Home ახალი ამბები საქართველო ბირთვული  ევთანაზია

ბირთვული  ევთანაზია

მზადება საყოველთაო აღსასრულისთვის

497

დასავლეთის  მეფისტოფელურ  ხარხარში

წინამდებარე სტატიას ევთანაზიის განმარტებით დავიწყებ, თუმცა იგი მხოლოდ  წერილის  ბოლოს დაგვჭირდება:  ევთანაზია (ევთანასია) — ადამიანის ხელოვნური მოკვდინების პრაქტიკა, რომელიც გამოიყენება იმ დროს, როდესაც ადამიანი განუკურნებელი სენით გამოწვეული გაუსაძლისი ტკივილისაგან იტანჯება და ამ ტკივილისგან გათავისუფლების ერთადერთი გზა  მისი  სიცოცხლის შეწყვეტაა“.

The Washington Post-ი აქვეყნებს მასალას, რომელშიც  ნათქვამია: კიევის მოსახლეობამ საცხოვრებელი სახლების სარდაფების შესაბამისი აღჭურვა-მოწყობით ბირთვული დარტყმისთვის მზადება დაიწყო. ისინი ცდილობენ  პორტატული ელექტროგენერატორების,  საწვავისა და საკვების მარაგის შექმნას ბირთული დარტყმების განხორციელებამდე, რომლისთვისაც თითქოს მოსკოვი ემზადება.  გაზეთი იუწყება იმის შესახებაც, რომ უკრაინის დედაქალაქში  ამგვარი  პანიკის საფუძველი ვლადიმერ პუტინის იმ განცხადებას  მოჰყვა, რომელშიც  ნათქვამი იყო,  რომ რუსეთი მზად არის,  ყველა საშუალებით  დაიცვას საკუთარი მოსახლეობა.

სტატიაში გამოთქმულია მოსაზრება,  რომ  პანიკას საფუძვლად პუტინის ის განცხადებაც დაედო,  რომელშიც მან თქვა,  რომ მსოფლიოში ბირთვული ომის საფრთხე იზრდება.

ამის პარალელურად  რუსეთის საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება შემდეგი  ცნობა: Перед днем Ракетных войск стратегического назначения, который ежегодно в России отмечают 17 декабря, в Козельском ракетном соединении в шахтную пусковую установку (ШПУ) загрузили межконтинентальную баллистическую ракету «Ярс». Установка производилась с помощью специального транспортно-загрузочного агрегата. Технологическая операция длилась в течение нескольких часов. «Важность этой операции заключается в том, что очередная ракета встанет на боевое дежурство в плановые сроки, Родина получит очередной образец ракетно-ядерного оружия, который позволит решать любые поставленные задачи на стратегическом уровне», — рассказал командир дивизии Алексей Соколов.

ასე და ამრიგად,  გვაქვს ორი სახის ინფორმაცია, რომლებსაც დაპირისპირებული ზესახელმწიფოების საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ.  რომელია  მათ შორის მართალი და რომელი ტყუილი, ანუ რომელია ინფორმაცია და რომელია დეზინფორმაცია?

რუსეთს საკუთარი ბირთვული ტრიადა საბრძოლო სტრატეგიულ მზადყოფნაში რომ ჰყავს,  სამხედრო საიდუმლოებას არ წარმოადგენს.  ამის შესახებ არამხოლოდ მაღალი სამხედრო ჩინები,  არამედ სახელმწიფოს პირველი პირი და უმაღლესი მთავარსარდალიც  ღიად ლაპარაკობს.  ეს სიმართლეა და ამ ინფორმაციის სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გვაქვს. კიევში მოსახლეობა რომ შეშინებულია და პანიკაც დაწყებულია,  არც ესაა საეჭვო და საფუძველს მოკლებული.

