Home ახალი ამბები საქართველო ცალ ფეხზე დგომას ჰგავდა იმ ლურჯი ნაჭრის გაშლაც, რომელიც თურმე უპრეცედენტო ზომების...

ცალ ფეხზე დგომას ჰგავდა იმ ლურჯი ნაჭრის გაშლაც, რომელიც თურმე უპრეცედენტო ზომების ყოფილა და დასავლელი პარტნიორები, რომ მოენდომებინათ, კოსმოსიდანაც კი დაინახავდნენ

ნაძალადევად, მხოლოდ უაზრო მოწოდებებით ქუჩაში ხალხის გამოყვანა ძალიან რთულია, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში არის შესაძლებელი, თუ მოსახლეობას მოატყუებ

401

9 დეკემბერს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა  ე.წ. ევროპული  მარში ჩაატარეს. მთავარი გზავნილი, რომელიც უზარმაზარ პლაკატზე ეწერა, იყო „ჩვენი ხმა ევროპას“. ჰოდა, ჯერ პრეზიდენტმა, მერე ოპოზიციამ და ბოლოს არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოსახლეობას მოუწოდეს, ქუჩაში გამოსულიყო დაა ევროპისთვის დაენახვებინა, რომ ძალიან ბევრნი არიან და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ჰაერივით სჭირდება.

გვეგონა, რომ ქუჩაში რამდენიმე ათასი ადამიანი გავიდოდა, რადგან არაერთი გამოკითხვის შედეგად მოსახლეობის ნახევარზე მეტი, ანუ ლამის ორ მილიონამდე ადამიანი, თურმე სწორედ ევროპისკენ ისწრაფვის. ჰოდა, ამ ორი მილიონის ერთი პროცენტიც რომ გასულიყო ქუჩაში, 20–ათასიანი აქცია უნდა გამართულიყო, მაგრამ ნურას უკაცრავად – ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით, მოწოდებას 2 ათასამდე ადამიანი გამოეხმაურა. ორგანიზატორებმა იხტიბარი არ გაიტეხეს და რეკორდი დაამყარეს – საგანგებოდ შეკერილი ევროკავშირის დროშა გაშალეს და იქვე აღნიშნეს,  რომ ასეთი ზომის დროშა აქამდე არავის ჰქონია და არც გაუშლია. ასე რომ, ევროკავშირისთვის ერთი ადგილის ალოკვაში პირველობა არავის დაუთმეს არც პრეზიდენტმა, არც ოპოზიცამ და არც არასამთავრობოებმა. ჰო, სწორედ  ალოკვაში, რადგან კარგად გვახსოვს ერთ-ერთი ოპოზიციონერის მგზნებარე ნათქვამი: დასავლეთმა რომ გვითხრას, ცალ ფეხზე დადექით, უნდა დავდგეთ და ევროპაში ისე უნდა შევიდეთო. ცალ ფეხზე დგომას ჰგავდა იმ ლურჯი ნაჭრის გაშლაც, რომელიც თურმე უპრეცედენტო ზომების ყოფილა და დასავლელი პარტნიორები, რომ მოენდომებინათ,  კოსმოსიდანაც კი დაინახავდნენ. ისე, კოსმოსზე გამახსენდა – გონებასა და აზროვნებას აქვს საზღვრები, იდიოტიზმი კი კოსმოსივითაა, უსაზღვროა და რეალურად  სწორედ იდიოტიზმი გვგონია ის, რაც 9 დეკემბერს მოხდა. ახლავე აგიხსნით, რატომ.

დავიწყოთ იმით, რომ 2 ათასი ადამიანი კი არა, მთელი საქართველო რომ დამდგარიყო და ევროპისთვის სტატუსი ეთხოვა, მათ თუ ხელს არ აძლევთ ჩვენთვის სტატუსის მოცემა, უბრალოდ არ მოგვცემენ. აი, თუ ხელს  აძლევთ, სულ რომ ვაგინოთ და ვუთხრათ,  სტატუსი არ გვჭირდებაო, მაინც შემოგვტენიან, ანუ ეს ყველაფერი იმაზე კი არ არის დამოკიდებული, რა გვინდა ჩვენ, არამედ იმაზე, რა სურს ევროპასა და ამერიკას. თანაც, როცა დადებითი რეკომენდაცია გასცა ევროკომისიამ, მაშინვე ითქვა, რომ სტატუსის მოცემა უკვე გადაწყვეტილია და ახლა, უბრალოდ,  15 დეკემბერს უნდა დაველოდოთ, ეს ყველაფერი რომ გაფორმდეს. ჰო, მიმდინარე კვირაში სტატუსს აუცილებლად მოგვცემენ და ცოდვა გამხელილი სჯობს – ამას 9 დეკემბერს ქუჩაში გამოსული ხალხი დაიბრალებს. ყოველ შემთხვევაში, შეეცდება მაინც.

