Home ახალი ამბები საქართველო ამერიკის ელჩი გარაჟში  „რაზბორკაზე“

ამერიკის ელჩი გარაჟში  „რაზბორკაზე“

თუ დეგნანი ე.წ. კანონიერი ქურდია, მაშინ ვიოლა ფონ კრამონი ვინ გამოდის?

555
კელი დეგნანი გარაჟების საკითხის “რაზბორკაზე“ 2023 წელი

1979 წელს  გენიალურმა რეჟისორმა ელდარ რიაზანოვმა  გადაიღო ტრაგიკომედიური ფილმი „გარაჟი“.  მსახიობები ( ანდრეი მიაგკოვი, ლია ახეჯაკოვა, ია სავინა, ვალენტინ გაფტი და სხვები ( პატარა როლი ითამაშა ელდარ რიაზანოვმაც) საოცრად ასრულებენ თავიანთ როლებს ფილმში, რომელშიც წამოწეული პრობლემა  იმხანად აწუხებდა საბჭოთა მოქალაქეებს. თავის დროზე, ალბათ, ყველაფერს იფიქრებდა რიაზანოვი, მაგრამ ვერ წარმოიდგენდა, რომ 44  წლის  შემდეგ მისი ფილმის სცენარი საქართველოში განმეორდებოდა და მასში მთავარ როლს,  ლია ახეჯაკოვა კი არა, საქართველოში ამერიკის ელჩი  კელი დეგნანი შეასრულებდა. ისე, კარგად თუ დააკვირდებით, ახეჯაკოვა და დეგნანი  ერთმანეთს ჰგვანან…

წარმოიდგინეთ, რომ ამერიკაში, ილინოისის შტატში, ქალაქ  ჩიკაგოში, ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრებნი  ვერ  თანხმდებიან საპარკინგე ფართობზე და შეხვედრაზე მიდის საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკაში დავით ზალკალიანი; ესწრება შეხვედრას, ეკამათება მოქალაქეებს, სახაზავით  დარბის აქეთ-იქით, ზომავს ადგილებს (ასე გვითხრეს, – დეგნანს სახაზავი არ ჰქონდა და ძველი, რუსული ლითონის  „მეტრიანით“ დარბოდაო) და საქმეს არჩევს – ვის რამდენი კვადრატული მეტრი  ფართობი ერგება. საუკეთესო შემთხვევაში, ზალკალიანს, უბრალოდ, გამოაგდებდნენ, შესაძლოა, ეცემათ კიდეც,- შენ ვინ გეკითხებაო, სამართალდამცავებსაც გამოუძახებდნენ, აქ კი… აქ, არიქა, დეგნანი მოვიდაო და ყავა მოუდუღეს, ნამცხვარიც მიუტანეს, ყავას მიაყოლეო…

კორპუსის ამხანაგობის შეკრებაზე დაქალის თხოვნით  მისულ  ელჩს  ეცოდინებოდა  თუ არა, რომ მისი იქ გამოჩენა აღიქმებოდა, როგორც წნეხი? – რა თქმა უნდა, მან ეს ზუსტად იცოდა და მაინც მივიდა. მივიდა იმიტომ, რომ კორპუსის ამხანაგობა კი არა,  მოსამართლეებზე ახორციელებს წნეხს  და უბრალო მოქალაქეები რას მიქვია? ისმის რიტორიკული კითხვა: დეგნანი „ქურდია“ და „რაზბორკაზე“ დადის? ხუმრობდნენ კიდეც სოციალურ ქსელში, დეგნანის შემდეგ  ვაკელებმა საქმეში „ოთხი სული ელჩი“ ჩარიესო. ისე, ე.წ. კანონიერი ქურდობა საქართველოში  223-ე პრიმა მუხლით ისჯება და 6-დან  9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ახლა თუ დეგნანი ე.წ. კანონიერი ქურდია, მაშინ ვიოლა ფონ კრამონი ვინ გამოდის? მისი ქმედებებით თუ ვიმსჯელებთ, ვიოლა „მომავალია“, ე.წ. პუტიოვი. ქალბატონმა ვიოლამ ახლა ზუსტად იცის, რომ იმაზე გაცილებით მეტის უფლება აქვს, ვიდრე აქამდე ჰქონდა და მაგალითი დეგნანმა მისცა. შესაძლოა, ვინმეს გაეცინოს კიდეც, მაგრამ ამ ყველაფრის შემყურე უნდა ითქვას: „ვაი ჩვენს პატრონს“… თუ „ვაი მაგათ პატრონს!“