გამოდის, რომ ცალ-ცალკე  ორივე ეს ინფორმაცია სწორია  და მათთვის დეზინფორმაციის სტატუსის მინიჭების საფუძველი თითქოს არ არსებობს, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს.  ვითარებას კარგად თუ დავაკვირდებით,  აღმოვაჩენთ აუდიტორიის არა ფაქტობრივი მოტყუების, არამედ მისთვის არასწორი ფსიქოლოგიური განწყობის შექმნის მცდელობას,  რომელიც უფრო დიდი დოზის დეზინფორმაციის შემცველია, ვიდრე ფაქტობრივი უზუსტობის მიწოდება იქნებოდა.  ამერიკული გაზეთი მთელ მსოფლიოში ქმნის განწყობას, რომლის მიხედვით  თითქოს რუსეთი უკრაინაზე ბირთვული იერიშის მიტანას გეგმავს.  ეს განწყობა ადვილი შესაქმნელია იმ ფონზე, როდესაც თვით  რუსული საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან,  რომ რუსეთს სტრატეგიული შეიარაღება და ბირთვული ტრიადა საბრძოლო მზადყოფნაში მოჰყავს.  რაც ამ ინფორმაციებშია ნათქვამი,  არაფერია სადავო. დეზინფორმაცია აქ ამერიკული გაზეთის ინფორმაციის იმ ნაწილს ახლავს, რომელიც არ თქმულა,  მაგრამ იგულისხმება.  კერძოდ,  ამ ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი,  იმ რაკეტებისთვის, რომლებიც სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან,  რა მისამართია მიცემული– უკრაინა თუ აშშ. თუ კარგად ავწონ-დავწონით  ვითარებას, რომელიც უკრაინის ირგვლივ შეიქმნა, მივხვდებით, რომ რუსული სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების სამიზნე უკრაინა ვერ იქნება, რადგან უკრაინაში არ არსებობს რუსეთის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიმღები ცენტრი. ასეთი ცენტრი ამ შემთხვევაში აშშ-შია. შესაბამისად, რუსეთის სტრატეგიული შეიარაღების სამიზნე შეერთებული შტატებია და არა  უკრაინა.  ამერიკული გაზეთის მესვეურებმა ეს ამბავი შესანიშნავად იციან, რადგან  დამალული არც ყოფილა. რუსეთის პრეზიდენტი ამის შესახებ პირდაპირ აცხადებდა: “В случае размещения американских ракет средней дальности в Европе Россия будет вынуждена развернуть средства, в сфере досягаемости которых будут как территории, где будут размещены эти ракеты, так и территории, где находятся центры принятия решений об их”. ამ სიტყვებით პუტინმა ხომ პირდაპირ აშშ-ს დაადო ხელი და არა უკრაინას ან რომელიმე ევროპულ (თუნდაც ნატოს წევრ) სახელმწიფოს. აშშ-ში ეს ნათქვამი პირდაპირ მათი მისამართით ნათქვამ მუქარად რომ არ მიეღოთ  ან მისი შინაარსი ვერ გაეგოთ,  აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი რატომ უპასუხებდა მას ამ სიტყვებით: “რუსეთის შეიარაღებული ძალების გადაწყვეტილების მიმღები ცენტრი თვითონ ვლადიმერ პუტინია. ჩვენ მას ვუწოდებთ კანონიერ სამხედრო სამიზნეს”? ამის შემდეგ პუტინს ჰკითხეს: რა არის ის წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთის შემდეგ რუსეთი იერიშს გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრზე მიიტანს?  პუტინის პასუხი დამაფიქრებელი იყო: «Что касается красных линий, позвольте, я оставлю при себе, потому что это с нашей стороны будет означать достаточно жесткие действия по центрам принятия решений. Но это та сфера, которая должна остаться на решение военно-политического руководства страны».  ამ ნათქვამს პრეზიდენტმა პუტინმა კიდევ უფრო დამაფიქრებელი წინადადებაც მოაყოლა: “Те люди, которые заслуживают соответствующих действий со стороны Москвы, должны сами для себя сделать вывод — с чем могут столкнуться, если будут переходить черту».

