ეროვნულმა ბანკმა 26 ნოემბერს ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ერთი დოლარის ოფიციალურმა ფასმა 2.5026 ლარს მიაღწია. ეროვნული ვალუტა ევროს მიმართაც გაუფასურდა. ლარის გაუფასურების წინა პიკი მიმდინარე წლის 28 იანვარს აღინიშნა, მაშინ ერთი დოლარი 2.499 ლარი ღირდა.
“ძალიან განვიცდით, რომ მოსახლეობისთვის ლარის კურსი არის მტკივნეული”, _ განაცხადა პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრაზე. მისივე თქმით, ლარი, სხვა ქვეყნის ვალუტებთან შედარებით, ნაკლებად გაუფასურებულია დოლარის მიმართ. “ლარის მსყიდველუნარიანობა დოლარის მიმართ კურსით არ განისაზღვრება. ლარის მსყიდველუნარიანობა ინფლაციის მაჩვენებლით განისაზღვრება. მეორე საკითხია, რომ ლარის დევალვაცია, რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეულია ჩვენი მოსახლეობისთვის, დოლარიზაციის მაღალი დონიდან და იქედან გამომდინარე, რომ საკრედიტო პორტფელის 63%-ზე მეტი დოლარიზებულია. ამას ბევრი მიზეზი აქვს. მიზეზთა შორის არის ის, რომ დღეს რეგიონში ყველა ვალუტა, ჩვენი ყველა სავაჭრო პარტნიორის ვალუტა დოლარის მიმართ გაუფასურებულია. არის დოლარის გამყარების ტენდენცია. რა თქმა უნდა, მიზეზები არის იმ აჟიოტაჟშიც, რომელიც ქვეყანაში ხელოვნურად იქმნება _ თემა ახალი ამბებიდან არ ჩამოდის და ხელოვნური ხელშეწყობა ხდება. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ლარის გაუფასურებაში ბრალი მხოლოდ ოპონენტებს დავდო, მაგრამ მგონია, რომ ეს ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ეს ის საკითხია, სადაც მეტი კონსოლიდაცია უნდა იყოს, მისი გადაჭრის მიმართულებით”, _ განაცხადა კვირიკაშვილმა.