Home ახალი ამბები საქართველო არც რძის პროდუქტები, არც ქათმის, საქონლისა თუ ღორის ხორცი და თევზი  სანდო...

არც რძის პროდუქტები, არც ქათმის, საქონლისა თუ ღორის ხორცი და თევზი  სანდო არ არის.  ეს პროდუქტები ჯანმრთელობისთვის საშიშია

აგრარული ბაზრიდან, ქუჩიდან, ქსელური სუპერმარკეტებიდან აღებული ყველის სინჯები ჯანმრთელობისთვის საზიანო რომ არის და საერთო არაფერი აქვს ყველთან, არის თუ არა განგაშის ატეხვის საბაბი?

580

ორიოდე კვირის წინათ ექსპერიმენტი ჩატარდა – ათი ადგილიდან ყველის ნიმუშები აიღეს (სულ 10 ცალი). ლაბორატორიული შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ ათივე შემთხვევაში საქმე არა რძით დამზადებულ ყველთან, არამედ რძის ფხვნილისგან დამზადებულ გაურკვეველ მასასთან გვქონდა. ახალი არ არის ის ამბავიც, რომ რესტორნების დიდი ნაწილი ჩივის, სახაჭაპურე ყველს ვერ ვშოულობთ, რადგან,  როცა ის მასა, რომელსაც ვყიდულობთ და ყველი ჰქვია, ცომში ჩადების შემდეგ, წყლად მიდის და ყველთან საერთო არაფერი აქვსო…

28 მარტს რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის სამსახურმა „როსსელხოზნადზორმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთიდან შეტანილ რძის პროდუქტში ირანული რძის ფხვნილის ხვედრითი წილი უზარმაზარი იყო. გაჩნდა ეჭვი, რომ ჩვენი მეზობელი სომხები ირანულ რძის ფხვნილს აქტიურად იყენებენ.

29 მარტს „როსსელხოზნადზორმა“ კიდევ ერთი გაფრთხილება გამოსცა, 5 აპრილიდან კი სომხური რძის პროდუქტების შეტანა რუსეთის ტერიტორიაზე ოფიციალურად აიკრძალა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ შარშან სომხეთმა რუსეთში ექსპორტი გაასამმაგა, რამაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 12%-მდე გაზარდა.  ამით ძალიან  ამაყობდა სომხეთის ხელისუფლება. სომეხმა პოლიტიკოსებმა ეს ყველაფერი მათ მიერ გატარებულ პოლიტიკას დაუკავშირეს, –  აქაოდა, რუსეთი იმიტომ გაბრაზდა, სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ რომის წესდების რატიფიცირებას მწვანე შუქი აუნთო, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ვუერთდებით და ვლადიმერ პუტინის დაპატიმრება შეგვიძლიაო(?!). ამას გარდა, მარგარიტა სიმონიანს (Russia Today-ს მთავარი რედაქტორი) ისტორიულ სამშობლოში შემოსვლა რომ ავუკრძალეთ, მაგაზეც გაბრაზდა რუსეთიო.

ჯერ ერთი, როცა ერთ ქვეყანაზე კიდია შენი ეკონომიკის კეთილდღეობა და ამ ქვეყნის პრეზიდენტს დაპატიმრებით ემუქრები, რბილად რომ ვთქვათ,  ლამაზი არ არის და კიდევ: რუსეთს  სომხეთის ბლოკადა რომ მოენდომებინა, მხოლოდ რძის პროდუქტებს კი არა, ყველაფრის შეტანას აკრძალავდა (თუნდაც რომის წესდების რატიფიცირების გამო და მართალიც იქნებოდა). თუ გახსოვთ, ანალოგიური მდგომარეობაში რამდენიმეჯერ ჩვენც აღმოვჩნდით, როცა კონკრეტული პროდუქტი აკრძალეს და მაშინაც ყველაფერი პროდუქტს დაუკავშირეს, მაგრამ, როგორც კი ამ პროდუქტის ხარისხი  გაუმჯობესდა, ექსპორტი განვაგრძეთ… სომხები და რუსები ერთმანეთში გაერკვევიან, ჩვენ ჩვენი ვთქვათ.