არა მგონია, რომ აქ რამე იყოს გაურკვეველი ან ორაზროვანი.  რუსეთის სტრატეგიული ბირთვული  შეიარაღება  მიმართულია არა უკრაინისკენ, არამედ აშშისკენ. ეჭვგარეშეა, რომ მსოფლიო კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ბირთვულ კატასტროფას.  თუ გავითვალისწინებთ პუტინის კიდევ ერთ ნათქვამს, რომ რუსეთის სამხედრო დოქტრინაში მოსალოდნელია ცვლილების შეტანა, რომელიც ამ დოკუმენტის აშშ-ის სამხედრო დოქტრინასთან  შესაბამისობაში მოყვანას გულისხმობს, ყველაფერი გაცილებით ნათლად წარმოჩინდება,  ვიდრე აქამდე ჩანდა. კერძოდ, რუსეთის სამხედრო დოქტრინაში ერთმნიშვნელოვნად არის ჩაწერილი, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება ხორციელდება მხოლოდ ბირთვული თავდასხმის ან რუსეთის სახელმწიფოს არსებობისთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში. აშშ-ის სამხედრო დოქტრინა კი ბირთვული შეიარაღების გამოყენებას ითვალისწინებს პრევენციის ან მოწინააღმდეგის განიარაღების აუცილებლობის შემთხვევაში.  ერთი სიტყვით, ამერიკელებმა რუსეთთან შედარებით საქმე გაიმარტივეს.  არ არის აუცილებელი,  რომ ვინმემ მათზე ბირთვული თავდასხმა განახორციელოს ან რაღაც საშუალებით ამ სახელმწიფოს ფიზიკურ არსებობას დაემუქროს. მათ საკუთარ თავს ბირთვული შეიარაღების გამოყენების უფლება, როგორც პრევენციის, ასევე მოწინააღმდეგის განიარაღების მოტივითაც მისცეს, ანუ ამ საშინელ ქმედებაზე შეზღუდვა პრაქტიკულად მოხსნეს. ამიტომაც დააყენა პრეზიდენტმა პუტინმა სამხედრო დოქტრინაში ცვლილების შეტანის საკითხი, რაც იმას ნიშნავს, რომ პლანეტა ამ შემთხვევაშიც ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ბირთვულ კატასტროფას. სრულიად ერთმნიშვნელოვნად და გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი ამ საქმეში უდანაშაულოა. მას უბიძგებენ, რომ თავდაცვის უფრო მეტი მექანიზმი აამოქმედოს, ვიდრე აქამდე მოქმედებდა, ვინაიდან მის ირგვლივ ბირთვულ რკალს კრავენ, ანუ, წმინდა სამხედრო ტერმინით თუ ვიტყვით, ალყაში აქცევენ.