სინამდვილეში ის, რაც 9 დეკემბერს მოხდა „ევროპული მარშის“ სახელით, კარგად შეფუთული ტესტი იყო. ოპოზიცია ჯიუტად ცდილობს დასავლეთის დარწმუნებას, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ  ქვეყანაში ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ისინი იმასაც ამტკიცებენ, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ ოპოზიციის, არასამთავრობოებისა და პრეზიდენტის მხარესაა. საკმარისი იყო, 9 დეკემბერს 20 ათასამდე ადამიანი მოეგროვებინათ, რომ ეს იქნებოდა პირდაპირი გზავნილი დასავლეთისთვის, საჭირო მომენტში  ამ ოდენობის ადამიანების გამოყვანა შეგვიძლია და ხელისუფლების გადატრიალებაში დაგვეხმარეთო. არ გამოვიდა ეს საქმე და გვჯერა, რომ ევროკავშირის წევრობა საქართველოში 2 ათასზე მეტ ადამიანს ნამდვილად სურს, მაგრამ ისინი ქუჩაში 9 დეკემბერს ერთადერთი მიზეზით არ გავიდნენ – არ სურთ არც პრეზიდენტის, არც ოპოზიციის და არც არასამთავრობო სექტორის გვერდით დგომა.  ეს  ძალიან კარგად უნდა დაენახა დასავლეთს და საბოლოოდ მიმხვდარიყო იმას, რასაც ოპოზიციასთან შეხვედრისას დიპლომატები ხშირად იმეორებენ – მათ საარჩევნოდ ხელისუფლების შეცვლა გაუჭირდებათ, რადგან არ აქვთ  მთავარი – ადამიანური რესურსი. ამიტომ 9 დეკემბრის აქცია ოპოზიციის აქტივში არ ჩაიწერა და მეტიც, ლიდერები თურმე ერთმანეთს საყვედურობდნენ, – აქტივის მობილიზაცია რატომ ვერ შეძელიო. არადა,  რაც შეძლეს, მოიყვანეს და სულ ეგ იყო – ორი დიდი ქორწილის მაყრიონი.

ცალკე აღნიშვნის ღირსია დროშა, რომელზეც ვარსკვლავები თურმე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში შეიკერა და ეს ჩვენი ქვეყნის ერთიანობასა და ერთიან სურვილს უსვამს ხაზს. აბა, რა გითხრათ, ჩემს ქალაქში თუ რამ შეიკერა, არ ვიცი, არც სხვა ქალაქებში მცხოვრებმა მეგობრებმა იციან რამე იმის შესახებ, რომ  მათ ქალაქში გიგანტურ დროშაზე, უფრო ზუსტად, ლურჯ ნაჭერზე დასაკრავი ვარსკვლავი იკერებოდა. ეს იმიტომ არ გახმაურდა, რომ არასამთავრობოები, რომლებმაც დროშის შეკერვისთვის მორიგი გრანტი „გააპრავეს“, მიხვდნენ, რომ სასაცილო ვითარებაში აღმოჩნდებოდნენ, რომ მოსახლეობისთვის ყველაზე უმნიშვნელო ახლა სწორედ ამ ვარსკვლავების შეკერვა იქნებოდა. არასამთავრობოების ლიდერებმა ვარსკვლავების დასაკერებლად ხალხი დაიქირავეს, დაასაქმეს, ფული გადაუხადეს და… კიდევ გავიმეორებთ – მორიგი გრანტი „გააპრავეს“. 9  დეკემბერს გადაღებულ ვიდეოს ისინი თავიანთ დონორებს გაუგზავნიდნენ და ეტყოდნენ, რომ უზარმაზარი თანხა დახარჯეს საქართველოს ევროპული მომავლისთვის, სინამდვილეში კი…  სინამდვილეში  სწორედ ეს არასამთავრობოები და მათი დონორები იყვნენ, ამა წლის  მარტში ყველაფერი რომ გააკეთს იმისთვის, მოსახლეობას არ გაეგო, საიდან და რა მიზნით ფინანსდებოდნენ, ვინ იყვნენ მათი შემომწირველები და ახლაც, როცა მცირე აქციაზე უზარმაზარი თანხა გაისროლეს (ოფიციალურად), კითხვა არავის გასჩენოდა, ქუჩაში 2 ათასი კაცის გამოსვლას 100 ათასი ლარის მობილიზება რატომ სჭირდებოდა. ეს არასამთავრობოები მორიგ მსუყე გრანტებს საარჩევნოდ ელიან და ახლავე შეიძლება იმის თქმა, რომ ისინი არჩევნების შესახებ  უარყოფით დასკვნას დაწერენ; იტყვიან, რომ გარემო კონკურენტუნარიანი არ იყო, რომ ხელისუფლებამ ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენა… შეიძლება დასკვნები არც კი დაწერონ, უბრალოდ, წინა არჩევნების დასკვნების ასლი გააკეთონ და ის გაგზავნონ ევროპასა და ამერიკაში.

