Home ახალი ამბები საქართველო „ახალის“ სახელით შექმნილი „ნაციონალური მოძრაობა-2“  რევოლუციის ავანგარდში იქნება

„ახალის“ სახელით შექმნილი „ნაციონალური მოძრაობა-2“  რევოლუციის ავანგარდში იქნება

უკვე დაუფარავად საუბრობენ, რომ, თუ ამ არჩევნებზე ხელისუფლება არ შეიცვლება, თურმე საქართველოს დავკარგავთ. არადა, საქართველოს ნელ-ნელა ვიბრუნებთ და ახლა, თუ რამე შეიცვლება, მისი დაკარგვის საფრთხის წინაშე მართლა აღმოვჩნდებით. ეს არ იქნება არჩევნები, ეს იქნება ომი, რომელშიც ქართველ ხალხს „დასავლელი პარტნიორები“ დაუპირისპირდებიან, რათა თითქმის გადაგდებული მონობის უღელი კისერზე კვლავ მყარად დაგვადგან

186

რას ნიშნავს ახალი? გრამატიკულად ზედსართავი სახელია და აქამდე არარსებულს, ახალშექმნილს ნიშნავს; ახალი, სიახლე, ანუ ის, რაც მანამდე არ ყოფილა. სწორედ ასეთი მოლოდინი გააჩინა ნიკა გვარამიამ, როცა პარტია „ახალი“ დააარსა და კი ამბობენ, გვერდით მეორე ნიკა დაიყენაო, მაგრამ ის მეორე ნიკანორია და არა ნიკა. ახლა შევეცდებით, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და ავხსნათ, თუ რატომ არის გვარამია-მელიას „ახალი“ კარგად არდავიწყებული ძველი.

ქართულ პოლიტიკაში ახალი სახეების მოძიება ძალიან ძნელია. ეს იმიტომ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, ისინი, რომლებიც დასავლეთიდან კონტროლდებიან, დასავლელთა  ხელით იკვებებიან, ათეული წლებია, და ისინი, ვინც 9 წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებებს სწორედ დასავლეთის თვალში „აპრავებდა“, აქტიურ  ახალგაზრდებს  თავბრუს ახვევენ  უკეთესი მომავლის პერსპექტივით, არასამთავრობო ორგანიზაციებში აწევრებენ, მერე ატრენინგებენ და აქციებზე ისეთ დროს გამოჰყავთ ქუჩაში, როცა ეს მოზარდები  შინ უნდა იყვნენ, უფრო მეტს  კითხულობდნენ და თავი, უცხოელი ტრენერების ბჟუტურით კი არა, ქართველი კლასიკოსების მარგალიტებით უნდა ჰქონდეთ გამოტენილი. შემდეგ ეს ახალგაზრდები მარტივად ხდებიან  „ნაციონალური მოძრაობის“ ან მასთან ასოცირებული პარტიების წევრები; იმედოვნებენ, რომ  მოწინავე პოზიციებზე დააყენებენ, რომ პარლამენტში მოხვდებიან, მაგრამ მოდის არჩევნები  და სიაში ისევ ძველი სახეები არიან, ისევ ის ხალხი, რომელსაც სათვალავი აქვს არეული, მერამდენედ მოხვდა პარლამენტში და რაც მთავარია,  ზუსტად იციან, რომ იმავეს გააკეთებენ, რაც ადრე გააკეთეს  პარლამენტში ყოფნისას, ანუ არაფერს.

ნიკას და ნიკანორის პარტიაშიც სწორედ ასეთი ახალგაზრდები არიან, რამდენიმე არასამთავრობოსა და პარტიაზე უკვე გადამხტარი და ახალი იმედით სავსე, რომ ახლა მაინც მიეცემათ პარლამენტში მოხვედრის მერე იმ საქმის კეთების  შანსი, რომელიც ტრენინგებზე დასავლელმა ტრენერებმა ასწავლეს, მაგრამ ახლავე გეტყვით, ბავშვებო, რომ იქ თქვენი ადგილი არ იქნება, რადგან გვარამიასა და მელიას კულუარებში ეკა ხერხეულიძე, აკაკი მინაშვილი და ძმანი თუ დანი მათნი ჰყავთ ჩაყენებული და გამორიცხულია,  წინ თქვენ გაგიშვან. თანაც ეს რეალურად ხომ მართლა არ არის ახალი, არც კარგად დავიწყებული ძველია, ეს დაახლოებით ის არის, რაც ძმების გაყრას ჰგავს – ერთს მეტი ხვდება, მეორეს – ნაკლები და თანაბრად განაწილება არასდროს გამოდის. როგორ გგონიათ, რომ დასჭირდეთ გვარამიასა და მელიას სააკაშვილის  (ახლა კატეგორიულად რომ ემიჯნებიან) გვერდით დგომა,  არ დადგებიან?   გამარჯვების შემთხვევაში ხომ  ეს ისევ  „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება   იმავე ადამიანებით, რომლებიც 9  წლის განმავლობაში ქვეყანას აპარტახებდნენ? მაგრამ მთავარი არც  ეს  არის… ჰო, რადგან „მთავარი“ ვახსენეთ, ისიც ვთქვათ, რომ ნიკა გვარამიამ „დიდსულოვნად“ დათმო ტელეკომპანიის წილები, აქაოდა, არ მინდა, ამ არხზე რაიმე გავლენა მქონდესო და ყველა აქტივი გადაუფორმა…  ცოლს. ანუ „მთავარ არხზე“ გვარამიას გავლენა საერთოდ აღარ არის, მისი მეუღლის გავლენაა მხოლოდ…

