Home რუბრიკები ეკონომიკა 8 უმდიდრესი ადამიანის ქონება 3,6 მილიარდი ადამიანის ქონებას გაუტოლდა

8 უმდიდრესი ადამიანის ქონება 3,6 მილიარდი ადამიანის ქონებას გაუტოლდა

1138

რამდენი ქართველის ქონების ტოლია ივანიშვილის ქონება?

საერთაშორისო ორგანიზაცია OXFAM-მა, რომელიც დავოსში საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმისთვის ყოველწლიურ მოხსენებას ამზადებს ხოლმე, გამოაქვეყნა შოკისმომგვრელი ინფორმაცია, რომ პლანეტის 8 ყველაზე მდიდარი ადამიანი ფლობს იმდენ ფასეულობას (ქონებას), რამდენსაც მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარი. აღსანიშნავია, რომ დედამიწაზე, რომლის მოსახლეობაც 2016 წლის 1 იანვრის მონაცემებით, 7,3 მილიარდზე მეტია, 3,6 ადამიანი დღეში 1-2 დოლარით ცხოვრობს.

პლანეტაზე მცხოვრები 3,6 მილიარდი ადამიანის საერთო “ქონება” დაახლოებით 426 მლრდ დოლარია, ანუ მათგან თითოეულიზე 118 დოლარი მოდის, ანალოგიური თანხის _ 426 მლრდ-ს შეადგენს მსოფლიოს 8 უმდიდრესი ადამიანის ქონებაც.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/cukerberg.jpg

8 უმდიდრესი ადამიანის სიაში არიან: კორპორაცია “მაიკროსოფტის” დამფუძნებელი ბილ გეიტსი, სავაჭრო კომპანია “ინდიტექსის” ყოფილი პრეზიდენტი ესპანელი ამანსიო ორტეგა, ამერიკელი ინვესტორი უორენ ბაფეტი, მექსიკელი მაგნატი კარლოს სლიმი, Amazon.com-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, ფეისბუქის შემქმნელი და ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგი, Oracle-ს ყოფილი გენერალური დირექტორი ლარი ელისონი და სააგენტო “ბლუმბერგის” მფლობელი მაიკლ ბლუმბერგი.

მიუხედავად იმისა, რომ პლანეტის უმდიდრესი ადამიანები საკმაო თანხას ხარჯავენ ქველმოქმედებაზე, მათი ქონება გლობალური სიღარიბის ფონზე იმატებს.

OXFAM-ის მონაცემებით, მსოფლიოს მოსახლეობის უღარიბესი მოსახლეობის ქონების წილი ბოლო წლებში რამდენჯერმე შემცირდა და ამჟამად ყოველ მეათე ადამიანი იძულებულია, დღეში 2 დოლარზე ნაკლები თანხით იცხოვროს.

ამას გარდა, ექსპერტებმა ივარაუდეს, რომ მომდევნო 25 წელიწადში გამოჩნდება პირველი ადამიანი, რომლის ქონებაც ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს. ეს პროგნოზი გაკეთდა სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით, რომელთა მიხედვითაც, 2009-2016 წლებში მსოფლიოს 793 უმდიდრესი ადამიანის ქონება ყოველწლიურად 11%-ით იმატებდა და 2,4-დან 5 ტრილიონ დოლარს მიაღწია. ექსპერტთა აზრით, ეს ტენდენცია გაგრძელდება და დედამიწაზე იცხოვრებენ ადამიანები, რომელთა ბიუჯეტიც ბევრი ქვეყნის ბიუჯეტს გადააჭარბებს.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/8-umdidresi.jpg

მოხსენების ავტორების აზრით ძირითადი პრობლემა არის ის, რომ უდიდესი და უმდიდრესი კორპორაციების ხელმძღვანელები თავს არიდებენ გადასახადებს, ანუ უარს ამბობენ, თავიანთი შემოსავლები გაუნაწილონ ღარიბებს, თუმცა, ცდილობენ, სახელი გაითქვან, როგორც ქველმოქმედებმა და ფილანტროპებმა.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის ნოემბრის ბოლოს იუნისეფის (გაეროს ბავშვთა ფონდი) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ხოლო ყოველი მეექვსე _ საარსებო მინიმუმზე ნაკლებს მოიხმარს. ღარიბ ბავშვებს კვლავ იმაზე ნაკლები შესაძლებლობა აქვთ, ისწავლონ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ვიდრე მათ თანატოლებს შეძლებული  ოჯახებიდან.

საქართველოს სოციალური მიმსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის დეკემბერში სახელმწიფო სუბსიდია 476 084-მა ადამიანმა მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 86 434 ადამიანით მეტია. ეს ნიშნავს, საქართველოში, სადაც 3,7-მილიონი კაცი ცხოვრობს (ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით) მოსახლეობის 12,7% საარსებო შემწეობას იღებს.

ალბათ, ჯერ არავის გაუანგარიშებია, საქართველოს რამდენი მოქალაქის ქონების ტოლია ბიძინა ივანიშვილის ქონება, მაგრამ მსოფლიოში პოპულარული გამოცემის _ “ფორბსის” _ მიერ 2016 წლის გამოქვეყნებული მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სარეიტინგო სიის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ქონება 4,8 მილიარდი დოლარია (298-ე ადგილი). აღსანიშნავია,საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 16,5 მლრდ დოლარს შეადგენს (2014 წლის მონაცემები), მოსახლეობის ერთ სულზე კი ეს მონაცემი 4286 დოლარია, ანუ დღეში დაახლოებით 11 დოლარი.

ნიკა კორინთელი

P.S.არაოფიციალური ინფორმაციით, 50-ზე მეტი ქართველის ქონება 10 მილიონიდან-დან 5 მილიარდამდეა. ესენი არიან: ბიძინა ივანიშვილი, ტარიელ ვასაძე, ნიკოლოზ გოგიტიძე, ზურაბ წერეთელი, გიორგი ჯოხთაბერიძე, დავით ბეჟაშვილი, ლევან ვასაძე, მამუკა ხაზარაძე, პანტიკო თორდია, ფრიდონ ინჯია, ვანო ჩხარტიშვილი, პაატა კურტანიძე, კახა ოქრიაშვილი, გოგი თოფაძე, კახა კალაძე და სხვ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here