საქართველოს მოსახლეობას, როცა ხვდებოდა, რომ ქუჩაში გამოსვლისა და პროტესტის დრო იყო, არავის დაძალება და შეძახილი არ სჭირდებოდა – ადამიანები თავისით გადიოდნენ ქუჩაში,  ითხოვდნენ, რაც სურდათ და იღებდნენ კიდეც. ნაძალადევად, მხოლოდ უაზრო მოწოდებებით  ქუჩაში ხალხის გამოყვანა ძალიან რთულია.  ეს მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ მოსახლეობას მოატყუებ; არარეალურს რეალურად წარმოუჩენ. ზუსტად ასე იყო მარტის აქციების დროს, როცა ადამიანები დააჯერეს, რომ კანონს, რომელსაც ხელისუფლება იღებდა, რუსული ერქვა. სინამდვილეში კი, ანალოგიური კანონი ლამის მთელმა ევროპამ დააანონსა მისაღებად, უკვე მიიღო უკრაინამ (იმ უკრაინამ, ახლა ერთ ქვაბში რომ გვხარშავს ევროკავშირი), კანადამ, ხორვატიამ… სწორედ არასამთავრობოებმა, ოპოზიციურმა არხებმა და პარტიებმა შეძლეს მოსახლეობის მოტყუება და, რაც მთავარია, ახლა იმ დღეების ერთ-ერთ მთავარ დამნაშავეს, პოლიციელების ცოცხლად დაწვის მსურველ ლაზარე გრიგორიადისს გმირად გვასაღებენ, აქაოდა, ჩვენი ქვეყნის დასავლური მომავალი მის თავისუფლებაზე გადისო, და თითქმის ასპროცენტიანი სიზუსტით გვეუბნებიან, რომ, როგორც კი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მოგვცემენ, საზეიმო განწყობის „ასამაღლებლად“ გრიგორიადისის გათავისუფლებას აპირებს, უფრო ზუსტად, შეწყალებას და ეს იქნება ერთ-ერთი იმ პირობის შესრულება, რომელიც პრეზიდენტმა დასავლელ პარტნიორებს მისცა.

გრიგორიადისის გათავისუფლება რა განწყობაზე დააყენებს თუნდაც სამართალდამცველებს, ადვილი მისახვედრია. მეტიც, მას მაშინვე აქცევენ ტელე-ვარსკვლავად და გმირად, მაშინვე ხელში აყვანილი მოატარებენ თბილისის ქუჩებს და, თუ მომავალში აქცია გაიმართება, ის იქნება ერთ-ერთი მთავარი მონაწილე, ავანგარდში მდგომი და სიტყვით გამომსვლელთა შორის უპირველესი. მერე რა, რომ სანამ ის პოლიციელებისთვის „მოლოტოვის კოქტეილს“ „გაიმეტებდა“, საკუთარი მამა გაიმეტა და დანაზე წამოაგო. როგორც მამა ამბობს, დუნდულში დაჭრა, მაგრამ მიუტევა შვილს და ახლა ითხოვს, ჩემს მერე სამართალდამცველებიც რომ გაიმეტა სასიკვდილოდ, ისიც ვაპატიოთო.

ამ კვირაში ევროკავშირი სტატუსს გამოხრული ძვალივით გადმოგვიგდებს და შემდეგ დაიწყება გაუთავებელი და დაუსრულებელი ვაჭრობა იმაზე, ვასრულებთ თუ არა, სტატუსის მოცემასთან ერთად, გათვლილ და დათვლილ რეკომენდაციებს. ოპოზიცია მუდმივად იტყვის, რომ – არა; ხელისუფლება იტყვის, რომ – კი, დასავლეთი კი ცეცხლზე ნავთს დაასხამს და ზოგჯერ კის იტყვის, ზოგჯერ – არას. ასე თამაშ-თამაშში გალია თურქეთმა 25 წელი და ამ გადასახედიდან უკეთესის პერსპექტივა არც ჩვენ გველოდება.

ლევან გაბაშვილი                                                                                                                          

1 COMMENT

  1. “ევროკავშირის წევრობა საქართველოში 2 ათასზე მეტ ადამიანს ნამდვილად სურს, მაგრამ ისინი ქუჩაში 9 დეკემბერს ერთადერთი მიზეზით არ გავიდნენ – არ სურთ არც პრეზიდენტის, არც ოპოზიციის და არც არასამთავრობო სექტორის გვერდით დგომა.” – გაბაშვილო ატრაკებ და გიხარია! ფულს თუ არ მისცემენ, 2000 კი არა, 20 კაცსაც ვერ გამოიყვანენ!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here