ამ სიახლეში კი კარგად შეფუთული და დამალულია ის, რასაც დასავლელი პარტნიორები ჯერჯერობით მხოლოდ მინიშნებით ამბობენ. პრინციპში, რაღა მინიშნებით, არაერთმა ევროპარლამენტარმა თქვა, რომ „ახალი“ დასავლურ პრინციპებზე აგებული პარტიაა, რომ მათ გამოჩენას მიესალმებიან, რომ მხარს უჭერენ და… ნიკა გვარამიამ უკვე გამოაცხადა, მარტოც რომ გავიდე არჩევნებზე, ყველა კვლევის მიხედვით, 5%-იან ბარიერს უპრობლემოდ გადავლახავო. მას კვერი დასავლეთმაც დაუკრა, რაც  ნიშნავს, რომ გვარამიას პარტიამ აუცილებლად უნდა გადალახოს ბარიერი და აუცილებლად  მოხვდეს პარლამენტში. აი, თუ ასე არ მოხდება, გამოდის, რომ „არჩევნები გაყალბდა“ და სწორედ „ახალი“ იქნება რევოლუციის მოწყობის მთავარი მოსურნე, სწორედ ეს ხალხი გავა ქუჩაში და დანარჩენები შეუერთდებიან. ანუ, გეგმა ასეთია: არჩევნებით ხელისუფლებას  რომ ვერ შეცვლიან, ამას ოპოზიციაც, დიდი ხანია, მიხვდა და დასავლეთიც. მათ, უბრალოდ,  ამის ადამიანური რესურსი არ აქვთ, მხარდამჭერები არ ჰყავთ და ერთადერთი გამოსავალი რევოლუციაა. გადატრიალება ისევ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რომ მოაწყოს, არც ხალხი ჭამს ამას, არც დასავლეთს სურს ცუდად გამოჩენა და ამიტომ „ახალის“ სახელით შექმნილი „ნაციონალური მოძრაობა-2“ იქნება რევოლუციის ავანგარდში.  გათვლები, თითქოს რაც მეტი ოპოზიციური პარტია გადალახავს 5%-იან ბარიერს და შევა პარლამენტში, მმართველ ძალას  მთავრობის დამოუკიდებლად ჩამოყალიბების მით ნაკლები შანსი ექნება, უბრალოდ, სისულელეა, რადგან  დღევანდელი გადმოსახედიდან 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი დიდი-დიდი 2-3 პარტიას აქვს,  ამიტომ საკანონმდებლო ორგანოში მათი შესვლით კოალიციური მთავრობის (და შემდეგ ამ კოალიციური მთავრობის დაშლის, ვადამდელი არჩევნების დანიშვნის პერსპექტივით) შექმნის შესაძლებლობა ძალიან ცოტაა. ეს ყველაფერი ოპოზიციასაც აქვს დათვლილი და დასავლეთსაც, ამიტომ მათ სჭირდებოდათ რაიმე ისეთი, რაზეც  ააგებდნენ პროტესტს, „ახალი“ კი იდეალური ვარიანტია. მთელი დარჩენილი დროის განმავლობაში გვარამია და მელია დაიწყებენ  მტკიცებას, რომ ნელ-ნელა მთავარ ოპოზიციურ ძალად იქცნენ, რომ 5%-იანი ბარიერი კი არა, მათთვის 20  პროცენტის გადალახვაც  მარტივი მისაღწევია და მერე, წინასწარ გამოცხადებულ თუ დაანონსებულ ციფრებს რომ ვერ დასვამენ, აყვირდებიან, ხალხს რევოლუციისკენ მოუწოდებენ და ქუჩაში მათთან ერთად ნაცებიც გამოვლენ, არასამთავრობოებიც და ის პარტიებიც, რომლებიც ახლა ამბობენ, –  სხვები ვართო, სინამდვილეში კი ნაციონალები არიან.

