Home ახალი ამბები საქართველო ჩიქორთულად მოქართულეთა ლექსიკონი

ჩიქორთულად მოქართულეთა ლექსიკონი

334

უცხო სიტყვა მუდამ არ ეგუება ქართულს. ის, რაც მოსათმენია ტექნიკოსისთვის, ზოგჯერ ყოვლად აუტანელია სიტყვის ხელოვანისთვის. მაინც ორივეს უაღრესი სიფრთხილე მართებს, უფრო მეტად პოეტსა და ჟურნალისტს, რადგან მათი სიტყვა უფრო მჭრელია და ხმოვანი“, _ შეისმინეთ, მოკალმეებო, და გაითვალისწინეთ მიხეილ ჯავახიშვილის ეს რჩევა, ნუ ამცირებთ მშობლიურ ენას თქვენი უვიცობით. მართალია, ქართული ენის სიწმინდის დაცვა ყოველი ქართველის მოვალეობაა, მაგრამ უპირველესად მწერალი და ჟურნალისტი უნდა ედგნენ დარაჯად მშობლიურ ენას.

დღეს ზოგიერთ ჟურნალისტს სულაც არ მიაჩნია სირცხვილად, გამართული ქართულით რომ არ საუბრობს და წერისას შეცდომებს უშვებს. აბა, რისთვის არიან სტილისტი და კორექტორიო?! _ ამბობენ და იმით იმშვიდებენ სინდისს, რომ უმუშევარი არ ტოვებენ სტილისტსა და კორექტორს, რომლებიც მათ ნაცოდვილარზე თავს იმტვრევენ.

ჩიქორთული ქართულით მოსაუბრე ჟურნალისტთა, პოლიტიკოსთა და სხვათა და სხვათა ლექსიკა მდიდარია ასეთი ფრაზებით:

გაჟღერდა მოთხოვნა“, „გააჟღერა წინადადება“… „ექსკლუზიური სასმელები“… „გააკეთა განცხადება“, „დააფიქსირა თავისი პოზიცია“, „ექსცესებს ადგილი არ ჰქონია“, „ბიბლიოთეკა განთავსებულია ძველ შენობაში“, „ვსვავ კითხვას“, „საფლავზე შეიკრიბნენ“, „მოგესალმებით“, „გავდივართ რეკლამაზე“, „თავისუფლებაზე გამოვიდა“, „მივდივარ ციხეზე“… „გაყიდვაშია წიგნები“, „სიმაღლეში გაიზარდა“, „ყურებადი ტელევიზია“, „მადლობა მოუხადა“, „აიღეთ სესხი ლარში და დოლარში“, „გარდაიცვალა 98 წლის ასაკში“, „ფულადი თანხა“, „ადვოკატი აიყვანა“, „ტაქსი აიყვანა“, „ემიგრაციაში წავიდა“, „გამარჯობათ“, „პატიმრობაში დატოვეს“, „ფართი“, „ზეწოლა“, „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი“, „რეგისტრაცია გაიარა“, „მკურნალობას გადის“…

სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებო, უფრო კი უმაღლეს სასწავლებელთა არასრულო და სრულო პროფესორებო და აკადემიკოსებო, ასწავლეთ მომავალ ჟურნალისტებსა და ფილოლოგებს _ ყველას, ვინც თქვენთან ისტუდენტებს და შემდეგ იჟურნალისტებს თუ იფილოლოგებს, სხვა თუ არა, ესენი მაინც ასწავლეთ, როგორ უნდა თქვან და წერონ სწორად.

უპირველესად, მისალმება ასწავლეთ, თორემ მოგესალმებით (ეს ვითომ მისალმება) ისე სწრაფად ვრცელდება დაუფიქრებლად „მოაზროვნე“ ხალხში, მალე თქვენს სწავლებასაც აღარ ექნება არავითარი აზრი.

* რისკზე წასვლა არ შემიძლია!

ამის მთქმელსა და დამწერს კი არა, ამქვეყნად ეს არავის შეუძლია, არავის, ძეხორციელს.

ამიტომ, ბატონებო და ქალბატონებო, რისკზე წასვლა რომ შეძლოთ, უნდა თქვათ და წეროთ:

გარისკვა არ შემიძლია

ან ვერ გავრისკავ;

ანდა: არ გავრისკავ (თუ შეგიძლია და არ გსურს, გარისკო).

„რისკზე“ მოსიარულე-მოსეირნეებს კი ვთხოვ, ნუ გარისკავენ.

* „უხერხულში ვვარდები არც თქვათ და არც დაწეროთ! 

თქვით და წერეთ: თავს ვგრძნობ უხერხულად“.

* „მთავრობასთან მაქვს თხოვნა“.

ეს ქართული წინადადება არ არის, კალკია, რუსულის გავლენით ნაკარნახევი.

ქართულად ითქმის და იწერება:

მთავრობას მინდა ვთხოვო…“

* კალკია, არაქართულია, არგასაგონია ასე ნათქვამი და დაწერილი:

მთელი რიგი საკითხებიან მთელი რიგი საკითხებისა“.