ელჩის მოქმედება არ დაგმო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა, თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო. ეს იმიტომ, რომ დეგნანს აქვს ყველაფრის უფლება, გააკეთოს ის,  რაც მოესურვება და მოეხასიათება, რადგან ის ელჩია არა რომელიმე დიდ, ევროპულ ქვეყანაში, არამედ საქართველოში – სახელმწიფოში, რომლის მიმართ ინტერესი ამერიკას მხოლოდ სტრატეგიული მდებარეობის გამო აქვს. აშშ-ის ელჩს აქვს უფლება, ჩაერიოს საკადრო გადაწყვეტილებებში;  აქვს უფლება, დაიწუნოს ან მოიწონოს კანონი, რომელიც პარლამენტმა უნდა მიიღოს;  თითი დაუქნიოს ყველას, ხელისუფლების უმაღლესი პირებით დაწყებული და რიგითი მოქალაქეებით დამთავრებული. დაქალს დაუდგა გვერდით საყოფაცხოვრებო საკითხის გადაწყვეტაში, საპარკინგე ადგილების აზომვა-განაწილება დაიწყო და შემდეგ შეიძლება იმავე დაქალს ან სხვას ბაზარში გაჰყვეს და ხილისა  თუ ბოსტნეულის ყიდვისას გამყიდველს ფასის დაკლებაზე ევაჭროს.

სამწუხაროდ, დეგნანის ქმედებას სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია ხელისუფლების მხრიდან. „ქართული ოცნების“ ლიდერები ირონიული და არაფრისმთქმელი კომენტარებით შემოიფარგლნენ, მაშინ, როცა ოპოზიცია მათ ადგილზე  ამ თემას ერთი კვირის განმავლობაში დაატრიალებდა და დეგნანს ორღობის ჭორიკანა დედაკაცად, ანუ ზუსტად იმად გამოაცხადებდა, რაც რეალურად არის. არადა, ეს ნაბიჯიც ხელისუფლების დასანახავად იყო გადადგმული, აქაოდა, მოსამართლეები რას მიქვია, მალე სახლებში დავაკაკუნებ და მოსახლეობას იმას ვეტყვი, საუზმეზე რა უნდა მიირთვან და სამსახურში როდის უნდა წავიდნენო. ჰო, ამ ყველაფრის თავიდათავი არის „ბავშვი ტირის იმიტომ, რომ გასდის“. დეგნანს გაუვიდა ერთხელ, მეორედ, მესამედ, მეათედ და მეასედ. შესაბამისად, გაჩერების სურვილი არ აქვს და ან რატომ უნდა გაჩერდეს?!  ის თავს პატარა, მაგრამ მაინც ქვეყნის ერთპიროვნულ მმართველად თვლის და მალე დერვიშივით გამოწყობილი თუ ივლის ხალხში, ადამიანების აზრი გავიგოო, არ გაგიკვირდეთ. როგორც ჩანს, IRI-ის გამოკითხვის შედეგებს არც ქალბატონი კელი ენდობა და ხალხშიც ამიტომ გავიდა…

კადრი ელდარ რიაზანოვის ფილმიდან  „გარაჟი“ 1979 წელი

„შედი კოკინაშვილისას და მის პელაგიას შეაპარე ლაპარაკში: ამ დილას სპირიდონა სულანჯია მიტომ დასაჯეს-თქვა, რომ არქიფოზე ულაპარაკია რაღაცა და მისი ნალაპარაკები თაბაგართან  სვანიძეს მიუტანია-თქვა. კოკინაშვილის პელაგია თუ არ იქნა, სვანიძეებთან შედი და ტერეზიას შეაპარე: სპირიდონა სულანჯიას თაბაგართან ნალაპარაკები  კოკინაშვილმა მიიტანა-თქვა… პირიქით ასინეთა, პირიქით, მაგრამ სულერთია…“ ამ დონეზეა დაშვებულ-დაცემული კელი დეგნანი და „სტრატეგიული პარტნიორი“ ქვეყანა ისე იქცევა, ვითომც არაფერი ხდება. ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ასინეთა გახდა დეგნანი და, სწორედ „კოკინაშვილის ნალაპარაკები რომ მიუტანა სვანიძეებს“, იმიტომაც არის, ამერიკელებმა ოთხი მოსამართლის სანქცირება რომ გადაწყვიტეს. რეალურად ხომ მათ  არანაირი დოკუმენტი არ წარმოუდგენიათ, არც ის უთქვამთ, კონკრეტულად რომელ საქმეში აიღეს მოსამართლეებმა ქრთამი, უბრალოდ, თქვეს,  სანდო წყარო გვყავსო და ის სანდო წყაროა კელი-ასინეთა, რომელმაც ასეთი ამხანაგობების შეკრებაზე მოჰკრა, ალბათ, რამეს ყური და შტატებს უპატაკა. ჯერ ისე უპატაკა, მერე – პირიქით, მაგრამ… სულერთია…