დასავლელი პარტნიორების განცხადებებში სასაცილო (შეიძლება სატირალიც)  არის ის, რომ გვიმტკიცებენ, გვარამიას პოლიტიკური წარსული არ აქვს, ის დამოუკიდებელი (?!) მედიამენეჯერი და ჟურნალისტია, პოლიტიკაში სუფთა ხელებით მოდისო. რა თქმა უნდა, ამას მარტივად დავიჯერებდით, გვარამიას წარსული რომ არ ვიცოდეთ, მისი პროკურორობა რომ არ გვახსოვდეს და იდაყვებამდე სისხლში გასვრილი ხელები. გენერალური პროკურორის მოადგილეობისა და შემდეგ იუსტიციის მინისტრობის დროს იყო სწორედ ყველაზე დიდი ტერორი და სწორედ იმხანად  გააკულაკეს ბიზნესმენთა დიდი ნაწილი, სწორედ მაშინ „გააპრავეს“ არაერთი  სისხლიანი საქმე და სწორედ გვარამიას მინისტრობის დროს ჩაეყარა საფუძველი ციხეებში იმ სისტემას, რომელიც შემდეგ ბაჩანა ახალაიამ განავითარა და სისასტიკე ხელოვნების დონეზე აიყვანა. რას ნიშნავს, პოლიტიკური წარსული არ აქვს და სუფთა ხელებით მოდის? სწორედ გვარამია იყო ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი იმ რეჟიმისა, რომელმაც  თავის მოსახლეობას გენოციდი მოუწყო და სწორედ „დამოუკიდებელი არხის“ ეთერიდან ამბობდა ბატონი ნიკა, – როცა ხელისუფლება შეიცვლება, ერთადერთი თანამდებობა, რომელზეც პრეტენზია მექნება, გენერალური პროკურორის სავარძელია, რათა ის ადამიანები დავსაჯო, რომლებიც დასასჯელიაო. ჰო, როგორც ის, ისე მთლიანად ოპოზიცია ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში შურისძიებას აპირებს, სადამსჯელო ღონისძიებების გატარებას აპირებს. ახლავე შეიძლება იმის თქმა, რომ ისინი აღარ დაუშვებენ შეცდომას, ვეღარ და აღარ გაეპარებათ „ბედუკაძის დარი კადრები“ ციხეებში და ვერც ვერავინ გამოიტანს იქიდან ამბებსა და ვიდეოჩანაწერებს. ეს არის მათი მთავარი მიზანი. ამის შესახებ ძალიან კარგად იციან როგორც ევროპელებმა, ისე ამერიკელებმა, მაგრამ თვალს ხუჭავენ, რადგან ურჩი ქართველი ერის სამაგალითოდ დასჯა  სურთ და ეგებ უფრო მეტადაც, ვიდრე თავად „ნაციონალურ მოძრაობას“.

დიდძალი ფული დახარჯა ამერიკამ და ევროპამ ნაციონალებსა და  არასამთავრობოებში და ამ ფულის ასე მარტივად დაკარგვას ვერ შეეგუებიან. თანაც  საქართველოს მოქმედი ხელისუფლება სულ უფრო მეტად ცდილობს, დამოუკიდებლად ითამაშოს, მართლა დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდეს, ეს კი დასავლური მარწუხებიდან გათავისუფლებას ნიშნავს.

რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების დღე, მით უფრო მწარედ დაიწყებენ კბენას ოპოზიციური პარტიები. სამწუხარო ის არის, რომ ოპოზიციას დასავლეთი აბსოლუტურად ყველაფერს „გაუტარებს“, მმართველ ძალას კი მცირედსაც არ აპატიებს. უკვე დაუფარავად საუბრობენ, რომ, თუ ამ არჩევნებზე ხელისუფლება არ შეიცვლება, თურმე საქართველოს დავკარგავთ. არადა, საქართველოს ნელ-ნელა ვიბრუნებთ და ახლა თუ რამე შეიცვლება,  მისი დაკარგვის საფრთხის წინაშე მართლა აღმოვჩნდებით. ეს არ იქნება არჩევნები, ეს იქნება ომი, რომელშიც ქართველ ხალხს „დასავლელი პარტნიორები“ დაუპირისპირდებიან, რათა თითქმის  გადაგდებული მონობის უღელი კისერზე კვლავ მყარად დაგვადგან.

ლევან გაბაშვილი                                                                                                                    

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here