ქართულად ასე ითქმის და იწერება:

არაერთი საკითხი“;

რამდენიმე საკითხი“;

მრავალი საკითხი“;

ბევრი საკითხი“.

* ასევე გაშანშალებული კალკია და, შესაბამისად, შეცდომაა რაშია საქმე?“.

ქართულად ასე ითქმის და იწერება:

რა ხდება?“

რა ამბავია?“

* დაკითხვაზე კი არ იყო დაბარებული, დასაკითხად იყო დაბარებული.

ცალსახად ითქვა კი არა, ერთმნიშვნელოვნად ითქვა.

ფაქტი სახეზეა კი არა, ფაქტი აშკარაა ან ნამდვილია, ან ჭეშმარიტია.

ფაქტი სახეზეა კალკია, რუსულიდან უხეიროდ თარგმნილი წინადადება.

ფაქტს რა უნდა სახეზე?!

სახეზე ან წვერი უნდა იყოს, ან გაპარსული გქონდეთ, ან, თუ ქალია, ფერუმარილი.

* ვდგევარ კი არა, ვდგავარ;

ვიცმევ კი არა, ვიცვამ;

ვაბავ კი არა, ვაბამ;

მინახიხარ კი არა, მინახავხარ.

ვუთანაგრძნობ კი არა, თანავუგრძნობ.

* პირველ პირში მოთხრობილი ამბავი.

ეს წინადადება ჩიქორთული ქართულია.

კარგი ქართული ასეთია:

პირველი პირის მიერ მოთხრობილი ამბავი.

* ბევრი ქართველი არა მხოლოდ უცნაურად და დამახინჯებული ქართულით გველაპარაკება, საკუთარ სახელსა და გვარსაც ვერ წერს მართებულად. შედით „ფეისბუკზე“ და ნახავთ, მაგალითად:  

მარიამი გამყრელიძე, ნესტანი კარანაძე, თენგიზი თავაძე, ამირანი ნაკაშიძე…

მეტს აღარ გავაგრძელებ, არც მასწავლებლობით მოგაბეზრებთ თავს, მაგრამ ერთს კი ვიტყვი: საკუთარ სახელთა მართლწერა მეოთხე თუ მეხუთე კლასში ისწავლებოდა და ახლაც ასწავლიან, ალბათ, მაგრამ თქვენ რატომღაც ვერ ისწავლეთ თუ  არ გასწავლეს, ვერ დაიმახსოვრეთ თუ არ დაიმახსოვრეთ ის, რომ ზემოთ მოცემულ შემთხვევებში სახელი ფუძის სახით უნდა იყოს წარმოდგენილი (სწორია: მარიამ გამყრელიძე), მაგრამ, თუ ჯერ გვარი წერია და მერე სახელი, მაშინ სახელიც სახელობითი ბრუნვის ფორმითაა საჭირო (გამყრელიძე მარიამი). 

ნუთუ ასე ძნელია ეს ყველაფერი?! რა ღმერთი გაგიწყრათ, ზოგიერთმა უმაღლესშიც იარეთ (დიახ, იარეთ!) და, საკუთარი სახელი და გვარი რომ დაწეროთ უშეცდომოდ, ესეც არ შეგიძლიათ?!

* გაიგეთ და დაიმახსოვრეთ იმ რესპონდენტებმაც და კორესპონდენტებმაც, რომლებსაც თავი დიდი ვინმე გგონიათ და ზოგჯერ იმდენი თავხედობაც კი გყოფნით, შავზე თეთრიაო, გაიძახით.  დაიმახსოვრეთ სამუდამოდ:

საპატივსაცემოდ კი არა, პატივსაცემად“;

საპატივცემულოდკი არა, პატივსაცემად“;

საპატივცემოდ კი არა, პატივსაცემად“;

საპატივსაცემო პიროვნება კი არა, პატივსაცემი პიროვნება“.

ნეტავი, თქვენ, რომ არ დარდობთ!

ნეტავი, თქვენ, რომ არ გაწუხებთ!

* და კიდევ: ბატონებო და ქალბატონებო, როცა კალამს იღებთ და საწერად ემზადებით, რამოდენიმე არ დაწეროთ, თქვით და წერეთ რამდენიმე“.

„რამოდენიმე“ „რამოდენას“ მიმსგავსებითაა გამოგონილი.

„რამოდენა“ ზედსართავი სახელია და ფიზიკურ სიდიდეს გამოხატავს,

„რამდენიმე“ კი რიცხვითი სახელია და რაოდენობის გამომხატველია.

ასე რომ, რაოდენობასა და ფიზიკურ სიდიდეს თუ ვერ არჩევთ ერთმანეთისგან, სჯობს, არ წეროთ ან მაშინ წეროთ, როცა ამის გარჩევას ისწავლით.

პატივი ეცით მის ყოვლადმაღალუწმინდესობას _ მშობლიურ ქართულ ენას!

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here