ირანული რძის ფხვნილი, იგივე რძის პასტა, ევროპის აბსოლუტურად ყველა ქვეყანაშია აკრძალული და მისი შეტანა და მითუმეტეს გამოყენება არა ადმინისტრაციულს, არამედ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. ირანული რძის პასტის შეტანა და გამოყენება აკრძალულია მეზობელ აზერბაიჯანში, ისევე როგორც პალმის ზეთისა და მცენარეული ცხიმის. აი, ჩვენთან კი ამას თავი ვერ დაედგა და ერთხელ და სამუდამოდ ვერ აიკრძალა იმ ნივთიერებების (უფრო ზუსტი იქნება, იმ ქიმიური ნარჩენების) შემოტანა და გამოყენება, რომლებიც ჯანმრთელობისთვის არათუ საშიში, არამედ მომაკვდინებელია. ევროპას რომ ვეტოლებით, ევროკავშირში რომ გვინდა, ევროპული ფასები რომ გვაქვს პროდუქტებზე, რატომ არის, რომ ეს ყველაფერი არ ვრცელდება იმ სტანდარტებზე, რომელიც ევროპაშია? ევროპელები რომ ამბობენ, ირანული რძის პასტა ჯანმრთელობისთვის საშიშია, არ შეიძლება პროდუქტი, რომლისგანაც რძე მზადდება, წლების განმავლობაში არ ფუჭდებოდესო, ყურადღებას რატომ არ ვაქცევთ? იმიტომ, რომ აქ 2-3 კაცის ბიზნეს-ინტერესია მთავარი და არა მთელი ერის ჯანმრთელობა. აგრარული ბაზრიდან, ქუჩიდან, ქსელური სუპერმარკეტებიდან აღებული ყველის სინჯი ათივე შემთხვევაში ჯანმრთელობისთვის საზიანო რომ  არის და  საერთო არაფერი აქვს   ყველთან, არის თუ არა განგაშის ატეხვის მიზეზი? რა თქმა უნდა, არის, მაგრამ რა ვუყოთ იმ 2-3 კაცს, რომლებიც ჩვენი ჯანმრთელობის ხარჯზე მილიონებს გამოიმუშავებენ და ამ აწყობილი ბიზნესის დაკარგვა  ჩვენს გამო  არ სურთ? ის თუ იცით, ბოლო ერთ თვეში რესტორნების უმრავლესობაში ხაჭაპურის ფასმა 20%-ით რატომ მოიმატა? ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციამ ოფიციალურად გამოაცხადა… იმიტომ, რომ რესტორნები ცდილობენ სახაჭაპურედ არა ჩვეულებრივი ყველი, არამედ სულგუნი შეიძინონ, ანუ ყველის სახეობა, რომელიც ძნელია (შეუძლებელი არც ეს არის), რძის ფხვნილისგან დაამზადო, რადგან ჩვეულებრივმა ყველმა, სულგუნამდე რომ მივიდეს, თერმული დამუშავება უნდა გაიაროს და, თუ არ იცი, რა დოზით უნდა შეურიო რძის ფხვნილი და რა დოზით ნამდვილი რძე, გაგიფუჭდება. ანუ, ყველის ხარისხი ისე გაფუჭდა, რომ ხაჭაპურსაც კი ვერ აკეთებენ და იძულებულნი არიან, სხვა გზები იპოვონ.

სამწუხაროდ, მხოლოდ ყველი რომ იყოს პრობლემა, კიდევ ეშველებოდა. იმავე ირანიდან შემოდის სოიო, სპეციალური შროტი, რომელიც მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის საკვებში გამოიყენება და რომელიც საქონელს რამდენიმე თვის განმავლობაში „გიგანტად“ აქცევს.  ფერმერები ამბობენ, რომ ამ ქიმიური დანამატებით ნაკვები საქონელი სასურველ წონას 2 წლის ნაცვლად 6 თვეში აღწევს, თუმცა მიღებული ხორცი საკვებად უვარგისია, ისე უვარგისი, რომ საქონლის გულ-ღვიძლს სპეციფიკური სუნის გამო მაშინვე აგდებენ. შეუძლებელია ასე გასუქებული საქონლის ფეხებითა და ფაშვით ხაშის გაკეთება, რადგან ხაშს წამლის სუნი ასდის და გემოც გაურკვეველი აქვს. იგივე ხდება ფრინველის შემთხვევაშიც, როცა წიწილებს კი არ კვებავენ, არამედ მხოლოდ ქიმიური პრეპარატებით გაჯერებულ სითხეს ასმევენ და წიწილა, რომელიც ზრდასრულის წონამდე ხორბლისა და სიმინდის მიღების შემთხვევაში 8-10 თვეში უნდა მივიდეს, დასაკლავ წონაზე, ანუ 1500-2000 გრამზე დაახლოებით ხუთ კვირაში ადის. გამოდის, რომ გამოჩეკვიდან 40 დღეზე ნაკლებში წიწილა მაღაზიის დახლზე ხვდება და ერთი შეხედვით მადისაღმძვრელადაც კი გამოიყურება, მაგრამ რეალურად ეს არის შხამ-ქიმიკატებით გაჯერებული რაღაც გაურკვეველი მასა, რომელსაც ისედაც გაჭირვებული მოსახლეობა წვალებით ყიდულობს, რათა შვილებს კვირაში თუ თვეში ერთხელ ხორცის მიღების შესაძლებლობა მისცეს, მაგრამ  რეალურად ეს ხორცი არ არის.  გაცილებით უარესი მდგომარეობა გვაქვს, როცა საქმე თევზის წარმოებას ეხება. რა თქმა უნდა, ყველა თევზსაშენზე არ ვამბობთ, მაგრამ უმრავლესობა თევზს ქათმის ფერმიდან აღებული ნარჩენებით, ქათმის სკინტლით კვებავს. ეს თევზს სპეციფიკურ სუნს აძლევს, მაგრამ გამოსავალი აქაც ირანული წამლებია, რომლებსაც თევზებს დაჭერამდე ერთი კვირით ადრე აძლევენ. ეს სითხე თევზს არა მხოლოდ ქათმის სკინტლის სუნს უკარგავს, არამედ ყოველგვარ სუნს უქრობს, ანუ თევზს თევზის სუნიც კი არ აქვს  და საბოლოო ჯამში ვიღებთ თევზს, რომელსაც არანაირი გემო და არანაირი სასარგებლო თვისება არ გააჩნია. აღარაფერს ვამბობთ ხიზილალაზე, რომელიც საქართველოში იყიდება. ნავთობის ნარჩენებისგან დამზადებული ბურთულები მადისაღმძვრელად  გამოიყურება, მაგრამ, ბატონებო, თავად დაფიქრდით, 100 გრამი ხიზილალა 20 ლარი რატომ უნდა ღირდეს, როცა კილოგრამი ნამდვილი ხიზილალის ფასი ზღვისპირა თუ ოკეანისპირა ქვეყნებში, სადაც მას ამზადებენ, 700 დოლარიდან იწყება.