ჩნდება შეკითხვა: რატომ იქცევა დასავლეთი ასე უგუნურად და რატომ ქმნის სიტუაციას, რომლის შემდეგ უკანდასახევი გზა  არც ერთ მხარეს აღარ დარჩება? შეკითხვა რთულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთმა შესაძლებელია უმართებულოდ მიიჩნიოს მისი დასმა, სხვებმა კი მასზე სრულიად განსხვავებული პასუხები გაგვცეს. მე კი ვფიქრობ, რომ ეს გამოუვალი კრიზისის შედეგია, რომელშიც მთელი დასავლური ცივილიზაცია აღმოჩნდა.  ეს არ არის ეპოქალური კრიზისი, რომელიც გარკვეული დროის გასვლის ან გარკვეული ღონისძიებების გატარების შედეგად გადაიჭრება,  ესაა  სისტემური კრიზისი, სასიკვდილოდ დაავადებული ორგანიზმის აგონია, რომლის გადარჩენა შეუძლებელია. როგორც ცოცხალი სხეული შეიძლება დაავადდეს მოურჩენელი სენით, ასევე ავადდებიან სახელმწიფოებიც, იმპერიებიც და ცივილიზაციებიც. როდესაც სხეულის რომელიღაც ნაწილში ხრწნა (ნეკროზი, განგრენა) იწყება, იგი უნდა მოიკვეთოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელ ორგანიზმზე გავრცელდება და დაღუპავს მას. დასანანია, რომ დასავლურ ცივილიზაციას, რომელმაც მართლაც განსაცვიფრებელ სიმაღლეს მიაღწია და უნიკალური ხასიათი მიიღო, ხრწნა შეეპარა. ეს უბედურება არც გუშინ დაწყებულა და არც გუშინწინ. ევროპელი ფილოსოფოსი ოსვალდ შპენგლერი ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში წინასწარმეტყველებდა ევროპის მზის ჩასვენებას. მაშინ იყო ჩასატარებელი რთული ქირურგიული ოპერაცია,  მაგრამ  ვერ მოხერხდა. დაავადებულმა ევროპამ, სულ რაღაც, ოცი წლის ინტერვალით პლანეტას ორი მსოფლიო ომი “აჩუქა”, რომლებმაც სამოცდაათ მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მთელ პლანეტას მოუშუშებელ იარად შემორჩა.  ამ ბატალიების შემდეგ ნახევარი საუკუნის განმავლობაში თითქოს უკან დაიხია დასავლური ცივილიზაციის მძიმე სენმა, მაგრამ შინაგანი ხრწნის პროცესი, როგორც ჩანს, მიმდინარეობდა და  ოცდამეერთე საუკუნეში უკვე უმძიმესი ფორმით  იჩინა თავი. დასავლეთში საზოგადოებრივი ცნობიერების ყველა ფორმა (პოლიტიკა, ხელოვნება, მეცნიერება, მორალი) ერთდროულად დეგრადირდა, დაჩირქდა, დანეკროზდა და გაიხრწნა, ყველა ღირებულება მოიშალა, ყველა სიწმინდე დაბინძურდა, მშვენიერების ყველა ფორმა სიმახინჯედ გადაგვარდა, თვით სიცოცხლის საწყისი და მამოძრავებელიორი სქესი ერთმანეთში აირია და, ადამიანის ნაცვლად, ხელში უსაზიზღრესი მუტანტი შერჩათ, რომელიც იმ წერტილივით გამოიყურება, კაცობრიობის არსებობას ან ღმერთის, ან ადამიანის ხელით რომ უნდა დაესვას. იტანჯება დასავლეთი,  გაუსაძლისი ტკივილისგან სახე შეშლია, ჟანგბადი აღარ ჰყოფნის, ხროტინებს, იკრუნჩხება და  ცხოველური შიშისგან გადმოკარკლული თვალებით, შველას კი არა, აღსასრულს ითხოვს, ევთანაზიას იხვეწება. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არავინ არის, არავინ ჩანს, ვისაც ოდესღაც ამ უზარმაზარი და უნიკალური ცივილიზაციის აპარატიდან გამორთვა, მისთვის ჟანგბადის გადაკეტვა ან იმ ინიექციის შეყვანა შეეძლება, რომელიც გაუსაძლის ტკივილებს მოუხსნის, დაწყნარების სანეტარო წამებს შეაგრძნობინებს და ტანჯვისგან დაღლილ-დაქანცულს, სულთმომბრძავსა და აგონიაში მყოფს სიკვდილის სასიამოვნოდ მომთენთავ და სანატრელ სიმშვიდეში გადაიყვანს. რაკი ამ საეჭვო სიკეთის ჩამდენი აღარავინ ჩანს, სიცოცხლემობეზრებული და თავმოძულებული დასავლური ცივილიზაცია პლანეტის დამანგრეველ იმ იარაღს ეპოტინება, რომლისგანაც არამხოლოდ მტანჯველი ტკივილისგან განთავისუფლების შვებას, არამედ უკიდეგანო და ჯერარნახული ბოროტების ჩადენისა და მთელ კაცობრიობაზე დაუმსახურებელი შურისძიების განხორციელების ჟრუანტელის მომგვრელ კმაყოფილებასაც მოელის, რომლის შემდეგ მისი მეფისტოფელური ხარხარის თანხლებით უნდა დაიფერფლოს ყოველი.  ბირთვული კატასტროფა, რომელთანაც დასავლეთის ამღვრეული გონება და მძიმედ დაავადებული ფსიქიკა ყოველდღიურად გვაახლოებს,  მისთვის ჩასატარებელი ევთანაზიაა – ტკივილებით დამძიმებული არსებობისგან განთავისუფლების ასე დასაგმობი და გასაკიცხი პრაქტიკა (მეთოდი), რომელიც, მიუხედავად გარკვეული წინააღმდეგობისა, მაინც ჩქარი ტემპით მკვიდრდება უმძიმესი სენით შეპყრობილ საზოგადოებაში. არ არის გამორიცხული, რომ ჰუმანიზმისგან ასე შორს მდგომი ამ ოპერაციის (ტკივილის გაყუჩების) იარაღად დასავლეთს სწორედ რუსული ბალისტიკური რაკეტები გამოადგეს  რომანტიკული შეფერილობის სახელებით – “ბულავა“, “იარსი“, “ტოპოლი,  “სარმატი“,  პოსეიდონი“…

 ვალერი კვარაცხელია                                                                 

P. S. CNN–ი  ავრცელებს ინფორმაციას, რომ აშშ უკრაინისთვის საზენიტოსარაკეტო დანადგარ Patriot-ის მიწოდებას გეგმავს.  ეს ბირთვული კატასტროფისკენ გადადგმული ნაბიჯი კი არ არის, ეს უკვე მისი აშკარა წინაპირობაა. დასავლეთი ბირთვულ ევთანაზიას სახიფათოდ მიუახლოვდა.

 ვ.კ.                                                                                              

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here