ჰო, ამერიკისთვის სულერთია, მათი ელჩი რა შეხვედრებს დაესწრება, სადამდე დაეცემა, მთავარი ის არის, რომ მას ყველაფრის უფლება უნდა ჰქონდეს და ეს არავინ გააპროტესტოს. გაგიკვირდებათ, დეგნანი დაქალებთან ერთად საელჩოს წინ სკამზე რომ ჩამოსხდეს და სოფლის ჭორიკანასავით გამვლელ-გამომვლელი გაჭოროს? რეალურად, საელჩოს წინ არ ზის, მაგრამ  ზუსტად ასე იქცევა – ჭორაობით არის დაკავებული და, რაც მთავარია, ამ ჭორაობას  ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ იყენებს. გარედან ამ ზიანს ამერიკა და ევროპა ერთ ხმაში „აპრავებენ“, ქვეყნის შიგნით არსებული მეხუთე კოლონა კი ტაშს უკრავს და ამ ტაშისკვრის სანაცვლოდ ხელისუფლებაში მოსვლა სურს და თან პირობასაც დებს, რომ მერე საჭიროების შემთხვევაში მეორე ფრონტსაც გახსნის, მესამესაც და ზვარაკადაც შესწირავს ამერიკა-ევროპას საქართველოს თავისი ტერიტორიითა და ხალხით.

არაერთხელ დაგვიწერია, რომ საქართველოს ახლა ისტორიაში ერთ-ერთი რთული პერიოდი უდგას. საუბარი არ არის მხოლოდ საგარეო კურსზე, საუბარი საქართველოს, როგორც ქვეყნის, გადარჩენაზეა. დასავლეთი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ჩვენს ქვეყანას  განიხილავს, როგორც ერთ-ერთ რაკეტას (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით), რომელსაც რუსეთს ესვრის და, თუ აფეთქდება – ხომ კარგი; თუ თავისით ჩამოვარდება – არც ესაა ურიგო. თანაც, საქართველო არ არის მოსახლეობით თუ ტერიტორიით ისეთი დიდი ქვეყანა, ომში ჩართვის შემთხვევაში, თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით, ერთ თვეზე მეტი გაძლოს და ამ ერთი თვის განმავლობაში ქვეყანა შეიძლება  სამხედრო პოლიგონად გადაიქცეს, მოსწორებულ ადგილად, რომელზეც ამერიკელები განათავსებენ თავიანთ სამხედრო ბაზებს და სტრატეგიულ მდებარეობას მიიღებენ. მერე რა, თუ ამას ის „გარაჟიც“ შეეწირება, რომლის დაქალისთვის გადაცემაზე ასე აქტიურად მუშაობდა დეგნანი. ქალბატონი კელი იქნება პირველი, რომელიც ტყვიის გავარდნის შემთხვევაში საქართველოს დატოვებს და მშვიდად დაელოდება დანიშვნას სხვა  სახელმწიფოში ელჩად, ისეთში, რომლის აფეთქებაც ამერიკას ხელს აძლევს. დეგნანისნაირი  გამოცდილი კადრები შტატებს სჭირდება და, თუ ის დასახულ მისიას შეასრულებს, კარიერული წინსვლა გარანტირებული აქვს.

   ოპოზიციურმა ტელევიზიებმა „გარაჟში“ მომხდარი, უბრალოდ, „მოკლეს“, არაფერი თქვეს, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ „უცხოური გავლენის აგენტების კანონის“ მიღება ყველაზე მეტად სწორედ ოპოზიციურად განწყობილ ორგანიზაციებსა თუ ტელევიზიებს არ აძლევდათ ხელს. ამით დადასტურდა, რომ ამერიკელ თუ ევროპელ ელჩებს  ქართული არასამთავრობოები და ტელევიზიები  აბსოლუტურად ყველაფერს „გაუტარებენ“.   ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, ზემოაღნიშნულ შეხვედრას, ამერიკის ელჩი კი არა, რუსი ჟურნალისტი ან მეათე რანგის რუსი პოლიტიკოსი რომ დასწრებოდა.  ჯვარზე გააკრავდნენ (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით), პერსონა ნონ გრატად გამოაცხადებინებდნენ ხელისუფლებას და ქვეყნიდან  გაძევებას მოსთხოვდნენ. ეს ორმაგი სტანდარტი არ არის, ეს ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წასვლაა და ამასაც მარტივად ფუთავენ და ცხვირში გვტენიან. ისე გამოდის, ევროპელ და ამერიკის ელჩებს, ყველაფრის უფლება აქვთ, დანარჩენებს კი… სხვები, უბრალოდ, არ არსებობენ, სწორება კი  სწორედ მათზე გვაქვს.

ლევან გაბაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here