ზემოთ ჩამოვთვალეთ სამი პროდუქტი, რომელთა მიღება აუცილებელია განსაკუთრებით ბავშვებისთვის. საბოლოოდ კი მივდივართ იქამდე, რომ არც რძის პროდუქტები, არც ქათმის, საქონლისა თუ ღორის ხორცი სანდო არ არის. ანალოგიური რამ  ხდება თევზზე და ჩნდება კითხვა: რით ვიკვებოთ? პირველ რიგში, აუცილებელია ქვეყანაში იმ მავნე დანამატების შემოტანის აკრძალვა, რომლებიც აკრძალულია პრაქტიკულად მსოფლიოს მასშტაბით და მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელ ქვეყნებშია დაშვებული, მათ შორის საქართველოშიც. საქართველოში  პროდუქტებს, თუნდაც აქ, ადგილზე გამომცხვარ ფუნთუშასა თუ ქადას, შესაფუთ მასალაზე აწერია,  რომ პალმის ზეთი და მცენარეული ცხიმია გამოყენებული, ანუ შხამის გამოყენება ოფიციალურად არის დაშვებული. პალმის ზეთზე ევროპელი ექსპერტები წერენ, რომ მისი ხანგრძილივი მიღება ჯანმრთელობისთვის სახიფათოა და შესაძლოა, უკურნებელი დაავადება გამოიწვიოს. ჩვენთან კი პალმის ზეთს იყენებენ ნაყინში, შოკოლადში, მარგარინში, მაიონეზში, ფუნთუშეულში, ბევრი ქარხანა პურშიც ხმარობს, რადგან ის პურს სირბილეს ანიჭებს და ამ სირბილეს დღეების განმავლბოაში უნარჩუნებს, ანუ პური არ ხმება. კვებას ვინ ჩივის, იმ პარფიუმერული პროდუქტის სახეზე წასმაც კი, რომელიც პალმის ზეთს შეიცავს, ზედიზედ ორ დღეზე მეტის განმავლობაში არ შეიძლება. დღეს არსებული მდგომარეობით, რაიმე საკანონმდებლო საფუძველი, რომ პალმის ზეთზე დამზადებული პროდუქცია გაკონტროლდეს ან საზღვარზე შემოწმდეს, მასზე შეზღუდვები დაწესდეს, უბრალოდ, არ არსებობს. სოციალურ ქსელებსა თუ  პირად საუბრებში  ხშირად მოისმენთ, –  90-იანების თაობამ ბევრს გაუძლო, ერთჯერადი ქიმიური ფხვნილებით იჭყიპებოდნენ ბავშვები, მაგრამ გადარჩნენო. ჰო, გადარჩნენ, მაგრამ სწორედ იმ ქიმიური ფხვნილებით გაჭყეპვის შემდეგ იმატა საქართველოში ონკოლოგიურმა დაავადებებმა, რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და დღემდე ეს მაჩვენებელი  ვერაფრით შევამცირეთ, ანუ მაგალითი იმისა, რა მოაქვს არაჯანსაღ კვებას, უკვე გვაქვს, მაგრამ ჭკუა ისევ ვერ ვისწავლეთ… სიცოცხლის ფასადაც კი ვერ ვისწავლეთ.

ლევან გაბაშვილი

                                                                                                                             

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here