფოები აშშ-ის ახალ ფრონტირებად (ექსპანსიის ობიექტი – ვ.კ.) იქცნენ”.

სხვა რა არის საჭირო ამ ორგანიზაციის მავნებლურ და ძირგამომთხრელ საქმიანობაში დასარწმუნებლად? თანაც Freedom House-ისგან განსხვავებით, რომელიც მთელ მსოფლიოში ფუნქციონირებს, USAID-ი კონკრეტულ რეგიონში (ევროპა და ევრაზია) მოქმედებს, ანუ პირდაპირ ჩვენთვის არის შექმნილი. ოფიციალური მონაცემებით, ევროპისა და ევრაზიის რეგიონში სამუშაოდ ორგანიზაციისთვის 17, 3 მილიარდი დოლარია გამოყოფილი. კენტ ჰილის განცხადებით, ორგანიზაციის არსებობის სულ რაღაც თხუთმეტი წლის განმავლობაში სამი დიდი მიღწევა განხორციელდა:

Freedom House-ს სიაში 21 ყოფილი კომუნისტური სახელმწიფოს გადასვლა თავისუფალ ან ნაწილობრივ თავისუფალ სახელმწიფოთა გრაფაში;

საქართველოში განხორციელებული “ვარდების რევოლუცია” და უკრაინაში განხორციელებული “ნარინჯისფერი რევოლუცია”;

ევროპის მთელ რიგ სახელმწიფოთა ინტეგრაცია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, ევროკავშირსა და ნატოში.

აქედან ერთადერთი დასკვნა გამოდის: USAID-ის მიზანი იმ ქვეყნებისთვის დახმარების გაწევა კი არ არის, რომლებშიც ორგანიზაცია საქმიანობს, არამედ აშშ-ის ინტერესების გატარებაა. იმ ვითარებაში, როდესაც ამ ორგანიზაციის საქმიანობა ცენტრალიზებულია უმაღლეს სახელმწიფო დონეზე და მისი ყველა პროგრამა ინტეგრირებულია აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების სტრატეგიაში, სხვაგვარად ვერც იქნება.

აქედან გამომდინარე, რამდენიმე შეკითხვა მიჩნდება საქართველოს მთავრობის მისამართით:

* აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი თუ არის, ოკუპირებულ აფხაზეთში რატომ საქმიანობს აშშ-ის სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია?

* აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობაში თუ მიხვდნენ, რომ USAID-ი ძირგამომთხრელი საქმიანობით დაკავებული ორგანიზაციაა, საქართველოს მთავრობაში რატომ ვერ მიხვდნენ ამას აქამდე?

* აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ უკვე გააძევა USAID-ი. ჩვენ როდის უნდა გავაკეთოთ იგივე?

ანალოგიური შეკითხვები, როგორც ჩანს, მხოლოდ მე არ მიჩნდება. ამ სტატიაზე მუშაობის პროცესში (2023 წლის 10 დეკემბრის საღამო) ტელეარხ იმედზე, გადაცემაში “იმედის კვირა”, ჩემდა გასაკვირად, მოვისმინე სიტყვები: “აშშ-ს მართლაც სერიოზული თანხები აქვს საქართველოს განვითარებაში ჩადებული, მაგრამ დღეს ზედაპირზე არსებული ფაქტები აჩვენებს, რომ, მაგალითად, USAID-ის მიერ ცალკეული საზოგადოებრივი თუ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამოყოფილი ფული ხმარდება პროექტებს, სადაც რადიკალური ოპოზიციის ლიდერებსა თუ ახალგაზრდებს ძირითადად იარაღის ხმარებას ასწავლიან და სისხლიანი რევოლუციის სცენარებში ატრეინინგებენ, განსაკუთრებით ახლა, როდესაც უკრაინაში ომი მიმდინარეობს და მუდმივად კეთდება მინიშნებები, რომ საქართველომ მეორე ფრონტი უნდა გახსნას. მმართველი გუნდი ამას არ აკეთებს, ოპოზიცია კი ამ გეგმის შესასრულებლად გადატრიალებისა და არეულობის გზით ძალაუფლების დაბრუნებისთვის იბრძვის”.

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, ცდილობს დასავლეთის მიერ ჩვენთვის წართმეული სუვერენიტეტისა და შელახული ეროვნული ღირსების დაბრუნებასა და აღდგენას. ჩვენ, ყველა, ამის მოწმე ვართ, მაგრამ  პარალელურად მაინც რჩება უკმარისობის განცდა. აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა თუკი ბედავს, რომ პროვოკატორი და ძირგამომთხრელი საქმიანობით დაკავებული ორგანიზაცია საზღვრებს გარეთ კინწისკვრით გააძევოს, ჩვენ რა გვაკავებს, არ ვიცი, რა ჰქვია იმ გრძნობას, როდესაც გაუთავებლად შეურაცხგყოფენ და გაუთავებლად ითმენ, მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცი, რომ მას ღირსება არ ჰქვია!

ვალერი კვარაცხელია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here